საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4626-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.018045
4626-Iს
11/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
060000000.05.001.018045
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 48. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება და მათი ოდენობის შემცირება

  1. სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

  2. თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.“.

  2. 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა, გარდა ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა.“.

  3. 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს ასევე დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილების შინაარსზე.“.

  4. 268-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

  „ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ;“.

  5. 391-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. სამოქალაქო საქმეზე საკასაციო საჩივრის მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის საერთო ვადაა 6 თვე, ხოლო უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე – 2 თვე.“.

  6. 401-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. სასამართლო კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე – 1 თვეს.“.

 

  მუხლი 2

 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილები ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2015 წ.

N4626-Iს