„ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

  • Word
„ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 71776/12
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 02/02/2016
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
71776/12
02/02/2016
ვებგვერდი, 31/05/2016
„ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

(საჩივარი N. 71776/12)

მეოთხე სექციის

გადაწყვეტილება

 

სტრასბურგი

2016 წლის 2 თებერვალი

 

საბოლოო გახდა

02/05/2016

 

წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის მიხედვით. შესაძლოა მოხდეს გადაწყვეტილებაში სარედაქციო ხასიათის ცვლილებების შეტანა

 

ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეში,

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), შემდეგი შემადგენლობით:

ანდრას შაიო, თავმჯდომარე,

მოსამართლეები: ბოშტან მ. ზუპანჩიჩი,

ნონა წოწორია,

კრჟისტოფ ვოიტიჩეკი,

ეგიდიუს კურისი,

იულია ანტონელა მოტოკი,

გაბრიელა კუშკო – შტადლმაიერი, მოსამართლეები და ფატოშ არაჩი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

განიხილა საქმე 2016 წლის 12 იანვარს,

და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც ზემოთ წარმოდგენილ თარიღში იქნა მიღებული:

 

პროცედურა

1. 2012 წლის 2 ნოემბერს ქ-ნმა ნ.წ.-მ, რომელიც საკუთარი სახელითა და მისი დისშვილების ნ. ბ., ს. ბ. და ლ. ბ.-ს („მომჩივნები“) სახელით მოქმედებდა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარადგინა საჩივარი (№71776/12). პალატამ, სასამართლოს რეგლამენტის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება მომჩივნისთვის ანონიმურობის მინიჭების თაობაზე.

2. მომჩივნები წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატების – ქ-ნი ნ. ჯომარჯიძის, ქ-ნი თ. აბაშიძის, ქ-ნი კ. შუბაშვილის და ქ-ნი თ. დეკანოსიძის მიერ. საქართველოს მთავრობა (შემდგომში „მთავრობა“) წარმოდგენილი იყო იუსტიციის სამინისტროდან სახელმწიფო წარმომადგენლის, ბ-ნი ლ. მესხორაძის მიერ.

3. მომჩივნები მიუთითებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის – პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევას ეროვნული სასამართლოების მიერ ბავშვების მათი მამისთვის დაბრუნების განკარგულებაზე გადაწყვეტილების მიღების გზით.

4. 2014 წლის 26 მარტს საჩივარი გადაეგზავნა მთავრობას. 2015 წლის 02 ივნისს მხარეებს მიეცათ დამატებითი მასალების წარმოდგენის შესაძლებლობა.

 

ფაქტები

 

I. საქმესთან დაკავშირებული გარემოებები

5. ქ-ნი ნ. წ. საქართველოს მოქალაქეა, დაბადებული 1976 წელს, ცხოვრობს თბილისში. მისი სამი დისშვილი - ნ. ბ., და ტყუპი ბიჭები - ს. ბ. და ლ. ბ. - დაიბადნენ 2002 და 2006 წლებში. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე საქმესთან დაკავშირებული ფაქტები შეიძლება შემდეგი სახით შეჯამდეს:

 

A. ზოგადი ინფორმაცია

6. ქ-ნი ნ. წ.-ს დამ ურთიერთობა დაიწყო გ. ბ.-სთან 2000 წელს და წყვილი ცალკე საცხოვრებლად გადავიდა. მათ სამი შვილი შეეძინათ - ნ. ბ., ს. ბ. და ლ. ბ.

7. 2006 წელს გ. ბ. გასამართლებული იქნა ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაზე და მიესაჯა ხუთწლიანი პირობითი პატიმრობა. 2008 წელს გ. ბ.-ს დაუსვეს ფსიქიატრიული და ქცევითი მოშლილობის დიაგნოზი. იმავე წელს მან დაიწყო მეტადონით ჩანაცვლების მკურნალობის კურსის გავლა (რაც წარმოადგენს ნარკომანიის მკურნალობის სპეციალიზებული პროგრამის ნაწილს). 2009 წელს გ.ბ. დაჯარიმდა ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის გამო, ნარკოტიკების უკანონო მიღების დამატებით ორი შემთხვევისთვის.

8. 2009 წლის 26 ნოემბერს ბიჭების დედა საქმისგან დამოუკიდებელ გარემოებებში გარდაიცვალა. ბავშვები გადავიდნენ დეიდებთან და დედის მხრიდან ბებია-ბაბუასთან საცხოვრებლად. 2009 წლის დეკემბრის ბოლოს გ. ბ.-მ მოითხოვა ბიჭების დაბრუნება, მაგრამ დედის მხრიდან ოჯახმა უარი განაცხადა მის მოთხოვნაზე.

9. მისი სამედიცინო ისტორიის შესაბამისად, 2010 წლის თებერვალში გ. ბ.-ს ნარკოდამოკიდებულება რემისიის ფაზაში გადავიდა; პიროვნული აშლილობის ნიშნები არ დაფიქსირებულა და დადგინდა, რომ იგი გარემოზე ადეკვატურ რეაგირებას ახდენდა. 2010 წლის 10 თებერვლის დიაგნოზის მიხედვით მას დაუდგინდა რემისიის ადრეული სტადია. სამედიცინო ანგარიშის შესაბამისად, იგი არ წარმოადგენდა საფრთხეს საკუთარი თავის ან მის გარშემო მყოფი პირებისათვის და გააჩნდა ჯანსაღი ცხოვრების დაწყების მოტივაცია. კიდევ ერთი, 2010 წლის 26 თებერვლით დათარიღებული სამედიცინო ცნობის შესაბამისად, გ. ბ.-ს ცენტრალური ნერვული სისტემა არ იყო დაზიანებული და გ. ბ. არ ავლენდა რაიმე სახის ფსიქიატრიულ პათოლოგიას.

 

B. საქმის წარმოება

10. 2010 წლის 5 იანვარს გ. ბ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მისი ვაჟიშვილების დაბრუნების მოთხოვნით, სამოქალაქო კოდექსის 1204 მუხლის შესაბამისად. 2010 წლის 12 იანვარს პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმის წარმოებაში სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში „სმს“) ჩართვის შესახებ. სასამართლოს განკარგულებით საქმის მასალები უნდა გადაგზავნილიყო სმს-ში, სმს-ს უნდა დაენიშნა ბიჭების ინტერესების დამცავი წარმომადგენელი და სმს-ს უნდა ჩაეტარებინა ბავშვების მამისა და დედის მხრიდან ოჯახების სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების შეფასება.

11. შეფასება სმს-ს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა განყოფილებამ განახორციელა. განყოფილების წარმომადგენელი ეწვია გ. ბ.-ს და დედის მხრიდან ოჯახის საცხოვრებელ ადგილებს, ჩაატარა გასაუბრება გ. ბ.-სთან, მამის მხრიდან ბებია-ბაბუასთან, მათ რამდენიმე მეზობელთან, დედის მხრიდან ოჯახთან და ბიჭების ყოფილ ძიძასთან. შესაბამისმა სოციალურმა მუშაკმა დაადგინა, რომ ორივე ადგილას საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელი იყო. რაც შეეხება თავად ბიჭებს, სოციალურმა მუშაკმა მიუთითა შემდეგი:

„რაც შეეხება ბავშვების ინტერესებს, მათ ესაჭიროებათ მზრუნველი და უსაფრთხო გარემო.... ორივე ოჯახმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვების საჭიროებები და ის, თუ როგორ გაუწიონ ბავშვებს დახმარება შეთანხმებული ორმხრივი ძალისხმევის გზით, რათა ყველაზე იოლად მოხდეს იმ ფსიქოლოგიური ტრავმის გადატანა, რაც ბავშვებმა დედის დაკარგვის გამო განიცადეს...“

12. პარალელურად სმს-ს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა განყოფილებამ ორგანიზება გაუწია ბიჭების ფსიქოლოგიურ შემოწმებას. შესაბამისმა ფსიქოლოგმა შეძლო მხოლოდ ტყუპების ნახვა მამისა და ოჯახის ახლობლების თანდასწრებით. მან დაადგინა, რომ ორივე ბავშვს მამის მიმართ გაორებული დამოკიდებულება გააჩნდა - ერთი მხრივ, თბილი დამოკიდებულება და სიყვარული და, მეორეს მხრივ, შიში. მისი დაკვირვების შესაბამისად, ბიჭების გარკვეული ემოციური და ქცევითი ხასიათის პრობლემები განპირობებული იყო მათში ქვეცნობიერად არსებული პროტესტით ორივე ოჯახთან ჯანსაღი ურთიერთობების ნაკლებობის მიმართ და იმ გაუგებარი სიტუაციის მიმართ, რომელშიც ბავშვებს უწევდათ ცხოვრება. დასკვნაში ფსიქოლოგი მიუთითებს, რომ ბავშვების სტრესულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებდა მათ თავს მოხვეული მამის ნეგატიური იმიჯი, რაც, თავისთავად, შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ბავშვების ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას და ცხოვრებას („ფსიქოლოგიური ანგარიში“, 2010 წლის 3 მარტი).

13. ამავე პერიოდში თბილისის სასამართლომ გამოსცა შუალედური განკარგულება, რომელიც უფლებას აძლევდა გ. ბ.-ს ენახა შვილები ოჯახის ორი ახლობლის თანდასწრებით. საქმის მასალებიდან ნათელი ხდება, რომ მხოლოდ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მესამე პირებმა უარი განაცხადეს შემდგომ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაზე.

14. 2010 წლის 23 აპრილს ბიჭები წაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც ფსიქოლოგიური შემოწმების შემდეგ, სამივე ბავშვს დაუდგინდა განშორებისგან წარმოქმნილი შფოთვითი აშლილობა. აღინიშნა, რომ სამივე ბავშვს გააჩნდა ნეგატიური დამოკიდებულება მამის მიმართ და გარკვეული შიშები. სამედიცინო დასკვნის შესაბამისად, ისინი ასევე ავლენდნენ მწვავე შფოთვას, რაც დედის გარდაცვალებით იყო განპირობებული. რეკომენდაციის შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო ცვლილებების შეტანა მათ საცხოვრებელ გარემოში, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული ბავშვებისთვის დამატებითი სტრესის შექმნა.

15. ამასთან ერთად, 2010 წლის 26 აპრილს ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა საქმის მასალების საფუძველზე დაადგინეს, რომ დედის გარდაცვალების შედეგად ბიჭების მიერ გადატანილი ემოციური სტრესის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენდა მათი დედის მხრიდან ბებია-ბაბუისა და დეიდების საცხოვრებელს, არ იყო რეკომენდებული მათი მამასთან დაბრუნება. სპეციალისტისთვის დასმული კითხვები მომზადებული იქნა დედის მხრიდან ოჯახის სახელით მოქმედი ადვოკატის მიერ. სპეციალისტებმა ასევე გამოიკვლიეს უფროსი ძმა პირადად და წარმოადგინეს შემდეგი დაკვირვებები:

„...[ნ. ბ.] გრძნობს ფრუსტრაციას იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელშიც იგი იმყოფება; იგი ადვილად ღიზიანდება.... ბავშვი მგრძნობიარეა და შვებას პოულობს უსაფრთხო გარემოსა და ფანტაზიების სამყაროში ... იგი გაურბის ყველაფერს მისთვის არასასურველს, რათა თავიდან აიცილოს ტრავმა...

ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე არ არის რეკომენდებული [ნ. ბ.]-ს სიტუაციის მკვეთრი ცვლილება, რათა თავიდან ავიცილოთ ბიჭის დამატებითი გაღიზიანება და ტრამვატიზაცია, და ბიჭს მივცეთ მშვიდ გარემოში რეაბილიტაციის საშუალება. აშკარაა, რომ მისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა მამასთან ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბება და მამის, როგორც მზრუნველისა და დამცველის, აღქმა, მაგრამ ამის მისაღწევად, ჩვენი აზრით, აუცილებელი იქნება დამატებითი დრო. მამამ უნდა მოიპოვოს მისი ნდობა და ბავშვმა ნელ-ნელა იგრძნოს მამასთან კომუნიკაციის კვლავ დამყარების საჭიროება....

ბავშვების ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის ... ჩვენ აუცილებლად მივიჩნევთ მამასა და მის შვილებს შორის ხელახალი ადაპტაციის შესატყვის პროცესს, მაგ: გარკვეული პერიოდის განმავლობაში (მინიმუმ ერთი წელი) მამამ შვილებთან კომუნიკაცია უნდა დაამყაროს სტაბილური რეჟიმის პირობებში და ოფიციალურად მისაღებ ფორმატში, ბავშვების ნდობის ხელახალი მოპოვების მიზნით.“

16. 2010 წლის 30 აპრილს სმს-მ დანიშნა ბიჭების დამატებითი ფსიქოლოგიური შემოწმება. მაგრამ ფსიქოლოგიური შემოწმების ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მამა მათ შემოწმებას დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ ამგვარი შემოწმება მისი თანდასწრებით და ნეიტრალურ ადგილას მოხდებოდა. ამასთან ერთად, დედის მხრიდან ოჯახის ინფორმაციით ბიჭებმა უარი განაცხადეს მამის ნახვაზე.

17. 2010 წლის 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა განკარგულება სამი ბიჭის მამისთვის დაბრუნების შესახებ. გ. ბ.-ს უკანასკნელი სამედიცინო ჩანაწერების გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ იგი ვარგისი იყო მშობლის პასუხისმგებლობის განსახორციელებლად. ამასთან ერთად, კომპეტენტურმა მოსამართლემ დაუშვებლად ცნო ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა, როგორც არასანდო დასკვნა; მისი დასკვნის შესაბამისად ექსპერტების დასკვნები წინააღმდეგობაში იყო ფაქტობრივ გარემოებებთან და ეფუძნებოდა ფაქტებს, რომლებიც არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ტყუპი ბიჭები მზად იყვნენ მამასთან დასაბრუნებლად; ისინი ტრავმირებულნი იყვნენ დედის სიკვდილის შედეგად და საჭიროებდნენ მამასთან ურთიერთობას. უფროს ვაჟთან დაკავშირებით, მოსამართლემ აღნიშნა - ფსიქოლოგების ანგარიშების მოხსენიებით - რომ მას გააჩნდა წინასწარ მომზადებული პასუხები.

18. დასკვნაში სასამართლომ მიუთითა შემდეგი:

„ზემოთ ხსენებულის საფუძველზე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბავშვების დედა გარდაიცვალა, ბავშვების მათი მამისგან და მათი ოჯახური გარემოსგან დაშორება არღვევს მათ უფლებას, აღიზარდონ ოჯახში და ეწინააღმდეგება მათ ინტერესებს...

მიმდინარე საქმეში დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეებს არ გააჩნიათ ბავშვების მათთან დატოვების არანაირი სამართლებრივი უფლება. განმცხადებლის [გ. ბ.]-ს მშობლის უფლებები არ არის შეზღუდული...

დადგინდა, რომ ბავშვების მათი მამისთვის დაბრუნება არ იქნებოდა მათი ინტერესების საწინააღმდეგო, პირიქით, არის აუცილებელი და იქნება სასარგებლო მათთვის... ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, [გ. ბ.]-ს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, რამდენადაც ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდას დადებითი ზემოქმედება ექნება მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე“.

19.   საქმის მასალების მიხედვით, საქმის წარმოებაში ჩართულნი არ ყოფილან სმს-ს წარმომადგენლები.

20. დედის მხრიდან ოჯახმა გაასაჩივრა სასამართლოს დადგენილება. სხვა საკითხებთან ერთად, მათ პრეტენზია განაცხადეს იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელმისაწვდომი ფსიქოლოგიური მტკიცებულებები მიკერძოებულად/ცალმხრივად განიხილა; კერძოდ, იგი დაეფუძნა სმს-ს დასკვნას – რომელიც არ იყო სანდო – ამასთან, დაუსაბუთებლად უარყო სხვა სამედიცინო დასკვნები. ისინი ასევე აკრიტიკებდნენ იმ ფაქტს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცენტრალური ადგილი ეკავა მამის უფლებებს, იმის ნაცვლად, რომ სასამართლოს ეხელმძღვანელა ბავშვების ინტერესებით.

21. 2011 წლის 24 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ბავშვები უნდა დარჩენილიყვნენ მათი დედის ოჯახში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ფსიქოლოგიურ დასკვნებზე, რომელთა შესაბამისად, ბიჭებს ესაჭიროებათ სტაბილური და უსაფრთხო გარემო და ამ თვალსაზრისით ნებისმიერ ძალდატანებით ცვლილებას შეიძლება გაეუარესებინა უკვე სტრესული მდგომარეობა. სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დაადგინა შემდეგი:

„... მოცემულ ეტაპზე, დამატებითი დროის გასვლამდე და გ. ბ.-ს გამოჯანმრთელების სპეციალისტების მიერ ოფიციალურად დადასტურებამდე, ბავშვების გ.ბ.-სთვის დაბრუნება,... და შესაბამისად ბავშვების რისკის წინაშე დაყენება, კოლეგიის მიერ მიჩნეულია დაუშვებლად, ბავშვების უსაფრთხოების თვალსაზრისით. კოლეგიას მიაჩნია, რომ გ.ბ.-მ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ იგი გამოჯანმრთელდა და უფრო მეტიც, და ამავე დროს, ფსიქოლოგიურად უნდა მოამზადოს ბავშვები [მათ] სიტუაციაში ცვლილებისთვის, რათა ხელი შეეწყოს ბავშვების შემდგომ ადაპტაციას.“

22. კოლეგიამ ასევე მიუთითა, რომ ისინი იზიარებდნენ სპეციალისტების პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ბავშვების მათ მამასთან შეგუება უნდა მომხდარიყო ბუნებრივად. იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ბავშვების ურთიერთობა მათ ბიოლოგიურ მამასთან ინარჩუნებდა სტრესულ ხასიათს, მათ ჩვეულ გარემოდან მოშორებას, შესაძლოა, მოსამართლეების აზრით, მოეხდინა უარყოფითი ზემოქმედება ბავშვებზე.

23. სასამართლო ჩანაწერების მიხედვით, სმს-სა და სმს-ს რაიონული განყოფილების წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ საქმის სააპელაციო წარმოებაში „დაინტერესებული მხარის“ სტატუსით.

24. 2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა საქმე სააპელაციო სასამართლოს. სასამართლომ მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებულ შემდგომ ნაკლოვანებებზე:

„საქმის კონკრეტული გარემოებებიდან და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია საქმის მასალები ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით და ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უტყუარად არ ადგენს მშობლისა და შვილების დაშორების აუცილებლობას...

სადავოს არ წარმოადგენს, რომ ნარკომანიით დაავადება ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გ. ბ. მკურნალობს და საქმის მასალების შესაბამისად მკურნალობას დადებითი შედეგები მოჰყვა, [მისი ნარკომანია] აღნიშნული არ იძლევა ცალსახა დასკვნის საფუძველს, რომ მამასთან ბავშვების ცხოვრება მათთვის სარისკო და სახიფათოა. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობს არასრულწლოვნისთვის არაჯანსაღი გარემოს შექმნის ეჭვი, სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით შეუძლია თავისი ინიციატივით ჩართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ბავშვების აღზრდაზე კონტროლის დასაწესებლად.

საკასაციოსასამართლოყურადღებასმიაქცევსიმგარემოებას,რომ ბავშვის  აზრი  მისი საცხოვრებელიადგილისგანსაზღვრასთანდაკავშირებითძალიანმნიშვნელოვანია,თუმცა, იგიშეიძლებაარიქნესგათვალისწინებული,თუკი  მის  ინტერესებს  არ  შეესაბამება...

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით უთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ეჭვი, რაც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს, კერძოდ, მშობლის უფლების განხორციელება ან ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, არის სწორი თუ არა, ყველა ორგანო, მათ შორის, უპირველესად, სწორედ სასამართლო – რომელსაც კანონით სწორედ ამიტომ განესაზღვრა ინკვიზიციური უფლება ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და გამოკვლევისა, ვალდებულია, მიიღოს კანონით გათვალსწინებული ზომები ბავშვების უფლებების დასაცავად და აქტიურად ჩართოს კომპეტენტური ორგანოები ამ მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. ამ დავის გადაწყვეტისას ყურადსაღებია სამოქალაქო კოდექსის 11981 მუხლი, რომელიც ავალდებულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, აქტიურად ჩაერთოს არასრულწლოვანთა უფლებების, მათ შორის განათლების უფლების დაცვაში და არა ზოგადი დაკვირვებებითა და მხოლოდ საცხოვრებელი პირობების შესწავლით შემოიფარგლოს... 

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით აშკარად იკვეთება ბავშვთა უფლებების დარღვევა ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისა და აღზრდის საკითხში, რადგან კანონიერი წარმომადგენლის - მამის მიერ ვერ ხორციელდება შესაბამისი ზომები ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით...“

25. დაბოლოს, სასამართლომ აღნიშნა – სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი დასაბუთების მსგავსად – მათ მდგომარეობაში ცვლილებისთვის ბავშვების ფსიქოლოგიური მომზადების მნიშვნელობა. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შუალედური ღონისძიების შესახებ განკარგულების მიუხედავად, არ მომხდარა შეხვედრების ორგანიზება ბავშვებსა და მათ მამას შორის, რადგან ოჯახის ახლობლებმა უარი განაცხადეს ამგვარ შეხვედრებში მონაწილეობაზე. ამ გარემოებებში არ ყოფილა ნათლად წარმოდგენილი, თუ რა სახისა უნდა ყოფილიყო მამასთან შეგუების ბუნებრივი პროცესი.

26. 2011 წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლოში განახლდა საქმის წარმოება. დედის ოჯახი ამტკიცებდა, რომ გ. ბ.-ს არ აინტერესებდა მისი ბიჭების ნახვა და მათთან კონტაქტისა და ურთიერთობის აღდგენა. მათი განცხადებით, ბოლოს მამამ ბიჭები 2010 წლის აპრილში ნახა. ისინი ასევე აკრიტიკებდნენ იმ ფაქტს, რომ გ.ბ.-მ სატელევიზიო შოუში ღიად ისაუბრა ბიჭებთან დაკავშირებულ სადავო მდგომარეობაზე, რამაც, მათი განცხადებით, ბავშვების კიდევ უფრო ტრავმირება გამოიწვია. უფროს ბიჭს რცხვენოდა სკოლაში წასვლა, რადგან ყველამ იცოდა მის ოჯახში არსებული მდგომარეობის შესახებ და, დედის ოჯახის განცხადებით, მას უსვამდნენ კითხვებს მისი „ნარკომანი“ მამის შესახებ. დედის ოჯახმა ასევე განაცხადა, რომ სმს-ს ასევე არ გამოუჩენია აბსოლუტურად არანაირი ინტერესი ბავშვების მიმართ, არ მომხდარა მათი მოკითხვა ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში. მამამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მას არ სურდა ბავშვების მასთან გადასვლა, თუ ისინი თავად არ შეიცვლიდნენ აზრს.

2011 წლის 24 ნოემბერს, გ. ბ.-ს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ გამოსცა განკარგულება შუალედური ღონისძიების შესახებ, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს მიეცა შვილების ნახვის უფლება სმს-ს წარმომადგენლის თანდასწრებით. სააპელაციო სასამართლომ სმს-ს დაუსვა კითხვები ამ შეხვედრების მიმდინარეობის შესახებ.

27. 2012 წლის 11 და 18 დეკემბერს სამი სოციალური მუშაკი წავიდა ბიჭების სანახავად დედის მხრიდან ოჯახის ბინაში. ვიზიტის შემდეგ მომზადებული ანგარიშის შესაბამისად („2012 წლის 4 იანვრის ანგარიში“), ორივე ვიზიტისას დაფიქსირდა ნეგატიური რეაქცია დედის ოჯახის წევრებისგან. 2012 წლის 11 დეკემბერს ბიჭებმა უარი განაცხადეს სოციალურ მუშაკებთან მარტო დარჩენაზე და მათთან საუბარზე, და მეორე შეხვედრაზე კი მხოლოდ უფროსმა ბიჭმა ისაუბრა სოციალურ მუშაკებთან. სოციალურმა მუშაკებმა დაასკვნეს, რომ ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა გაუარესდა. უფრო მეტიც, ანგარიში N-ის მიხედვით, ბავშვმა გარკვევით გამოხატა მამის და სოციალური მუშაკების მიმართ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება. ამასთან დაკავშირებით, სოციალური მუშაკების ანგარიშში ვკითხულობთ შემდეგს:

“ბავშვი აშკარად ნერვიულობდა; სიტუაცია, რომელშიც ის იმყოფებოდა მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენდა მასზე და იგი ისტერიულად იმეორებდა, რომ არ უნდოდა თავის მამასთან ცხოვრება, რომ „მისმა მამამ მოკლა დედა და იგი იყო ურჩხული“, რომ „მისი მამის გამოჩენამ მოუტანა პრობლემები და მას საკუთარ მეგობრებთან რცხვენოდა თავისი მამის გამო“. ბავშვის ემოციური მდგომარეობის გამო ჩვენ იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა საუბარი.“

28. ანგარიშში შემდეგი დასკვნაა წარმოდგენილი:

„... ბავშვების – ცხრა წლის ნ.-ის და ექვსი წლის ლ.-ს და ს.-ის – ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ბავშვებს არ ჰყავთ დედა და იზრდებიან ერთადერთი მშობლის გარეშე გარემოში, რომელიც მტრულად არის განწყობილი მათი მამის მიმართ... ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბავშვების ბიოლოგიურ მამას, გ. ბ.-ს გააჩნია ადამიანური და მატერიალური რესურსები, რათა მიხედოს თავის შვილებს და შექმნას მათი განვითარებისთვის შესატყვისი პირობები. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ ურთიერთობა ბავშვებსა და მამას შორის აუცილებელია ბავშვების მომავლისთვის, რათა ისინი განვითარდნენ, როგორც საზოგადოების სრულყოფილი წევრები“.

29. 2012 წლის იანვარში უფროსი ბიჭი წაიყვანეს ბავშვთა კლინიკაში ფსიქოლოგიური შემოწმების მიზნით, სადაც მას დაუსვეს შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი. რეკომენდებული იქნა ბავშვის მიერ ფსიქოთერაპიის კურსის გავლა და სტაბილურ, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება.

30. 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მისი 2014 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ბავშვებმა უნდა იცხოვრონ მათ მამასთან. სასამართლომ მიუთითა 2012 წლის 4 იანვრის ანგარიშზე და დაადგინა, რომ დედის მხრიდან ოჯახმა უარყოფითი ზემოქმედება მოახდინა ბავშვებზე და შესაბამისად ჩამოყალიბდა მათი დამოკიდებულება მათ მამასთან. კერძოდ, სასამართლომ განაცხადა შემდეგი:

„კოლეგია აღნიშნავს, რომ 2009 წლის შემდეგ ბავშვების დამოკიდებულება მათი მამის მიმართ გაუარესდა და ეს მოხდა იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მამას არ მისცემია მის შვილებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. შესაბამისად, მამა ვერ მოახდენდა უარყოფით ზემოქმედებას ბავშვებზე.

კოლეგია მიიჩნევს, რომ ბავშვების უარყოფითი დამოკიდებულება [მათი მამის მიმართ] წარმოადგენს ძლიერი, არაჯანსაღი ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და არაშესატყვისი საგანმანათლებლო მეთოდების შედეგს, რომელთაც მიმართავენ ის პირები, რომლებიც ამ ბავშვების აღზრდით არიან დაკავებული.“

31. და,

„..ბავშების მამისთვის დაბრუნება იქნება სასარგებლო და აუცილებელია მათთვის. საქმის გარშემო არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვების მოპასუხეებთან დარჩენა დაარღვევდა მამის, როგორც მშობლის უფლებებს, ასევე ბავშვების ინტერესებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ბავშვები დაშორდებოდნენ მათ მამას და ოჯახურ გარემოს. ეს თავისთავად წარმოადგენს ბავშვის უფლებების, კონვენციის მიერ დაცული, ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას - რაც გულისხმობს შემდეგს - ყოველმხრივი და ჰარმონიული განვითარებისთვის ბავშვებმა უნდა იცხოვრონ ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების გარემოში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ბავშვების დამოკიდებულება მათი მამის მიმართ, იმ პირების ზემოქმედების პირობებში, რომელთან ერთადაც ცხოვრობენ ბავშვები, უფრო ნეგატიური ხდება და არა პოზიტიური, ფაქტი, რომელიც სასამართლოს თვალსაზრისით, ეწინააღმდეგება მათ ინტერესებს. ბავშვები იზრდებიან მათი მამის მიმართ მტრული დამოკიდებულების პირობებში, რაც სრულად მიუღებელია...“

32. ბავშვების უფლებების კონვენციის მუხლი 3-ის საფუძველზე, და სამოქალაქო კოდექსის 1197-1199 მუხლებისა და 1204 მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა ბავშვების დედის მხრიდან ბებია-ბაბუასთან და დეიდებთან დარჩენის სამართლებრივი საფუძველი და მათ საუკეთესო ინტერესებში შედიოდა მათ მამასთან უკან გადასვლა.

33. დეიდებმა და დედის მხრიდან ბებია-ბაბუამ შეიტანეს სააპელაციო საჩივარი, რომელიც უარყოფილი იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2012 წლის 3 მაისს.

 

C. აღსრულება

34. 2012 წლის 4 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა აღსრულების განკარგულება ბავშვების მამისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების განსახორციელებლად. ბავშვების გადაცემა, რომელიც 2012 წლის 25 ივნისს უნდა განხორციელებულიყო სოციალური მუშაკის თანდასწრებით, ვერ შედგა, რადგან ბავშვებმა უარი განაცხადეს მამასთან ერთად წასვლაზე. დედის ოჯახის მოწვევით ამ პროცესს ესწრებოდა ფსიქოლოგი; მან პროცესის შემდეგ შედგენილ ანგარიშში აღნიშნა, რომ ბავშვებს ეშინოდათ, რომ მამა მათ ძალით წაიყვანდა; ისინი ტიროდნენ, რადგან არ უნდოდათ მამასთან ერთად წასვლა. ფსიქოლოგმა დაასკვნა, რომ გ. ბ.-მ უნდა იპოვოს მისი შვილების ნდობის აღდგენისა და ურთიერთობის ხელახალი ჩამოყალიბების სხვა გზები. 2012 წლის 14 სექტემბერს, ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების კიდევ ერთი მცდელობა. ამ მცდელობის შემდეგ მომზადებული ანგარიშის მიხედვით ბავშვებმა უარი განაცხადეს მამასთან გადასვლაზე.

35. საქმის მასალების მიხედვით, დღემდე არ მომხდარა ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. ამ მიზნით არც სმს-ს და არც მამას არ განუხორციელებიათ დამატებითი ღონისძიებები. ბიჭები ამჟამად ცხოვრობენ მათი დედის მხრიდან ბებია-ბაბუასთან და დეიდებთან ერთად.

 

II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა

 

A. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შეიცავს სპეციალურ თავს, რომელიც არეგულირებს ურთიერთობას მშობლებსა და ბავშვებს შორის. მუხლი 1199 აწესებს, რომ მშობლების უფლებების განხორციელება არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ დააზიანოს ბავშვების ინტერესები. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები ასევე აწესებს შემდეგს:

მუხლი 1 200 - შვილების აღზრდა მშობლების ურთიერთშეთანხმებით

„... 2. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს”.

მუხლი 1204 - არასრულწლოვანი შვილის დაბრუნების მოთხოვნის უფლება

„1. მშობლებს უფლება აქვთ, მოსთხოვონ სასამართლოს, გასცეს განკარგულება არასრულწლოვანი შვილის დაბრუნებაზე იმ პირისაგან, რომელიც ბავშვს თავისი მზრუნველობის ქვეშ ამყოფებს კანონიერი საფუძვლის ან შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.

2. სასამართლოს შეუძლია უარი განაცხადოს ასეთ მოთხოვნაზე, თუ მოთხოვნა არ არის ბავშვის ინტერესებში“.

 

B. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები შემდეგს აწესებს:

მუხლი 81 - სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობა

„3. შვიდიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა..... უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.“

მუხლი 162 - სასამართლოს განკარგულება ექსპერტიზის ჩატარებაზე

„თუ საქმის განხილვის პროცესში წამოიჭრება საკითხი, რომელიც საჭიროებს სპეციალისტის ცოდნას, სასამართლოს შეუძლია მხარეების მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა.“

38. ამ კოდექსის 354 მუხლის შესაბამისად, საოჯახო დავების განხილვისას სასამართლოს თავისი ინიციატივით შეუძლია მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები.

 

C. სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება

39. სოციალური მომსახურების სააგენტო („სმს“) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია და ფუნქციონირებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროს დაქვემდებარებაში. სმს-ი, სხვა საკითხებთან ერთად, პასუხისმგებელია ბავშვების სოციალურ რეაბილიტაციასთან და დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების ზედამხედველობასა და განხორციელებაზე. სააგენტოს დებულების მუხლი 2, პუნქტი 2 (ვ1)-ის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილებებში შედის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია.

 

III. შესაბამისი საერთაშორისო კანონები

 

A. ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენცია

40. გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებების კონვენციის („CRC”-„ბუკ”) შესაბამისი დებულებები, რომლებიც საქართველოში 1994 წელს შევიდა ძალაში, იკითხება შემდეგნაირად:

მუხლი 3

„1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.“

მუხლი 9

„1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე...

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები.”

მუხლი 12

„1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად.

2. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.”

41. ზოგად კომენტარ 14-ში, რომელიც ეხება ბავშვის უფლებას, უპირველესი ყურადღება დაეთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, და რომელიც 2013 წლის 29 მაისს გამოქვეყნდა (CRC/C/GC/14), ბავშვის უფლებების კომიტეტმა, სხვებს შორის, გააკეთა შემდეგი განცხადება:

ბავშვის საუკეთესო ინტერესები და უფლება, მოუსმინონ (მუხლი 12)

43. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის №12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სათანადო გამოყენება ვერ მოხდება, თუ არ დაკმაყოფილდა მე- 12 მუხლის მოთხოვნები. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აძლიერებს მე-12 მუხლის ფუნქციურობას, ყურადღებას ამახვილებს რა ბავშვების არსებით როლზე მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში.

44. როდესაც საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები (მე-5 მუხლი)... ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს იგივე უფლებები აქვთ, რაც ყველა ბავშვს, მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთი მოსაზრების გამოხატვა ან საკუთარი თავის წარმოდგენა ისე, როგორც უფრო მოზრდილ ბავშვებს. სახელმწიფოებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ, მათ შორის უზრუნველყონ წარმომადგენლობა შესაბამის შემთხვევებში, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების შეფასებისათვის; იგივე ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომლებსაც არ აქვთ მოსაზრების გამოხატვის უნარი ან ნება.

45. კომიტეტი მიუთითებს, რომ კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი უზრუნველყოფს ბავშვის უფლებას, მოუსმინონ პირდაპირ ან წარმომადგენლის საშუალებით ნებისმიერ სასამართლო ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რომელიც მას შეეხება...

ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას გასათვალისწინებელი ელემენტები

...

(a) ბავშვის შეხედულებები

53. კონვენციის მე-12 მუხლი ადგენს ბავშვის უფლებას, გამოხატოს თავისი მოსაზრებები ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მას შეეხება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს ან არ ანიჭებს მის მოსაზრებებს სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე.

42. ზოგადი კომენტარი 12-ის შესაბამის ნაწილებში, რომელიც ეხება ბავშვის უფლებას, მოუსმინონ, რომელიც ბავშვის უფლებების კომიტეტმა 2009 წლის 20 ივლისს გამოაქვეყნა (CRC/C/GC/12) ვკითხულობთ შემდეგს:

I. შესავალი

2. ყველა ბავშვის უფლება, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ბავშვის უფლებების კომიტეტმა (შემდგომში – კომიტეტი) მუხლი 12 განსაზღვრა, როგორც კონვენციის ოთხი ძირითადი პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, ამასთან, დანარჩენი ძირითადი პრინციპებია – დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი, სიცოცხლისა და განვითარების უფლება, და ბავშვის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფისთვის უპირველესი ყურადღების დათმობა, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემული მუხლი არა მხოლოდ აყალიბებს უფლებას როგორც ასეთს, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა სხვა უფლების ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას...

 

A. სამართლებრივი ანალიზი

 

      (a) მე-12 მუხლის პუნქტი 1

(i) „უზურნველყოფენ”

19. მე-12 მუხლის პუნქტი 1-ის შესაბამისად სახელმწიფოები „უზრუნველყოფენ“ ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს მისი შეხედულებები. „უზრუნველყოფს” წარმოადგენს სპეციალური ძალის მქონე იურიდიულ ტერმინს, რომელიც მონაწილე სახელმწიფოს არ აძლევს მოქმედების თავისუფლების საშუალებას. შესაბამისად, სახელმწიფო მკაცრად ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ყველა ბავშვისთვის ამ უფლების სრულად განხორციელების მიზნით. ეს ვალდებულება ორ ელემენტს მოიცავს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს იმ მექანიზმების არსებობა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის მოსაზრების მიღება იმ საკითხებზე, რომლებიც მას შეეხება და ამ მოსაზრებისთვის ჯეროვანი მნიშვნელობის მინიჭება.

ii) „საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“

20. კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ყველა „საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“ ბავშვის უფლება, მოუსმინონ. ეს ფრაზა უნდა იქნეს გაგებული არა როგორც შეზღუდვა, არამედ როგორც სახელმწიფოს ვალდებულება, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეაფასოს ბავშვის უნარი, ჩამოაყალიბოს ავტონომიური შეხედულება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მხარეს არ შეუძლია ქმედება დაიწყოს იმ დაშვებით, რომ ბავშვს არ გააჩნია უნარი, გამოხატოს მისი შეხედულებები. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო მხარემ უნდა ივარაუდოს, რომ ბავშვს გააჩნია უნარი, ჩამოაყალიბოს მისი შეხედულებები და უნდა აღიაროს, რომ ბავშვს გააჩნია ამ შეხედულებების გამოხატვის უფლება; ბავშვს არ უნდა სჭირდებოდეს მისი უნარის დამტკიცება.

21. კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ მუხლი 12 არ ადგენს ასაკობრივ შეზღუდვას ბავშვის უფლებაზე გამოხატოს მისი მოსაზრებები, და არ უჭერს მხარს სახელმწიფოების მიერ ასაკობრივი შეზღუდვების დაწესებას კანონში ან პრაქტიკაში, რაც შეზღუდავდა ბავშვის უფლებას, მოუსმინონ, ყველა იმ საკითხზე, რომელიც მას ეხება...

iii) „უფლება, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი“

22. ბავშვს უფლება აქვს „თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია თავისი შეხედულებები გამოხატოს ზეწოლის გარეშე და შეუძლია არჩევანი გააკეთოს – სურს თუ არა მას მოსმენის უფლების განხორციელება. „თავისუფლად“ ასევე ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვის მანიპულირება ან ბავშვი არ უნდა დაექვემდებაროს გაუმართლებელ ზემოქმედებას ან ზეწოლას. ამასთან ერთად, „თავისუფლად“ თავისთავად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ პერსპექტივასთან: ბავშვს გააჩნია უფლება გამოხატოს მისი შეხედულებები და არა სხვების შეხედულებები.

(iV) „ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე“

26. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვს შეეძლოს მისი შეხედულებების გამოხატვა მასთან „დაკავშირებულ ყველა საკითხზე“. ეს წარმოადგენს მოცემული უფლების მეორე მახასიათებელს: ბავშვს აქვს უფლება, მოუსმინონ, თუკი განხილული საკითხი დაკავშირებულია ბავშვთან. ეს ძირითადი პირობა გათვალისწინებული და გააზრებული უნდა იქნეს ფართედ.

(v) „შეხედულებებს სათანადო მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად“

28. ბავშვის შეხედულებებს უნდა „მიენიჭოს სათანადო მნიშვნელობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად“. ეს დებულება ეხება ბავშვის უნარს, რომელიც უნდა შეფასდეს, რათა მის შეხედულებებს სათანადო მნიშვნელობა მიენიჭოს, ან ბავშვისთვის მოხდეს იმის კომუნიკაცია, თუ რა გავლენას ახდენს ასეთი შეხედულებები პროცესის შედეგებზე. მუხლი 12 აწესებს, რომ ბავშვის მხოლოდ მოსმენა არ არის საკმარისი; ბავშვის შეხედულებები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული, თუ ბავშვს აქვს თავისი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარი.

(b) მე-12 მუხლის პუნქტი 2

(i) უფლება „მოუსმინონ, ნებისმიერი სასამართლო და ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში, რომელიც ეხება ბავშვს“

32. მე-12 მუხლის პუნქტი 2 აკონკრეტებს, რომ მოსმენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განსაკუთრებით „ნებისმიერ სასამართლო და ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში, რომელიც ეხება ბავშვს“. კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ ეს დებულება ეხება ყველა შესაბამის სასამართლო საქმის წარმოებას, რომელიც დაკავშირებულია ბავშვთან, შეზღუდვების გარეშე, რაც მაგალითად, მოიცავს, მშობლებისგან დაცილებას, მეურვეობას, მზრუნველობასა და შვილად აყვანას...

33. მოსმენის უფლება ეხება როგორც საქმის წარმოებებს, რომელთა ინიციატორი ბავშვია, ასევე საჩივრებს არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და სკოლიდან გარიცხვასთან დაკავშირებულ განცხადებებს, ასევე სხვათა მიერ ინიიცირებულ საქმის წარმოებებს, რომლებიც ეხება ბავშვს, როგორიცაა მშობლებისგან დაცილება ან შვილად აყვანა...

ii) „უშუალოდ, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით“

35. მას შემდეგ, რაც ბავშვი გადაწყვეტს, გამოთქვას თავისი შეხედულება, მან უნდა გადაწყვიტოს, როგორც უნდა მოხდეს მისი მოსმენა: „უშუალოდ, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით“. კომიტეტის რეკომენდაციით, შესაძლებლობის შემთხვევაში, ბავშვს უნდა მიეცეს საშუალება უშუალოდ მას მოუსმინონ ნებისმიერი საქმის წარმოებისას.

36. წარმომადგენელი შეიძლება იყოს მშობელი(ები), ადვოკატი, ან სხვა პირი (მათ შორის, სოციალური მუშაკი). მაგრამ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მრავალ საქმეში (სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული) არსებობს ბავშვსა და მის ყველაზე აშკარა წარმომადგენელს (მშობელი(ები)) შორის ინტერესთა კონფლიქტის რისკი. თუ ბავშვის მოსმენა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ წარმომადგენელმა ბავშვის შეხედულებები სწორად გადასცეს გადაწყვეტილების მიმღებს. შერჩეული მეთოდი უნდა განისაზღვროს ბავშვის (ან, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს) მიერ მისი კონკრეტული მდგომარეობის შესაბამისად. წარმომადგენლებს უნდა გააჩნდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესის სხვადასხვა ასპექტებზე საკმარისი ცოდნა და ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

37. წარმომადგენელს უნდა ესმოდეს, რომ იგი წარმოადგენს ექსკლუზიურად ბავშვის ინტერესებს და არა სხვა პირების (მშობელი(ები)), დაწესებულებები ან ორგანოების (მაგ.: ბავშვთა სახლი, ადმინისტრაცია ან საზოგადოება) ინტერესებს. შემუშავებული უნდა იქნეს იმ წარმომადგენლების ქცევის ნორმები, რომლებიც დანიშნულნი არიან ბავშვის შეხედულებების წარმოსადგენად.

 

3. სახელმწიფოს ვალდებულებები

1. მუხლები 12 და 3

70. მე-3 მუხლის მიზანია უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის იმ პროცედურული უფლების მსგავსი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ქმედების პროცესში დანერგოს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება. კონვენცია სახელმწიფო მხარეს ავალდებულებს, უზრუნველყოს ქმედებებზე პასუხისმგებელი ერთეულების მიერ ბავშვის მოსმენა, მუხლი 12-ის შესაბამისად. ეს ნაბიჯი სავალდებულო ხასიათისაა.

71. ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რომლებიც ბავშვთან კონსულტაციის გზით განისაზღვრება, არ წარმოადგენს იმ ერთადერთ ფაქტორს, რომელიც თავიანთ ქმედებებში უნდა გაითვალისწინონ დაწესებულებებმა, ორგანოებმა და ადმინისტრაციამ. თუმცა ეს ფაქტორი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ბავშვის შეხედულებები.

...

74. მე-3 და მე-12 მუხლები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი ფუნქცია გააჩნია: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენის მიზნის მიღწევის მეთოდოლოგიას. რეალობაში მე-3 მუხლის სათანადო გამოყენება ვერ მოხდება, თუ არ დაკმაყოფილდა მე-12 მუხლის მოთხოვნები. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლი აძლიერებს მე-12 მუხლის ფუნქციურობას, ამარტივებს რა ბავშვების არსებით როლს მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში.

 

B. სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტები

43. მინისტრთა მოადგილეების 1098-ე შეხვედრაზე, 2010 წლის 17 ნოემბერს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული ევროპის საბჭოს მინისტერიალის ბავშვებზე ადაპტირებული მართლმსაჯულების სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისი ნაწილები ითვალისწინებს შემდეგს:

I) მოქმედების სფერო და დანიშნულება

1. სახელმძღვანელო მითითებებში განხილულია საკითხები, რომლებიც ეხება ბავშვის ადგილს და როლს, ასევე ბავშვის შეხედულებებს, უფლებებსა და საჭიროებებს სასამართლო საქმის წარმოებებში და ამგვარი საქმის წარმოებების ალტერნატივებში.

2. სახელმძღვანელო მითითებები გამოყენებული უნდა იქნეს იმ ყველა შემთხვევაში, როდესაც ბავშვები რაიმე მიზეზით ან რაიმე ფორმით, სავარაუდოდ კონტაქტს ამყარებენ ყველა იმ კომპეტენტურ ორგანოსთან და სამსახურთან, რომლებიც ჩართულნი არიან სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული კანონების აღსრულებაში.

3. სახელმძღვანელო მითითებების მიზანია, ნებისმიერ ასეთ საქმის წარმოებაში უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვების ყველა უფლების, მათ შორის ინფორმაციაზე წვდომის, წარმომადგენლობის, მონაწილეობის და დაცვის უფლებების სრული გათვალისწინება ბავშვის სიმწიფისა და გაგების უნარის დონის, ასევე საქმის გარემოებების ჯეროვანი გათავლისწინებით. ბავშვების უფლებების დაცვამ არ უნდა მიაყენოს ზიანი სხვა მონაწილე მხარეების უფლებებს.

...

A. მონაწილეობა

1. დაცული უნდა იქნეს ყველა ბავშვის უფლება, ინფორმირებულნი იყვნენ თავიანთი უფლებების შესახებ, მიეცეთ მართლმსაჯულებასთან წვდომის შესაბამისი საშუალებები, ასევე, მიიღონ კონსულტაციები და მოხდეს მათი მოსმენა სამართალწარმოებისას, რომელშიც მონაწილეობენ ან რომელიც ზეგავლენას ახდენს მათზე. ეს მოიცავს ბავშვების შეხედულებებისათვის შესაბამისი მნიშვნელობის მინიჭებას, მათი სიმწიფისა და კომუნიკაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი შესაძლო სირთულის გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვების ასეთი მონაწილეობის მნიშვნელობა.

...

2. იურიდიული მრჩეველი და წარმომადგენლობა

37. ბავშვებს უნდა გააჩნდეთ უფლება, ჰყავდეთ თავიანთი საკუთარი იურიდიული მრჩეველი და ჰქონდეთ მათი სახელით წარმომადგენლის ყოლის უფლება სამართალწარმოებაში, სადაც არსებობს ან შეიძლება არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი ბავშვსა და მშობლებს ან სხვა მონაწილე მხარეს შორის ...

43. გარანტირებული უნდა იქნეს ადეკვატური წარმომადგენლობა და უფლება, ბავშვი წარმოდგენილ იქნეს მშობლებისგან დამოუკიდებლად, განსაკუთრებით კი ისეთ სამართალწარმოებაში, სადაც მშობლები, ოჯახის წევრები ან მზრუნველები არიან სავარაუდო დამნაშავეები (ეჭვმიტანილები).

3. მოსმენისა და შეხედულებების გამოხატვის უფლება

44. მოსამართლეებმა პატივი უნდა სცენ ბავშვების უფლებას, მოხდეს მათი მოსმენა ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათზე ან, სულ მცირე, მოხდეს მათი მოსმენა, როდესაც მიჩნეულია, რომ მათ საკმარისად ესმით განსახილველი საკითხები. ამ მიზნით გამოყენებული საშუალებები უნდა ადაპტირებულ იქნეს ბავშვის გაგებისა და კომუნიკაციისა და საქმის გარემოებების გათვალისწინების უნარის შესაბამისად. ბავშვებმა უნდა მიიღონ კონსულტაციები იმ ფორმასთან დაკავშირებით, რომლითაც მათ სურთ, მოხდეს მათი მოსმენა.

45. სათანადო მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვის შეხედულებებს და მოსაზრებას, მისი ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად.

46. უფლება, მოხდეს მისი მოსმენა, წარმოადგენს ბავშვის უფლებას და არა ბავშვის ვალდებულებას ...

49. განაჩენები და სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბავშვებზე, სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული და განმარტებული ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე; ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც არ მოხდა ბავშვის შეხედულებების და მოსაზრებების გათვალისწინება.

44. 1996 წლის 25 იანვარს ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა კონვენცია ბავშვთა უფლებათა განხორციელების შესახებ, რომელიც ძალაში 2000 წლის 1 ივლისს შევიდა. დღეისათვის ეს კონვენცია ხელმოწერილია ევროპის საბჭოს ოცდარვა წევრი სახელმწიფოს მიერ და რატიფიცირებულია ოცი სახელმწიფოს მიერ. საქართველო არ წარმოადგენს ამ კონვენციის მხარეს.

კონვენციის შესაბამის ნაწილებში ვკითხულობთ შემდეგს:

 

მუხლი 3 – უფლება, იყოს ინფორმირებული და გამოხატოს თავისი მოსაზრებები სამართალწარმოებისას

„ბავშვს, რომელიც ეროვნული სამართლის მიხედვით ითვლება, როგორც საკმარისი შემეცნების უნარის მქონე, საქმის წარმოებისას, სასამართლო ხელისუფლების მიერ მასზე გავლენის მოხდენამდე, უნდა მიენიჭოს შემდეგი უფლებები და გააჩნდეს უფლება, მოითხოვოს ასეთი უფლებების განხორციელება:

a. მიიღოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია;

b. მიიღოს კონსულტაციები და გამოხატოს თავისი შეხედულებები;

c. იყოს ინფორმირებული ამ მოსაზრებების შესრულების შესაძლო შედეგებზე და ნებისმიერი გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებზე.”

 

მუხლი 6 – გადაწყვეტილების მიღების პროცესი

„სამართალწარმოებაში, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვზე, სასამართლო ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა:

a. განსაზღვროს, გააჩნია თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ, მშობლის პასუხისმგებლობის მქონე პირებისაგან;

b. იმ შემთხვევაში, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით მიჩნეულია, რომ ბავშვს გააჩნია საკმარისი შემეცნების უნარი, სასამართლო ხელისუფლებამ უნდა:

– უზრუნველყოს ბავშვის მიერ ყველა შესაბამისი ინფორმაციის მიღება;

– შესაბამის შემთხვევებში უზრუნველყოს ბავშვისთვის პირადი კონსულტაციების მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, ამგვარი კონსულტაციები ბავშვთან სხვებისგან განცალკევებით უნდა განხორცილედეს უშუალოდ სასამართლო ხელისუფლების მიერ ან სხვა პირების ან ორგანოების მეშვეობით, ბავშვის შემეცნების უნარის შესაბამისი წესით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;

– უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვისთვის მისი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა;

c. სასამართლო ხელისუფლებამ შესაბამისი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის მიერ გამოხატულ შეხედულებებს.”

 

მუხლი 9 – წარმომადგენლის დანიშვნა

„1. იმ საქმის წარმოებაში, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვზე და სადაც, შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით, მშობლის პასუხისმგებლობის მტვირთველ პირებს ეკრძალებათ ბავშვის წარმომადგენლობა, მათ და ბავშვს შორის წარმოქმნილი ინტერესთა კონფლიქტის გამო, სასამართლო ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება, დანიშნოს ბავშვის სპეციალური წარმომადგენელი ამ საქმის წარმოების მიზნებისათვის ...”

 

C. წარმომადგენლების როლი

მუხლი 10

„1. საქმის წარმოებისას, სასამართლო ხელისუფლების მიერ ბავშვზე ზეგავლენის მოხდენამდე, წარმომადგენელმა, თუ ეს აშკარად არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, უნდა:

a. მიაწოდოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია ბავშვს, თუ, შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით, ითვლება, რომ ბავშვს გააჩნია საკმარისი შემეცნების უნარი;

b. მიაწოდოს ახსნა-განმარტებები ბავშვს, თუ, შიდასახელმწიფოებრივი სამართლით, მიჩნეულია, რომ ბავშვს გააჩნია მისი შეხედულებების შესრულების შესაძლო შედეგების და წარმომადგენლის ნებისმიერი ქმედების შესაძლო შედეგების გააზრების უნარი;

c. დაადგინოს ბავშვის შეხედულებები და წარუდგინოს ეს შეხედულებები სასამართლო ხელისუფლებას ...”

 

კანონი

I. კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა

45. ქ–ნმა ნ.წ.–მ საჩივარი წარმოადგინა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაზე, მასთან და მის დისშვილებთან მიმართებაში. ის დაეყრდნო კონვენციის მე-8 მუხლს, რომელიც აწესებს შემდეგს:

„1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.

2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად”.

 

A. საჩივრის მოქმედების სფერო

46. თავის წერილობით პოზიციაში, რომელიც სასამართლოში იყო წარმოდგენილი, ქ–ნმა ნ.წ.–მ ნათლად მიუთითა, რომ საჩივარი წარმოდგენილი იყო მხოლოდ მისი დისშვილების სახელით და ადგილი არ ჰქონდა არანაირი საჩივრის წარდგენას მისი სახელით. ზემოთ აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით წარმოდგენილ კომენტარში მთავრობამ განაცხადა, რომ დეიდას არ ჰქონდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება საჩივარის მისი დისშვილების სახელით შეტანის მიზნით.

47. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებმა განმარტეს თავიანთი არგუმენტები და მთავრობამაც წარმოადგინა პასუხი. შესაბამისად, სასამართლო არ განიხილავს ქ–ნი ნ.წ.–ს საჩივრებს კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში და მიმდინარე საქმის განხილვისას შემდეგი ორი საკითხით შემოიფარგლება: გააჩნია თუ არა ქ–ნ ნ.წ.–ს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება მისი დისშვილების სახელით საჩივარის შეტანის მიზნით, და თუ კი, ხომ არ დაირღვა ბიჭების უფლება, პატივი სცენ მათ პირად და ოჯახურ ცხოვრებას, ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, რაც გულისხმობს მათ თავიანთ მამასთან დაბრუნებას.

 

B. მისაღებობა

 

1. მხარეთა არგუმენტები

(a) მთავრობა

48. მთავრობამ განაცხადა, რომ დეიდას არ გააჩნია აუცილებელი სამართლებრივი სტატუსი, იმოქმედოს მისი დისშვილების სახელით. ამ მიმართებით, მათი არგუმენტი იყო სამმაგი: პირველ რიგში, ბიჭების მამას არასოდეს არ ჩამორთმევია მშობლის უფლებები და წარმოადგენდა ბიჭების ერთადერთ კანონიერ მეურვეს ბიჭების დედის გარდაცვალების შემდეგ (იხილეთ კრუშკიჩი და სხვები, ხორვატიის წინააღმდეგ (დადგენილება), No. 10140/13, 25 ნოემბერი, 2014 წ.); მეორე, ბიჭები არასოდეს არ ყოფილან თავიანთი დეიდის მეურვეობის ქვეშ და, აქედან გამომდინარე, მას არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი საფუძველი თავისი დისშვილების ინტერესების წარმომადგენლობისათვის. ეროვნული სამართალწარმოების კონტექტსშიც კი, ბიჭების ინტერესების წარმომადგენლობა – მთავრობის განცხადებით –ხორციელდებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მიერ, და არა მის (დეიდის) მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, ქ–ნი ნ.წ.–ს სტატუსი, როგორც დეიდა არ უთანაბრდებოდა ბიჭებთან ოჯახურ ცხოვრებას, რაც კონვენციის მე–8 მუხლის ფარგლებში დაცვას ექვემდებარება.

49. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში განაცხადი იყო ნაადრევი, რადგანაც ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც ბრძანებდა ბიჭების დაბრუნებას მათ მამასთან, ჯერ არ იყო აღსრულებული და ბიჭები ისევ აგრძელებდნენ ცხოვრებას მათი დედის მხრიდან ოჯახში.

 

(b) მომჩივნები

50. მომჩივნებმა, სამართლებრივი რესურსების ცენტრი ვალენტინ კამპეანუს სახელით რუმინეთის წინააღმდეგ ([GC], No. 47848/08, § 103, ECHR, 2014წ.) საქმესთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების მითითებით, განაცხადეს, რომ საჩივრის წარდგენის მომენტში ბიჭები იყვნენ ათი (უფროსი ბიჭი) და ექვსი (ტყუპები) წლის ასაკის; ისინი იყვნენ უმწეო მდგომარეობაში და მოკლებულნი იყვნენ სასამართლოში თავისით საჩივრის შეტანის რაიმე სახის პრაქტიკულ საშუალებას. მათი დედის გარდაცვალების და მამის მიმართ მათი მტრული დამოკიდებულების გათვალისწინებით, მათ, გარდა თავიანთი დეიდისა, არავინ გააჩნდათ, ვინც შეძლებდა საჩივრის შეტანას მათი სახელით. მომჩივნის თვალსაზრისით, ბავშვების უმწეო მდგომარეობა ამართლებდა საჩივრის განსჯადობის მიმართ ნაკლებად მკაცრი მიდგომის გამოყენებას მიმდინარე საქმეში სასამართლოსთვის მიმართვის უფლებასთანდაკავშირებით. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ასეთი მიდგომა უკვე გამოყენებულ იქნა სასამართლოს მიერ რამდენიმე შემთხვევაში (იხილეთ İlhan v. Turkey [GC], no. 22277/93, §§ 49-55, ECHR 2000‑VII, and Y.F. v. Turkey, no. 24209/94, § 31, ECHR 2003‑IX), მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვების ინტერესები საფრთხის ქვეშ იყო (იხილეთBecker v. Denmark no. 7011/75, 3 October 1975; Siebert v. Germany (dec.), no. 59008/00 9 June 2005; and Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39221/98 and 41963/98, §§ 138-139, ECHR 2000 VIII).

51. დეიდის სასამართლოში მიმართვის უფლებისმხარდასაჭერად, მომჩივნები ასევე დაეყრდნენ კონვენციის 37-ე მუხლს და განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებათა პატივისცემა, როგორც ეს განსაზღვრულია კონვენციაში, მოითხოვდა სასამართლოსგან მიმდინარე საქმის გამოკვლევის გაგრძელებას. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ მოიხმეს სასამართლოს პრეცედენტული საქმე, სადაც, ადამიანის უფლებათა დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, უახლოეს ნათესავს მიეცა გარდაცვლილი მომჩივანის სახელით საჩივრის მისდევის გაგრძელების უფლება (იხილეთ Karner v. Austria, no. 40016/98, §§ 24-28, ECHR 2003‑IX, and Micallef v. Malta, no. 17056/06, §§ 44-51, 15 January 2008).

 

2. სასამართლოს მიერ განხორციელებული შეფასება

(a) პრინციპების შეჯამება

52მიმდინარე საქმეებში – სამართლებრივი რესურსების ცენტრი ვალენტინ კამპეანუს (ციტირებულია ზემოთ) და ლამბერტის და სხვათა სახელით საფრანგეთის წინააღმდეგ ([GC], No. 46043/14, ECHR 2015 (ამონარიდები)) – სასამართლომ არაერთგზის განაცხადა, რომ როდესაც საჩივარი არ არის შეტანილი თავად დაზარალებულის მიერ, სასამართლოს რეგლამენტის წესი 45 §3 მოქმედების დაწყების მიზნით მოითხოვს ხელმოწერილი წერილობითი უფლებამოსილების წარმოდგენას. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ წარმომადგენლებმა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ მათ მიიღეს კონკრეტული და მკაფიო ინსტრუქციები სავარაუდო დაზარალებულისაგან, რომლის სახელითაც ისინი განიზრახავენ სასამართლოს წინაშე მოქმედებას. თუმცა, განსაკუთრებულ მიდგომას შეიძლება საჭიროებდნენ ეროვნული ხელისუფლების მიერ მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების სავარაუდო დარღვევის მსხვერპლები. კერძო პირების ან გაერთიანებების მიერ დაზარალებულის ან დაზარალებულთა სახელით წარდგენილი საჩივრები, ამგვარად, გამოცხადდა დასაშვებად, უფლებამოსილების ყოველგვარი მოქმედი ფორმის წარუდგენლობის მიუხედავად (იხილეთİlhan v. Turkey [GC], no. 22277/93, §§ 53-55, ECHR 2000‑VII; Y.F. v. Turkey, no. 24209/94, § 29, ECHR 2003‑IX; Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu, cited above, § 103; იხილეთ ასევე Association for the Defence of Human Rights in Romania – Helsinki Committee on behalf of Ionel Garcea v. Romania, no. 2959/11, §§ 42-46, 24 March 2015).

53. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დაზარალებულთა უმწეობას მათი ასაკის, სქესისა ან უნარშეზღუდულობის გამო, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეს ფაქტორები განაპირობებს მათ უუნარობას ამ საქმეზე სასამართლოში საჩივრის შეტანის თვალსაზრისით; ამასთან, ჯეროვანი ყურადღება ეთმობა საჩივრის შემტან პირსა და დაზარალებულს შორის არსებულ კავშირებს (იხილეთ ზემოთ ციტირებული,Ilhan, §§ 53-55).

54. კერძოდ, ბავშვებთან მიმართებაში სასამართლომ წარსულში განსაზღვრა, რომ ბავშვების პოზიცია მუხლ 34-თან მიმართებაში მოითხოვს ფრთხილ განხილვას, რადგან ისინი, როგორც წესი, უნდა დაეყრდნონ სხვებს თავიანთი საჩივრის წარდგენისა და მათი ინტერესების წარმოდგენისას და ბავშვები შესაძლოა არ იყვნენ იმ ასაკის ან შესაძლებლობების მქონე, რომ რეალურად მოახდინონ მათი სახელით განსახორციელებელი ნაბიჯების ავტორიზაცია. შესაბამისად, ამ სფეროში შემზღუდველი ან ტექნიკური მიდგომა თავიდან უნდა იქნეს აცილებული (იხილეთS.D., D.P. and A.T. v. the United Kingdom, no. 23715/94, Commission decision of 20 May 1996; P.,C. and S. v. the United Kingdom (dec.), 56547/00, 11 December 2001; C. and D. v. the United Kingdom (dec.), no. 34407/02, 31 August 2004; Giusto, Bornacin and V. v. Italy, no.38972/06, 15 May 2007; Moretti and Benedetti v. Italy, no. 16318/07, § 32, 27 April 2010; Šneersone and Kampanella v. Italy, no. 14737/09, § 61, 12 July 2011; M.D. and Others v. Malta, no. 64791/10, § 37, 17 July 2012; and A.K. and L. v. Croatia, no. 37956/11, § 47, 8 January 2013). ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ბავშვის უფლების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერიოზული საკითხის შესწავლა (იხილეთ C. და დ., პ., C. და ს., და მ.დ. და სხვები, ორივე ციტირებულია ზემოთ; იხილეთ ასევე სკოზარი და გიუნტა, ციტირებულია ზემოთ, § 138; ტონჩევი ბულგარეთის წინააღმდეგ, No.18527/02, § 31, 19 ნოემბერი, 2009 წ.; და რომადკა და რომადკოვარუსეთის წინააღმდეგ, No.22909/10, § 118, 11 დეკემბერი, 2014წ. ).

 

(b) საჩივარი წინამდებარე საქმეზე

55. სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებულ საქმეში სამი ბიჭი აშკარად უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ისინი იყვნენ არასრულწლოვნები, რომელთაც დაკარგეს თავიანთი დედა და ჰქონდათ გართულებული, თუ არა მტრული, ურთიერთობა მათ მამასთან. ბავშების დეიდამ წარმოადგინა არსებული საჩივარი მათი სახელით. უდავოა, რომ ის აქტიურად მონაწილეობდა ბიჭების აღზრდაში, ზრუნავდა მათზე და, როგორც მინიმუმ, 2009 წლის დეკემბრის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფდა მათ საცხოვრებელი ადგილით. სასამართლოში საჩივრის წარდგენის მომენტისათვის ბიჭები ორზე მეტი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდნენ დედისეულ ოჯახში. მოცემულ ვითარებაში არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დეიდას საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდა თავის დისშვილებთან – კონვენციის მე–8 მუხლის დარღვევის პირდაპირი სავარაუდო მსხვერპლები – რათა მათი სახელით შეეტანა საჩივარი. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა არსებული საქმე ორ დამატებით კრიტერიუმს სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის თვალსაზრისით: პირველი, რისკი იმისა, რომ დეიდის საჩივრის გარეშე ბიჭები მოკლებულნი იქნებოდნენ თავიანთი უფლებების ეფექტურ დაცვას; და ხომ არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ბავშვებს და მათ დეიდას შორის (იხილეთ, ზემოთ ციტირებული Lambert § 102).

56. რაც შეეხება პირველ კრიტერიუმს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბიჭების ოჯახური სიტუაციის გათვალისწინებით, სახელდობრ, მათი დედის გარდაცვალების და მათი აშკარა გაუცხოების მამასთან, როგორც ჩანს, არ არსებობს უფრო ახლო ნათესავი, ვისაც შეეძლო საჩივრის მათი სახელით შეტანა. ოჯახის წევრებს, გარდა მამისა და დედის მხრიდან ბებია-ბაბუისა და დეიდებისა, არანაირი ინტერესი არ გამოუხატავთ შესაბამისი ეროვნული სამართალწარმოების მიმართ (იხილეთ პარაგრაფები 10 და 20 ზემოთ). მამა, ეროვნული სამართალწარმოების შედეგების კონტექსტში, აშკარად საერთოდ არ ავლენს არანაირ ინტერესს (იხილეთ ასევე პარაგრაფები 34-35 ზემოთ). რაც შეეხება ბავშვების წარმომადგენლობის მართვის პოტენციურ ინსტიტუციონალურ ალტერნატივას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიმდინარე საჩივარში სოციალური მომსახურების სააგენტო თავად წარმოადგენდა კრიტიკის საგანს. აქედან გამომდინარე, არარეალისტური იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ხელს შეუწყობდა ბავშვების სახელით საჩივრის შეტანას, რომელიც ნაწილობრივ მოიცავდა იმ სისტემის კრიტიკას, რომელსაც ისინი წარმოდგენდნენ. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში არ არსებობდა წარმომადგენლობის ალტერნატიული წყარო, რაც შეუსატყვისად ან არასაჭიროდ აქცევდა დეიდის მიერ თავის თავზე აღებულ როლს.

57. რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებულ საქმესთან დაკავშირებულ საჩივარში მთავარ საკითხს წარმოადგენს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კონვენციის მოთხოვნებთან პროცესუალური შესაბამისობის სავარაუდო დარღვევა და, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებასთან დაკავშირებული სავარაუდო დარღვევები. საჩივრის ობიექტისა და მიზნის გათვალისწინებით (იხილეთ პარაგრაფები 46-47 ზემოთ და პარაგრაფი 73 ქვემოთ), სასამართლო ვერ ხედავს, რამდენად შეიძლება არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი დეიდასა და მის დისშვილებს შორის სწორედ ამ საკითხზე (იხილეთ S.D., D.P. and A.T. (dec.), ციტირებულია ზემოთ). ის ფაქტი, რომ ქ–ნი ნ.წ. არ წარადგენს საჩივარს საკუთარი სახელით, სასამართლოს მიერ ზემოთ წარმოდგენილ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს (ამის საპირისპიროდ, იხილეთ, Kruškić and Others (ციტირებულია ზემოთ), § 97).

58. თავის შენიშვნებში მთავრობა მეტწილად ეყრდნობა სასამართლო გადაწყვეტილებას კრუშკიჩისა და სხვების (იხილეთ პარაგრაფი 48 ზემოთ) საქმეზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებულ საქმეზე ეროვნული სამართალწარმოების მიმდინარეობისას, განსხვავებით ზემოთ მოყვანილი ერთი შემთხვევისა, ბავშვები არასოდეს არ ყოფილან წარმოდგენილნი მეურვის მიერ სამართალწარმოებისმიზნით, ასევე, ადვოკატის მიერ, რომელსაც შეეძლო პროცედურულად ემოქმედა მათი სახელით (შეადარეთ Kruškić and Others , ციტირებულია ზემოთ, §§ 76, 85, და 87). სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც მთავრობის განცხადებით პასუხისმგებელი იყო ბიჭების ინტერესების წარმომადგენლობაზე, ფაქტობრივად ატარებდა უბრალოდ "დაინტერესებული მხარის" სტატუსს, არსებითი პროცედურული უფლებების გარეშე (იხილეთ პარაგრაფები 74-77 ქვემოთ).

გარდა ამისა, იმ დროს, როდესაც კრუშკიჩის საქმეში აქცენტი კეთდებოდა ბებია/ბაბუა–შვილიშვილის ურთიერთობაში ჩარევაზე, მთავარ საკითხს მიმდინარე საქმეში წარმოადგენს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ბავშვების ინტერესების სავარაუდო უგულვებელყოფა და სამართალწარმოების პროცედურული ხარვეზები. ამ მიმართებით, ასევე, მიმდინარე საჩივრის მიზნის გათვალისწინებით (იხილეთ პარაგრაფები 46-47 ზემოთ), მთავრობის არგუმენტი დეიდასა და მის დისშვილებს შორის ოჯახური ცხოვრების არ-არსებობასთან დაკავშირებით არარელევანტურია, კონვენციის მე–8 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.

59. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლოს აზრით, წინამდებარე განაცხადი ეხება ბიჭების მნიშვნელოვან ინტერესებს, რომელიც იმსახურებს განხილვას კონვენციის ფარგლებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ დეიდას გააჩნდა თავისი დისშვილების სახელით საჩივრის შეტანისთვის საჭირო სტატუსი. ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოხატული პროტესტი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

60. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, რომ საჩივარი არის ნაადრევი, სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება – დაუბრუნდნენ ბიჭები თავიანთ მამას – არის საბოლოო და ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულების განკარგულება გაიცა 2012 წლის 4 ივნისს; ადგილი ჰქონდა ორ წარუმატებელ მცდელობას, წამოეყვანათ ბიჭები თავიანთი დედისეული ოჯახიდან. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება გაცემულია სამ წელზე მეტი პერიოდის წინ, მას კვლავ გააჩნია სრული იურიდიული ძალა. არ არის შესაძლებელი, რომ აცილებულ იქნეს მისი აღსრულება; ამასთან, მთავრობას არ მიუმართავს სასამართლოსთვის შუამდგომლობით იმასთან დაკავშირებით, რომ მამამ უკუაგდო შვილების დაბრუნების მცდელობის იდეა. ამგვარ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვებს შეუძლიათ განაცხადონ კონვენციის 34-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში მათი დაზარალებულის სტატუტის შესახებ (იხილეთ, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, § 358, ECHR 2005‑III, and Abdulazhon Isakov v. Russia, no. 14049/08, § 100, 8 July 2010. ). შესაბამისად, სასამართლოს არ აკმაყოფილება მთავრობის პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი.

61. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის § 3 (a)-ს მნიშვნელობის ფარგლებში. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარი აგრეთვე არ არის დაუშვებელი ნებისმიერი სხვა საფუძვლით. შესაბამისად, საჩივარი უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.

 

C. საქმის კონკრეტული გარემოებები

 

1. მხარეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები

(a) მთავრობა

62. მთავრობამ განაცხადა, რომ მამასთან ბავშვების დაბრუნებაზე განკარგულების გაცემამდე ეროვნულმა სასამართლოებმა ჩაატარეს ბავშვებთან დაკავშირებული მთელი რიგი ფაქტორების სიღრმისეული კვლევა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ფსიქოლოგის მონაწილეობა სამართალწარმოებაში წარმოადგენდა იმის გარანტიას, რომ ადგილი ჰქონდა ბავშვების მოსმენას. რაც შეეხება საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს, მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ გ.ბ.-ს არასოდეს არ ჩამორთმევია თავისი მშობლის უფლებები; ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, ის უკვე აღარ იყო ნარკოტიკებზე დამოკიდებული და მზად იყო განეახლებინა თავისი, როგორც მშობლის, პასუხისმგებლობების განხორციელება. მას ასევე გააჩნდა ადეკვატური ფინანსური რესურსები და შესაფერისი საცხოვრებელი პირობები, სადაც ის შეძლებდა თავის შვილებზე ზრუნვას.

63. რაც შეეხება ბავშვების დამოკიდებულებას, მთავრობა ამტკიცებდა, რომ ბავშვები ცხოვრობდნენ უარყოფითი გავლენის ქვეშ დედისეულ ოჯახში, და რომ მათი დარჩენა ასეთ არაჯანსაღ ფსიქოლოგიურ გარემოში კონფლიქტში მოდიოდა მათ საუკეთესო ინტერესებთან.

64. მთავრობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მოთხოვნების თანახმად, უფროსი ბიჭი ჩართული იყო ეროვნულ სამართალწარმოებაში სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მეშვეობით. ამ მიმართებით, მთავრობის მტკიცებით, ზემოთ აღნიშნული დებულება არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული, როგორც ეროვნული სასამართლოს ვალდებულება, უშუალოდ ჩართოს არასრულწლოვნები შესაბამის სამართალწარმოებაში.

65. დასკვნის სახით, მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოჯახური ცხოვრების სფეროში სახელმწიფოებს მინიჭებული აქვთ საკმაოდ ფართე თავისუფლება შეფასებაში და რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებით ადგილი არ ჰქონია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებას.

 

(b) მომჩივნები

66. დეიდამ განაცხადა, რომ მისი დისშვილების უფლებები, როგორც ეს გარანტირებულია კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში, დაირღვა, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა საფუძვლიანად ვერ შეაფასეს მათი სიტუაცია და ვერ გაითვალისწინეს მათი საუკეთესო ინტერესები. მან განაცხადა, რომ საქმის მოკვლევისას ადგილობრივ ხელისუფლებას ყურადღების მიღმა დარჩა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველ რიგში და უწინარეს ყოვლისა, სასამართლოებმა უგულებელყვეს ბიჭების უარყოფითი დამოკიდებულება მათი მამის მიმართ. ამასთან დაკავშირებით, დეიდამ განსაკუთრებულად ხაზგასმით აღნიშნა – მითითება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ჰოკანენი ფინეთის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით(23 სექტემბერი, 1994წ., §§ 61-62, სერიები A No.299‑A) – რომ უფროსი ბიჭი, რომელიც საქმის განხილვის პერიოდში იყო ცხრა წლის ასაკის, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მამის სახლში გადასვლის იდეას. აქედან გამომდინარე, საცხოვრებელი პირობების შეფასების ნაცვლად ადგილობრივ ხელისუფლებას ყურადღება უნდა გაემახვილებინა ბიჭების ემოციურ მდგომარეობაზე და საკითხის შესაძლო გადაჭრის გზებზე. დეიდის აზრით, იმის ვარაუდის პირობებშიც კი, რომ ბავშვების უარყოფითი დამოკიდებულება მათი მამის მიმართ ნაწილობრივ განპირობებული იყო დედისეული ოჯახის ზეგავლენით, ყოველგვარი რეაბილიტაციის გეგმისა და მოსამზადებელი პერიოდის გათვალისწინების გარეშე მათ დაუყოვნებელ დაბრუნებაზე განკარგულების გაცემა ნებისმიერ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა მათ საუკეთესო ინტერესებს.

67. ამასთან, დეიდა ამტკიცებდა, რომ მამას არ გააჩნდა ინტერესი მისი შვილების მიმართ. მიუხედავად ორი შუალედური განკარგულების მიღებისა, მას რეალურად არასოდეს არ უცდია მათი ნახვა; და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ სამ წელზე მეტი ხანი გავიდა გ.ბ.-სათვის ბავშვების დაბრუნებასთან დაკავშირებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ამ უკანასკნელს (მამას) ბიჭებთან კონტაქტის დასამყარებლად არანაირი მცდელობისთვის არ მიუმართავს. ამასთან, მას (მამას) არ შეუტანია საჩივარი სასამართლოში საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით და არ დაკავშირებია სოციალური მომსახურების სააგენტოს მისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით.

68. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლთან დაკავშირებით, მომჩივნებმა მითითება გააკეთეს ბავშვთა უფლებების კონვენციის ფარგლებში ჩამოყალიბებულ პრინციპზე, რომლის თანახმადაც ბავშვი, რომელსაც აქვს უნარი ჩამოაყალიბოს თავისი საკუთარი შეხედულება, პირადად უნდა იქნას ჩართული საქმის წარმოებაში, რომელიც უკავშირდება მის უფლებებს. ისინი არ დაეთანხმნენ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ზემოთ ხსენებული დებულების ინტერპრეტაციას და განაცხადეს, რომ ფრაზა „ამავე დროს“ გულისხმობდა, რომ კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის პარალელურად, შვიდიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი უშუალოდ უნდა ყოფილიყო ჩართული საქმის წარმოებაში.

69. დაბოლოს, მომჩივნები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ბიჭებთან დაკავშირებული სიტუაციის ზედაპირულად შეფასებამ, მათი (ბავშვების) მოსაზრებების უგულვებელყოფასთან ერთად, განაპირობა ეროვნული სასამართლოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მათ საუკეთესო ინტერესებს.

 

2. სასამართლოს შეფასება

(a) ზოგადი პრინციპები

70. სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, Olsson v. Sweden (no. 1), 24 March 1988, § 59, Series A no. 130, and Monory v. Romania and Hungary, no. 71099/01, § 70, 5 April 2005). ამ კონტექსტში, მე-8 მუხლის არსებითი მიზანია პირის დაცვა საჯარო ხელისუფლების მხრიდან თვითნებური ქმედებისაგან. გარდა ამისა, ოჯახური ცხოვრების ეფექტურ „პატივისცემას“ ახასიათებს პოზიტიური ხასიათის ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მე-8 მუხლი მოიცავს მშობელთა უფლებას, მიიღონ ზომები, რაც საშუალებას მისცემს მათ, ხელახლა გაერთიანდნენ თავიანთ შვილებთან, და ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას, განახორციელონ შესაბამისი ქმედებები (იხილეთ, სხვა მრავალ მაგალითს შორის, Eriksson v. Sweden, judgment of 22 June 1989, Series A no. 156, pp. 26-27, § 71; Margareta and Roger Andersson v. Sweden, judgment of 25 February 1992, Series A no. 226-A, p. 30, § 91; Olsson v. Sweden (no. 2), judgment of 27 November 1992, Series A no. 250, pp. 35-36, § 90; Nuutinen v. Finland, judgment of 27 June 2000, Reports of Judgments and Decisions 2000-VIII, p. 83, § 127; Ignaccolo-Zenide v. Romania, no. 31679/96, § 94, ECHR 2000‑I; and Sylvester v. Austria,nos. 36812/97 and 40104/98, § 58, 24 April 2003). ეს ასევე ეხება იმ შემთხვევებს, სადაც ბავშვებთან კონტაქტთან და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული დავები წარმოიშობა მშობლებსა და/ან ბავშვების ოჯახის სხვა წევრებს შორის (იხილეთ Fuşcă v. Romania, no. 34630/07, § 34, 13 July 2010; Hromadka and Hromadkovav. Russia, no. 22909/10, § 150, 11 December 2014; and Manic v. Lithuania, no. 46600/11, § 101, 13 January 2015).

71. თუმცა, ეროვნული ხელისუფლების ვალდებულება, განახორციელოს ღონისძიებები ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით, არ არის აბსოლიტური ხასიათის (იხილეთ Hokkanen, cited above, § 58; Vamosi v. Hungary (dec.), no. 71657/01 , 23 March 2004.). მშობლის იმ ბავშვთან ხელახალი გაერთიანება, რომელიც გარკვეული პერიოდი ცხოვრობს სხვა პირებთან ერთად, შეიძლება ვერ მოხდეს დაუყოვნებლივ და ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს მოსამზადებელი ღონისძიებების გატარება. ამგვარი მომზადების ხასიათი და მასშტაბი დამოკიდებულია თითოეული შემთხვევის გარემოებებზე, თუმცა, ყველა დაინტერესებული მხარის გაგება და თანამშრომლობა ყოველთვის იქნება ამ პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი. თუმცა, ეროვნულმა ხელისუფლებამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს ამგვარი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ამ სფეროში ძალდატანების გამოყენების ნებისმიერი ვალდებულება უნდა შეიზღუდოს, რადგან მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები, კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად. თუკი მშობელთან კონტაქტი საფრთხეს უქმნის ამ ინტერესებს ან აბრკოლებს ამ უფლებების განხორციელებას, ეროვნული ხელისუფლება პასუხისმგებელია შექმნას სამართლიანი ბალანსი (იხილეთ ჰოკანენი, ციტირებულია ზემოთ, §58). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონის მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, Olsson (No. 2), § 90, Ignaccolo-Zenide, § 94, ორივე ციტირებულია ზემოთ; Płaza v. Poland, no. 18830/07, § 71, 25 January 2011; and Manic, ციტირებულია ზემოთ, § 102, შემდგომი თანდართული მითითებებით).

72. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ თუმცა მე-8 მუხლი არ შეიცავს ზუსტ პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანი უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, და იმ ხარისხით, რაც საკმარისია მისი ინტერესების საჭირო დონეზე დაცვის უზრუნველსაყოფად, რაც გარანტირებულია ამ მუხლით (იხილეთ Fernández Martínezv. Spain [GC], no. 56030/07, § 147, ECHR 2014 (extracts); Z.J.v. Lithuania , no. 60092/12, § 100, 29 April 2014; Elsholz v. Germany [GC], no. 25735/94, § 52, ECHR 2000‑VIII; and W. v. the United Kingdom, 8 July 1987, §64, Series A no. 121). ბავშვების შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული პრინციპი ხორციელდება მათი უფლების მეშვეობით, მიიღონ კონსულტაციები და მოხდეს მათი მოსმენა (იხილეთM. and M. v. Croatia , no. 10161/13, §§ 180-181, 3 September 2015) . სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ბავშვების მომწიფებასთან და, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მათ მიერ, მაგალითად, მშობლებთან კონტაქტთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარის განვითარება შეუძლიათ. სასამართლოებმა სათანადო მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ მათ შეხედულებებს და გრძნობებს, ისევე, როგორც მათ უფლებას, პატივი სცენ მათ პირად ცხოვრებას (იხილეთ პლაზა, ციტირებულია ზემოთ, § 71). იგივე პრინციპები სათანადოდ არის განმტკიცებული ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლში და სხვა შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში (იხილეთ პარაგრაფები 40-44 ზემოთ).

 

(b) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

73. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმის არსი მდგომარეობს მომჩივნის საჩივარში, რომლის მიხედვითაც მიმდინარე საქმეში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროცედურები არ იყო შესაბამისობაში კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნებთან და ის უგულებელყოფდა ბავშვების საუკეთესო ინტერესებს. ამიტომაც, გამოსაკვლევია ორი ძირითადი ასპექტი – იყვნენ თუ არა ბიჭები სათანადოდ ჩართულები საქმის წარმოებაში, და იყო თუ არა ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნაკარნახევი მათი საუკეთესო ინტერესებით.

 

i. წარდგენისა და მოსმენის უფლება

74. მთავრობამ განაცხადა, რომ ბავშვები ჩართული იყვნენ ეროვნულ სამართალწარმოებაში და მოხდა მათი მოსმენა ეროვნულ სამართალწარმოებაში, მათთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დანიშნული წარმომადგენლის მეშვეობით (იხილეთ პარაგრაფი 62 ზემოთ). მთავრობა აცხადებს, რომ 2010 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნამდვილად მოითხოვა წარმომადგენლის დანიშვნა ბიჭებისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1200-ის შესაბამისად. თუმცა, მას ჰქონდა გარკვეული შენიშვნები ამ წარმომადგენლის სპეციფიურ როლთან დაკავშირებით, რომელიც მას უნდა შეესრულებინა ეროვნული სამართალწარმოების მიმდინარეობისას. ამდენად, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, სოციალური მომსახურების სააგენტო ფორმალურად ჩაერთო სამართალწარმოებაში მხოლოდ სააპელაციო ეტაპიდან (იხილეთ პარაგრაფი 19 ზემოთ), გამოტოვა რა – გაურკვეველი მიზეზების გამო – პირველ ინსტანციაში საქმის მთლიანი განხილვა. სააპელაციო სამართალწარმოებაში მისი ჩართვის შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტომ და მისმა შესაბამისმა რაიონულმა განყოფილებამ მიიღო „დაინტერესებული მხარის“ სტატუსი (იხილეთ პარაგრაფი 23 ზემოთ). თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს რაიმე დებულებას "დაინტერესებული მხარის" სტატუსთან და/ან მის შემდგომ საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გაურკვეველი რჩება, თუ როგორ შეძლო სოციალური მომსახურების სააგენტომ ეფექტურად წარმოედგინა ბავშვების ინტერესები, როცა მას არ გააჩნდა ფორმალური პროცედურული როლი ამ საქმეში. ზემოთ თქმულს სასამართლო მიჰყავს მეორე საკითხამდე.

75. ბავშვების ინტერესების წარდგენის მიზნით მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მისი შესაბამისი რაიონული განყოფილების დანიშვნა, სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1200-ის § 2-ის შესაბამისად. მაგრამ ისევ გაურკვეველი რჩება, თუ ზუსტად რას გულისხმობს წარმომადგენლობის ეს ტიპი. არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც სოციალური მომსახურების სააგენტოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ განმარტავს ზემოთ მოცემული სქემის ფარგლებში დანიშნული წარმომადგენლის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. პრაქტიკულად, სამართალწარმოების ორ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა წარმომადგენელი ბიჭებს მხოლოდ რამდენიმეჯერ შეხვდა ერთადერთი მიზნით, მოემზადებინათ რამდენიმე ანგარიში ბიჭების საცხოვრებელ პირობებთან და მათ ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბიჭების მონიტორინგისა და მათთან სანდო ურთიერთობის დამყარების მიზნით ადგილი არ ჰქონია რეგულარულ და ხშირ კონტაქტს ბიჭებთან.

76. ამ კონტექსტში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ევროპული კონვენცია ბავშვთა უფლებების განხორციელების შესახებ, რომელიც არ არის რატიფიცირებული საქართველოს მიერ, მაგრამ წარმოადგენს შესაბამისი პრინციპების ინტერპრეტაციის სასარგებლო ინსტრუმენტს. ზემოთ ხსენებული კონვენციის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ წარმომადგენლის მოვალეობაა, იმოქმედოს სათანადო წესით ბავშვის სახელით, რაც გულისხმობს ბავშვისთვის ინფორმაციისა და განმარტებების მიწოდებას, ბავშვის შეხედულებების დადგენას და სასამართლო ხელისუფლების წინაშე მათ წარდგენას (იხილეთ პარაგრაფი 44 ზემოთ). გარდა ამისა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებები ბავშვებისადმი ადაპტირებულ სამართალთან დაკავშირებით ადგენს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტი მშობლებსა და ბავშვებს შორის, სამართალწარმოების მიზნებისათვის უნდა მოხდეს ან მეურვის ან სხვა დამოუკიდებელი წარმომადგენელის დანიშვნა, ბავშვის შეხედულებების და ინტერესების წარმოდგენისა და სამართალწარმოების შინაარსის შესახებ ბავშვისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით (იხილეთ პარაგრაფი 43 ზემოთ).

77. სასამართლო ვერ ხედავს, თუ როგორ შეიძლება, სოციალური მომსახურების სააგენტო, რამდენიმე ანგარიშის შედგენისა და სასამართლო სხდომებზე დაშვების დროს აუცილებელი სტატუსის გარეშე დასწრების გზით, კლასიფიცირდეს, როგორც ადეკვატური და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, როგორც ეს, სხვებს შორის, განსაზღვრულია ზემოთ ხსენებულ საერთაშორისო სტანდარტებში.

78. აუცილებელია დადგინდეს, განახორციელა თუ არა სასამართლო ხელისუფლებამ ბავშვების მოსმენა სხვაგვარად. ამ მიმართებით, სასამართლო, ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლის გათვალისწინებით (იხილეთ პარაგრაფები 40-42 ზემოთ, და, კერძოდ, ბავშვთა უფლებების კომიტეტის ზოგადი შენიშვნების No.12 პუნქტი 32), ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ნებისმიერ სასამართლო ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებებზე, კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვები, რომელთაც აქვთ თავისი საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარი, საკმარისად ჩართულნი უნდა იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მიეცეთ შესაძლებლობა, მოუსმინონ მათ და, ამგვარად, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები (იხილეთ ასევე მ. და მ., ციტირებულია ზემოთ, §181). იგივე პრინციპები სათანადოდ არის განმტკიცებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებებში ბავშვებისადმი ადაპტირებულ სამართალთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს ბავშვთა უფლებას – მოხდეს მათი მოსმენა და გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მათზე ახდენს გავლენას (იხილეთ პარაგრაფი 43 ზემოთ).

79. მიმდინარე საქმეში სამი ბიჭიდან არცერთის უშუალო მოსმენა არ განხორციელებულა არც ერთ სასამართლო ინსტანციაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად მომჩივნები ამტკიცებენ, რომ უფროსი ბიჭის შემთხვევაში მისი უფლება, კერძოდ მოესმინათ მოსამართლეებს დაირღვა. თავის მხრივ, მთავრობამ განაცხადა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლი არ გულისხმობს შვიდ წელზე ზემოთ ბავშვების უშუალოდ ჩართვის სავალდებულო გამოყენებას იმ სამართალწარმოებაში, რომელიც ზეგავლენას ახდენს მათზე (იხილეთ პარაგრაფი 64 ზემოთ).

80. შესაბამისი დებულების (იხილეთ პარაგრაფი 37 ზემოთ) სიტყვასიტყვით წაკითხვისას შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დებულება ფაქტიურად ითვალისწინებს შვიდიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა უფლებას, პირდაპირ იყვნენ ჩართულნი სამართალწარმოებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლებებზე; ამასთან, არც ერთ მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე შესაბამისი ეროვნული პრეცენდენტული სამართლის მაგალითები. ნებისმიერ შემთხვევაში, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სასამართლოს არ ესმის, თუ რატომ ვერ შეძლეს ეროვნულმა სასამართლოებმა, განეხილათ სამართალწარმოებაში უფროსი ბიჭის პირდაპირი ჩართვის შესაძლებლობა და წარმოედგინათ მისი არ მოსმენის დასაბუთება (იხილეთ მ. და მ., ციტირებულია ზემოთ, §§ 184-185). მისი უშუალოდ ჩართვის პოტენციური საჭიროება განსაკუთრებულად აშკარა იყო, ბიჭების წარმომადგენლობაში არსებული ზემოთ აღნიშნული ხარვეზების გათვალისწინებით.

 

ii. საუკეთესო ინტერესების შეფასება

81. დავუბრუნდეთ საქმის წარმოების მეორე ასპექტს, სახელდობრ, ადეკვატურად გაითვალისწინეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა ბავშვების საუკეთესო ინტერესები; ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების – ბავშვების თავიანთ მამასთან დაბრუნება – ორი ძირითადი მიზეზი იყო შემდეგი: პირველი, მათ საუკეთესო ინტერესებში იყო, რომ დაბრუნებოდნენ თავიანთ მამას და მეორე, დედისეული ოჯახი უარყოფითი გავლენას ახდენდა ბიჭებზე. სასამართლო იზიარებს ეროვნული სასამართლოების ზემოთ მოცემულ მოტივაციას. მართლაც, მშობლისა და შვილის ერთმანეთთან ყოფნით მიღებული სიამოვნება წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს და ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს მათთვის სრულყოფილ და ჰარმონიულ გარემოში განვითარების საშუალების მიცემა. თუმცა, საუკეთესო ინტერესების საკუთარი შეფასებისას, ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე ადეკვატური ყურადღების მიმართვა: ბიჭებს არ უნდოდათ თავიანთ მამასთან დაბრუნება.

82. ამ მიმართებით, სასამართლო ეხება რამდენიმე ანგარიშს, რომელიც ადგენს, რომ დედისეული ოჯახის ნეგატიური დამოკიდებულება გ.ბ.-ს მიმართ წარმოადგენდა ბიჭების მამასთან ურთიერთობის ჩამოყალიბების ფაქტორს. მაგრამ, რაც არ უნდა მანიპულაციური როლი ეთამაშა დედის ოჯახს, ეროვნული სასამართლოებისათვის წარდგენილი მტკიცებულება, მამის მიმართ ბავშვების მტრულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ცალსახა იყო. სოციალური მუშაკების 2012 წლის 4 იანვრის უახლეს დასკვნაში აღნიშნულია ბავშვების მათი მამის მიმართ განსაკუთრებულად მძიმე ხასიათის გაუცხოება (იხილეთ პარაგრაფები 27-28 ზემოთ).

83. გარდა ამისა, სასამართლო ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სხვადასხვა ფსიქოლოგების ანგარიშებს, რომლებიც მთელი საქმის წარმოების განმავლობაში ეხება ბიჭების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პოტენციურ საფრთხეს, მათი გ.ბ.–სთან ძალდატანებითი დაბრუნების შემთხვევაში (იხილეთ პარაგრაფები 14-15, და 29 ზემოთ). ამგვარ ვითარებაში, ასეთი რადიკალური ღონისძიების გატარება, შესაბამისი გადასვლისა და მოსამზადებელი ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე, რომელიც მიზნად ისახავს ბიჭებსა და მათ გაუცხოებულ მამას შორის ურთიერთობების აღდგენაში დახმარების აღმოჩენას, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება მათ საუკეთესო ინტერესებს (იხილეთ,Z.J., cited above, §§ 99 and 103; შეადარეთ ასევე Plaza, § 86, Hokkanen, § 61, and M. and M., § 186, ყველა ციტირებულია ზემოთ).

 

iii. დასკვნა

84. სასამართლოს აზრით, არაჯეროვანმა წარმომადგენლობამ და შედეგად ბიჭების შეხედულებების სათანადოდ წარდგენასა და მოსმენაში წარუმატებლობამ შეარყია არსებულ საქმეში გადაწყვეტილების მიღების პროცესის პროცედურული სამართლიანობა; რაც კიდევ უფრო გამძაფრდა ბიჭების საუკეთესო ინტერესების არაადეკვატური და ცალმხრივი შეფასებით, სადაც მათი ემოციური მდგომარეობა უბრალოდ იგნორირებული იქნა. ზემოთ ხსენებულის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლში განსაზღვრული ბიჭების უფლების – პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევას.

 

II. კონვენციის მუხლი 41-ის გამოყენება

 

85. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:

„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”.

 

A. ზიანი

86. თითოეულმა მომჩივანმა მოითხოვა 5,000 ევროს (EUR) მოცულობის მორალური ზიანის ანაზღაურება, რაც განპირობებულია იმ შფოთვითა და გაურკვევლობით, რომლის გადატანაც მოუხდათ და უხდებათ დღემდე მომჩივნებს.

87. მთავრობამ განაცხადა, რომ სამი ბიჭის სახელით მოთხოვნილი თანხა არაგონივრული იყო.

88. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბიჭებმა განიცადეს სტრესი და შფოთვა, რაც ნაწილობრივ მაინც გამოწვეული იყო იმ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომლებიც წარმართავდნენ მათ საქმეს. აქედან გამომდინარე, სასამართლო მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მათთვის ერთობლივად განსაზღვრავს 10,000 ევროს. თანხა გადახდილი უნდა იქნეს ქ-ნი ნ.წ.-სათვის, თანხა მან ბავშვებისათვის უნდა გამოიყენოს.

 

B. ხარჯები და დანახარჯები

89. მომჩივნებმა ასევე მოითხოვეს 1,200 ევრო, ეროვნულ სასამართლოებამდე წარმოქმნილი ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებისათვის.

90. მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია.

91. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომჩივანი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაჩვენებია, რომ ეს ხარჯები ფაქტიურად იქნა გაწეული და ხარჯების გაწევა აუცილებლობას წარმოადგენდა და არის გონივრული ოდენობის. წინამდებარე საქმეში, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს, გამოყოს 900 ევრო ეროვნულ სამართალწარმოებაში გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისათვის, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენისა და ზემოთხსენებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

 

C. საურავი

92. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საურავის განაკვეთი უნდა ემყარებოდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.

ამ მიზნით, სასამართლო ერთხმად,

1. აცხადებს საჩივარს მიღებულად;

2. ადგენს, რომ ნ.ბ-ს, ს.ბ-ს, და ლ.ბ.-სთან მიმართებაში ადგილი აქვს კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;

3. ადგენს, რომ

(a) კონვენციის 44-ე მუხლის § 2–ის თანახმად, საბოლოო განაჩენის გამოტანის თარიღიდან სამი თვის განმავლობაში მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივნებს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები; რომლებიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშსწორების თარიღისათვის მოქმედი შესაბამისი ოფიციალური კურსით:

(i) 10,000 ევრო (ათი ათასი ევრო), მორალური ზიანის სახით დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება იყოს გადასახდელი; მოცემული თანხა უნდა განკარგოს ქ-ნმა ნ.წ.-მ;

(ii) ხარჯები და დანახარჯები – 900 ევრო (ცხრაასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივნებს;

(b) ზემოთ ხსენებული სამი თვის ამოწურვიდან ანგარიშსწორებამდე ზემოთ წარმოდგენილ თანხებზე მარტივი პროცენტის პრინციპის დაცვით უნდა მოხდეს საურავის დარიცხვა, რაც შეადგენს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო საპროცენტო განაკვეთის ექვივალენტურ საპროცენტო განაკვეთს პლუს სამი პროცენტი; დარიცხვა უნდა განხორციელდეს გადაუხდელობის პერიოდის განმავლობაში;

4. არ აკმაყოფილებს მომჩივანთა საჩივრის დანარჩენ ნაწილს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

 

დოკუმენტი შედგენილია ინგლისურ ენაზე 2016 წლის 2 თებერვალს. მხარეებს შეტყობინება გაეგზავნათ წერილობითი ფორმით, სასამართლო საქმის წარმოების წესების 77 §§2 და 3 პუნქტების შესაბამისად.

 

ფატოშ არაჩი                                                            ანდრას შაიო

განმწესრიგებელი მოადგილე                                      თავმჯდომარე