ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე

ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 21/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 430070000.22.022.017477
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16/ნ
21/02/2018
ვებგვერდი, 23/02/2018
430070000.22.022.017477
ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/02/2018 - 07/07/2020)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №16/ნ

2018 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
ამ ბრძანების დანართის შესაბამისად დამტკიცდეს ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმი.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი



დანართი
ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმი

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო 
ეს წესი განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესსა და პირობებს,  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს, რომელიც მოიცავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის წესს, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და სკოლის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს ინკლუზიური განათლების სფეროში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

2. ამ წესის მიზნებისთვის  ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები – სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ჟესტური ენის სპეციალისტი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი;

ბ) სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის დაწყებით საფეხურზე და ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესში მის ჩართვას დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე;

გ) ფსიქოლოგი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა კოგნიტური, აკადემიური, სოციალური და ფუნქციონალური უნარების შეფასებას, მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისა და  განხორციელების პროცესში, უწევს კონსულტირებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, მასწავლებლებსა და სხვა სპეციალისტებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიების და ქცევის მართვის შესახებ;

დ) ოკუპაციური თერაპევტი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სკოლის გარემოში ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი უნარების შეფასებას და განვითარებას თერაპიული ჩარევის, აქტივობებისა და გარემოს მორგების, ადაპტური საშუალებების შერჩევისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განათლებაში ჩართული პირების კონსულტირების გზით;

ე) ენისა და მეტყველების სპეციალისტი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც უზრუნველყოფს ენისა და მეტყველების დარღვევის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ენობრივი, სამეტყველო და კომუნიკაციური უნარების შეფასებასა და განვითარების ხელშეწყობას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განათლებაში ჩართული პირების კონსულტირებას;

ვ) ჟესტური ენის თარჯიმანი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც უზრუნველყოფს სმენის დარღვევის მქონე/ჟესტური ენის მომხმარებელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ქართული ენიდან ქართულ ჟესტურ ენაზე და პირიქით, ქართული ჟესტური ენიდან ქართულ ენაზე თარგმანს;

ზ) ჟესტური ენის სპეციალისტი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც სმენის დარღვევის მქონე/ჟესტური ენის მომხმარებელ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის ქართულ ჟესტურ ენას;

თ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი - პირი, რომელიც ინდივიდუალურ მხარდაჭერას უწევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს სხვადასხვა საგანმანათლებლო და ფუნქციური აქტივობის დროს;

ი) მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც უსინათლო და მცირე მხედველ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს ასწავლის მობილობასა და სივრცეში ორიენტაციას;

კ) რესურს-ოთახი – სკოლაში არსებული სივრცე, რომელიც ხელმისაწვდომია მასწავლებლების, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის და აღჭურვილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე აუცილებელი  მატერიალურ-ტექნიკური რესურსით, რომელსაც განსაზღვრავს სკოლა და/ან სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი);  

ლ) ეროვნული სასწავლო გეგმა – „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით და „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმა.


თავი II
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებამდე პირის სპეციალური საგანმანათლებლო   საჭიროების  შეფასება

მუხლი 3. ინფორმაციის მიწოდება მულტიდისციპლინური გუნდისათვის
1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – ჩარიცხვის წესი) შესაბამისად,  სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციისას პირის კანონიერი წარმომადგენელი უთითებს პირის სავარაუდო სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებაზე და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების მოთხოვნის მიზნით ავსებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მომართვის ფორმას, რომელსაც დაურთავს შესაბამის დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. პირის კანონიერი წარმომადგენლის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მომართვას და თანდართულ დოკუმენტებს სკოლა უგზავნის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს 2 სამუშაო დღის ვადაში.

3. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მომართვასა და თანდართულ დოკუმენტებს 2 სამუშაო დღეში უგზავნის მულტიდისციპლინურ გუნდს, პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და შესაბამისი დასკვნის შედგენის მიზნით. 


მუხლი 4. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება  და  დასკვნის შედგენა
1. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება და დასკვნის შედგენა ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მომართვისა და თანდართული დოკუმენტების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.

2. მულტიდსიციპლინური გუნდი ვალდებულია, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომართვისა და თანდართული დოკუმენტების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაუკავშირდეს პირის კანონიერ წარმომადგენელს და მასთან შეთანხმებით განსაზღვროს პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების თარიღი,  დრო და ადგილი. მულტიდისციპლინური გუნდი ვალდებულია, პირის კანონიერ წარმომადგენელს წინასწარ განუმარტოს გამოუცხადებლობის შედეგები.

3. მულტიდისციპლინური გუნდი პირის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას აფასებს  და  დასკვნას ადგენს ამ წესის მე-10 და მე-12 მუხლებით დადგენილი წესით.

4.  დასკვნის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, მულტიდისციპლინური გუნდი დასკვნას უგზავნის პირის კანონიერ წარმომადგენელს, შესაბამის სკოლასა და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

5. პირი ირიცხება სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის (რომლითაც დგინდება პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება) საფუძველზე, ჩარიცხვის წესის შესაბამისად.

6. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობა არის სკოლის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, პირის ჩარიცხვა  სკოლაში ხორციელდება ჩარიცხვის წესის შესაბამისად.

7. პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის მიღებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს  სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს და მოითხოვოს ხელახალი შეფასება თუკი სრულად ან ნაწილობრივ არ ეთანხმება მის შინაარსს. 


მუხლი 5. პირის კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა
1. იმ შემთხვევაში, თუ პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება ვერ შედგა პირის კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზით, მულტიდისციპლინური გუნდი ადგენს შესაბამის ოქმს და უგზავნის პირის კანონიერ წარმომადგენელს, შესაბამის სკოლასა და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოქმი არის სკოლის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, პირის ჩარიცხვა  სკოლაში ხორციელდება ჩარიცხვის წესის შესაბამისად.


თავი III
მოსწავლისათვის სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების  მქონე  მოსწავლის  სტატუსის მინიჭება და მოხსნა  სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას 

მუხლი 6. მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სირთულის იდენტიფიცირება
1. იმ შემთხვევაში, თუ საგნის მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი მიიჩნევს, რომ მოსწავლეს თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და მისთვის საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება, საგნის მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის კლასის დამრიგებელს (საგნის მასწავლებლის შემთხვევაში) და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ შესაბამის სპეციალისტებს  (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე სკოლის დირექციას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სკოლის დირექცია აწვდის მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს და ორგანიზებას უწევს მოსწავლის კლასის დამრიგებლის, სკოლის დირექციის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისა (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის შეხვედრას.

3. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადების შემთხვევაში, მოსწავლის კლასის დამრიგებელი მიმართავს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ შესაბამის სპეციალისტებს (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სირთულის პირველადი მართვის შესახებ წერილობითი რეკომენდაციების შემუშავების თაობაზე.


მუხლი 7. მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სირთულის პირველადი მართვა
1. ინკლუზიურ განათლებაში ჩართული შესაბამისი სპეციალისტები (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) საგნის მასწავლებლებთან/კლასის დამრიგებელთან ერთად, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, აფასებენ მოსწავლის მოტორულ, კოგნიტურ, ფსიქოემოციურ, აკადემიურ, კომუნიკაციურ, სოციალურ, ქცევით, ფუნქციურ უნარებს და მოსწავლის მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სირთულის პირველადი მართვის მიზნით შეიმუშავებენ რეკომენდაციებს მასწავლებლის/მასწავლებლების, კლასის დამრიგებლის, სკოლის დირექციისა და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლისათვის წარსადგენად.

2. იმ სკოლაში, სადაც არ არის გათვალისწინებული ინკლუზიურ განათლებაში ჩართული  სპეციალისტის საშტატო ერთეული, მასწავლებელი/მასწავლებლები/კლასის დამრიგებელი თავად განსაზღვრავს/განსაზღვრავენ და იღებს/იღებენ ზომებს მოსწავლის მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სირთულის პირველადი მართვის მიზნით, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის, კლასის დამრიგებლის (მასწავლებლის შემთხვევაში) და სკოლის დირექციის წარმომადგენლის ჩართულობით.

3. მოსწავლის კლასის დამრიგებელი და მასწავლებელი/მასწავლებლები ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ვალდებული არიან, შეასრულონ  ინკლუზიურ განათლებაში ჩართული შესაბამისი სპეციალისტების (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში)  რეკომენდაციები. ასევე, აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვრონ და მიიღონ ყველა საჭირო ზომა მოსწავლის მიერ გამოხატული სირთულის პირველადი მართვის მიზნით.

4. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსწავლეს გამოხატული აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულე, მიუხედავად სკოლის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღებისა ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს 1-დან 2 თვის განმავლობაში,  ამ წესის მე-8 მუხლის მიხედვით სკოლის დირექტორი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისგან მოითხოვოს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებას.


მუხლი 8. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების მოთხოვნა
1. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსწავლეს გამოხატული აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულე, მიუხედავად სკოლის მიერ ამ  წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღებისა ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს 1-დან 2 თვის განმავლობაში, კლასის დამრიგებელი/მასწავლებელი/ინკლუზიურ განათლებაში ჩართული შესაბამისი სპეციალისტები (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილი არიან მიმართონ სკოლის დირექტორს, მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომართვის წარდგენის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია: 

ა) მოსწავლის  მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სიძნელეების აღწერა და დასაბუთება;

ბ) იმ ზომების აღწერა, რომლებიც სკოლამ მიიღო მოსწავლის მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სიძნელეების მართვის მიზნით, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი სკოლას მიმართავს წერილობითი ფორმით და გამოხატავს თანხმობას მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებასთან დაკავშირებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ არ არის თანახმა შედგეს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება, ის სკოლის დირექტორს მიმართავს განცხადებით, რომელშიც ხელმოწერით ადასტურებს, რომ თავად იღებს პასუხისმგებლობას მოსწავლის სწავლის/სწავლების შედეგებზე.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსწავლე კვლავ ავლენს  სიძნელეს სწავლასთან დაკავშირებით, რაც მისი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების აუცილებლობაზე მიუთითებს, ამ მუხლით დადგენილი წესით სკოლა გონივრულ ვადებში განმეორებით იღებს ზომებს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებაზე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი წინააღმდეგია მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების, ვალდებულია აღნიშნულის შესახეხებ განაცხადოს წერილობით.

6. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია,  სკოლის დირექტორს მიმართოს  მულტიდისციპლინური  გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების მოთხოვნით.

7. სკოლიდან უარის მიღების შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია მოსწავლის შეფასებასთან დაკავშირებით თავად მიმართოს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 


მუხლი 9. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შესაფასებლად წარსადგენი დოკუმენტაცია
1. სკოლის დირექტორი ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წარდგენილ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების მოთხოვნას დაურთავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მოსწავლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ)  მოსწავლის  მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სიძნელეების აღწერა და დასაბუთება;

გ) იმ ზომების აღწერა, რომლებიც სკოლამ მიიღო მოსწავლის მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სიძნელეების პირველადი მართვის მიზნით, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი;

დ) კლასის დამრიგებლის/მასწავლებლის/მასწავლებლების მიერ შედგენილი, შესაბამის საგანში/საგნებში მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შეფასების ფორმა, რომლის ნიმუში მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ე)  ინკლუზიური განათლებაში ჩართული სპეციალისტის/სპეციალისტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ შედგენილი  მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სირთულის მართვის პირველადი შეფასებები და რეკომენდაციები;

ვ) მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის  დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების მოთხოვნას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, რომელსაც დაურთავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ინფორმაცია სკოლის მიერ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიმართვაზე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლისათვის უარის თქმის შესახებ (სკოლის დასახელების მითითებით);

ბ) ცნობა მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


მუხლი 10. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება
1. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას, მათი მიღებიდან  5 სამუშაო დღის განმავლობაში უგზავნის მულტიდისციპლინურ გუნდს, რომელიც მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში აფასებს მოსწავლის სპეციალურ  საგანმანათლებლო  საჭიროებას და ადგენს შესაბამის დასკვნას ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.

2. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სკოლისგან მოითხოვს  უარის თქმის დასაბუთებას.

3. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასაბუთების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას უგზავნის მულტიდისციპლინურ გუნდს, რომელიც მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში აფასებს მოსწავლის სპეციალურ  საგანმანათლებლო  საჭიროებას და ადგენს შესაბამის დასკვნას ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.

4. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებას აქვს შემდეგი მიზნები:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/საჭიროებების დადგენა;

ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლის სტატუსის მინიჭება ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ამ სტატუსის მოხსნა;

გ) რეკომენდაციების შემუშავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებასთან ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაციასთან ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენასა და განხორციელებასთან დაკავშირებით;

დ) რეკომენდაციების შემუშავება მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლისათვის მოსწავლის სწავლის/სწავლების სტრატეგიებთან, მისი  დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებასთან დაკავშირებით.

5. მულტიდისციპლინური გუნდი მოსწავლისათვის სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების  შეფასების  მიზნით იყენებს შესაბამის შეფასების ინსტრუმენტებს.

6. მულტიდისციპლინური გუნდი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების  მიზნით, საჭიროების შესაბამისად, იყენებს შემდეგ მეთოდებს:

ა)  ინტერვიუ;

ბ) ქცევაზე დაკვირვება;

გ)  ტესტის/კითხვარის შევსება;

დ) მასწავლებლის/მასწავლებლების ან/და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული  სპეციალისტების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის გაცნობა;

ე) მოსწავლის მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სირთულის პირველადი მართვის მიზნით სკოლის მიერ შემუშავებული  რეკომენდაციების გაცნობა;

ვ) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების  შეფასებებისა და რეკომენდაციების გაცნობა.  


მუხლი 11. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სპეციალური   საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მოხსნის მიზნით
1. თუ არსებობს საგნის მასწავლებლის, კლასის დამრიგებლის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასაბუთებული ვარაუდი, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებს კონკრეტულ საგანში/საგნებში და აღარ ესაჭიროება მინიჭებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი, მოსწავლის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას აფასებს და შესაბამის დასკვნას ადგენს მულტიდისციპლინური გუნდი.

2. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის დირექტორს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ხელახალი შეფასების ინიციატივით მიმართავს საგნის მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) და აღნიშნულზე არსებობს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, სკოლის დირექტორი ვალდებულია სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან მოითხოვოს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება. 

3. სკოლის მიერ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიმართვის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სკოლის დირექტორის მიმართვას უნდა ახლდეს:

ა) კლასის დამრიგებლის/მასწავლებლის/მასწავლებლების მიერ შედგენილი, შესაბამის საგანში/საგნებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) აღწერის ფორმა რომელიც მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების შეფასებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭების თაობაზე;

დ) მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის  წერილობითი თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია, მიმართოს სკოლის დირექტორს და  მოითხოვოს მულტიდისციპლინური  გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მოხსნის მიზნით. სკოლისგან უარის მიღების შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია, თავად მიმართოს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ამ მოთხოვნით. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი მიმართვის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სპეციალური   საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებასა და დასკვნის შედგენას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მოხსნის მიზნით მულტიდისციპლინური გუნდი ახორციელებს ამ წესის მე-10 და მე-12 მუხლებით დადგენილი წესით.


მუხლი 12. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ დასკვნის შედგენა
1. საგანმანათლებლო ისტორიის არმქონე პირის/მოსწავლის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/საჭიროებების კომპლექსური და სიღრმისეული შესწავლისა და  შეფასების შედეგად მულტიდისციპლინური გუნდი ადგენს დასკვნას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. მულტიდისციპლინური გუნდი ამ მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებულ დასკვნას, მისი შედგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, უგზავნის საგანმანათლებლო ისტორიის არმქონე პირის/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს,  სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს  და სკოლას.

3. საგანმანათლებლო ისტორიის არმქონე პირის/მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის მიღებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში განცხადებით მიმართოს  სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს და მოითხოვოს ხელახალი შეფასება თუკი სრულად ან ნაწილობრივ არ ეთანხმება მის შინაარსს. 


მუხლი 13. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება ვერ შედგა მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზით, მულტიდისციპლინური გუნდი ადგენს შესაბამის ოქმს და უგზავნის მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, შესაბამის სკოლასა და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 

მუხლი 14. თარჯიმნის  ჩართულობა მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობაში
იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო ისტორიის არმქონე პირი/მოსწავლე ან/და მისი კანონიერი წარმომადგენელი არის სმენის დარღვევის მქონე ან არ ფლობს სახელმწიფო ენას, შესაძლებელია  კანონიერმა წარმომადგენელმა უზრუნველყოს ჟესტური ენის თარჯიმნის ან შესაბამისი ენის თარჯიმნის მომსახურება.  

თავი IV
ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის შერჩევა საჯარო სკოლის მიერ

მუხლი 15. ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის შერჩევა კონკურსის წესით
1. საჯარო სკოლა ვალდებულია ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი შეარჩიოს კონკურსის წესით.

2. კონკურსის მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტისათვის დადგენილ მოთხოვნებთან.

3. კონკურსის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) სამართლიანობა;

გ) საჯაროობა;

დ) გამჭვირვალობა;

ე) არადისკრიმინაციულობა;

ვ) ობიექტურობა;

ზ) მიუკერძოებლობა.


მუხლი 16. კონკურსის გამოცხადება
1.  ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის შერჩევის მიზნით კონკურსი ცხადდება საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. განცხადება ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, ინტერნეტსივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე (მათ შორის www.pedagogi.ge-ზე).

3.  ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: 

ა) შესაბამისი საჯარო სკოლისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის დასახელებას;

ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;

გ) შესასრულებელ სამუშაოს;

დ) შრომის ანაზღაურების ოდენობას;

ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;

ვ) შესაბამისი საჯარო სკოლის მისამართს;

ზ) კონკურსის ეტაპებს;

თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების  მიღების ვადას;

ი) სხვა ინფორმაციას შესაბამისი საჯარო სკოლის გადაწყვეტილებით.

4. განცხადებების წარდგენის ვადა განისაზღვრება საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც არ შეიძლება იყოს ათ დღეზე ნაკლები. 


მუხლი 17. კომისიის შექმნის წესი
1. ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის შერჩევის მიზნით კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად,  საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი  კომისია.

2. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 წევრისაგან.

3. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ უნდა იქნეს არანაკლებ ერთი მულტიდისციპლინური გუნდის წევრი.

4. კომისიის წევრად შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი ორგანიზაციის წევრი/წევრები (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი შესაბამის საჯარო სკოლასთან).

5. პირი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა.


მუხლი 18. კონკურსის ჩატარების ფორმები და პირობები
1. კონკურსს ატარებს ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული კომისია.

2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:           

ა) განცხადების გადარჩევა;

ბ) წერითი დავალება;

გ) ტესტირება;

დ) გასაუბრება.

3. განცხადების გადარჩევას (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმება), უზრუნველყოფს კომისია. ამ მიზნით საჯარო სკოლა ვალდებულია კომისიის წევრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიაწოდოს შემოსული განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია.

4. კონკურსის პროგრამას, ეტაპებს, პირობებს, შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია, საჯარო სკოლის დირექტორთან შეთანხმებით.

5.  ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.

6. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლა. 


მუხლი 19. კომისიის წევრის აცილება
1. კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ეტაპების დაწყებამდე, წინასწარ, განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. ის, შესაბამისად, ვერ მიიღებს მონაწილეობას კანდიდატების შეფასებასა და კანდიდატების მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში.

3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული, კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.


მუხლი 20. კომისიის საქმიანობა
1. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება მულტიდისციპლინური გუნდის წევრის ხმა.

2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტისათვის დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს საჯარო სკოლის დირექტორის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება.

3. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

4. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. კომისიის გადაწყვეტილება შემდგომი რეაგირების მიზნით წარედგინება საჯარო სკოლის დირექტორს.

5. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წერილობით ან  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილების შესახებ.


მუხლი 21. ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება
კომისიის მიერ მიღებული ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს შესაბამისი საჯარო სკოლის დირექტორი.

თავი V
ინკლუზიური განათლება სკოლაში

მუხლი 22. სკოლის ვალდებულებები
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის   სწავლა/სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სკოლა ვალდებულია:

ა) შენობა-ნაგებობის ფიზიკური გარემოს მოწყობის მიზნით, ითანამშრომლოს სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან;

ბ) სკოლის დირექციის წარმომადგენლების, მასწავლებლების, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული განვითარების მიზნით ითანამშრომლოს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოებული აქვთ მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მქონე პირის სკოლაში ჩარიცხვისთანავე ან მოსწავლისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭებისთანავე დაიწყოს ზრუნვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე;

დ) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის საჭიროების შემთხვევაში, საჭიროების იდენტიფიცირებიდან 1 კვირის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნით;

ე) ხელი შეუწყოს სმენის დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლის სპეციალურ მასწავლებლს ჟესტური ენის შესწავლაში;

ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მქონე პირის სკოლაში ჩარიცხვისთანავე ან მოსწავლისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭებისთანავე განახორციელოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნის მიზნით;

ზ) არანაკლებ 3 თვეში ერთხელ უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;

თ) სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სკოლაში ინკლუზიური განათლების განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, ასევე სკოლის ბიუჯეტში ინკლუზიური განათლების განხორციელების სამოქმედო გეგმის დანერგვისათვის შესაბამისი ასიგნებების გათვალისწინება;

ი) განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 


მუხლი 23. სპეციალური მასწავლებელი
1. სპეციალური მასწავლებელი:

ა) წინასწარ განსაზღვრული განრიგით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობს ინდივიდუალურად, მათ შორის რესურს-ოთახში და ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს;

ბ) აღწერს  მოსწავლის აკადემიურ, კოგნიტურ, კომუნიკაციურ, სოციალურ, ფსიქოემოციურ, ქცევით, ფუნქციურ და მოტორულ უნარებს და შეიმუშავებს მოსწავლის სწავლასთან გამოხატული სიძნელის პირველადი მართვის რეკომენდაციებს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის, კლასის დამრიგებლის, მასწავლებლის, სკოლის დირექციისათვის; 

გ) საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობს მასწავლებლებთან შესაბამის საგანში/საგნებში მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შეფასების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით;

დ) საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს სკოლის დირექტორს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და  მულტიდისციპლინური გუნდის  მიერ შესაბამისი დასკვნის მომზადების მოთხოვნით; 

ე) ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი წესით მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფის (შემდგომში – ისგ ჯგუფი) საქმიანობაში; 

ვ)  მონაწილეობს სკოლის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლისთვის  შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში;

ზ) თანამშრომლობს კლასის დამრიგებელთან და მასწავლებელთან/მასწავლებლებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებასა და მათი ქცევის მართვაში კონსულტაციის გაწევისა და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით;

თ) ასწავლის კომუნიკაციის სირთულის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული საშუალებების გამოყენებასა და სოციალურ ურთიერთობებს;

ი) ეხმარება მასწავლებელს/მასწავლებლებს, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელსა და  ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს, გამოიყენონ კომუნიკაციის დამხმარე და  ალტერნატიული საშუალებები კომუნიკაციის სირთულის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ურთიერთობისას;

კ) საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული განრიგით, ეხმარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო შედეგების მიღწევაში;

ლ)  შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესა და მის თანაკლასელებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;

მ) თანამშრომლობს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან, აცნობს მათ უფლებებს ინკლუზიური განათლების სფეროში, აწვდის ინფორმაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, მოსწავლის სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების გათვალისწინებით მიმართავს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს შესაბამისი რეკომენდაციებით;

ნ) თანამშრომლობს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან და  საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლესთან;

ო) ახორციელებს დაკვირვებას კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლების მიერ ინდივიდუალური სასწავლო  გეგმის  შესრულებაზე;  დაკვირვების შედეგად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართავს სკოლის დირექციას რეაგირებისთვის;

პ) ხელს უწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების კულტურის დანერგვას;

ჟ) ახორციელებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შესაბამისად,  იყენებს შემდეგ მეთოდებს:  

ა)   ინტერვიუს ჩატარება მოსწავლესთან,  მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან, კლასის დამრიგებელთან, მასწავლებლებთან, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებთან, სკოლის დირექციის წარმომადგენლებთან, სკოლის მანდატურთან,  მოსწავლის თანაკლასელებთან.

ბ) მოსწავლის ქცევაზე დაკვირვება საგაკვეთილო პროცესში/შესვენებაზე/თანაკლასელებთან ურთიერთობისას;

გ)   მოსწავლის ტესტირება;

დ)   მოსწავლის მიერ შესაბამის საგანში/საგნებში მიღებული შეფასებების გაცნობა;

ე)  ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ თავისი/თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული მოსწავლის  შეფასების შედეგების გაცნობა.


მუხლი 24. მასწავლებელი  
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შესაბამისი საგნის მასწავლებელი:

ა) აკვირდება მოსწავლის მიერ გამოხატულ პროგრესს  სწავლაში და აფასებს მისი მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები)  დონეს,  ახდენს  მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სიძნელის დროულ იდენტიფიცირებას;

ბ) მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სიძნელის იდენტიფიცირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართავს კლასის დამრიგებელს ან/და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ შესაბამის სპეციალისტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების მოთხოვნით ამ წესის მე-8 მუხლით დადგენილი წესით მიმართავს სკოლის დირექციას;

დ) მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სირთულის პირველადი მართვისას ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის  (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკომენდაციების შესრულების მიზნით თანამშრომლობს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტთან და იღებს ყველა საჭირო  ზომას;                                           

ე) მონაწილეობს ისგ ჯგუფის საქმიანობაში;

ვ)  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიღწევების ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სასწავლო შედეგებთან  შესაბამისობის  უზრუნველყოფის მიზნით მიმართავს სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებს;

ზ)   შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესა და მის თანაკლასელებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;       

თ) თანამშრომლობს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან/კლასის დამრიგებელთან/ ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელების პროცესში;

ი) აწვდის მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ინფორმაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, მოსწავლის სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების გათვალისწინებით მიმართავს მას რეკომენდაციებით;

კ) ახორციელებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 25. მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი
მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი:

ა) მონაწილეობას იღებს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლის შეფასებაში;

ბ) მონაწილეობას იღებს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაში;

გ) ეხმარება და კონსულტაციას უწევს მასწავლებელს, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებს ეროვნული და ინდივიდუალური სასწავლო გეგმების განხორციელების პროცესში;

დ) უზრუნველყოფს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლისათვის, მისი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, სკოლაში, მათ შორის რესურს-ოთახში და სახლში გარემოს, აქტივობების, რესურსების მორგებას ან საჭირო ადაპტაციისათვის რეკომენდაციების შემუშავებას;

ე) სივრცითი ორიენტაციის უნარის განსავითარებლად წარმართავს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ მუშაობას  მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებთან;

ვ) ხელს უწყობს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლის სივრცეში დამოუკიდებლად გადაადგილებისათვის საჭირო უნარების განვითარებასა და დამოუკიდებლობას;

ზ) უზრუნველყოფს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა კანონიერ წარმომადგენლებთან ჯგუფური ან ინდივიდუალური მუშაობის წარმართვას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.


მუხლი 26. ოკუპაციური თერაპევტი
ოკუპაციური თერაპევტი:

ა) ხელს უწყობს მოსწავლის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას და ზრდის ყოველდღიურ აქტივობებში მისი მონაწილეობის შესაძლებლობას;

ბ) ხელს უწყობს მოსწავლის უნარ-ჩვევების განვითარებას, სასწავლო აქტივობებში ჩართულობას და გარემოს მორგებას, საყოფაცხოვრებო უნარების განვითარებას, მათ შორის, თვითმოვლის, სამზარეულოს გამოყენების, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებას;

გ) ადაპტური საშუალებების შერჩევისა და საკონსულტაციო სამუშაოების განხორციელების გზით, ხელს უწყობს მოსწავლის სასწავლო პროცესში მონაწილეობასა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების ხარისხის გაზრდას. 


მუხლი 27. ენისა და მეტყველების სპეციალისტი 
ენისა და მეტყველების სპეციალისტი:

ა) აფასებს მოსწავლის ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის  განვითარებას (ენა, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველება, ვერბალური მოქნილობა და ენაბორძიკი, არტიკულაცია, კომუნიკაციის სტილი) და სმენით ფუნქციას/სმენითი აღქმის უნარს და შეფასების საფუძველზე ადგენს მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების გეგმასა და განრიგს;

ბ) მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს მოსწავლესთან როგორც  ინდივიდუალურ ისე ჯგუფურ სამუშაოებს;

გ) თითოეული მოსწავლისათვის შემუშავებულ მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითრების გეგმას აცნობს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, მასწავლებლებს და  მოსწავლის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სხვა პირს;

დ) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში და მასწავლებლებს აწვდის ინფორმაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ენის, მეტყველების, კომუნიკაციისა და სმენითი ფუნქციის  თავისებურებების შესახებ, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია  საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის დროს;

ე) აერთიანებს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციური უნარების მიზნებს აკადემიურ და სოციალურ მიზნებთან;

ვ) მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს უწევს კონსულტაციას და აცნობს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის ხელშემწყობ  სტრატეგიებს;

ზ) თანამშრომლობს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან, მასწავლებლებთან, მათთან ერთად გეგმავს და იყენებს სტრატეგიებს,  რომლებიც  ხელს  უწყობს  ენისა და მეტყველების დარღვევის მქონე  მოსწავლის განვითარებას, სასწავლო პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას და სწავლას;

თ) უზრუნველყოფს ენის/მეტყველებისა და კომუნიკაციის  განვითრებისთვის საჭირო მასალის შერჩევას, ორგანიზებასა და გამოყენებას;

ი) მოსწავლესთან მუშაობის პროცესში იყენებს ენის/მეტყველებისა და კომუნიკაციის  განვითარების სხვადასხვა თანამედროვე მეთოდებს, სტრატეგიებს, მიდგომებსა და დამხმარე საშუალებებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე უწევს კონსულტაციას მასწავლებელსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.


მუხლი 28. ფსიქოლოგი
ფსიქოლოგი:

ა) აფასებს და აღწერს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა აკადემიურ, სოციალურ და ფუნქციურ უნარებს;

ბ) მონაწილეობას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისა და  განხორციელების პროცესში;

გ) კონსულტაციას უწევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, მასწავლებლებს და სხვა სპეციალისტებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიების, ქცევის მართვის და ა.შ. შესახებ;

დ) საჭიროების შემთხვევაში მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ინდივიდუალურად და ჯგუფურად;

ე) ეხმარება მასწავლებელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ურთიერთობაში;

ვ) საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთან ერთად შეიმუშავებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ადაპტირებულ სასწავლო მასალას;

ზ) ადვოკატირებას უწევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის უფლებებს;

თ) ზრუნავს სკოლის დირექციის, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ცნობიერების ამაღლებაზე ინკლუზიური განათლების სფეროში;

ი) ზრუნავს სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნაზე;

კ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლის გადამისამართებას სხვა სპეციალისტთან.


მუხლი 29. ჟესტური ენის თარჯიმანი
ჟესტური ენის თარჯიმანი:

ა)  სმენის დარღვევის იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს, რომელთა სწავლებაც ქართულ ჟესტურ  ენაზე მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესსა და  სხვა სასკოლო სიტუაციებში უზრუნველყოფს თარგმანით – ქართული ენიდან ქართულ ჟესტურ ენაზე და, პირიქით, ქართული ჟესტური ენიდან ქართულ ენაზე.

ბ) თანამშრომლობს საგნის მასწავლებლებთან და სკოლის სხვა სპეციალისტებთან გაკვეთილის თარგმანის  მომზადების მიზნით;  

გ) მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან გამართულ საინფორმაციო/საკონსულტაციო და სკოლის სხვა სპეციალისტების ერთობლივ სამუშაო შეხვედრებში. 


მუხლი 30. ჟესტური ენის სპეციალისტი
ჟესტური ენის სპეციალისტი:

ა) სხვა სპეციალისტებთან ერთად აფასებს სმენის დარღვევის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ენობრივ განვითარებას და მასთან დაკავშირებულ საჭიროებებს;

ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ენობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს მისთვის კომუნიკაციის საუკეთესო ფორმას - ჟესტური ენა ან ჟესტების თანხლებით მეტყველება;

გ) მონაწილეობს სმენის დარღვევის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისა და განხორციელების პროცესში;

დ) ჟესტური ენის სწავლების მიზნით, შეიმუშავებს ერთი სემესტრის/სასწავლო წლის სასწავლო პროგრამას. აღნიშნულ პროცესში თანამშრომლობს საგნის მასწავლებლებთან და  სპეციალურ მასწავლებელთან რათა ჟესტური ენის სწავლებაში მოხდეს საგნობრივი ლექსიკის ინტეგრირება;

ე) ჟესტური ენის ცალკეული გაკვეთილისთვის შეიმუშავებს დეტალურ გეგმას;

ვ) ხელს უწყობს სმენის დარღვევის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების ჟესტურ ენაზე კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაძლიერებას და თარჯიმნის დახმარების ეფექტურად გამოყენებას;

ზ) მონაწილეობს სმენის დარღვევის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ბილინგვური განათლების პროცესში;

თ) სპეციალურ და საგნის მასწავლებლებთან ერთად გეგმავს და ატარებს გაკვეთილებს;

ი) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებების საშუალებით და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს სკოლის თემში ჟესტური ენისა და მისი გამოყენების პოპულარიზაციას;

კ) შესაძლებლობების ფარგლებში, პერიოდულად უზრუნველყოფს სმენის დარღვევის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჟესტური ენის მომხმარებელ თანატოლებთან და უფროსებთან/ყრუთა თემთან ინტერაქციას;

ლ) საჭიროების შემთხვევაში, ასწავლის ქართულ ჟესტურ ენას სმენის დარღვევის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მასწავლებლებს, სხვა სპეციალისტებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს და სურვილის შემთხვევაში, სმენის მქონე თანატოლებს;

მ) მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან გამართულ საინფორმაციო/საკონსულტაციო და სკოლის სხვა სპეციალისტების ერთობლივ სამუშაო შეხვედრებში. 


მუხლი 31. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი:

ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ დახმარებას უწევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს თვითმომსახურების აქტივობების განხორციელებასა და სკოლის გარემოში, მათ შორის რესურს-ოთახში ყოველდღიურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილებაში;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ დახმარებას უწევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესის დროს;

გ) მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებულ განხილვებში.   


მუხლი 32. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლის/სწავლების ხარისხის გაუმჯობესება
1. იმ შემთხვევაში, თუ მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მიუხედავად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე  ვერ აღწევს  ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სასწავლო შედეგებს, სკოლის დირექტორი, ისგ ჯგუფის ან/და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ინიციატივითა და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს   რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვას უნდა დაერთოს:

ა) მასწავლებლის/მასწავლებელების მიერ შედგენილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიღწევების (უნარ-ჩვევების, ცოდნის) შეფასება იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც    მოსწავლე ავლენს სწავლასთან დაკავშირებულ სიძნელეს;

ბ)  ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების შეფასებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;

დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის აღსრულების მიზნით სკოლის მიერ გატარებული ზომების ანგარიში.

3. მულტიდისციპლინური გუნდი მომართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სწავლობს მიმართვასა და თანდართულ დოკუმენტაციას და საჭიროების შესაბამისად, იღებს  ზომებს.

4. მულტიდისციპლინური გუნდი,  სკოლის მიერ მიღებული ზომების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს და სკოლას წერილობით წარუდგენს რეკომენდაციებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლის/სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის წევრები  კონსულტაციას უწევენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, კლასის დამრიგებელს,  მასწავლებელს/მასწავლებლებს, სკოლის დირექციის წარმომადგენლებს.  


თავი VI
ინკლუზიურ განათლებაზე მონიტორინგი

მუხლი 33. ინკლუზიურ განათლებაზე მონიტორინგის სახეები
სკოლაში ინკლუზიურ განათლებაზე ხორციელდება გარე და შიდა მონიტორინგი.   

მუხლი 34. ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგი
1. ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგს სკოლა ახორციელებს არანაკლებ სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ.

2. ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგის განხორციელების წესი განისაზღვრება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სკოლა შიდა მონიტორინგის ინსტრუმენტს შეიმუშავებს სამინისტროსა და მულტიდისციპლინური გუნდის რეკომნდაციის საფუძველზე.

4. ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგის განხორციელების მიზნით სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის ჯგუფს და განსაზღვრავს მის უფლებამოსილებებს.

5. ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგის განხორციელების მიზნით შექმნილი ჯგუფი ადგენს ინკლუზიურ განათლებაზე განხორციელებული შიდა მონიტორინგის დასკვნას, რომელსაც დასკვნის შედგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა წარუდგენს სამინისტროს.


მუხლი 35. ინკლუზიურ განათლებაზე  გარე  მონიტორინგი
1. ინკლუზიურ განათლებაზე გარე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო ან/და სამინისტროს მიერ განსაზღვრული შესაბამისი ორგანო/ორგანიზაცია, როგორც სკოლის წინასწარი შეტყობინებით, ასევე შეტყობინების გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარე მონიტორინგის განხორციელების შედეგად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენისა და სკოლის მიერ მისი გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი  უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს.