„საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“

„საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 19/09/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 29/09/1995
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.119
0
19/09/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 29/09/1995
080.000.000.05.001.000.119
„საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში /საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ.10/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 79-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 79. კონტრაბანდა

კონტრაბანდა, ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე საქონლის, ეროვნული ვალუტის დიდი ოდენობით ან სხვა ფასეულობების უკანონო გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით ან მისგან მალულად, ან საბაჟო ან სხვაგვარი დოკუმენტების მოტყუებითი გამოყენებით, ან დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით ან მონაცემების შეუტანლობით, ან ჩადენილი თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ან პირის მიერ, რომელიც განთავისუფლებულია საბაჟო კონტროლისაგან, აგრეთვე კონტრაბანდის გასაწევად ორგანიზებულ პირთა ჯგუფის მიერ, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

საქართველოს ან უცხოეთის ქვეყნების ხალხთა კუთვნილი მხატვრული, ისტორიული, არქეოლოგიური, საგნების, აგრეთვე, ხელოვნების ნიმუშების, ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობათა და ამ ნაკეთობათა ჯართის კონტრაბანდა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული, ძლიერმომქმედი, შხამიანი ან მომწამლავი ნივთიერებების, აგრეთვე რადიოაქტიული ან ფეთქებადი ნივთიერებების, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და სამხედრო საჭურვლის კონტრაბანდა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

კონტრაბანდა, გათვალისწინებული ამ მუხლის მესამე ნაწილით, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან განსაკუთებით საშიში რეციდივისტის მიერ, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით, გარკვეული თანამდებობის ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით“.

2. 163-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 163. საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა

საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა, ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიებათა გამოყენების შემდეგ, -

ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ორასიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედებისათვის ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით“.

3. 1631 მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უცხოური ვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლაზე უსაფუძვლოდ უარის თქმა ვალუტის გადამცვლელი დაწესებულების მუშაკის მიერ, ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ქონების კონფისკაციით“.

4. 1697 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1697. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა

სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე ან უნებართვოდ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სპეციალურ ნებართვის /ლიცენზიას/ საჭიროების, ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე“.

II. საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში /საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., № 12, მუხ. 421/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 1531 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1531. საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა

საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, ასეთი საქმიანობიდან მიღებული მთელი ამონაგების კონფისკაციით“.

2. 178-ე მუხლის მეორე ნაწილის დისპოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უცხოური ვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლაზე უსაფუძვლოდ უარის თქმა ვალუტის გადამცვლელი დაწესებულების მუშაკის მიერ“.

3. 193-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“, „ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“.

მეორე ნაწილის სანქციაში სიტყვები „ამ საგნების კონფისკაციას“ შეიცვალოს სიტყვებით „დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცი მინიმალური ოდენობით, ამ საგნების კონფისკაციით“;

4. 194-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 194. კონტრაბანდა

საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე ტვირთის გადატანა ან გადმოტანა საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით ან საბაჟო წესების დარღვევით, -

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა - შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, კონტრაბანდის საგნების კონფისკაციით.

ეროვნული ვალუტის, ფერადი ლითონების ან მისი ჯართის კანონით დადგენილი წესის დარღვევით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე გადაადგილება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, კონტრაბანდის საგნების კონფისკაციით“.

5. 239-ე მუხლის მე-15 ნაწილს ბოლოს დაემატოს სიტყვები:

„ან სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები, ფასების სახელმწიფო ინსპექციის საამისოდ უფლებამოსილი პირები, კონტროლის პალატის ორგანოები“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს 1995 წლის 2 ოქტომბრიდან.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -

სახელმწიფოს მეთაური                                                ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                ვახტანგ გოგუაძე.

 

თბილისი, 1995 წლის 19 სექტემბერი