დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 550 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.019615 |
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე სამუშაოდ შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − უწყებათაშორისი კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახურის) უფროსი − კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში − კომისიის წევრი.
კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა ეთხოვოთ: საქართველოს უზენაეს სასამართლოს; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს; საქართველოს მთავარ პროკურატურას; სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახურს; საქართველოს სახალხო დამცველს (სახალხო დამცველის აპარატს); საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას; საქართველოს კოალიციას ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის; არასამთავრობო ორგანიზაციას − „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“; არასამთავრობო ორგანიზაციას − „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას; არასამთავრობო ორგანიზაციას − „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრს“. |
მუხლი 2 |
დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ უწყებებს ეთხოვოთ, კომისიის თავმჯდომარეს 10 დღის ვადაში წარუდგინონ კომისიის წევრის კონკრეტული კანდიდატურები.
|
მუხლი 3 |
დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
|
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − უწყებათაშორისი კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. უწყებათაშორისი კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3. უწყებათაშორისი კომისია იქმნება განუსაზღვრელი ვადით. 4. უწყებათაშორისი კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2. უწყებათაშორისი კომისიის სტრუქტურა 1. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 3. უწყებათაშორისი კომისია წარმოადგენს ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს თემატურ სამუშაო ჯგუფს. მუხლი 3. უწყებათაშორისი კომისიის ამოცანები უწყებათაშორისი კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების ყოვლისმომცველი გეგმის განვითარება, რომელიც იქნება ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილი; ბ) ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი; გ) საქართველოს კანონმდებლობის გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) არსებული რესურსების გათვალისწინებით, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფა და, აუცილებლობის შემთხვევაში, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება; ე) გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების განხორციელების მიზნით შესაბამისი მონაცემების შეგროვება და სახელმწიფო უწყებების ინფორმირება იდენტიფიცირებული პრობლემების შესახებ; ვ) გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების პრინციპების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება; ზ) გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების, ასევე საჭიროებისამებრ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის მომზადების პროცესის კოორდინირება; თ) გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის უზრუნველყოფა ეროვნულ დონეზე. მუხლი 4. უწყებათაშორისი კომისიის უფლებამოსილება და ვალდებულებები დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად უწყებათაშორისი კომისია: ა) უფლებამოსილია, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების მექანიზმების შემუშავების, ბავშვთა უფლებების გაძლიერების ამოცანების, მიზნებისა და რეკომენდაციების შესასრულებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები, ასევე მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებისა და ანგარიშების მომზადების მიზნით; გ) ვალდებულია, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებით არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში, რომელიც წარედგინება ადამიანის უფლებების უწყებათაშორის საბჭოს. უწყებათაშორისი კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში საჯაროა; დ) უფლებამოსილია, განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია უწყებათაშორისი კომისიის ამოცანების შესასრულებლად. მუხლი 5. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ორგანიზაცია 1. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს წარმართავს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე. 2. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, დანიშნოს საბჭოს მდივანი. 3. უწყებათაშორისი კომისიის სხდომები თავმჯდომარის მოწვევით ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ოთხჯერ. 4. უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარესა და უწყებათაშორისი კომისიის წევრებს. 5. უწყებათაშორისი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უწყებათაშორისი კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედი. 6. უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. 8. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ მოიწვიოს და წარმართოს საკონსულტაციო და სამუშაო ჯგუფების სხდომა. მუხლი 6. უწყებათაშორისი კომისიის სამდივნო 1. სამდივნოს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახური) (შემდგომში − სამდივნო). 2. სამდივნო ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს კომისიის მუშაობას, ამზადებს კომისიის სხდომებს, ადგენს სხდომის ოქმებს, ასევე ახდენს უწყებათაშორის კომისიასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის ტექნიკურ უზრუნველყოფასა და უწყებათაშორისი კომისიის მოწვევის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. |
დოკუმენტის კომენტარები