საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 336
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.019400
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
336
18/07/2016
ვებგვერდი, 21/07/2016
010220020.10.003.019400
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/07/2016 - 21/03/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №336

2016 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის  დებულება.  
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 სექტემბრის №76 დადგენილება. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია (შემდგომში - კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებით.

2. კომისია თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და საქართველოს მთავრობის აქტებით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

 

მუხლი 2. კომისიის ამოცანები და ფუნქციები  

კომისიის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და ამ მიზნით, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;

ბ) საქართველოს მთავრობისათვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საქართველოს მთავრობისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებთან კონკრეტულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, სამართლებრივ და სხვა საკითხებთან დაკავშირებული თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლებას;

დ) „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომურ გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა“ და მისი „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ კომპონენტის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმისა და მისი შესრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა, განხილვა და შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან  აპროქსიმაციის ხელშეწყობა;

ვ) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტებისა და ქვეკომიტეტების რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა და განხილვა;

ზ) ევროკავშირის „ევროპულ სამეზობლო პოლიტიკასა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს ეფექტიანი მონაწილეობის  ხელშეწყობა;

თ) ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების ფინანსური დახმარების ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის  შესახებ ინფორმაციის მოსმენა და განხილვა, ასევე მიმდინარე დახმარების პროექტების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ი) „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომურ გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“, მისი „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ კომპონენტის ჩათვლით, „ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის თაობაზე, ასევე, ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესისა და მისი სარგებლის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ასევე გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა და განხილვა.

 

მუხლი 3. კომისიის უფლება-მოვალეობანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) განიხილოს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი გადაწყვეტილებათა პროექტები, საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად;

ბ) საქართველოს სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებებისაგან  მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ყველა სახის ინფორმაცია;

გ) მოისმინოს და განიხილოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით წარდგენილი ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და მის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის კომპონენტთან უშუალოდ დაკავშირებული წინადადებები და პოლიტიკის დოკუმენტები;

დ) კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, კონკრეტული რეკომენდაციების მომზადების მიზნით, სამინისტროების, პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისაგან, საჭიროების შემთხვევაში, შექმნას მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიები და სამუშაო ჯგუფები, უზრუნველყოს მათი საქმიანობის კოორდინაცია;

ე) განახორციელოს ევროკავშირის შესაბამისი დახმარების პროექტების ბენეფიციარის ფუნქციები და ევროკომისიასთან ერთად განსაზღვროს აღნიშნული პროექტების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;

ვ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

 

მუხლი 4. კომისიის მუშაობის ორგანიზება და რეგლამენტი

1. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

2. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე კომისიის თავმჯდომარის (საქართველოს პრემიერ-მინისტრის) მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო.

3. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის სამდივნოს წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.

4. კომისიის სხდომაზე საკითხის ინიციირების უფლება აქვთ კომისიის ყველა წევრს, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის სამდივნოს წარდგინებით და კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით - სხვა პასუხისმგებელ პირებს.

5. კომისიის სხდომის გამართვამდე 5 სამუშაო დღით ადრე, შესაბამისი სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები ვალდებულები არიან,  წარუდგინონ კომისიის სამდივნოს მზა მასალები სხდომაზე განსახილველად.

6. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრების ან მათი წარმომადგენლების ნახევარზე მეტი.

7. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში.

8. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

9. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარ რაოდენობებად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

10. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შესაბამის უწყებებს აძლევს შესაბამის დავალებებს.

11. კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებათა რეზოლუციებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის სამდივნო და ხელს აწერს კომისიის სხდომის თავმჯდომარე.

12. კომისიის სხდომის ოქმი ეგზავნებათ კომისიის წევრებსა და მოწვეულ პირებს.

13.  კომისია იკრიბება კვარტალში ერთხელ, რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.

 

მუხლი 5. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა

კომისიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.