„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 959
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 14/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.170.000.05.001.001.713
  • Word
959
29/12/2004
სსმ, 3, 14/01/2005
270.170.000.05.001.001.713
„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1. „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 17.10.2001, მუხ. 115) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უმუშევარი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი ან ნაწილობრივ შრომისუნარიანი პირი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამუშაოს მაძიებელი – სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი ან ნაწილობრივ შრომისუნარიანი პირი (უმუშევარი, დასაქმებული, თვითდასაქმებული), რომელიც რეგისტრირებულია დასაქმების სამსახურში და მისი მეშვეობით ეძებს სამუშაოს;“; 

გ) „ი“ ქვეპუნქტის „ი.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი.ზ) პირები, რომლებიც გათავისუფლდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან;“;

დ) „ი“ ქვეპუნქტის  „ი.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი.თ“ ქვეპუნქტი:

„ი.თ) სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამაში მონაწილე სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი (ნაწილობრივ შრომისუნარიანი) პირები;“; 

ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საზოგადოებრივი სამუშაოები – სამუშაოები, რომლებიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას და რომელთა მიზანია ინფრასტრუქტურული და საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოების (მათ შორის, ობიექტების რეკონსტრუქცია, მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის აღება-დაბინავება და სხვა) შესრულება;“;

ვ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“  და  ტ“ ქვეპუნქტები:

„ს) „დასაქმების სამსახური – დასაქმების სახელმწიფო სამსახური და დასაქმების კერძო სააგენტოები;

ტ) დასაქმების სახელმწიფო სამსახური – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო.“.

2. მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით გაიაროს პროფესიული მომზადება, გადამზადება ან აიმაღლოს კვალიფიკაცია;“. 

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. დასაქმების სახელმწიფო სამსახური

1. დასაქმების სახელმწიფო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს, რომლის მიზანია დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სოციალური დახმარების ღონისძიებათა გატარება.

2. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“. 

4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის პრინციპები

1. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) დისკრიმინაციის გამორიცხვა პირის სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ასაკისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით;

ბ) მომსახურების განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა;

გ) სოციალური დახმარებისა და დასაქმების სფეროში ადამიანის კანონით გარანტირებული უფ-ლებების დაცვის უზრუნველყოფა;

დ) დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას;

ე) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის დაცვა და საქმიანობის საჯაროობა.

2. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც გამიზნულია იმ პირთა განსაკუთრებულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც სქესის, ასაკის, ფიზიკური არასრულფასოვნების, ოჯახური ანდა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დადგენილი წესით ცნობენ განსაკუთრებული დაცვისა და დახმარების გასაწევ პირებად.“. 

5. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „დ“ – „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დასაქმებისა და სოციალური ხელშეწყობის პროგრამების შესამუშავებლად წინადადებების მომზადების მიზნით შრომის ბაზრისა და ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის, შრომითი რესურსების გამოყენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და მოპოვებული მასალის ანალიზი შესაბამის უწყებებთან ერთად;

ე) უმუშევართა აღრიცხვა, რეგისტრაცია და მონიტორინგი, უმუშევრობის შემწეობის მიმღებ პირთა დადგენა;

ვ) მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოციალური დაცვის ღონისძიებების გატარება;“; 

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა.“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამუშაოს მაძიებელი მისი თანხმობის შემთხვევაში მოაწყოს ნებისმიერ ანაზღაურებად სამუშაოზე, თუ არ არსებობს შესაფერისი სამუშაოს შეთავაზების საშუალება; განსაზღვროს სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ხარჯები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური დახმარების ღონისძიებათა გასატარებლად უზრუნველყოს დახმარების მიმღებ პირთა დადგენა, აღრიცხვა, დახმარების დანიშვნა და მისი გაცემის ორგანიზება;“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმების სახელმწიფო სამსახურს მიაწოდოს:

ა) ცნობა თანამშრომლის გათავისუფლების (მიღების) შესახებ, გათავისუფლებიდან (მიღებიდან) 15 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) ცნობა ვაკანტური სამუშაო ადგილის შესახებ, ვაკანსიის გაჩენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში (ცნობის წარდგენა არ ზღუდავს დამსაქმებელს, დამოუკიდებლად დაიქირავოს თანამშრომელი);

გ) წარმოების დახურვის ან სხვა მიზეზით დასაქმებულთა სიითი რაოდენობის მინიმუმ 10%-ის, მაგრამ არანაკლებ 5 მუშაკის მოსალოდნელი დათხოვნის შემთხვევაში ინფორმაცია გასათავისუფლებელ თანამშრომელთა რაოდენობის, ასაკის, სქესის, პროფესიის, შრომითი სტაჟისა და კვალიფიკაციის შესახებ. ინფორმაცია მიწოდებული უნდა იქნეს დათხოვნამდე არა უგვიანეს 30 დღისა.“. 

6. მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;“. 

7. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასაქმების სახელმწიფო სამსახური მოქალაქის შრომითი მოწყობის მიზნით აწარმოებს სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციას და ვაკანტური სამუშაო ადგილის აღრიცხვას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინფორმაცია ვაკანტური სამუშაო ადგილების შესახებ სამუშაოს მაძიებელს შეიძლება მიეწოდოს როგორც ინდივიდუალურად, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.“.

8. მე-17 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროფესიული ორიენტაცია მოიცავს პროფესიულ კონსულტაციას და პროფესიულ შერჩევას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ინფორმაცია პროფესიაზე არსებული მოთხოვნის ტენდენციების შესახებ ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.“;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებრივ სამუშაოდ ითვლება ისეთი სამუშაო, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას და რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული და საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოების (მათ შორის, ობიექტების რეკონსტრუქცია, მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის აღება-დაბინავება და სხვა) შესრულება. საზოგადოებრივი სამუშაოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საზოგადოებრივი სამუშაოები წარმოებს თანადაფინანსების გზით; როგორც წესი, გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს კონფლიქტურ ზონებში განსახორციელებელი სამუშაოები.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საზოგადოებრივი სამუშაოების დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი სახსრები;

ბ) ადგილობრივი ბიუჯეტი;

გ) კერძო ან სხვა საჯარო სამართლის სუბიექტის სახსრები.“.

10. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. 21-ე მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალური დაცვის მიზნით რეგისტრირებულ უმუშევარზე წარმოებს უმუშევრის შემწეობის გაცემა სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებიდან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობითა და ვადით.“; 

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გაიარა რეგისტრაცია დასაქმების სახელმწიფო სამსახურში სამუშაოს დაკარგვიდან სამი თვის ვადაში;“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირს შემწეობა არ ენიშნება, თუ:

ა) ვერ დააკმაყოფილა შემწეობის დანიშვნისათვის ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ბ) დაკარგა სამუშაო  საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის გამო;

გ) საკუთარი სურვილით მიატოვა პროფესიული მომზადების, გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, სადაც გაგზავნილი იყო დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ;

დ) დანიშნული აქვს პენსია.

6. პირს შემწეობის მიღება შეუწყდება, თუ:

ა) დაიწყო მუშაობა;

ბ) სამი თვის ვადაში ზედიზედ არ ცხადდება დასაქმების სახელმწიფო სამსახურში, გარდა საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისა;

გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) დაენიშნა პენსია;

ე) უარს აცხადებს შესაფერის სამუშაოზე ან პროფესიულ გადამზადებაზე.“. 

12. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. პირის პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება

1. დასაქმების სახელმწიფო სამსახური, კონკრეტულ პროფესიაზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებლის ჩართვას პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემაში.

2. რეგისტრირებული უმუშევრის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები სრულად იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. დასაქმებული (თვითდასაქმებული) სამუშაოს მაძიებლის (რომლის შემოსავალი ნაკლებია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრულ საარსებო მინიმუმზე) პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის გაწეული ხარჯები სრულად იფარება, თუ:

ა) სამუშაოს მაძიებლის კვალიფიკაცია ან პროფესია არ იძლევა მისთვის შესაფერისი სამუშაოს შეთავაზების საშუალებას;

ბ) სამუშაოს მაძიებლის პროფესიული ცოდნის შესაფერისი სამუშაო ადგილების არარსებობის გამო პროფესიის გამოცვლა აუცილებელია;

გ) სამუშაოს მაძიებელმა დაკარგა კვალიფიკაცია და პროფესიული უნარ-ჩვევები ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი ძველი პროფესიით მუშაობა დაუშვებელია.

4. საწარმოსა და ორგანიზაციის დაკვეთით განხორციელებული პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები იფარება დამკვეთი საწარმოსა და ორგანიზაციის მიერ.

5. პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მოსამზადებელი კადრების რაოდენობისა და პროფესიების სახეობათა გათვალისწინებით სპეციალური პროფესიული სასწავლებლის გამოვლენა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. სპეციალური პროფესიული სასწავლებლის გამოსავლენად საკონკურსო მოთხოვნების თაობაზე წინადადებებს კვალიფიკაციისა და პროფესიული დონის მიმართ შეიმუშავებს დასაქმების სახელმწიფო სამსახური.“.

13. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობა

1. უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობა ითვალისწინებს:

ა) სამუშაოს მაძიებლის პროფესიულ მომზადებას, გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას;

ბ) დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების დაფინანსებას;

გ) სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით საწარმოებისა და ორგანიზაციების, მცირე და საოჯახო ბიზნესის სუბსიდირებას, სასესხო მომსახურებას და თავდებობას დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) რეგისტრირებული უმუშევრის სასესხო მომსახურებას სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზნით;

ე) საზოგადოებრივი სამუშაოების დაფინანსებას (თანადაფინანსებას);

ვ) რეგისტრირებული უმუშევრის შემწეობის დაფინანსებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სუბსიდირება და სასესხო მომსახურება ხორციელდება კომერციული საბანკო დაწესებულების მეშვეობით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. თითოეულ მიმართულებაზე და ტერიტორიული ერთეულების მიხედვით  გამოსაყოფი ფინანსური რესურსების მოცულობა განისაზღვრება შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებიდან.

4. უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსების ზღვრული მოცულობა, ფორმები და პირობები, განცხადებების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“. 

14. 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

15. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

16. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. უმუშევრის სესხით უზრუნველყოფა   სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზნით

1. რეგისტრირებულ უმუშევარზე მიკროსესხების გაცემის მიზნით ბიზნესწინადადებების შერჩევა და წარდგენა საბანკო დაწესებულებაში წარმოებს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ. 

2. მიკროსესხების ზღვრული მოცულობა, კონკრეტული პროექტის (ბიზნესგეგმის) წარმოდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

17. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

18. 29-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

19. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასაქმების კერძო სააგენტოს რეგისტრაცია უჩერდება 3 თვით. ამ ვადაში მონაცემების წარუდგენლობის შემთხვევაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას დასაქმების კერძო სააგენტოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.“.

20. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV. პასუხისმგებლობა“.

21. 35-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 

22. 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 

    მუხლი 2. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში:

ა) დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დებულება;

ბ) გამოსცეს ბრძანება უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მიიღოს დადგენილება უმუშევართა შემწეობის ოდენობისა და მისი გაცემის ვადის განსაზღვრის თაობაზე.

    მუხლი 3. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის ძალაში შესვლიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№959რს