„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 361
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 24/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.190.010.05.001.001.547
  • Word
361
10/08/2004
სსმ, 23, 24/08/2004
010.190.010.05.001.001.547
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, როგორც წესი, კომიტეტის წევრთაგან იქმნება ნდობის ჯგუფი.

    მუხლი 2

1. ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ორი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარდგენილი მაჟორიტარი პარლამენტის წევრი და ერთი – იმ ფრაქციის წევრი, რომელიც შედგება საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნოზღურბლგადალახული პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრებისაგან და არ შედის უმრავლესობის შემადგენლობაში.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პარტიის/საარჩევნო ბლოკის რაოდენობა ორი ან ორზე მეტია, მაშინ ნდობის ჯგუფის წევრად ასარჩევი კანდიდატურის წარდგენის უფლებას იძენს ის ფრაქცია, რომელიც შედგება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრებისაგან და არ შედის უმრავლესობის შემადგენლობაში.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმრავლესობა, მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრები და ის ფრაქცია, რომელიც შედგება საარჩევნოზღურბლგადალახული პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრებისაგან და არ შედის უმრავლესობის შემადგენლობაში, ნდობის ჯგუფში ასარჩევ კანდიდატებს დასამტკიცებლად წარუდგენენ პარლამენტს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ პარლამენტმა ნდობის ჯგუფში ასარჩევი კანდიდატები არ დაამტკიცა, მაშინ ამ კანონის მე-2 მუხლში აღნიშნული კანდიდატურების წარდგენის უფლების მქონე სუბიექტები წარადგენენ ახალ კანდიდატურებს.“.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

1. ნდობის ჯგუფის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება ნდობის ჯგუფის აპარატი, რომელიც წარმოადგენს ნდობის ჯგუფისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.

2. ნდობის ჯგუფის აპარატი, როგორც წესი, შედგება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისაგან.

3. ნდობის ჯგუფის აპარატის თანამშრომლები მონაწილეობენ ამ კანონით განსაზღვრულ ნდობის ჯგუფის უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფაში, შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადებაში.

4. ნდობის ჯგუფის აპარატის საშტატო ერთეულთა რაოდენობას ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის წარდგინებით, პარლამენტის აპარატის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

5. ნდობის ჯგუფის აპარატის თანამშრომლები ნდობის ჯგუფის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნამდე გადიან სპეციალურ შემოწმებას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. ნდობის ჯგუფის აპარატის უფროსსა და თანამშრომლებს ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.“.

4. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13

სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შემთხვევაში ნდობის ჯგუფის წევრები და მისი აპარატის თანამშრომლები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 10 აგვისტო.

№361–რს