დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 649 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/04/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 17-18, 05/05/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.110.010.05.001.000.197 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (11/05/2000 - 13/07/2000)
საქართველოს კანონი
საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ
საარსებო მინიმუმი არის საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვისა და სოციალური გარანტიების საფუძველი და მიმართულია მოსახლეობის ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის მხარდასაჭერად. საარსებო მინიმუმი საფუძვლად ედება სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებას.
თავი I
ძირითადი ნაწილი
მუხლი 1. კანონის მიზნები
ეს კანონი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ძირითადი სოციალური ნორმატივის – საარსებო მინიმუმის ფორმირებისა და გამოყენების პრინციპებს, მისი დამტკიცებისა და გადასინჯვის წესს.
მუხლი 2. საარსებო მინიმუმის ცნება
საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
მუხლი 3. საარსებო მინიმუმის დანიშნულება
1. საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება:
ა) მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებათა ასახვისათვის;
ბ) მოსახლეობის ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის;
გ) ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის;
დ) სოციალური პროგრამების, ეროვნული მეურნეობის განვითარების ისეთი მოდელის შესამუშავებლად, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მოხმარების ნორმების ეტაპობრივ მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ნორმებთან.
2. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გაიანგარიშებს საარსებო მინიმუმის ღირებულებას, რომლის საფუძველზეც დგინდება თანაფარდობა საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის.
3. სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით სამომხმარებლო ფასების ზრდის შედეგად საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის თანაფარდობის გაუარესებისას გადაისინჯება მინიმალური შემოსავლის ოდენობა საარსებო მინიმუმთან დადგენილი თანაფარდობის აღსადგენად.
4. აღნიშნულის საფუძველზე მინიმალური შემოსავლის ოდენობის გადასინჯვა ხდება ბოლო კორექტირებიდან სამი თვის შემდეგ.
5. სამომხმარებლო ფასების და ინფლაციის სტაბილიზაციის პირობებში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესაბამისად მოხდება შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ეტაპობრივი მიახლოება საარსებო მინიმუმთან.
მუხლი 4. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესი
1. საარსებო მინიმუმი გაიანგარიშება ნორმატიულ-სტატისტიკური მეთოდის საფუძველზე, მიმდინარე (შესყიდვის) საშუალო ფასების მიხედვით. ნორმატიული მეთოდის გამოყენებით ფორმირდება სასურსათო კალათა, რომელიც ითვალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს, ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც ითვალისწინებს მოხმარების ფაქტიურ დონეს.
2. საარსებო მინიმუმის ფორმირებას საფუძვლად უდევს შრომისუნარიანი მამაკაცის სასურსათო კალათა.
მუხლი 5. საარსებო მინიმუმის ნორმებისა და ნორმატივების განსაზღვრა
საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობას, ნორმებსა და ნორმატივებს ადგენს და აუცილებლობის შემთხვევაში გადასინჯავს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მუხლი 6. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცებისა და ცვლილების წესი
საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროების წინადადებების საფუძველზე.
თავი II
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 7. კანონის ძალაში შესვლა
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 17 აპრილი.
№649_IIს
დოკუმენტის კომენტარები