საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 120020000.10.003.020007
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
298
22/06/2017
ვებგვერდი, 23/06/2017
120020000.10.003.020007
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/06/2017 - 10/05/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №298

2017 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებთან სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრისა და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოების, გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

დავით დონდუა − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

მალხაზ მიქელაძე − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ივერი მელაშვილი − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი;

ლევან წურწუმია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;

თამარ ჩაჩიბაია − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი;

ნუგზარ დუნდუა − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

ზვიად გორელიშვილი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ს/პ ვიცე-პოლკოვნიკი, კომისიის წევრი, ექსპერტი;

კარლო ცქიტიშვილი  – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

ნატალია ილიჩოვა − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო- სადემარკაციო სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, კომისიის წევრი, ექსპერტი;

ლევან მაჭავარიანი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი, კომისიის წევრი;

ალექსი ბარბაქაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, კომისიის წევრი;

სამსონ ურიდია − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

მერაბ არახამია − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი, ექსპერტი;

ივანე ცარციძე − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტი;

გალაქტიონ ხახუბია − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის სამუშაო კომპონენტის (გეოდეზია-კარტოგრაფიის მიმართულებით) ხელმძღვანელი, კომისიის წევრი, ექსპერტი;

ნიკოლოზ როსებაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

გიორგი სვანაძე − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

გიორგი ბილანიშვილი − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ნოდარ ხორბალაძე − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი, კომისიის წევრი, ექსპერტი;

თედო გორგოძე − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ანალიტიკური განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტი.

მუხლი 2
დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) არის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისო საკოორდინაციო ორგანო, რომელიც იქმნება საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე საქართველოს პოზიციის შემუშავების, მოლაპარაკებათა წარმართვის, შესაბამისი სამუშაოების ორგანიზების, აგრეთვე მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის წარმართვა, აგრეთვე მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და ამ მიზნით საქართველოს სახელით მოლაპარაკებების წარმოება, ქართული მხარის საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე წამოჭრილი პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობა და ამ მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ორგანოებისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

გ) პერიოდულად სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის მიმდინარეობის, აგრეთვე მეზობელ  სახელმწიფოებთან  საქართველოს  სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული საკითხებისა და საზღვარზე წამოჭრილი სირთულეების ანალიზი. პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს მთავრობისათვის რეკომენდაციების მომზადება;

დ) სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, საჭიროების შესაბამისად,  სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმოს და განახორციელოს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული სამუშაოები;

ბ) აწარმოოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის შესაბამის კომისიებთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციასთან, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით;

გ) განსაზღვროს აზერბაიჯანულ, სომხურ მხარეებთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული პროცედურები და ამ პროცედურების ფარგლებში ხელი მოაწეროს შეხვედრის ოქმებსა და სხვა დოკუმენტებს;

დ) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიმართოს საქართველოს სახელმწიფო უწყებებს, ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საჭირო საინფორმაციო და დოკუმენტური მასალის მიწოდების, დახმარების აღმოჩენის, კონკრეტული საკითხის განხილვისა და პოზიციის დაფიქსირების, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესზე უარყოფითი გავლენის მქონე საქმიანობის კორექტირების, შეჩერებისა და ნაკლოვანებათა გამოსწორება/აღმოფხვრის შესახებ;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მიიწვიოს საქართველოს სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაინტერესებული პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები;

ზ)   მიმართოს  საქართველოს  შესაბამის   სახელმწიფო უწყებებს, ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში მონაწილეობის მიზნით თავიანთი წარმომადგენლის მივლინების შესახებ;

თ) მიმართოს საქართველოს უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს, ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციასთან, აგრეთვე მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაოების შესრულებისა და ამ სამუშაოებისათვის მასალის შეძენის, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ;

ი) პერიოდულად   მოახსენოს საქართველოს მთავრობას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მიმდინარეობის, აგრეთვე მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული საკითხებისა და საზღვარზე წამოჭრილი სირთულეების შესახებ. მოამზადოს რეკომენდაციები  პრობლემების  გადაწყვეტის  მიზნით  გასატარებელი  ღონისძიებების შესახებ;

კ) საჭიროების შესაბამისად, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) ქმნის უწყებათაშორის სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფებს;

ე) დამოუკიდებლად ადგენს საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოების მიზნით;

ვ) წარმოადგენს კომისიას საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე;

ზ) პირადად ან კომისიის წევრზე უფლებამოსილების დელეგირებით, აწარმოებს კონსულტაციებს შესაბამის ექსპერტებთან, რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;

თ) უფლებამოსილია, წარადგინოს საქართველოს პოზიცია საზოგადოების წინაშე კომისიის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის უფლებამოსილებას.

3. კომისიის პასუხისმგებელი მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომისა და შეხვედრების გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენასა და სხდომათა მასალების შენახვაზე.

მუხლი 5. კომისიის სხდომის ჩატარების წესი

1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით.

2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში − თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში − კომისიის თავმჯდომარის დავალებით − კომისიის ერთ-ერთი წევრი.

3. სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის ერთი მესამედის თანხმობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ  საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება უცხო პირზე.

6. კომისიის გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი. ოქმში ასევე უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის კენჭისყრაში მონაწილეობის  შესახებ  თავშეკავების  ან უარის თქმის მიზეზი  (თუ კომისიის წევრი  ამის შესახებ სხდომაზე განაცხადებს), აგრეთვე − სხდომაზე გამოთქმული ყველა განსხვავებული აზრი.

მუხლი 6. ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხები

კომისიის საქმიანობის კოორდინაციას, ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.