„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 04
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016373
04
17/01/2018
ვებგვერდი, 22/01/2018
010250050.35.117.016373
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №04

2018 წლის 17 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებით www.matsne.gov.ge; 17/11/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016326) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შევიდეს  შემდეგი ცვლილება:

ა)  მე-3 მუხლი  მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება. გენდერული თანასწორობის  ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება.“;

ბ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის  სტრუქტურული ერთეულების, კომისიებისა და თანამდებობის პირების მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საკითხების განხილვაში;“;

გ)  მე-16 მუხლი  მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით.“;

დ) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის, ფრაქციის თავმჯდომარე ან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.“;

ე) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის, ფრაქციის თავმჯდომარე ან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.“;

ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი V1:

თავი V1

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო

მუხლი 341. გენდერული თანასწორობის საბჭო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის

უზრუნველსაყოფად საკრებულო ქმნის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს.

მუხლი 342. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილება

1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია;

ბ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;

გ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, გენდერულ საკითხებზე მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები;

დ) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით;

ე) უზრუნველყოს საკრებულოში ინიციირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;

ვ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზებისთვის;

ზ) ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორის საბჭოსთან, მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; მონაწილეობა მიიღოს გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში;

თ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

კ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;

ლ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;

მ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ნ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

2. საბჭო:

ა) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ;

ბ) უფლებამოსილია, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მუნიციპალიტეტი სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში.

მუხლი 343. საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობა

გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობა განისაზღვრება გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“;

ზ) 35-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს/მოადგილეებს, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარე. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეებისა და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და ფრაქციის წესდება.“;

თ) 35-ე მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმაში და/ან წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის ან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.“;

ი) 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეებისა და ფრაქციის მდივნის არჩევის, გადადგომის ან გადაყენების წესი, უფლებამოსილებანი და ფრაქციის შიდა ორგანიზაციულ მუშაობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“;

კ) 114-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს კომისიას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით დააყენოს საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის, მერის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის თანამდებობის პირის წინაშე.

2. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა შეეხებოდეს საკრებულოს თავმჯდომარის, მერის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის თანამდებობის პირის მიერ შესაბამის დარგში გატარებული პოლიტიკის კონკრეტულ ან ზოგად საკითხებს.“;

ლ) 143-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება ჩაითვალოს როგორც: „არადამაკმაყოფილებელი“, „დამაკმაყოფილებელი“, „კარგი“.

5. ანგარიშის არადამაკმაყოფილებლად ან დამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილებით, კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, საქმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია/მითითება/დავალება და მისი შესრულების კონტროლი დაევალოს შესაბამის კომისიას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიასლან საგანელიძე