ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ

  • Word
ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/01/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 002, 09/03/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 12/11/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.210.050.05.001.000.122
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
90
24/01/1996
პარლამენტის უწყებანი, 002, 09/03/1996
010.210.050.05.001.000.122
ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველს კანონი

ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ

    მუხლი 1. ეროვნული უშიშროების საბჭო

საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის იქმნება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 2. ეროვნული უშიშროების საბჭოს სტატუსი

ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად.

ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

    მუხლი 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება

ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დავალებით:

ა) უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემუშავებას;

ბ) განიხილავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფას;

გ) განიხილავს სამხედრო ძალების მშენებლობისა და განმტკიცების პროგრამებს და უზრუნველყოფს მათი განხორციელების ორგანიზაციას;

დ) შეისწავლის და აანალიზებს საერთაშორისო კონფლიქტის ზონებში არსებულ მდგომარეობას და პერსპექტივებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს კოლექტიური უშიშროების სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ;

ვ) საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად განიხილავს ქვეყნის საზღვრებს გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს;

ზ) განიხილავს სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხებს;

თ) შეიმუშავებს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საკითხებზე;

ი) საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს სამხედრო ძალების რაოდენობას;

კ) განიხილავს სამხედრო ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის საკითხებს;

ლ) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სადირექტივო დოკუმენტებს სამხედრო ძალებისათვის მათ წინაშე დასახული ამოცანების შესასრულებლად;

მ) კოორდინაციას უწევს სამხედრო სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს;

ნ) განიხილავს სამხედრო მრეწველობის ფუნქციონირებისა და განვითარების პერსპექტივებს;

ო) განიხილავს სამხედრო კადრების მომზადების, განაწილების, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებს;

პ) კოორდინაციას უწევს თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, დამუშავებასთან ბრძოლის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურების საქმიანობას უშიშროების, მართლწესრიგისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებში;

ჟ) აკონტროლებს საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო დეპარტამენტების, მთავარი სამმართველოების, კორპორაციების და სხვა სახელმწიფო უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო მმართველობისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობას უშიშროებისა და თავდაცვის სფეროში;

რ) ხელშეკრულებით სამუშაოდ იწვევს ორგანიზაციების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციოლოგიური და პოლიტიკური ცენტრების ცალკეულ მეცნიერებსა და სპეციალისტებს;

ს) შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო საშინაო და საგარეო საფრთხის გამოვლენის, პროგნოზირების, მისი თავიდან აცილებისა და ნეიტრალიზაციისათვის;

ტ) საგანგებო სიტუაციისას შეიმუშავებს წინადადებებს მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად;

უ) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების საიმედო დაცვისა და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას;

ფ) განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ქ) განიხილავს საგანგებო სიტუაციის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ღ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 4. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა

ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პრეზიდენტი (საბჭოს თავმჯდომარე), საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ამ და სხვა წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობაში უშუალოდ მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების თავმჯდომარეები.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თანამდებობით არის საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში.

    მუხლი 5. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამოსილება

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი:

ა) უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის ორგანიზაციას;

ბ) ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს;

გ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, აგრეთვე ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და მისი ქვედანაყოფების დებულებებს;

დ) ამზადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს;

ე) აკონტროლებს ეროვნული უშიშროების საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების და სხვა აქტების შესრულებას;

ვ) კოორდინაციას უწევს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შექმნილი მუდმივი ან დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობას;

ზ) ხელს აწერს ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკვეთებსა და საექსპერტო-ანალიზურ სამუშაოთა შესრულების ხელშეკრულებებს;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს.

    მუხლი 6. ეროვნული უშიშროების საბჭოში საკითხის განხილვის წესი

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს განსახილველ საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად.

ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს შესაბამის აქტებს.

    მუხლი 7. ეროვნული უშიშროების საბჭოს საუწყებათაშორისო კომისიები

ეროვნული უშიშროების საბჭო თავისი საქმიანობის ძირითადი ამოცანების შესაბამისად ფუნქციურ ან რეგიონალურ საფუძველზე ქმნის მუდმივ ან დროებით საუწყებათაშორისო კომისიებს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს წინადადებით მუდმივ ან დროებით საუწყებათაშორისო კომისიას ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი ან პრეზიდენტისგან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს კომისიების უფლებამოსილების, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 8. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი

ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ-ანალიზურ საქმიანობას უზრუნველყოფს მისი აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, აპარატისა და მისი ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტი

ე. შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 24 იანვარი.

№90–რს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია -  საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №565 - სსმ I, №33, 12.11.2004 წ., მუხ.152