„სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“

  • Word
„სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 248
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
248
29/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №248

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების თანდართული წესი.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების წესი

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოთათვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების წესსა და პირობებს.

2. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოძრავი სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი სახელმწიფო ქონება (შემდგომში – ქონება) სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების მიზანია ქონებაზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს (შემდგომში – მყიდველი), რომელიც სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (შემდგომში – გამყიდველი) ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს.

4. ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

5. კონკურსის ფორმით ქონების პრივატიზებას ახორციელებს გამყიდველის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია.

6. კონკურსის ფორმით საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასი, საკონკურსო პირობები და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები დგინდება გამყიდველის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. გამყიდველი ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების თაობაზე, პრივატიზებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ქონების პრივატიზების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.

    მუხლი 2. კონკურსის ორგანიზება

1. გამყიდველი კონკურსის ჩატარებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე უზრუნველყოფს კონკურსის ფორმით საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) გამყიდველის დასახელებას;

ბ) ქონების დასახელებას;

გ) კონკურსის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და კონკურსის ჩატარების ვადას;

ე) კონკურსში მონაწილეთა წინადადებების შემცველი კონვერტის გახსნის თარიღს, დროს და ადგილს;

ვ) ბეს სიდიდეს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;

ზ) განაცხადის მიღების ადგილის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს;

თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.

3. მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ.

4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ქონებას.

5. კონკურსში მონაწილეთა განაცხადების მიღებისათვის სპეციალურად დანიშნული რეგისტრატორი იღებს და არეგისტრირებს კონკურსში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს თარიღისა და დროის აღნიშვნით.

6. კონკურსში გამარჯვებულს ავლენს საკონკურსო კომისია.

7. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ გამყიდველი იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც დეტალურად აისახება გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები.

    მუხლი 3. საკონკურსო კომისია

1. გამყიდველი ქონების კონკურსის წესით პრივატიზებისას ქმნის საკონკურსო კომისიას.

2. საკონკურსო კომისია ორგანიზებას უწევს კონკურსის ჩატარებას, იღებს განაცხადებს, სპეციალურად ამისათვის დანიშნულ დღეს იხილავს საკონკურსო წინადადებებს, იღებს გადაწყეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მტკიცდება ქონების გამყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 5 წევრით. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით.

4. საკონკურსო კომისია იქმნება ქონების გამყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომლითაც ასევე განისაზღვრება კომისიის შემადგენლობა.

    მუხლი 4. კონკურსში მონაწილეობის პირობები

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) გამყიდველის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, რომელშიც სავალდებულოა აისახოს ქონების დასახელება;

ბ) კონკურსში მონაწილის მიერ წარდგენილი წინადადებები, მოთავსებული ცალკე კონვერტში, რომელიც ილუქება მის მიერ;

გ) ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

ე) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ვ) კერძო სამართლის იურიდიული პირი დამატებით წარადგენს შესაბამისი რეესტრიდან ამონაწერს.

2. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება და რეგისტრაცია ხდება განმცხადებლის მიერ სრული დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, რის შემდეგაც განმცხადებელი იძენს კონკურსში მონაწილის სტატუსს. განაცხადის შესვლის თარიღად მიიჩნევა მისი დარეგისტრირების თარიღი. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება ქონების გამყიდველის მიერ დადგენილ დღესა და საათზე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შესული განაცხადი არ მიიღება.

3. თუ განაცხადთა მიღების ბოლო დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, მაშინ განაცხადები მიიღება მომდევნო სამუშაო დღეს.

4. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადთა მიღება მიმდინარეობს კონკურსის ჩატარებამდე ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

5. კონკურსში მონაწილეს უფლება აქვს განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე ბეს დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს კონკურსში მონაწილეობაზე, რეგისტრატორი ახდენს განაცხადის გამოთხოვნის ფაქტის დარეგისტრირებას.

6. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას კონკურსში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმდგენი პირი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილი იქნეს ქონების მყიდველად;

 ბ) თუ დარღვეულია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

    მუხლი 5. კონკურსის ჩატარების წესი

1. გამყიდველი კონკურსში მონაწილეთა წინადადებებს განიხილავს გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებიდან გამომდინარე.

2. კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება საუკეთესო წინადადების წარმდგენი მონაწილე, რომლის წინადადება აკმაყოფილებს კონკურსის პირობებსა და კრიტერიუმებს.

3. თუ საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მონაწილეთა შეთავაზებული პირობები იქნება იდენტური, მაშინ კომისია დამატებით განუსაზღვრავს მათ 10 სამუშაო დღის ვადას დამატებითი პირობების წარსადგენად.

4. საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილ დროს იხსნება კონვერტები. კონვერტების გახსნის შემდეგ დგინდება წარდგენილი დოკუმენტის კონკურსის პირობებთან შესაბამისობა. თუ მონაწილის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ პასუხობს კონკურსის პირობებს, იგი არ დაიშვება კონკურსში და აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება შესაბამის აქტში.

5. მონაწილეს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაესწრონ მხოლოდ კონვერტის გახსნას.

6. საკონკურსო კომისია იხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მათი დასწრების გარეშე, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას.

7. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ აცხადებს, არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს დამატებითი პირობების წარსადგენად ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

8. კონკურსი ითვლება არშემდგარად, თუ:

ა) განაცხადების გამოქვეყნებიდან დადგენილ ვადაში არ იქნა შეტანილი არც ერთი განაცხადი;

ბ) წარდგენილი განაცხადებიდან არც ერთი არ აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის არშემდგარად გამოცხადების შესახებ.

10. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ქონების დასახელებას;

ბ) გამყიდველის დასახელებას;

გ) მონაცემებს კონკურსის მონაწილეთა შესახებ;

დ) კონკურსში მონაწილეთა წინადადებებს, დანართების სახით;

ე) კონკურსში გამარჯვებულის დასახელებას;

ვ) კონკურსის შედეგად დადგენილი ქონების გასაყიდ ფასს;

ზ) კონკურსის შედეგად დადგენილი ინვესტიციების მოცულობას და მისი განხორციელების ვადებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11. გამყიდველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულს კი ეგზავნება შეტყობინება ხელშეკრულების გასაფორმებლად.

    მუხლი 6. გარიგებათა გაფორმების წესი

1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ გამყიდველის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია გამყიდველთან გააფორმოს ნასყიდობის ხელშეკრულება.

2. გამყიდველსა და კონკურსში გამარჯვებულს (მყიდველს) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ინფორმაცია გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;

ბ) შეძენილი ქონების დასახელება;

გ) ქონების შემადგენლობა და გასაყიდი ფასი;

დ) საკონკურსო პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ.

3. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კონკურსით გადაცემული ქონების პრივატიზების პირობებს, თანხის გადახდის ვადებსა და ამ დებულების მე-7 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

4. მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხელშეკრულებით დადგენილი პირობების მიხედვით დაფაროს ქონების გასაყიდი ფასი.

5. ქონების შეძენისას შეტანილი ბე მყიდველს ეთვლება ანგარიშსწორების დროს. ყველა დანარჩენ მონაწილეს შედეგების გამოცხადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მონაწილის მოთხოვნით ბე უბრუნდება.

6. საბანკო დაწესებულება მონაწილეთა შეტანილ ბეს აბრუნებს გამყიდველის დავალების საფუძველზე.

7. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, თუ საკონკურსო პირობებით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.

9. ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებისა და შესაბამის რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები იფარება მყიდველის მიერ.

    მუხლი 7. მყიდველის პასუხისმგებლობა

1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში მყიდველი იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება საკონკურსო და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0.1%-ით, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ით, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მყიდველის მიერ სხვა საკონკურსო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობაზე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

2. თუ მყიდველი არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს საკონკურსო და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, გამყიდველს უფლება აქვს ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად. ასეთ შემთხვევაში მყიდველს შეტანილი ბე უკან არ უბრუნდება და არ უნაზღაურდება ქონებისათვის გაწეული დანახარჯები.