ნდობის ჯგუფის შესახებ

  • Word
ნდობის ჯგუფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1270
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/03/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 13-14, 05/03/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.190.010.05.001.000.331
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1270
04/03/1998
პარლამენტის უწყებანი, 13-14, 05/03/1998
010.190.010.05.001.000.331
ნდობის ჯგუფის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (10/08/2004 - 12/09/2008)

 

საქართველოს კანონი

ნდობის ჯგუფის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, როგორც წესი, კომიტეტის წევრთაგან იქმნება ნდობის ჯგუფი.

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი № 1821 -სსმ I, № 32 , 20 . 12 . 2002 წ; მუხ 159

საქართველოს 2004 წლის 10 აგვისტოს კანონი №361-სსმ I, №23, 24.08.200 4 წ; მუხ115

    მუხლი 2

1. ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ორი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარდგენილი მაჟორიტარი პარლამენტის წევრი და ერთი – იმ ფრაქციის წევრი, რომელიც შედგება საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნოზღურბლგადალახული პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრებისაგან და არ შედის უმრავლესობის შემადგენლობაში.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პარტიის/საარჩევნო ბლოკის რაოდენობა ორი ან ორზე მეტია, მაშინ ნდობის ჯგუფის წევრად ასარჩევი კანდიდატურის წარდგენის უფლებას იძენს ის ფრაქცია, რომელიც შედგება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრებისაგან და არ შედის უმრავლესობის შემადგენლობაში.

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი №1407-სსმ I, №15, 03.06.2002წ; მუხ.57

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1623-სსმ I, №23, 24 .0 8 .2002წ; მუხ.111

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1821-სსმ I, №32, 20.12.2002წ; მუხ159

საქართველოს 2004 წლის 10 აგვისტოს კანონი №361-სსმ I, №23, 2 4 . 08 .200 4 წ; მუხ115

    მუხლი 3

1. ნდობის ჯგუფში ასარჩევი კანდიდატები საქართველოს პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენამდე გადიან შემოწმებას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. უმრავლესობა, მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრები და ის ფრაქცია, რომელიც შედგება საარჩევნოზღურბლგადალახული პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრებისაგან და არ შედის უმრავლესობის შემადგენლობაში, ნდობის ჯგუფში ასარჩევ კანდიდატებს დასამტკიცებლად წარუდგენენ პარლამენტს.

3. საქართველოს პარლამენტი ნდობის ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს დადგენილებით. კენჭისყრა ტარდება პერსონალურად.

4. თუ პარლამენტმა ნდობის ჯგუფში ასარჩევი კანდიდატები არ დაამტკიცა, მაშინ ამ კანონის მე-2 მუხლში აღნიშნული კანდიდატურების წარდგენის უფლების მქონე სუბიექტები წარადგენენ ახალ კანდიდატურებს.

5. თუ საქართველოს პარლამენტმა ნდობის ჯგუფში ასარჩევი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე არ დაამტკიცა, მაშინ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით, კომიტეტის წევრთაგან წარადგენს ახალ კანდიდატურას.

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი №1407-სსმ I, №15, 03.06.2002წ; მუხ.57

საქართველოს 2004 წლის 10 აგვისტოს კანონი №361-სსმ I, №23, 2 4 . 08 .200 4 წ; მუხ115

    მუხლი 4

1. ნდობის ჯგუფს თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

2. თუ საქართველოს პარლამენტმა ნდობის ჯგუფში არ აირჩია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, მაშინ ნდობის ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს.

3. ნდობის ჯგუფის წევრთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლით.

    მუხლი 5

საქართველოს პარლამენტის განსახილველი საკითხი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად მიეკუთვნება ნდობის ჯგუფის კომპეტენციას, საჭიროებს ნდობის ჯგუფის დასკვნას.

    მუხლი 6

1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობას, ნდობის ჯგუფს წელიწადში არანაკლებ ერთჯერ წარუდგენენ მოხსენებებს გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

2. ნდობის ჯგუფის მოთხოვნით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობას, ვალდებულნი არიან ნდობის ჯგუფის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას ნდობის ჯგუფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა შესასწავლად აუცილებელი მასალები.

    მუხლი 7

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას ნდობის ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თავის დასკვნებს სპეციალური პროგრამების და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების შესახებ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

    მუხლი 8

თუ ნდობის ჯგუფი წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ან მათი ხელმძღვანელები არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, იგი წერილობით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს ამ ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნის მოთხოვნით.

    მუხლი 9

თუ ნდობის ჯგუფი ამ კანონის პირველი მუხლით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მიიჩნევს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საქმიანობა საშიშროებას უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ამეტებს თავის უფლებამოსილებას, იგი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წინაშე აკეთებს წარდგინებას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

    მუხლი 10

1. ნდობის ჯგუფის სხდომები ტარდება არანაკლებ თვეში ერთჯერ.

2. ნდობის ჯგუფის სხდომები დახურულია.

3. ნდობის ჯგუფის გადაწყვეტილებით, მის სხდომას შეიძლება დაესწროს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი ან სხვა პირი.

4. ნდობის ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

    მუხლი 11

1. ნდობის ჯგუფის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება ნდობის ჯგუფის აპარატი, რომელიც წარმოადგენს ნდობის ჯგუფისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.

2. ნდობის ჯგუფის აპარატი, როგორც წესი, შედგება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისაგან.

3. ნდობის ჯგუფის აპარატის თანამშრომლები მონაწილეობენ ამ კანონით განსაზღვრულ ნდობის ჯგუფის უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფაში, შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადებაში.

4. ნდობის ჯგუფის აპარატის საშტატო ერთეულთა რაოდენობას ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის წარდგინებით, პარლამენტის აპარატის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

5. ნდობის ჯგუფის აპარატის თანამშრომლები ნდობის ჯგუფის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნამდე გადიან სპეციალურ შემოწმებას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. ნდობის ჯგუფის აპარატის უფროსსა და თანამშრომლებს ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

საქართველოს 2004 წლის 10 აგვისტოს კანონი №361-სსმ I, №23, 2 4 . 08 .200 4 წ; მუხ115

    მუხლი 12

ნდობის ჯგუფის მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე გადიან სპეციალურ შემოწმებას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 13

სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შემთხვევაში ნდობის ჯგუფის წევრები, მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 14

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                          ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 4 მარტი.

№1270–IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი №1407-სსმ I, №15, 03.06.2002წ; მუხ.57

2. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1623-სსმ I, №23, 24.0 7.2002წ; მუხ.111

3. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1821-სსმ I, №32, 20.12.2002წ; მუხ159

4. საქართველოს 2004 წლის 10 აგვისტოს კანონი №361 -სსმ I, №23 , 2 4.08.200 4წ; მუხ115

 

12. 06/12/2018 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 3875-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 11. 22/03/2017 - საქართველოს კანონი - 487-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 10. 23/12/2015 - საქართველოს კანონი - 4708-რს - ვებგვერდი, 29/12/2015 9. 06/02/2014 - საქართველოს კანონი - 1983-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 8. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1238-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 12/06/2013 - საქართველოს კანონი - 722-IIს - ვებგვერდი, 03/07/2013 6. 12/09/2008 - საქართველოს კანონი - 260 - სსმ, 20, 30/09/2008 5. 12/09/2008 - საქართველოს კანონი - 263 - სსმ, 19, 19/09/2008 4. 10/08/2004 - საქართველოს კანონი - 361 - სსმ, 23, 24/08/2004 3. 03/12/2002 - საქართველოს კანონი - 1821 - სსმ, 32, 20/12/2002 2. 04/07/2002 - საქართველოს კანონი - 1623 - სსმ, 23, 24/07/2002 1. 14/05/2002 - საქართველოს კანონი - 1407 - სსმ, 15, 03/06/2002