მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ კონვენცია

მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ კონვენცია
დოკუმენტის ნომერი UN-V-3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/09/1954
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 22/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016526
UN-V-3
28/09/1954
ვებგვერდი, 28/03/2018
480610000.03.030.016526
მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
კონვენცია
მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ

მიღებულია 1954 წლის 28 სექტემბერს სახელმწიფოთა სრულუფლებიან წარმომადგენელთა კონფერენციაზე, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1954 წლის 26 აპრილის №526A(XVII) რეზოლუციით

ძალაში შევიდა 1960 წლის 6 ივნისს, 39-ე მუხლის შესაბამისად.

პრეამბულა

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები,

რომლებიც მიიჩნევენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებამ და 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციამ განამტკიცეს პრინციპი - ყველა ადამიანი სარგებლობს ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, დისკრიმინაციის გარეშეს,

რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მრავალჯერ გამოხატა ღრმა შეშფოთება მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით და ძალ-ღონეს არ იშურებდა, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის განემტკიცებინა ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის ფართო შესაძლებლობა,

რომ 1951 წლის 28 ივლისის კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ მოიცავს მხოლოდ იმ მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ამავე დროს, ლტოლვილნიც არიან, და ძალიან ბევრი მოქალაქეობის არმქონე პირია, რომლებიც ვერ ხვდებიან ამ კონვენციის მოქმედების სფეროში,

რომ სასურველია მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსი დარეგულირდეს და გაუმჯობესდეს საერთაშორისო ხელშეკრულებით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


I თავი

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. „მოქალაქეობის არმქონე პირის“ განმარტება

1. ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „მოქალაქეობის არმქონე პირი“ ნიშნავს პირს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ, კანონის მოქმედების შესაბამისად.

2. კონვენცია არ გამოიყენება:

(I) იმ პირების მიმართ, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოების ან ორგანიზაციების დაცვით, გარდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრისა, მანამ სანამ იღებენ ასეთ დაცვას;

(II) იმ პირების მიმართ, რომლებსაც საცხოვრებელი სახელმწიფო ანიჭებს ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს;

(III) იმ პირთა მიმართ, ვისთან დაკავშირებითაც სერიოზული მიზეზი არსებობს, მივიჩნიოთ, რომ:

(ა) მათ ჩაიდინეს დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, როგორც ეს განმარტებულია ამ დანაშაულის რეგულირების მიზნით შექმნილი საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

(ბ) მათ ჩაიდინეს არაპოლიტიკური ხასიათის დანაშაული საცხოვრებელი სახელმწიფოს გარეთ, ამ სახელმწიფოში ჩასვლამდე;

(გ) ისინი დამნაშავედ არიან ცნობილნი დანაშაულისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებსა და მიზნებს.

მუხლი 2. ზოგადი ვალდებულებები

მოქალაქეობის არმქონე ყველა პირს აქვს ვალდებულებები ადგილსამყოფელი ქვეყნის წინაშე, რაც განსაკუთრებით მოითხოვს მისი კანონებისა და წესების, ასევე მართლწესრიგის შესანარჩუნებლად მიღებული ღონისძიებების შესრულებას.

მუხლი 3. დისკრიმინაციის დაუშვებლობა

ხელშემკვრელი სახელმწიფოები ამ კონვენციის დებულებებს გამოიყენებენ მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ, მიუხედავად რასისა, რელიგიისა ან წარმოშობის სახელმწიფოს, დისკრიმინაციის გარეშე.

მუხლი 4. რელიგია

ხელშემკვრელი სახელმწიფოები თავიანთ ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირებს მიანიჭებენ ისეთსავე ხელსაყრელ რეჟიმს, როგორიც აქვთ თავიანთ მოქალაქეებს, მათი და მათი ბავშვების რელიგიური აღმსარებლობისა თუ რელიგიური განათლების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

მუხლი 5. კონვენციის მიღმა მინიჭებული უფლებები

წინამდებარე კონვენციაში არც ერთი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ის ზიანს აყენებდეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მოქალაქეობის არმქონე პირისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას ან სარგებელს, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კონვენციით.

მუხლი 6. ტერმინი „იმავე გარემოებებში“

ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „იმავე გარემოებებში“ გულისხმობს, რომ ნებისმიერი მოთხოვნა (დროებითი ადგილსამყოფლისა და ცხოვრების ხანგრძლივობის ჩათვლით), რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ცალკეულმა ინდივიდმა განსახილველი უფლებით სარგებლობისათვის, თუ იგი არ არის მოქალაქეობის არმქონე პირი, უნდა შესრულდეს, გარდა იმ მოთხოვნებისა, რომელთა შესრულება, მათი ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია მოქალაქეობის არმქონე პირისათვის.

მუხლი 7. ნაცვალგების პრინციპისგან გათავისუფლება

1. ხელშემკვრელი სახელმწიფო მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ გამოიყენებს დებულებებს, რომლებიც საერთოდ გამოიყენება უცხოელთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენცია შეიცავს უფრო ხელსაყრელ დებულებებს.

2. სამწლიანი ცხოვრების შემდეგ მოქალაქეობის არმქონე ყველა პირი გათავისუფლდება კანონმდებლობით დადგენილ ნაცვალგების პრინციპისაგან ხელშემკვრელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე.

3. ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფო შეუნარჩუნებს მოქალაქეობის არმქონე პირებს იმ უფლებებსა და სარგებელს, რომლებზეც ისინი იყვნენ უფლებამოსილნი, ნაცვალგების არსებობის გარეშე, სახელმწიფოსათვის ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღემდე.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოები გულისხმიერად განიხილავენ შესაძლებლობას, ნაცვალგების არარსებობის შემთხვევაში, მოქალაქეობის არმქონე პირებს მიანიჭონ უფრო მეტი უფლება და სარგებელი, ვიდრე გათვალისწინებულია მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და გაავრცელონ ნაცვალგებისაგან გათავისუფლება მოქალაქეობის არმქონე იმ პირებზე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

5. მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები გამოიყენება ამ კონვენციის მე-13, მე-18, მე-19, 21-ე და 22-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებისა და სარგებლის მიმართ, ასევე იმ უფლებებისა და სარგებლის მიმართ, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კონვენციით.

მუხლი 8. განსაკუთრებული ღონისძიებებისაგან გათავისუფლება

რაც შეეხება განსაკუთრებულ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ქვეყნის მოქალაქეების ან ყოფილი მოქალაქეების, მათი ქონებისა და ინტერესების წინააღმდეგ, ხელშემკვრელი სახელმწიფოები არ გამოიყენებენ მათი მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პირი ადრე იყო სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. ის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, რომელთაც კანონმდებლობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ ამ მუხლით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპის გამოყენება, შესაბამის შემთხვევებში, დააწესებენ გამონაკლისებს მოქალაქეობის არმქონე პირების სასარგებლოდ.

მუხლი 9. დროებითი ღონისძიებები

ეს კონვენცია ხელს არ უშლის ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ომის ან სხვა მძიმე თუ განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას განახორციელოს დროებითი ღონისძიებები, რომელთაც კონკრეტულ პირთან მიმართებით ეროვნული უსაფრთხოებისათვის არსებითად მიიჩნევს, სანამ ხელშემკვრელი სახელმწიფო დაადგენს, რომ პირი ნამდვილად მოქალაქეობის არმქონეა და ასეთი ღონისძიებების განხორციელება აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

მუხლი 10. ცხოვრების უწყვეტობა

1. თუ მეორე მსოფლიო ომის დროს პირი იძულებით გადაადგილებულ იქნა და გადაასახლეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იძულებით ცხოვრების პერიოდი ჩაითვლება ამ ტერიტორიაზე კანონიერ ცხოვრებად.

2. თუ მეორე მსოფლიო ომის დროს პირი იძულებით გადაადგილდა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან და კონვენციის ძალაში შესვლამდე დაბრუნდება დასახლების მიზნით, იძულებით გადაადგილებამდე და მის შემდეგ ცხოვრება ჩაითვლება ერთიანად და უწყვეტად ნებისმიერი მიზნისათვის, რაც მოითხოვს უწყვეტ ბინადრობას.

მუხლი 11. მოქალაქეობის არმქონე მეზღვაური

თუ მოქალაქეობის არმქონე პირი მუდმივად მუშაობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს დროშით მცურავ გემზე, მაშინ ეს სახელმწიფო გულისხმიერად მოეკიდება მის დაფუძნებას თავის ტერიტორიაზე და მისცემს სამგზავრო დოკუმენტებს ან თავის ტერიტორიაზე დროებით შესვლის უფლებას, განსაკუთრებით კი იმ მიზნით, რომ გაუმარტივოს მას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დამკვიდრების შესაძლებლობა.

II თავი

იურიდიული სტატუსი

მუხლი 12. პირადი სტატუსი

1. მოქალაქეობის არმქონე პირის პირადი სტატუსი განისაზღვრება მისი დომიცილის სახელმწიფოს სამართლით, ხოლო თუ მას არ აქვს დომიცილის ადგილი, მაშინ – მისი საცხოვრებელი სახელმწიფოს სამართლის შესაბამისად.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფო პატივს სცემს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მანამდე შეძენილ უფლებებს, რაც დაკავშირებულია მის პირად სტატუსთან, კერძოდ უფლებებს, რომლებიც გამომდინარეობს ქორწინებიდან, თუ შესრულდება ამ სახელმწიფოს სამართლით გათვალისწინებული ფორმალობები, საჭიროების შემთხვევაში ამ სახელმწიფოს სამართლით გათვალისწინებული ფორმალობები, საჭიროების შემთხვევაში და იმ პირობით, რომ ეს უფლება აღიარებული იქნებოდა ამ სახელმწიფოს სამართლით იმ შემთხვევაში, თუ პირს ექნებოდა მოქალაქეობა.

მუხლი 13. მოძრავი და უძრავი ქონება

მოძრავი და უძრავი ქონების შეძენასთან და მათთან დაკავშირებულ უფლებებთან, იჯარისა და უძრავ და მოძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კონტრაქტებთან მიმართებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები მოქალაქეობის არმქონე პირს ჩააყენებენ შეძლებისდაგვარად ხელსაყრელ მდგომარეობაში, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, არანაკლებ ხელსაყრელი უნდა იყოს იმავე გარემოებებში ზოგადად უცხოელებისათვის მინიჭებულ უფლებებთან მიმართებაში.

მუხლი 14. საავტორო და სამეწარმეო უფლებები

სამეწარმეო უფლებებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: გამოგონებები, დიზაინი და მოდელები, სავაჭრო ნიშნები, სავაჭრო სახელები და უფლებები ლიტერატურულ, მხატვრულ და სამეცნიერო ნაშრომებზე, მოქალაქეობის არმქონე პირი იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობს, ისევე იქნება დაცული, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები; ხოლო ნებისმიერი სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იგი ისარგებლებს ისეთივე დაცვით, როგორითაც სარგებლობენ ამ ტერიტორიაზე იმ ქვეყნის მოქალაქეები, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს.

მუხლი 15. გაერთიანების უფლება

რაც შეეხება არაპოლიტიკურ და არაკომერციულ გაერთიანებებსა და პროფესიულ კავშირებს, ხელშემკვრელი სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირებს შეძლებისდაგვარად ხელსაყრელ რეჟიმს მიანიჭებს, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, არანაკლებ ხელსაყრელი უნდა იყოს იმავე გარემოებებში, ზოგადად უცხოელებისათვის მინიჭებულ უფლებებთან მიმართებაში.

მუხლი 16. სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა

1. ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს უფლება, თავისუფლად მიმართოს სასამართლოს.

2. მოქალაქეობის არმქონე პირი იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი, სასამართლოს ხელმისაწვდომობის მხრივ, სარგებლობს ისეთივე უფლებებით, როგორითაც სარგებლობენ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ეს უფლებები მოიცავს ასევე იურიდიულ დახმარებასა და იურიდიული ხარჯების გადახდისაგან (cautio judicatum solvi) გათავისუფლების პირობებს.

3. იმ ქვეყნებში, სადაც მოქალაქეობის არმქონე პირი ჩვეულებრივ არ ცხოვრობს, მე-2 პუნქტში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სარგებლობს ისეთივე უფლებებით, როგორითაც სარგებლობენ იმ ქვეყნის მოქალაქეები, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს.

III თავი

შემოსავლიანი საქმიანობა

მუხლი 17. ანაზღაურებადი სამუშაო

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები თავის ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირებს მიანიჭებენ შეძლებისდაგვარად ხელსაყრელ რეჟიმს ანაზღაურებად სამუშაოსთან დაკავშირებით, რაც არანაკლებ ხელსაყრელი უნდა იყოს იმავე გარემოებებში, ზოგადად უცხოელებისათვის მინიჭებულ უფლებებთან მიმართებაში.

2. ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა ანაზღაურებად სამუშაოსთან დაკავშირებით გულისხმიერად უნდა განიხილონ მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებათა გათანაბრების საკითხი თავის მოქალაქეთა უფლებებთან, განსაკუთრებით კი მოქალაქეობის არმქონე იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც მათ ტერიტორიაზე შევიდნენ დასაქმების პროგრამის ან საიმიგრაციო სქემის ფარგლებში.

მუხლი 18. თვითდასაქმება

ხელშემკვრელი სახელმწიფოები თავის ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირებს მიანიჭებენ შეძლებისდაგვარად ხელსაყრელ რეჟიმს, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, არანაკლებ ხელსაყრელი უნდა იყოს იმავე გარემოებებში, ზოგადად უცხოელებისათვის მინიჭებულ უფლებებთან მიმართებაში, რათა მოქალაქეობის არმქონე პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად დაკავდნენ სოფლის მეურნეობით, მეწარმეობით, ხელობითა და ვაჭრობით დააფუძნონ სავაჭრო და სამეწარმეო კომპანიები.

მუხლი 19. თავისუფალი პროფესიები

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომელთაც აქვთ ამ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ აღიარებული დიპლომი და სურთ, გაჰყვნენ თავისუფალ პროფესიას, მიანიჭებს შეძლებისდაგვარად ხელსაყრელ რეჟიმს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, არანაკლებ ხელსაყრელი უნდა იყოს იმავე გარემოებებში, ზოგადად უცხოელებისათვის მინიჭებულ უფლებებთან მიმართებაში.

IV თავი

სოციალური უზრუნველყოფა

მუხლი 20. პროდუქტის განაწილების ნორმა

როდესაც არსებობს პროდუქტების განაწილების სისტემა, რომელიც გამოიყენება მთელი მოსახლეობის მიმართ და აწესრიგებს დეფიციტური პროდუქტების განაწილებას, მოქალაქეობის არმქონე პირები ისარგებლებენ მოქალაქეებისთვის არსებული რეჟიმით.

მუხლი 21. ბინით უზრუნველყოფა

რაც შეეხება ბინით უზრუნველყოფას, რამდენადაც ეს საკითხი რეგულირდება კანონებით ან წესებით, ან ექვემდებარება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, ხელშემკვრელი სახელმწიფოები თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირებს მიანიჭებენ შეძლებისდაგვარად ხელსაყრელ რეჟიმს, რომელიც, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იყოს არანაკლებ ხელსაყრელი, იმავე გარემოებებში, ზოგადად უცხოელებისათვის მინიჭებულ უფლებებთან მიმართებაში.

მუხლი 22. საჯარო განათლება

1. დაწყებით განათლებასთან დაკავშირებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები მოქალაქეობის არმქონე პირებს მიანიჭებენ იმავე რეჟიმს, რაც აქვთ მოქალაქეებს.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოები მოქალაქეობის არმქონე პირებს მიანიჭებენ შეძლებისდაგვარად ხელსაყრელ რეჟიმს დაწყებითი განათლების გარდა ყველა სხვა განათლებასთან დაკავშირებით, რომელიც, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იყოს არანაკლებ ხელსაყრელი, იმავე გარემოებებში, ზოგადად, უცხოელებისათვის მინიჭებულ უფლებებთან მიმართებაში. ეს განსაკუთრებით ეხება: სწავლის ხელმისაწვდომობას, უცხოური სკოლების სერტიფიკატების, დიპლომებისა და ხარისხების აღიარებას, გადასახადებისა და გადასახდელების შემცირებასა და სტიპენდიის მინიჭებას.

მუხლი 23. სახელმწიფო დახმარება

სახელმწიფო დახმარებებთან დაკავშირებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირებს მიანიჭებენ იმავე რეჟიმს, რაც აქვთ მოქალაქეებს.

მუხლი 24. შრომის კანონმდებლობა და სოციალური უზრუნველყოფა

1. თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირებს ხელშემკვრელი სახელმწიფოები მიანიჭებენ იმავე რეჟიმს, რაც აქვთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

(ა) იმდენად, რამდენადაც ეს საკითხები რეგულირდება კანონებითა და წესებით, ან ექვემდებარება ადმინისტრაციული ორგანოების კონტროლს - ანაზღაურება საოჯახო შემწეობების ჩათვლით, თუ ეს უკანასკნელი ანაზღაურების შემადგენელი ნაწილია, სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური სამუშაოს თაობაზე შეთანხმებანი, ანაზღაურებადი შვებულება, სამუშაოზე შეზღუდვა, დასაქმების მინიმალური ასაკი, სტაჟირება და პრაქტიკები, ქალებისა და არასრულწლოვანი პირების მუშაობა, კოლექტიური შეთანხმებიდან სარგებლის მიღება;

(ბ) სოციალური უსაფრთხოება (სამართლებრივი დებულებები საწარმოო ტრავმის, საწარმოო დაავადებების, ორსულობის, ავადმყოფობის, უუნარობის, მოხუცებულობის, უმუშევრობის, ოჯახური პასუხისმგებლობებისა და სხვა შემთხვევების შესახებ, რომლებიც რეგულირდება სოციალური უსაფრთხოების სქემით ეროვნული კანონების ან წესების შესაბამისად) შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით:

(I) შეიძლება საჭირო იყოს სათანადო ღონისძიებების გატარება, რათა შენარჩუნებულ იქნეს უკვე მინიჭებული უფლებები ან ის უფლებები, რომლებიც მინიჭების პროცესშია.

(II) საცხოვრებელი სახელმწიფოს ეროვნული კანონები და წესები შეიძლება ითვალისწინებდეს სპეციალურ ღონისძიებებს იმ სარგებლის ან სარგებლის ნაწილის თაობაზე, რომელიც სრულად გადაიხდება საჯარო ფონდები მიერ, ასევე შემწეობები იმ პირებისათვის, რომლებიც არ ასრულებენ შენატანების პირობას, რაც გათვალისწინებულია ჩვეულებრივი პენსიის მისაღებად.

2. მოქალაქეობის არმქონე პირის საწარმოო ტრავმის შედეგად გარდაცვალების კომპენსაციის უფლებაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ მიმღების საცხოვრებელი ადგილი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიის გარეთ.

3. ხელშემკვრელი სახელმწიფოები მოქალაქეობის არმქონე პირებზე გაავრცელებენ სოციალურ საკითხებზე ერთმანეთთან უკვე გაფორმებული ან მომავალში დადებული ხელშეკრულებებიდან მიღებული თუ მიღების პროცესში მყოფი უფლებებიდან გამომდინარე სარგებელს, რაც დაექვემდებარება მხოლოდ ამ შეთანხმებების ხელმომწერი სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის გათვალისწინებულ პირობებს.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოები გულისხმიერად განიხილავენ შესაძლებლობას, რათა მოქალაქეობის არმქონე პირებზე გაავრცელონ მსგავსი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარგებელი, რაც ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს გათვალისწინებული ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოებსა და არახელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის დადებულ ძალის მქონე ხელშეკრულებებში.

V თავი

ადმინისტრაციული ღონისძიებები

მუხლი 25. ადმინისტრაციული დახმარება

1. როდესაც მოქალაქეობის არმქონე პირს უფლების განსახორციელებლად ესაჭიროება იმ უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების დახმარება, რომლისათვის მიმართვა მას არ შეუძლია, მაშინ ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იგი ცხოვრობს, უზრუნველყოფს, რომ აუცილებელი დახმარება გაუწიონ ამ ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებმა.

2. პირველ პუნქტში აღნიშნული ხელისუფლების ორგანო ან ორგანოები გადასცემენ ან უზრუნველყოფენ, რომ მათი ზედამხედველობის ქვეშ გადასცენ მოქალაქეობის არმქონე პირს ის დოკუმენტები ან სერტიფიკატები, რომლებიც, ჩვეულებრივ, გაიცემა უცხოელებზე ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ ან მათი დახმარებით.

3. ამგვარად, გაცემული დოკუმენტები და სერტიფიკატები გამოიყენება უცხოელებისათვის მათი მოქალაქეობის სახელმწიფოს მიერ ან დახმარებით გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ნაცვლად და ჩაითვლება ნამდვილად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში.

4. გაჭირვებაში მყოფი პირებისათვის დაწესებული გამონაკლისების გათვალისწინებით, შესაძლებელია საფასურის დაწესება ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე, რომელიც უნდა იყოს ზომიერი და შეესაბამებოდეს მოქალაქეებისათვის მსგავს მომსახურებაზე დაწესებულ საფასურს.

5. ამ მუხლის დებულებები არ ეწინააღმდეგება 27-ე და 28-ე მუხლებს.

მუხლი 26. გადაადგილების თავისუფლება

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო მიანიჭებს თავის ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირს უფლებას, აირჩიოს ბინადრობის ადგილი და თავისუფლად გადაადგილდეს მისი ტერიტორიის ფარგლებში, იმავე პირობებში უცხოელებისათვის დაწესებული წესების შესაბამისად.

მუხლი 27. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები

ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა გასცენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი თავის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ, რომელთაც არ აქვთ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი.

მუხლი 28. სამგზავრო დოკუმენტები

ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირებზე ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სამგზავროდ უნდა გასცენ სამგზავრო დოკუმენტები, რომელთა მიმართაც გამოიყენება ამ კონვენციის დანართით გათვალისწინებული დებულებები, თუ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისთვის სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შეუძლიათ, გასცენ ასეთი დოკუმენტები თავიანთ ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ; ისინი განსაკუთრებული გულისხმიერებით განიხილავენ თავიანთ ტერიტორიაზე სამგზავრო დოკუმენტების გაცემის საკითხს ამ ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეობის არმქონე იმ პირებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ მიიღონ სამგზავრო დოკუმენტები იმ სახელმწიფოსგან, სადაც კანონიერად ცხოვრობენ.

მუხლი 29. ფისკალური გადასახდელები

1. ხელშემკვრელი სახელმწიფო არ დააკისრებს მოქალაქეობის არმქონე პირს ნებისმიერი ხასიათის გადასახდელს, მოსაკრებელს ან გადასახადს, გარდა იმ გადასახდელებისა, რომლებიც შეიძლება დაეკისროს მის მოქალაქეებს ამავე სიტუაციაში.

2. წინა პუნქტი არ კრძალავს, რომ მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონები და წესები, რომლებიც შეეხება უცხოელებისათვის ადმინისტრაციული დოკუმენტების, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, გაცემის საფასურს.

მუხლი 30. ქონების გადაცემა

1. ხელშემკვრელი სახელმწიფო, თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, ნებას დართავს მოქალაქეობის არმქონე პირებს, წაიღონ ქონება, რომელიც შეიტანეს მის ტერიტორიაზე, სხვა ქვეყანაში, სადაც ისინი შეუშვეს დასახლების მიზნით.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფო გულისხმიერად განიხილავს მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას ქონების გადაცემის შესახებ, მიუხედავად მისი ადგილსამყოფლისა, რათა გადასახლდეს სხვა ქვეყანაში, რომელშიც იგი შეუშვეს.

მუხლი 31. გასახლება

1. ხელშემკვრელი სახელმწიფო არ გაასახლებს მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც კანონიერად იმყოფება მის ტერიტორიაზე, თუ საფრთხე არ ემუქრება ეროვნულ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

2. მოქალაქეობის არმქონე ასეთი პირის გასახლება უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანონის დაცვით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლებელია. მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება მიეცემა, წარადგინოს მტკიცებულება თავის გასამართლებლად, შეიტანოს საჩივარი ან ჰყავდეს წარმომადგენელი უფლებამოსილ ორგანოში, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანიშნული პირის თუ პირთა წინაშე.

3. ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებას მისცემს ასეთ მოქალაქეობის არმქონე პირს, დარჩეს ამ ქვეყანაში გონივრული ვადის განმავლობაში, რომლის დროსაც უნდა მოიპოვოს კანონიერი დაშვების უფლება სხვა სახელმწიფოში. ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია, ამ პერიოდის განმავლობაში გამოიყენოს ისეთი შიდა ნორმა, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს.

მუხლი 32. ნატურალიზაცია

ხელშემკვრელი სახელმწიფოები შეძლებისდაგვარად ხელს შეუწყობენ მოქალაქეობის არმქონე პირების ასიმილირებასა და ნატურალიზაციას. ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რათა დააჩქარონ ნატურალიზაციის პროცედურები და შეძლებისდაგვარად შეამცირონ ასეთი პროცედურების გადასახადები და ხარჯები.

VI თავი

დასკვნითი დებულებები

მუხლი 33. ინფორმაცია ეროვნული კანონმდებლობის შესახებ

ხელშემკვრელი სახელმწიფოები შეატყობინებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იმ კანონებისა და წესების შესახებ, რომლებიც შეიძლება მიიღონ კონვენციის გამოყენების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 34. დავების მოგვარება

ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოჭრილი დავა ამ კონვენციის განმარტებისა და გამოყენების შესახებ, რომელიც ვერ მოგვარდა სხვაგვარად, ერთ-ერთი მოდავე მხარის მიერ განსახილველად გადაეცემა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს.

მუხლი 35. ხელმოწერა, რატიფიკაცია და შეერთება

1. კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში 1955 წლის 31 დეკემბრამდე.

2. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად:

(ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსათვის;

(ბ) ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსათვის, რომელიც მოწვეული იყო მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ კონფერენციაზე; და

(გ) ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელსაც ხელმოწერის ან შეერთების მოწვევა გაუგზავნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ.

3. ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას და სარატიფიკაციო სიგელების დეპონირება მოხდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

4. კონვენცია ღიაა შეერთებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სახელმწიფოებისათვის. შეერთება განხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გენერალური მდივნისათვის შეერთების სიგელის დეპონირებით.

მუხლი 36. ტერიტორიული გამოყენების შესახებ დებულება

1. ნებისმიერ სახელმწიფოს ამ კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციის ან მასთან შეერთების დროს შეუძლია განაცხადოს, რომ ეს კონვენცია ვრცელდება მის მთელ ან ზოგიერთ ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ასეთი განცხადება ძალაში შევა აღნიშნული სახელმწიფოს მიმართ კონვენციის ძალაში შესვლასთან ერთად.

2. ზემოაღნიშნულის შემდეგ ასეთი გავრცელება შეიძლება განხორციელდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გზით და ძალაში შედის მის მიერ შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდამეათე დღეს ან ამ სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლის დღეს, იმის მიხედვით, თუ რომელი ვადა გადის უფრო გვიან.

3. რაც შეეხება ტერიტორიებს, რომლებზეც ეს კონვენცია არ ვრცელდება მისი ხელმოწერის, რატიფიკაციის ან შეერთების დროს, ყოველმა სახელმწიფომ უნდა განიხილოს ისეთ ღონისძიებათა განხორციელების შესაძლებლობა, რომლებიც საჭიროა აღნიშნული ტერიტორიების მიმართ ამ კონვენციის გამოყენებისათვის, კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ ტერიტორიების მთავრობათა თანხმობით.

მუხლი 37. ფედერალური დებულება

ფედერალური ან არაუნიტარული სახელმწიფოს შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი დებულებები:

ა) ამ კონვენციის იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომლებიც განეკუთვნება ფედერალური ხელისუფლების საკანონმდებლო იურისდიქციას, ფედერალური მთავრობის ვალდებულება შესაბამის ფარგლებში იგივეა, რაც იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოებისა, რომლებიც არ არიან ფედერალური სახელმწიფოები;

ბ) ამ კონვენციის იმ მუხლებს, რომლებიც განეკუთვნება ფედერაციის კონსტიტუციური სისტემის შემადგენელ სახელმწიფოთა, პროვინციების ან კანტონების საკანონმდებლო იურისდიქციას, ფედერალური მთავრობა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ხელსაყრელი რეკომენდაციით გააცნობს შესაბამისი სახელმწიფოების, პროვინციებისა და კანტონების ხელისუფალთ.

გ) ამ კონვენციის მონაწილე ფედერაციული სახელმწიფო, ნებისმიერი სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს თხოვნით, რომელიც გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით, წარადგენს ცნობას ფედერაციისა და მისი შემადგენელი ნაწილების კანონებისა და სამართლის შესახებ ამ კონვენციის ნებისმიერ კონკრეტულ დებულებასთან დაკავშირებით და აჩვენებს, თუ როგორ განხორციელდა ეს დებულება საკანონმდებლო ან სხვა ღონისძიებით.

მუხლი 38. დათქმები

1. ხელმოწერის, რატიფიკაციის ან შეერთებისას ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია, გააკეთოს დათქმა კონვენციის მუხლების მიმართ, გარდა პირველი, მე-3, მე-4, მე-16(1), 33-დან 42-მდე მუხლებისა.

2. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც გააკეთებს დათქმას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუძლია, ნებისმიერ დროს უკან წაიღოს იგი განცხადების საშუალებით, რომელიც წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

მუხლი 39. ძალაში შესვლა

1. ეს კონვენცია ძალაში შედის მესამოცე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

2. მესამოცე სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირების შემდეგ, ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელიც რატიფიკაციას გაუკეთებს ან შეუერთდება კონვენციას, იგი ძალაში შევა სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირებიდან ოთხმოცდამეათე დღეს.

მუხლი 40. დენონსაცია

1. ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია ამ კონვენციის დენონსაცია ნებისმიერ დროს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით.

2. დენონსაცია ძალაში შედის ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

3. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დეკლარაცია ან შეტყობინება 36-ე მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით განაცხადოს, რომ კონვენცია აღარ გამოიყენება ასეთი ტერიტორიის მიმართ გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

41. გადასინჯვა

1. ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს ამ კონვენციის გადასინჯვა ნებისმიერ დროს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა რეკომენდაციას გაუწევს ნებისმიერ ღონისძიებას, რომლის განხორციელება აუცილებელია ასეთ თხოვნასთან დაკავშირებით.

მუხლი 42. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეტყობინებები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი შეატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრს და 35-ე მუხლში აღნიშნულ არაწევრ სახელმწიფოებს:

(ა) 35-ე მუხლის შესაბამისად, ხელმოწერის, რატიფიკაციისა და შეერთების შესახებ;

(ბ) 36-ე მუხლის შესაბამისად, გაკეთებული დეკლარაციებისა და შეტყობინებების შესახებ;

(გ) 38-ე მუხლის შესაბამისად, გაკეთებული დათქმებისა და მათი გამოთხოვის შესახებ;

(დ) 39-ე მუხლის შესაბამისად, თარიღის შესახებ, როდესაც კონვენცია ძალაში შევა;

(ე) მე-40 მუხლის შესაბამისად, დენონსაციისა და შეტყობინებების შესახებ;

(ვ) 41-ე მუხლის შესაბამისად, გადახედვის თაობაზე თხოვნების შესახებ.

რის დასტურადაც სათანადოდ უფლებამოსილმა ხელისმომწერებმა ხელი მოაწერეს ამ კონვენციას შესაბამის მთავრობათა სახელით.

შესრულებულია ნიუ-იორკში, ათას ცხრაას ორმოცდათოთხმეტი წლის ოცდარვა სექტემბერს და ამ კონვენციის დედანი, რომლის ტექსტები ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენაზე თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად გადაეცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივს, მისი დამოწმებული ასლი გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებსა და 35-ე მუხლში მითითებულ არაწევრ სახელმწიფოებს.