საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2156
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 05/06/1989
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1989
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.035
  • Word
2156
05/06/1989
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1989
020.000.000.05.001.000.035
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

ბრძანებულება

საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის წესების დარღვევა

მძღოლების მიერ ისეთ სატრანსპორტო საშუალებათა მართვა, რომელთაც აქვთ უწესივრობა სამუხრუჭე სისტემაში ან საჭის სამართავ მექანიზმში, ან რომლებიც გადაკეთებულია შესაბამისი ნებართვის გარეშე, ან რეგისტრირებული არ არის დადგენილი წესით, ან არ გაუვლიათ სახელმწიფო ტექნიკური შემოწმება,

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთი მანეთით.

უსაფრთხოების ღვედებით ან მოტოჩაფხუტით სარგებლობის წესების დარღვევა,

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთი მანეთით.

შენიშვნა: ამ კოდექსის 116-121-ე და 125-127-ე მუხლებში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებად ჩაითვლება ყველა სახის ავტომობილი, ტრაქტორი და სხვა თვითმავალი მანქანა, ტრამვაი და ტროლეიბუსი, აგრეთვე მოტოციკლი და სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.

2. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 117. სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბება, საგზაო ნიშნების მოთხოვნათა დაუცველობა, მგზავრთა გადაყვანისა და საგზაო მოძრაობის სხვა წესების დარღვევა

სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის ან მარეგულირებლის ჟესტის დროს გავლა, პრიორიტეტის საგზაო ნიშნების, ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნების, გზების სავალი ნაწილის მონიშვნის, მოძრაობის დროს უპირატესობის მინიჭების შესახებ მოთხოვნათა დაუცველობა, მგზავრთა გადაყვანის, სატრანსპორტო საშუალებათა გასწრების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების ან საქვეითო გადასასვლელების გავლის, დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმაო ხილვადობის პირობებში სანათი ხელსაწყოებით სარგებლობის წესების დარღვევა,

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათი მანეთით.

იგივე დარღვევები, თუ მათ გამოიწვიეს საავარიო ვითარება, ესე იგი აიძულეს მოძრაობის სხვა მონაწილეები მკვეთრად შეეცვალათ მოძრაობის სიჩქარე, მიმართულება ან გამოეყენებინათ საკუთარი უსაფრთხოების ან სხვა მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სხვაგვარი ზომები, აგრეთვე მძღოლების მიერ სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მილიციის მუშაკის მოთხოვნათა შეუსრულებლობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ თვემდე.

3. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1171 მუხლი:

     „მუხლი 1171. მოტოციკლებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მონაწილეობა, ჯგუფურ მოძრაობაში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას

მოტოციკლებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მონაწილეობა ჯგუფურ მოძრაობაში ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში, რაც აფერხებს საგზო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი მანეთით ან სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ თვემდე.

4. 118-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 118. სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ რკინიგზის გადასასვლელების გავლის წესების დარღვევა

სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ რკინიგზის გადასასვლელების გავლის წესის დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი მანეთით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ექვს თვემდე.

5. 119-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 119. სატრანსპორტო საშუალებათა მართვა ნასვამ მდგომარეობაში და სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისგან თავის არიდება

მძღოლების მიერ სატრანსპორტო საშუალებათა მართვა ნასვამ მდგომარეობაში, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გადაცემა ნასვამი პირისათვის, განსაზღვრული წესით სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისაგან თავის არიდება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასი მანეთით ან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასი მანეთით.

6. 120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 120. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალებათა ან სხვა ქონების დაზიანება, აგრეთვე საგზაო მოძრაობის სხვა წესების დარღვევა

სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ ამ კოდექსის 116-118-ე მუხლებით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალებათა, ტვირთის, გზების, საგზაო და სხვა ნაგებობების ან სხვა ქონების დაზიანება, დადგენილი წესების დარღვევით იმ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება, რომლის მონაწილენიც თვითონ არიან,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი მანეთით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამიდან ექვს თვემდე.

ამ კოდექსის 116-119-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების გარდა მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის სხვა წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შედეგები,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ოცდაათ მანეთამდე.

ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების გარდა საგზაო მოძრაობის სხვა წესების დარღვევა,

გამოიწვევს გაფრთხილებას.

7. 121-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალებათა მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება

სატრანსპორტო საშუალებათა მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს ამ საშუალებათა მართვის უფლება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი მანეთით.

იგივე დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალებათა, ტვირთის, გზების, საგზაო და სხვა ნაგებობათა ან სხვა ქონების დაზიანება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.

8. ამოღებულ იქნეს კოდექსიდან 122-ე და 123-ე მუხლები.

9. 124-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 124. ქვეითად მოსიარულეთა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა მიერ მოძრაობის წესების დარღვევა

ქვეითად მოსიარულეთა მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალებისადმი დაუმორჩილებლობა, სავალ ნაწილზე გადასვლა ნებადაურთველ ადგილებში, აგრეთვე მოპედისტებისა და ველოსიპედისტების, მზიდავებისა და გზით მოსარგებლე სხვა პირების მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალებისადმი დაუმორჩილებლობა, პრიორიტეტის საგზაო ნიშნების, ამკრძალავი ან მიმთითებელი საგზაო ნიშნების მოთხოვნათა დაუცველობა,

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთი მანეთით.

ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა საავარიო ვითარება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ოცდაათ მანეთამდე.

10. 125-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 125. გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებათა ხაზზე გაშვება და სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის წესების სხვა დარღვევები

ისეთ გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებათა გაშვება ხაზზე, რომელთა ექსპლუატაცია აკრძალულია ან რომლებიც გადაკეთებულია სათანადო ნებართვის გარეშე, ან რეგისტრირებული არ არის დადგენილი წესით, ან არ გაუვლიათ სახელმწიფო ტექნიკური შემოწმება,

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობისა და ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელების ან სხვა თანამდებობის პირების დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.

11. 133-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 133. გზების, რკინიგზის გადასასვლელებისა და სხვა საგზაო ნაგებობათა დაზიანება

გზების, რკინიგზის გადასასვლელების, სხვა საგზაო ნაგებობების ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების დაზიანება, აგრეთვე საგზაო მოძრაობის შესაფერხებლად დაბრკოლების განზრახ შექმნა, მათ შორის გზის საფარის გაჭუჭყიანების საშუალებით,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.

12. 209-ე მუხლის:

მეორე პუნქტში სიტყვები 117-ე მუხლის მესამე ნაწილით, 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, 119-ე მუხლით, 120-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 121-ე მუხლის მეორე ნაწილით, 122-ე, 123-ე მუხლებით, 125-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლით და 133-ე მუხლის პირველი ნაწილით შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით: 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, 1171, 118-ე, 119-ე მუხლებით, 120-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 121-ე მუხლით, 124-ე მუხლის მეორე ნაწილით, 125-ე, 126-ე მუხლებით და 133-ე მუხლით;

მესამე პუნქტში სიტყვები: 117-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 120-ე მუხლის მესამე ნაწილით, 121-ე მუხლის პირველი ნაწილით, 124-ე მუხლით, 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და 133-ე მუხლის მეორე ნაწილით შეიცვალოს სიტყვებით: 117-ე მუხლის პირველით, 120-ე მუხლის მესამე ნაწილით, 124-ე მუხლის პირველი ნაწილით.

13. 242-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები: 124-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით და 117-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების სამხედრო მოსამსახურეთა და შეკრებაზე გაწვეულ სამხედრო ვალდებულთა მიერ სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში) შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით: 124-ე მუხლის პირველი ნაწილით და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

14. 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ისეთი დარღვევისას, რომლისთვისაც ამ კოდექსის შესაბამისად შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სახდელი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის სახით, მძღოლს საქმეზე დადგენილების გამოტანამდე ჩამოერთმევა მძღოლის მოწმობა და მიეცემა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დროებითი ნებართვა, რის შესახებ კეთდება ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმში. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მძღოლს მოწმობა არ დაუბრუნდება, ხოლო დროებითი ნებართვის მოქმედება გაგრძელდება საჩივრის შეტანის ან საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის გასვლამდე.

15. 250-ე მუხლში:

სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან ჩამოშორება, შემოწმება სიმთვრალის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნა.

დაემატოს ამ მუხლს შემდეგი შინაარსის მესამე და მეოთხე ნაწილები:

სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციას, რომელთაც უწესივრობა აქვთ სამუხრუჭე სისტემაში ან საჭის სამართავ მექანიზმში, ან რომლებიც გადაკეთებულია შესაბამისი ნებართვის გარეშე, როცა ეს საფრთხეს უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, კრძალავს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირი სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

მილიციის მუშაკის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ გამოიხატება ხელის ჟესტით ან კვერთხით სიგნალის მიცემით, სასტვენთან ერთად, აგრეთვე ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით. სიგნალი უნდა იყოს მძღოლისათვის გასაგები და მიეცეს ისეთ დროს, როცა მისი შესრულება არ შექმნის საავარიო ვითარებას”.

16. 290-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დადებული ჯარიმა დამრღვევს შეაქვს სსრ კავშირის შემნახველი ბანკის დაწესებულებაში, გარდა სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე გადახდილი ჯარიმისა, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

17. 292-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს სიტყვები: რომელიც წარმოადგენს მკაცრი საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტს.

18. 26-ე, 242-ე და 289-ე მუხლებში სიტყვები დაფიქსირდება, დააფიქსირებენ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით გაფორმდება, გააფორმებენ.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია

თბილისი,

1989 წლის 5 ივნისი.

№2156