ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016404
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,   24-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   „ბ.თ“   ქვეპუნქტის,   61-ე   მუხლის   მე-2   პუნქტისა   და  „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეიქმნას  ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება“, დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 24/08/2017 წ; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016180).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიასლან საგანელიძე



დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 
1.  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.

2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №01 დადგენილებით, ამ დებულებისა და სხვა  სამართლებრივი  აქტების შესაბამისად.

 3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.


მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და  უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ბ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

გ)  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით;

ვ) საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში  წინადადებების  შემუშავება  და  შესაბამისი  ორგანოსთვის  წარდგენა;

ზ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის, ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

თ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ი) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა;

მ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად;

ნ) ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ო) საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ასევე საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორის საბჭოსთვის გაგზავნა.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი;

ბ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.


მუხლი 3. საბჭოს  სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის  მოადგილის,  საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.

2. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები;

დ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები.

3. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა თანამდებობის პირები, ასევე შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.

4. საბჭოს თავმჯდომარეობს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

5. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.

7. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა და არასამთავობო სექტორის წარმომადგენლებმა.


მუხლი 4. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას.

2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით - საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.

5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

7. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.

8. საბჭოს სხდომების ორგანიზებას და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.

9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

10. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები, რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს.


მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის   ორგანიზაციულ-ტექნიკური  უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.


totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.