საბჭოს 1992 წლის 19 ოქტომბრის დირექტივა 92/85/EEC - ფეხმძიმე მუშაკების და იმ მუშაკების, რომლებსაც ახლახან შეეძინათ შვილი ან არიან მეძუძური დედები, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშემწყობი ზომების დანერგვის შესახებ (მეათე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის შესაბამისად)

საბჭოს 1992 წლის 19 ოქტომბრის დირექტივა 92/85/EEC - ფეხმძიმე მუშაკების და იმ მუშაკების, რომლებსაც ახლახან შეეძინათ შვილი ან არიან მეძუძური დედები, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშემწყობი ზომების დანერგვის შესახებ (მეათე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის შესაბამისად)
დოკუმენტის ნომერი 92/85/EEC
დოკუმენტის მიმღები ევროპის გაერთიანებების საბჭო
მიღების თარიღი 19/10/1992
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2017
სარეგისტრაციო კოდი
92/85/EEC
19/10/1992
ვებგვერდი, 07/04/2017
საბჭოს 1992 წლის 19 ოქტომბრის დირექტივა 92/85/EEC - ფეხმძიმე მუშაკების და იმ მუშაკების, რომლებსაც ახლახან შეეძინათ შვილი ან არიან მეძუძური დედები, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშემწყობი ზომების დანერგვის შესახებ (მეათე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის შესაბამისად)
ევროპის გაერთიანებების საბჭო
საბჭოს 1992 წლის 19 ოქტომბრის დირექტივა 92/85/EEC - ფეხმძიმე მუშაკების და იმ მუშაკების, რომლებსაც ახლახან შეეძინათ შვილი ან არიან მეძუძური დედები, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშემწყობი ზომების დანერგვის შესახებ (მეათე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის შესაბამისად)

საბჭოს 1992 წლის 19 ოქტომბრის დირექტივა 92/85/EEC ფეხმძიმე მუშაკების და იმ მუშაკების, რომლებსაც ახლახან შეეძინათ შვილი ან არიან მეძუძური დედები, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშემწყობი ზომების დანერგვის შესახებ (მეათე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის შესაბამისად)

II

(აქტი, რომლის გამოქვეყნებაც სავალდებულო არ არის)

საბჭო

საბჭოს 1992 წლის 19 ოქტომბრის

დირექტივა 92/85/EEC

ევროპის გაერთიანებების საბჭომ,

ევროპის ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების, კონკრეტულად კი ამ ხელშეკრულების 118a-ე მუხლის გათვალისწინებით,

კომისიის წინადადების გათვალისწინებით, რომელიც შემუშავდა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ1,

ევროპარლამენტთან თანამშრომლობით2,

ეკონომიკური და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრების გათვალისწინებით3,

ვინაიდან, დამფუძნებელი ხელშეკრულების 118a-ე მუხლის მიხედვით საბჭომ უნდა მიიღოს დირექტივების საშუალებით მინიმალური მოთხოვნები, რომელიც ხელს შეუწყობს მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას სამუშაო გარემოში,

ვინაიდან, დირექტივა არ ამართლებს ცალკეული წევრი სახელმწიფოების მიერ მიღწეული სოციალური დაცვის დონეების შემცირებას, წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებმაც ვალდებულება აიღეს დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა უზრუნველყონ მოცემულ სფეროში პირობების გაუმჯობესება და პირობების ჰარმონიზაცია უკვე მიღწეული გაუმჯობესებების შენარჩუნებით,

ვინაიდან, დამფუძნებელი ხელშეკრულების 118a-ე მუხლის მიხედვით, მოცემული დირექტივები გამიზნულია იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული, ფინანსური და იურიდიული შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ხელს შეუშლიდა მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნასა და განვითარებას,

ვინაიდან, გადაწყვეტილების 74/325/EEC4 შესაბამისად, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილებები 1985 წლის „მიერთების აქტით“, „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტისათვის“ კომისიის მიერ მიცემული იქნა რეკომენდაცია მოცემულ სფეროში წინადადებების შემუშავების თაობაზე,

ვინაიდან, სტრასბურგის ევროპულ საბჭოზე 1989 წლის 9 დეკემბერს 11 წევრი სახელმწიფოს სახელმწიფო მეთაურების ან მთავრობების ხელმძღვანელების მიერ მიღებული „გაერთიანების მუშაკთა ფუნდამენტალური სოციალური უფლებების ქარტია“, კონკრეტულად კი მე-19 აბზაცი ადგენს, რომ:

„ყველა მუშაკმა უნდა ისარგებლოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დამაკმაყოფილებელი პირობებით თავის სამუშაო გარემოში. შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული, რათა მიღწეული იყოს მოცემულ სფეროში პირობების შემდგომი ჰარმონიზაცია მიღწეული გაუმჯობესებების შენარჩუნებით“.

ვინაიდან, კომისიამ თავის სამოქმედო პროგრამის მიზნებში შეიტანა „გაერთიანების მუშაკთა ფუნდამენტალური სოციალური უფლებების ქარტიის“ განხორციელებისათვის სამუშაო ადგილზე ფეხმძიმე ქალთა დაცვის შესახებ დირექტივის მიღება საბჭოს მიერ,

ვინაიდან, საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის დირექტივის 89/391/EEC მე-15 მუხლი სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ღონისძიებების დანერგვის შესახებ5 ითვალისწინებს, რომ განსაკუთრებით მგრძნობიარე რისკ-ჯგუფები უნდა იყვნენ დაცულნი იმ საფრთხისაგან, რომელიც კონკრეტულად მათზე ახდენს ზემოქმედებას,

ვინაიდან, ფეხმძიმე მუშაკები და ის მუშაკები, რომლებსაც ახლახან შეეძინათ შვილი ან არიან მეძუძური დედები, მიჩნეულნი უნდა იქნენ სპეციფიკურ რისკ-ჯგუფად მრავალმხრივ და მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით ზომები უნდა იქნეს მიღებული,

ვინაიდან, ფეხმძიმე მუშაკების და იმ მუშაკების, რომლებსაც ახლახან შეეძინათ შვილი ან არიან მეძუძური დედები, უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა გამორიცხავს შრომით ბაზარზე ქალთა მიმართ არაკეთილგანწყობილ მოპყრობას და ასევე არ უნდა იმოქმედოს მამაკაცთა და ქალთა მიმართ თანაბარი მოპყრობის შესახებ დირექტივების საზიანოდ,

ვინაიდან, ზოგიერთი სახის სამუშაო გარკვეულ რისკს უქმნის ფეხმძიმე მუშაკებს და იმ მუშაკებს, რომლებსაც ახლახან შეეძინათ შვილი ან არიან მეძუძური დედები, საშიში აგენტების, პროცესების ან სამუშაო პირობების ზემოქმედებისადმი დაქვემდებარების გამო, ამიტომ მსგავსი რისკები უნდა შეფასდეს და შეფასების შედეგებზე უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ქალ მუშაკებს ან/და მათ წარმომადგენლებს,

ვინაიდან, მას შემდეგ, რაც შეფასების შედეგები გამოააშკარავებს ქალი მუშაკის უსაფრთხოებისა ან ჯანმრთელობის მხრივ რისკის არსებობას, უნდა მოხდეს ასეთი მუშაკის დაცვის უზრუნველყოფა,

ვინაიდან, ფეხმძიმე მუშაკები და მუშაკები, რომლებიც არიან მეძუძური დედები არ უნდა იყვნენ დაკავებული ისეთი საქმიანობით, რომელიც შეფასებულია როგორც მათი რისკისადმი დაქვემდებარება, როდესაც საფრთხე ექმნება მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, გარკვეული განსაკუთრებულად საშიში აგენტების ან სამუშაო პირობების გამო,

ვინაიდან, დებულება უნდა იქნეს შემუშავებული ფეხმძიმე მუშაკებისათვის და იმ მუშაკებისათვის, რომლებსაც ახლახან შეეძინათ შვილი ან არიან მეძუძური დედები, რათა მათ არ მოეთხოვოთ ღამით მუშაობა, როდესაც ეს საჭიროა, მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით,

ვინაიდან, ფეხმძიმე მუშაკთა და იმ მუშაკთა, რომლებსაც ახლახან შეეძინათ შვილი ან არიან მეძუძური დედები, დაუცველობა წარმოქმნის საჭიროებას, რომ მათ მიეცეთ მინიმუმ 14 კვირით უწყვეტად დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლება მშობიარობამდე, ან/და მშობიარობის შემდეგ და დეკრეტულ შვებულებას უნდა ქონდეს სავალდებულო ხასიათი მინიმუმ ორი კვირა მშობიარობამდე ან/და მშობიარობის შემდეგ,

ვინაიდან, სამსახურიდან დათხოვნის რისკმა, იმ მიზეზებით, რომელიც მათ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული, შეიძლება იქონიოს მავნე ზეგავლენა ფეხმძიმე მუშაკთა და იმ მუშაკთა, რომლებსაც ახლახან შეეძინათ შვილი ან არიან მეძუძური დედები, ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობაზე,

ვინაიდან, კანონით უნდა აიკრძალოს სამსახურიდან ამგვარი დათხოვნა,

ვინაიდან, სამუშაოს ორგანიზაციისათვის მიღებული ზომები, რომელიც ეხება ფეხმძიმე მუშაკთა და იმ მუშაკთა, რომლებსაც ახლახან შეეძინათ შვილი ან არიან მეძუძური დედები ჯანმრთელობის დაცვას, არანაირ სხვა მიზანს არ უნდა ემსახურებოდეს თუ არა იმ უფლებების შენარჩუნებას, რომლებიც დაკავშირებულია შრომით ხელშეკრულებასთან და მოიცავს ხელფასის შენარჩუნებას ან/და შესაბამისი დახმარების მიღების უფლებას,

ვინაიდან, გარდა ამისა, ის დებულება, რომელიც ეხება დეკრეტულ შვებულებას, ასევე, არ უნდა ემსახურებოდეს სხვა მიზანს თუ არა იმ უფლებების შენარჩუნებას, რომელიც დაკავშირებულია შრომით ხელშეკრულებასთან ან/და შესაბამისი დახმარების მიღების უფლებასთან,

ვინაიდან, დეკრეტული შვებულების შემთხვევაში, შესაბამისი დახმარების კონცეფცია უნდა ჩაითვალოს ტექნიკური ათვლის წერტილად, დაცვის მინიმალური დონის დაფიქსირების მიზნით და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაგება, როგორც ფეხმძიმობისა და ავადმყოფობის გაიგივების შეთავაზება,

მიიღო ეს დირექტივა:

ქვეთავი I

მიზანი და განმარტებები

მუხლი 1

მიზანი

1. ამ დირექტივის, რომელიც არის მეათე ინდივიდუალური დირექტივა დირექტივის 8/391/EEC მე-16(1) მუხლის შესაბამისად, მიზანია ისეთი ზომების მიღება, რომლებიც გააუმჯობესებს ფეხმძიმე მუშაკთა და იმ მუშაკთა, რომლებსაც ახლახან შეეძინათ შვილი ან არიან მეძუძური დედები, უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას სამუშაო ადგილზე.

2. დირექტივის 89/391/EEC დებულებები, მე-2(2) მუხლის გარდა, სრულად უნდა იყოს გამოყენებული პირველი აბზაცით გათვალისწინებული მთლიანი სფეროსათვის, ამ დირექტივაში შემავალი უფრო მკაცრი ან/და უფრო კონკრეტული დებულებების შეუზღუდავად.

3. დირექტივამ არ უნდა გამოიწვიოს იმ დაცვის დონის შემცირება, რომლითაც სარგებლობენ ფეხმძიმე მუშაკები და ის მუშაკები, რომლებსაც ახლახან შეეძინათ შვილი ან არიან მეძუძური დედები, იმ დონესთან შედარებით, რომელიც უკვე არსებობს თითოეულ წევრ სახელმწიფოში ამ დირექტივის მიღების თარიღისათვის.

მუხლი 2

განმარტებები

ამ დირექტივის მიზნებისთვის:

(a) „ფეხმძიმე მუშაკი“ ნიშნავს ფეხმძიმე მუშაკს, რომელიც მისი მდგომარეობის თაობაზე აცნობებს თავის დამქირავებელს ეროვნული კანონმდებლობის ან/და ეროვნული პრაქტიკის შესაბამისად;

(b) „მუშაკი რომელსაც ახლახან შეეძინა შვილი“ ნიშნავს მუშაკს, რომელსაც ახლახან შეეძინა შვილი ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად და რომელიც აცნობებს თავის დამქირავებელს თავისი მდგომარეობის შესახებ ამ კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად;

(c) „მუშაკი რომელიც არის მეძუძური დედა“ ნიშნავს მუშაკს, რომელიც არის მეძუძური დედა, ეროვნული კანონმდებლობის ან/და ეროვნული პრაქტიკის შესაბამისად და რომელიც აცნობებს თავის დამქირავებელს თავისი მდგომარეობის შესახებ ამ კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად.

ქვეთავი II

ზოგადი დებულებები

მუხლი 3

სახელმძღვანელო მითითებები

1. წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციის საფუძველზე და „სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საკონსულტაციო კომიტეტის“ დახმარებით, კომისია შეიმუშავებს სახელმძღვანელო მითითებებს ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური აგენტების და საწარმოო პროცესების შეფასების შესახებ, რომლებიც ითვლება სახიფათოდ მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის, მე-2 მუხლის შესაბამისად.

პირველ ქვეაბზაცში მოცემული სახელმძღვანელო მითითებები, ასევე, ეხება მოძრაობას და პოზას, გონებრივ და ფიზიკურ გადაღლილობას, რომელიც დაკავშირებულია მუშაკთა მიერ სამუშაოს შესრულებასთან, მე-2 მუხლის შესაბამისად.

2. პირველ აბზაცში მოცემული სახელმძღვანელო მითითებების მიზანია, გამოყენებული იყოს როგორც საფუძველი მე-4(1) მუხლში მითითებული შეფასებისათვის.

ამ მიზნით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გააცნონ ეს სახელმძღვანელო მითითებები ყველა დამქირავებელს, ქალ მუშაკს ან/და მათ წარმომადგენლებს შესაბამის წევრ სახელმწიფოში.

მუხლი 4

შეფასება და ინფორმაცია

1. ყველა იმ საქმიანობისათვის, რომელიც შეიცავს იმ აგენტების, პროცესების, ან სამუშაო პირობების ზემოქმედების კონკრეტულ რისკს, რომელთა არასრული ჩამონათვალიც მოცემულია I დანართში, დამქირავებელმა უნდა შეაფასოს მოცემულ საქმიანობასთან ან/და დაწესებულებასთან დაკავშირებული რისკის ხასიათი, ხარისხი და ხანგრძლივობა მუშაკთა მიმართ მე-2 მუხლის შესაბამისად, პირდაპირი ან დამცავი და პრევენციული სერვისების საშუალებით, რომელიც მითითებულია დირექტივის 89/391/EEC მე-7 მუხლში, რათა:

– შეფასდეს მე-2 მუხლის შესაბამისად ფეხმძიმე ან მეძუძურ მუშაკებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის საშიში და ნებისმიერი შესაძლო ზემოქმედების მომხდენი გარემოება;

– გადაწყდეს, თუ რა ზომები უნდა იყოს მიღებული.

2. დირექტივის 89/391/EEC მე-10 მუხლის შეუზღუდავად, მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მუშაკებს და მუშაკებს, რომლებიც სავარაუდოდ არიან მე-2 მუხლში მითითებულ ერთ რომელიმე სიტუაციაში, რომლებიც ეწევიან მოცემულ საქმიანობას ან/და მუშაობენ დაწესებულებაში, რომელსაც ეს მუხლი ეხება, ან/და მათ წარმომადგენლებს უნდა ეცნობოთ პირველი აბზაცით გათვალისწინებული შეფასების შედეგების შესახებ და ასევე ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც ეხება ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას სამუშაო ადგილზე.

მუხლი 5

შეფასების შედეგების შემდგომი მოქმედება

1. დირექტივის 89/391/EEC მე-6 მუხლის შეუზღუდავად, თუ მე-4(1) მუხლში მითითებული შეფასების შედეგებით გამომჟღავნდა უსაფრთხოებასა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი ან რისკი, რომელიც მე-2 მუხლის შესაბამისად გავლენას მოახდენს ფეხმძიმე ან მეძუძურ მუშაკზე, დამქირავებელმა უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რომ მუშაკისათვის, რომელსაც ეს გარემოებები ეხება, დროებით დაარეგულიროს სამუშაო პირობები ან/და სამუშაო საათები ისე, რომ არსებული რისკის ზემოქმედება აარიდოს ამ მუშაკს.

2. თუ სამუშაო პირობების ან/და სამუშაო საათების დარეგულირება ტექნიკურად ან/და ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია ან ვერ მოხდება მათი მოთხოვნა, გონივრულობის ფარგლებში, სათანადოდ დასაბუთებული მიზეზის გამო, დამსაქმებელმა უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რომ მუშაკი, რომელსაც შესაბამისი გარემოებები ეხება, გადაიყვანოს სხვა სამუშაოზე.

3. თუ მუშაკის სხვა სამუშაოზე გადაყვანა ტექნიკურად ან/და ობიექტურად არ არის შესაძლებელი ან გადაყვანის მოთხოვნა შეუძლებელია გონივრულობის ფარგლებში, სათანადოდ დასაბუთებული მიზეზების გამო, მუშაკს უნდა მიეცეს შვებულება სახელმწიფო კანონმდებლობის ან/და ეროვნული პრაქტიკის შესაბამისად, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა მისი უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დაცვისათვის.

4. ამ მუხლის დებულებები უნდა იყოს გამოყენებული იმ შემთხვევებისათვის, როდესაც მუშაკი, რომელიც ეწევა მე-6 მუხლით აკრძალულ საქმიანობას, დაფეხმძიმდა ან იწყებს ძუძუთი კვებას და ამის თაობაზე აცნობებს მის დამქირავებელს.

მუხლი 6

შემთხვევები, როდესაც ზემოქმედებისადმი დაქვემდებარება აკრძალულია

იმ ზოგადი დებულებების გარდა, რომლებიც ეხება მუშაკთა დაცვას, კონკრეტულად კი იმ შემთხვევებში, რომელებიც დაკავშირებულია მუშაკთა პროფესიული საქმიანობის ზემოქმედების ზღვრულ სიდიდეებთან:

1. ფეხმძიმე მუშაკები, მე-2(a) მუხლის შესაბამისად, არანაირ გარემოებაში არ არიან ვალდებულნი შეასრულონ ის მოვალეობები, რომელთან დაკავშირებითაც შეფასების შედეგად გამოვლინდა ზემოქმედების რისკი და რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას. შესაბამისი აგენტებისა და სამუშაო პირობების ჩამონათვალი მოცემულია II დანართის A ქვეთავში;

2. მუშაკები, რომლებიც არიან მეძუძური დედები მე-2(c) მუხლის მიხედვით, არანაირ გარემოებაში არ არიან ვალდებულნი შეასრულონ ის მოვალეობები, რომლებთან დაკავშირებითაც შეფასებამ გამოავლინა ზემოქმედების რისკი, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას. შესაბამისი რისკის შემცველი აგენტებისა და სამუშაო პირობების ჩამონათვალი მოცემულია II დანართის A ქვეთავში.

მუხლი 7

ღამის სამუშაო

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ მე-2 მუხლით გათვალისწინებული მუშაკები არ იყვნენ ვალდებულნი შეასრულონ ღამის სამუშაო მათი ფეხმძიმობის დროს, ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში, რომელიც უნდა განისაზღვროს ეროვნული ხელისუფლების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოს მიერ, რაც უნდა მოხდეს წევრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პროცედურების დაცვით, სამედიცინო ცნობის საფუძველზე, რომელშიც განცხადებულია, რომ ეს საჭიროა შესაბამისი მუშაკის უსაფრთხოებისთვის ან ჯანმრთელობისათვის.

2. პირველი აბზაცით გათვალისწინებული ზომები უნდა გულისხმობდეს შემდეგ შესაძლებლობებს, ეროვნული კანონმდებლობის ან/და ეროვნული პრაქტიკის შესაბამისად:

(a) დღის სამუშაოზე გადაყვანას; ან

(b) შვებულებას ან დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებას მაშინ, როდესაც ტექნიკურად ან/და ობიექტური მიზეზების გამო, მსგავსი გადაყვანა შეუძლებელია ან არ შეიძლება გადაყვანის მოთხოვნა გონივრულობის ფარგლებში, სათანადოდ დასაბუთებული საფუძვლების გამო.

მუხლი 8

დეკრეტული შვებულება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები იმისათვის, რომ უზრუნველყონ მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მუშაკთა უწყვეტი დეკრეტული შვებულების უფლება მინიმუმ 14 კვირის განმავლობაში მშობიარობამდე ან/და მის შემდეგ, ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად.

2. პირველი აბზაცით გათვალისწინებული დეკრეტული შვებულება უნდა მოიცავდეს სავალდებულო დეკრეტულ შვებულებას მინიმუმ 2 კვირის პერიოდით, მშობიარობამდე ან/და მის შემდეგ ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად.

მუხლი 9

სამუშაოდან გათავისუფლება წინა-სამშობიარო გამოკვლევებისათვის

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ მე-2(a) მუხლით გათვალისწინებულ ფეხმძიმე მუშაკებს ჰქონდეთ უფლება, ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის მიხედვით, რომ გათავისუფლდნენ სამუშაოდან ისე, რომ არ დაკარგონ ანაზღაურება, და ჩაიტარონ წინა-სამშობიარო გამოკვლევები თუ ეს გამოკვლევები უნდა ჩატარდეს სამუშაო საათების განმავლობაში.

მუხლი 10

სამსახურიდან გათავისუფლების აკრძალვა

იმისათვის, რომ მე-2 მუხლით გათვალისწინებული მუშაკები პრაქტიკულად სარგებლობდნენ წინამდებარე მუხლის მიხედვით დადგენილი მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის უფლებებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ:

1. წევრმა სახელმწიფოებმა მიიღონ საჭირო ზომები იმისათვის, რომ აიკრძალოს მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მუშაკთა სამსახურიდან დათხოვნა, მათი ფეხმძიმობის დაწყების პერიოდიდან დეკრეტული შვებულების დასრულებამდე, რომელიც მითითებულია მე-8(1) მუხლში, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელიც არ არის დაკავშირებული მათ მდგომარეობასთან და რომელიც ნებადართულია სახელმწიფოს კანონმდებლობით ან/და პრაქტიკით და საჭიროების მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსაგან მიღებულია თანხმობა;

2. თუ მე-2 მუხლით გათვალისწინებული მუშაკი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან 1-ლ ქვეპუნქტში მითითებულ პერიოდში, დამსაქმებელმა წერილობით, სათანადოდ უნდა დაასაბუთოს მისი დათხოვნის საფუძვლები;

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა დაიცვან მე-2 მუხლით გათვალისწინებული მუშაკები სამსახურიდან დათხოვნის შედეგებისაგან, რომლებიც არაკანონიერია პირველი ქვეპუნქტის თანახმად.

მუხლი 11

დაქირავებული მუშაკების უფლებები

იმისათვის, რომ მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა მუშაკებმა ისარგებლონ მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უფლებებით ამ მუხლის თანახმად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი:

1. მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაქირავებული მუშაკების შრომითი უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია შრომით ხელშეკრულებასთან, მათ შორის, ხელფასის შენარჩუნება ან/და შესაბამისი დახმარების უფლება, მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მუშაკთათვის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფოს კანონმდებლობის ან/და ეროვნული პრაქტიკის მიხედვით;

2. მე-8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი:

(a) უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია მე-2 მუხლში გათვალისწინებულ მუშაკთა შრომით ხელშეკრულებასთან, იმ შემთხვევებთან ერთად, რომელიც მითითებულია ქვემოთ (b) ქვეპუნქტში;

(b) მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მუშაკთათვის ხელფასის შენარჩუნება ან/და შესაბამისი დახმარების მიღების უფლება.

3. დახმარება, რომელიც მითითებულია მე-2(b) ქვეპუნქტში ჩაითვლება ადეკვატურად, თუ ის უზრუნველყოფს იმ მინიმალურ შემოსავალს, რომელსაც შესაბამისი მუშაკი მიიღებდა, თუკი ის ვეღარ გააგრძელებდა საქმიანობას მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, იმ ზედა ზღვარის გათვალისწინებით, რომელიც დადგენილია სახელმწიფო კანონმდებლობის მიხედვით;

4. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ 1-ლ და მე-2(b) ქვეპუნქტებში მითითებული გადახდის ან დახმარების უფლება გახადონ პირობითი, როდესაც შესაბამისი მუშაკი შეასრულებს იმ შეღავათების მიღების პირობებს, რომელიც დადგენილია სახელმწიფო კანონმდებლობით.

ეს პირობები არანაირ გარემოებებში არ ითვალისწინებს წინა დასაქმების პერიოდს, რომელიც აღემატება 12 თვეს უშუალოდ სავარაუდო მშობიარობის თარიღამდე.

მუხლი 12

უფლებების დაცვა

წევრმა სახელმწიფოებმა მათ ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა შემოიღონ ისეთი ზომები, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ ყველა მუშაკმა, რომელიც დაზარალდა დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შეძლოს დაიცვას საკუთარი პრეტენზიები სასამართლო პროცესის საშუალებით (ან/და სახელმწიფო კანონების ან/და პრაქტიკის მიხედვით) და მიმართოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებს დახმარებისათვის.

მუხლი 13

დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1. I დანართის წმინდა ტექნიკური შესწორება, ტექნიკური პროგრესის, საერთაშორისო რეგულაციებში ან სპეციფიკაციებში ცვლილებისა და ახალი მიგნებების შედეგად იმ სფეროში, რომელსაც დირექტივა ეხება, უნდა იქნეს მიღებული დირექტივის 89/391/EEC მე-17 მუხლით დადგენილი პროცედურის თანახმად.

2. II დანართში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროცედურის შესაბამისად, რომელიც დადგენილია ხელშეკრულების 118a-ე მუხლით.

მუხლი 14

დასკვნითი დებულებები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც საჭიროა დირექტივის შესასრულებლად არაუგვიანეს ორი წლისა მისი მიღებიდან, ან უნდა უზრუნველყონ, რომ ამ დირექტივის მიღებიდან არაუგვიანეს ორი წლისა, წარმოების ორივე მხარემ მიიღოს საჭირო დებულებები კოლექტიური ხელშეკრულების მეშვეობით წევრ სახელმწიფოებთან, რომლებსაც მოეთხოვებათ ყველა აუცილებელი დებულებების შემუშავება, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ მუდმივად უზრუნველყოფილი იყოს იმ შედეგების მიღწევა, რომელიც დადგენილია ამ დირექტივით. ამის თაობაზე მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას.

2. როდესაც წევრი სახელმწიფოები მიიღებენ პირველი აბზაცით გათვალისწინებულ ზომებს, ისინი უნდა შეიცავდნენ მითითებას ამ დირექტივაზე ან უნდა ჰქონდეთ თანდართული ასეთი მითითება, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მათი ოფიციალური გამოქვეყნება. მოცემული მითითების გაკეთების მეთოდების დადგენა უნდა მოხდეს წევრი სახელმწიფოების მიერ.

3. წევრი სახელმწიფოები მიაწვდიან კომისიას სახელმწიფო კანონის ძირითადი დებულებების ტექსტს, რომელიც მათ უკვე მიიღეს, ან უნდა მიიღონ ამ დირექტივით გათვალისწინებულ სფეროში.

4. წევრმა სახელმწიფოებმა ყოველ ხუთ წელიწადში უნდა წარუდგინონ ანგარიში კომისიას მოცემული დირექტივის დებულებების პრაქტიკული განხორციელების შესახებ, სადაც ასევე მოცემული იქნება წარმოების ორივე მხარის მოსაზრებები.

თუმცა წევრმა სახელმწიფომ პირველად ანგარიში მოცემული დირექტივის დებულებების პრაქტიკული განხორციელების შესახებ, სადაც ასევე მოცემულია წარმოების ორივე მხარის მოსაზრებები, კომისიას უნდა წარუდგინოს მისი მიღებიდან ოთხ წელიწადში.

კომისიამ უნდა აცნობოს ევროპარლამენტს, საბჭოს, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, საკონსულტაციო კომიტეტს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.

5. კომისიამ უნდა მიაწოდოს პერიოდულად ევროპარლამენტს, საბჭოსა და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ანგარიში დირექტივის განხორციელების შესახებ, 1-ლი, მე-2 და მე-3 აბზაცების გათვალისწინებით.

6. საბჭო გადახედავს ამ დირექტივას მე-4 აბზაცის მე-2 ქვეაბზაცში მითითებული ანგარიშების შეფასების საფუძველზე და თუ გაჩნდება საჭიროება, კომისია წარადგენს წინადადებას დირექტივის მიღებიდან არაუგვიანეს 5 წლისა.

მუხლი 15

ეს დირექტივა ეხება წევრ სახელმწიფოებს.

შედგენილია ლუქსემბურგში, 1992 წლის 19 ოქტომბერს.

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

დ. კური

დანართი I

მე-4(1) მუხლში მითითებული

აგენტების, პროცესებისა და სამუშაო პირობების არასრული ჩამონათვალი

A. აგენტები

1. ფიზიკური აგენტები, რომლებიც იწვევენ ემბრიონის დაზიანებას ან/და იწვევენ პლაცენტის მოშლას, კერძოდ:

(a) შოკები, ვიბრაცია ან მოძრაობა;

(b) სიმძიმეების აწევა, რომელიც დაკავშირებულია რისკთან, კერძოდ კი საზიანოა წელისთვის;

(c) ხმაური;

(d) მაიონიზირებელი გამოსხივება6;

(e) არამაიონიზირებელი გამოსხივება;

(f) ძლიერი სიცივე ან სითბო;

(g) მოძრაობა ან პოზა, მგზავრობა დაწესებულების შიგნით ან გარეთ. მენტალური და ფიზიკური გადაღლა და სხვა ფიზიკური დატვირთვა, რომელიც უკავშირდება მოცემული დირექტივის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მუშაკის საქმიანობას.

2. ბიოლოგიური აგენტები

მე-2, მე-3 და მე-3 რისკ-ჯგუფის ბიოლოგიური აგენტები დირექტივის 90/679/EEC7 მე-2(d) მუხლის ნომრების: 2, 3, და 4 შესაბამისად, ცნობილია, რომ ეს აგენტები, ან თერაპევტული ზომები, რომელიც აუცილებელია მსგავსი აგენტების ზემოქმედების გამო, საშიშია ფეხმძიმე ქალის და მისი ჯერ არშობილი ბავშვის ჯანმრთელობისათვის და რომლებიც ჯერჯერობით არაა მოცემული II დანართში.

3. ქიმიური აგენტები

შემდეგი ქიმიური აგენტები, რომელიც ცნობილია, რომ საშიშია ფეხმძიმე ქალის და მისი ჯერ არშობილი ბავშვის ჯანმრთელობისათვის და რომლებიც ჯერჯერობით არაა მოცემული II დანართში:

(a) ნივთიერებები, რომლებიც მარკირებულია როგორც R 40 , R 45 , R 46, და R 47 დირექტივის 67/548/EEC8 მიხედვით და რომლებიც არაა მოცემული II დანართში;

(b) დირექტივის 90/394/EEC9 I დანართით გათვალისწინებული ქიმიური აგენტები;

(c) ვერცხლისწყალი და მისგან წარმოებული ნივთიერებები;

(d) ანტიმიკოზური საშუალებები;

(e) ნახშირბადის მონოქსიდი;

(f) ქიმიური აგენტები, რომლებიც ცნობილია რომ ხასიათდება საშიში პერკუტანული შეწოვით.

B. პროცესები

საწარმოო პროცესები, რომლებიც ჩამოთვლილია დირექტივის 90/394/EEC I დანართში.

C. სამუშაო პირობები

მიწისქვეშა სამთო სამუშაო.

დანართი II

მე-6 მუხლში მითითებული

აგენტებისა და სამუშაო პირობების არასრული ჩამონათვალი

A. მე-2(a) მუხლით გათვალისწინებული ფეხმძიმე მუშაკები

1. აგენტები

(a) ფიზიკური აგენტები

მუშაობა ჰიპერბარიულ ატმოსფეროში, მაგ. წნევის ქვეშ მყოფ შემოსაზღვრულ სივრცეში და წყალქვეშ ყვინთვა.

(b) ბიოლოგიური აგენტები

შემდეგი ბიოლოგიური აგენტები:

– ტოქსოპლაზმა;

– რუბელას ვირუსი.

თუ ფეხმძიმე მუშაკი არაა შესაბამისად დაცული ასეთი აგენტისაგან იმუნიზაციის მეშვეობით.

(c) ქიმიური აგენტები

ტყვია და ტყვიიდან წარმოებული ნივთიერებები, რადგან ამ აგენტების შეწოვა შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმის მიერ.

2. სამუშაო პირობები

მიწისქვეშა სამთო სამუშაოები.

B. მე-2(c) მუხლით გათვალისწინებული მუშაკები, რომლებიც არიან მეძუძური დედები

1. აგენტები

(a) ქიმიური აგენტები

ტყვია და ტყვიიდან წარმოებული ნივთიერებები, რადგან ამ აგენტების შეწოვა შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმის მიერ.

2. სამუშაო პირობები

მიწისქვეშა სამთო სამუშაო.


1 ოფიციალური ბიულეტენი, C 281, 09.11.190, გვ. 3; და ოფიციალური ბიულეტენი, C25, 01.02.1991, გვ. 9;

2 ოფიციალური ბიულეტენი, C 19, 28.01.1991, გვ. 177; და ოფიციალური ბიულეტენი, C 150, 15.06.1992, გვ. 99;

3 ოფიციალური ბიულეტენი, C 41, 18.02.1991, გვ. 29;

4 ოფიციალური ბიულეტენი, L 185, 09.07.1974, გვ. 15;

5 ოფიციალური ბიულეტენი, L 183, 29.06.1989, გვ. 1;

6 იხ. დირექტივა 80/836/Euratom (ოფიციალური ბიულეტენი, L 246, 17.09.1980, გვ. 1);

7 ოფიციალური ბიულეტენი, L374, 31.12.1990, გვ. 1;

8 ოფიციალური ბიულეტენი, L 196, 16.08.1967, გვ. 1; დირექტივა, რომელშიც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 90/517/EEC (ოფიციალური ბიულეტენი, L 287, 19.10.1990, გვ. 37);

9 ოფიციალური ბიულეტენი, L 196, 26.07.1990, გვ. 1.