ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 19/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.05.001.001.760
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1190
25/03/2005
სსმ, 15, 19/04/2005
040.090.000.05.001.001.760
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (11/07/2007 - 26/10/2007)

საქართველოს კანონი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (შემდგომში – თვითმმართველი ერთეული) ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესს და ქონებრივ უფლებებს, გარდა მიწისა და ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა რეგულირდება საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის და ქონებრივი უფლებების სამართლებრივი საფუძვლები

თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის და ქონებრივი უფლებების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

    მუხლი 2. თვითმმართველი ერთეულის ქონება

1. თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად.

3. თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით დადგენილი შემთხვევისა.

4. თვითმმართველი ერთეულის დამატებითი ქონების გასხვისება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. თვითმმართველ ერთეულს ამ კანონით საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე შემდეგი სახის ძირითადი ქონება: გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.

საქართველო 2006 წლის 23 ივნისის კანონი 3391 - სსმ I , 26 14.07.2006 წ., მუხ. 212

    მუხლი 3. თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლება

1. თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. თვითმმართველი ერთეული ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია.

3. ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ჩარევა თვითმმართველი ერთეულის ქონებრივი უფლებების საკითხებში დაუშვებელია, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შემთხვევებისა.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებულნი არიან დაიცვან თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.

5. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ ან რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირებისაგან მოითხოვოს თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესების დაცვა.

6. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

თავი II

თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნა

    მუხლი 4. თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის წყაროები

თვითმმართველი ერთეულის ქონება იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის საფუძველზე:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით;

ბ) საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით;

გ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების შექმნით ან შეძენით.

    მუხლი 5. ქონების თვითმმართველობის ერთეულისათვის გადაცემის წესი

1. სახელმწიფო თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაციების შემდეგ, ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად გადასცემს მას ქონებას, რომელიც საჭიროა თვითმმართველობის ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება თვითმმართველ ერთეულს უსასყიდლოდ გადაეცემა საკუთრებაში.

    მუხლი 6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი ობიექტებისა, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის საფუძველზე.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარმოდგენილ თხოვნაზე იღებს დასაბუთებულ, დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს თხოვნის წარმომდგენს მისი წარმოდგენიდან 3 თვეში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. თუ მთავრობა 6 თვის განმავლობაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, თხოვნაში აღნიშნული ქონება ჩაითვლება თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად.

3. თუ ქონება მომსახურებას უწევს ერთზე მეტ თვითმმართველ ერთეულს, იგი საკუთრებაში გადაეცემა იმ თვითმმართველ ერთეულს, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს ან რეგისტრირებულია. ქონების გამოყენებისა და მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერს ყველა თვითმმართველი ერთეული, რომელიც გამოიყენებს ასეთ ქონებას.

საქართველო 2006 წლის 23 ივნისის კანონი 3391 - სსმ I , 26 14.07.2006 წ., მუხ. 212

    მუხლი 7. სამართალმემკვიდრეობა

თვითმმართველ ერთეულზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემასთან ერთად გადადის ამ ქონებასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან ქონების გადაცემის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 8. თვითმმართველი ერთეულის ქონების რეგისტრაცია

1. თვითმმართველი ერთეულის ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში.

2. საჯარო რეესტრში შეტანილი მონაცემები, ცვლილებები და შესწორებები საჯაროა და უნდა გამოქვეყნდეს.

საქართველო 2006 წლის 23 ივნისის კანონი 3391 - სსმ I , 26 14.07.2006 წ., მუხ. 212

    მუხლი 9. თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაცემული ქონება

1. სახელმწიფო თვითმმართველობის ერთეულს ანიჭებს უფლებას, ისარგებლოს სახელმწიფო ქონებით, რომელიც საჭიროა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. სარგებლობის უფლებით გადასაცემი შესაბამისი ქონების განსაზღვრა და სარგებლობის უფლების მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და დელეგირებული უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების თანახმად.

2. თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაცემული ქონება რჩება სახელმწიფო საკუთრებაში და თვითმმართველ ერთეულს ასეთი ქონებით სარგებლობის უფლება აქვს.

3. თვითმმართველი ერთეულის მიერ ასეთი ქონებით სარგებლობის პირობები განისაზღვრება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებით.

თავი III

თვითმმართველი ერთეულის მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების წესი

    მუხლი 10. თვითმმართველი ერთეულის მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების ძირითადი პრინციპები

1. თვითმმართველი ერთეულის ორგანოები თვითმმართველი ერთეულის სახელით ახორციელებენ ქონებრივ უფლებებს.

2. თვითმმართველი ერთეულის ქონება შეიძლება მდებარეობდეს როგორც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

3. თვითმმართველი ერთეულის ორგანოები თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გამოყენება კრედიტორთა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების სახეობების განსაზღვრის წესი

თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების სახეობების ნუსხა მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 12. თვითმმართველი ერთეულის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის წესი

თვითმმართველი ერთეული მის საკუთრებაში არსებულ ქონებას განკარგავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 13. თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისების წესი

1. ძირითადი ქონების გასხვისება შესაძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს დადგენილებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი ქონების შექმნით ან შეძენით არსებულმა ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება.

2. ძირითადი ქონების გასხვისებისათვის გამგებელი (მერი) ამზადებს დასაბუთებულ წინადადებას და წარუდგენს საკრებულოს ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად.

3. ძირითადი ქონების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო წევრთა ხმების 2/3-ით.

    მუხლი 14. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

    მუხლი 15. თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე ქონებრივი უფლებების განხორციელების შედეგად შემოსული თანხების მიმართვა

თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე ქონებრივი უფლებების განხორციელების შედეგად შემოსული თანხები მთლიანად ირიცხება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

    მუხლი 16. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

    მუხლი 17. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

    მუხლი 18. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

    მუხლი 19. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

თავი IV

 გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 20. გარდამავალი დებულებანი

1. თვითმმართველი ერთეულისთვის, გარდა იმ ქალაქებისა, რომლებიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა განხორციელდეს ამ კანონით დადგენილი წესით, 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარების შემდეგ.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად უზრუნველყოს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობების ნუსხით“ დადგენილი ობიექტების, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი ობიექტებისა, ინვენტარიზაცია, მათი იმ ქალაქებისთვის, რომლებიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, საკუთრებაში გადასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ობიექტების ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობების ნუსხით“ დადგენილი ობიექტების, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი ობიექტებისა, ინვენტარიზაცია და მათი მუნიციპალიტეტებისათვის საკუთრებაში გადასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარებამდე.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 მაისის №334 ბრძანებულება.

საქართველო 2006 წლის 23 ივნისის კანონი 3391 - სსმ I , 26 14.07.2006 წ., მუხ. 212

    მუხლი 21. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 მარტი.

№1190-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველო2006 წლის 23 ივნისის კანონი 3391 - სსმ I, 26 14.07.2006 წ., მუხ.212

2. საქართველო2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

 

 

 

 

13. 05/02/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 1958-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1229-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6383-Iს - ვებგვერდი, 15/06/2012 10. 16/03/2012 - საქართველოს კანონი - 5855-Iს - ვებგვერდი, 28/03/2012 9. 08/04/2011 - საქართველოს კანონი - 4517-Iს - ვებგვერდი, 110415029, 15/04/2011 8. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4469 - ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011 7. 10/12/2010 - საქართველოს კანონი - 3964-IIს - სსმ, 74, 24/12/2010 6. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3516 - სსმ, 48, 09/08/2010 5. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2480 - სსმ, 50, 31/12/2009 4. 22/10/2009 - საქართველოს კანონი - 1892 - სსმ, 33, 09/11/2009 3. 26/10/2007 - საქართველოს კანონი - 5422 - სსმ, 38, 14/11/2007 2. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5298 - სსმ, 31, 03/08/2007 1. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3391 - სსმ, 26, 14/07/2006