გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016503
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
57
14/05/2018
ვებგვერდი, 21/05/2018
010250050.35.148.016503
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/05/2018 - 12/08/2022)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №57

2018 წლის 14 მაისი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური   ცხოველების (ძაღლები და კატები ) მოვლა -პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესიდანართი 1 -ის შესაბამისად .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი №1 
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური  ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) (შემდგომში – ცხოველები) ყოლის,  მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის, მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.

მუხლი 2. წესის მიზანი
წესის მიღების მიზანია გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.

მუხლი 3. წინამდებარე წესის მიზნისათვის გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1. პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც მოცემული პერიოდისათვის ჰყავს მეპატრონე და იმყოფება მეპატრონის კონტროლქვეშ.

2.  მეპატრონე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ რეგისტრაციას, მოვლა-პატრონობას, შენახვას, ვეტერინარულ მომსახურებას და წესით განსაზღვრულ შემთხვევებში მის წვრთნას.

3. ცხოველთა კლასიფიკაცია – წინამდებარე წესით ცხოველთა ჯგუფების პატრონაჟის თვალსაზრისით დადგენილი სისტემა.

4. ჭარბი აგრესიულობის მქონე ჯიშები – ძაღლების ჯიშები, რომლებიც ამგვარად აღიარებულია საერთაშორისო კინოლოგიური ორგანიზაციების მიერ.

5. მიკედლებული ცხოველი – ცხოველი, რომელიც ცხოვრობს გარკვეულ ტერიტორიაზე და მასზე ხორციელდება ზედამხედველობა ფიზიკური პირის მიერ.

6. უზედამხედველო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც დროის გარკვეულ მონაკვეთში არ ხორციელდება პატრონაჟი ან ზედამხედველობა და რომელიც არ არის მიკედლებული კონკრეტულ ადამიანზე.

7. უპატრონო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც კონკრეტული მომენტისთვის არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ დაუდგინდება მეპატრონე.

8. ცხოველის შენახვა – ცხოველის კვება/დაწყურება მისთვის განკუთვნილი რაციონით და აუცილებელი ვეტერინარული მომსახურების უზრუნველყოფა.

9. ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისათვის საარსებო პირობების შექმნა: ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა, დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა.

10. სანიტარიული ნორმები – საქართველოს კანონმდებლობით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი ნორმები.

11. მოკვდინება (დაძინება) – ცხოველის მოკვდინება წინამდებარე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და მეთოდებით.

12. ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება – ცხოველის ფიზიკური ჯანმრთელობისათვის საჭირო მომსახურება.

13. გამძღოლი ცხოველი – ძაღლი, რომელიც სპეციალურად გაწვრთნილია შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ქალაქის გარემოში უსაფრთხოდ გადაადგილების ხელშესაწყობად.

14. სასამსახურო ცხოველები – ცხოველები (ძაღლები), რომლებიც სპეციალური გაწვრთნის შემდეგ ან ამგვარის გარეშე ასრულებენ ამა თუ იმ საზოგადოებისთვის სასარგებლო ფუნქციებს.

15. რეგისტრაცია – მეპატრონის მიერ ცხოველის რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.

16. იზოლირება – ღონისძიებათა ერთობლიობა, უზედამხედველო, ცხოველების დაჭერა/აყვანა, რომელიც დასაშვებია ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად. ცხოველების რეგისტრაცია, სამეცნიერო ზოოლოგიური სტანდარტის მიხედვით, ყოველი ცხოველისათვის შესაბამისი ფართითა და პირობებით უზრუნველყოფა, ვოლიერში ყოფნისას ცხოველთა რაოდენობის დადგენა, ცხოველის სახეობის, ასაკისა და წონის მიხედვით  მისაწოდებელი საკვების განსაზღვრა რაციონისა და მოცულობათა კალორიულობით, დაწყურება, რეგულარული გასეირნება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სხვა, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით.


მუხლი 4. ცხოველთა კლასიფიკაცია
1. წესი ადგენს ცხოველთა შემდეგ კლასიფიკაციას პატრონაჟის, ზედამხედველობისა და შენახვის  თვალსაზრისით, მათი სტატუსის მიხედვით:
ა) პატრონიანი;
ბ) მიკედლებული;
გ) უპატრონო;
დ) უზედამხედველო;
ე)  იზოლირებული.
2. ცხოველს პატრონიანის სტატუსი ენიჭება მეპატრონის მიერ წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობებით, ძაღლის რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი ფიზიკური ან  იურიდიული პირის ფაქტობრივი ზედამხედველობის მომენტიდან.
4. ცხოველს უპატრონოს სტატუსი ენიჭება ცხოველთა თავშესაფარში ძაღლის მიყვანიდან არანაკლებ 10 დღის (ან თავშესაფარის დებულებით გათვალისწინებული პერიოდის) შემდეგ.
5. უზედამხედველოდ ჩაითვლება ცხოველი, რომელიც არ პასუხობს წინამდებარე წესის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მუხლი 5. მეპატრონის უფლებები ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით
1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს – იყიდოს/იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან/ქუჩიდან, ან მიიღოს მემკვიდრეობით/ანდერძით ცხოველი ემოციური, ესთეტიკური და/ან პრაქტიკული მიზნებისათვის.
2. მეპატრონეს უფლება აქვს მოაშენოს ცხოველები არაკომერციული ან კომერციული მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს მეპატრონის საკუთრებას.
4. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი შენახვა და მოვლა-პატრონობა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებებთან.
5. მეპატრონე ვალდებულია დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:
ა) ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური პირისთვის იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე;
ბ) მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარულ სამკურნალოებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით 1 თვის ასაკიდან და მიიღოს სარეგისტრაციო მოწმობა და ცხოველის პირადი ნომერი. საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა სარეგისტრაციო მონაცემებში;
გ) ჭარბი აგრესიულობის ჯიშების ძაღლების ყოლა დაშვებულია მხოლოდ მეპატრონის მიერ ამგვარი ძაღლის წვრთნისა და მოვლა-პატრონობის თაობაზე ტექნიკური მინიმუმის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც გასცემს უფლებამოსილიორგანო ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეთანხმებით;
დ) აუცილებელია ცხოველის  წელიწადში ერთხელ მაინც  ვეტერინარულ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება;
ე) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და აალაგოს ცხოველის ექსკრემენტები;
ვ) ცხოველების ამა თუ იმ მიზეზით შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში (პატრონის გარდაცვალების ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო) დაინტერესებულ პირს უფლება აქვს  გადაიბაროს,  გააჩუქოს ან სხვა შემთხვევაში  ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში;
ზ) ცხოველის დაავადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას;
თ) ცხოველის სიკვდილის შესახებ სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას;
ი) აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) ჭარბი აგრესიულობის მქონე ჯიშის ძაღლების გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ლ)  ცხოველის მიერ ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა),   მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის ვეტერინარული პასპორტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა;
მ) ძაღლის ლეშის გაუვნებელყოფა დასაშვებია მხოლოდ ბიოთერმულ ორმოსა და კრემატორიუმის მეშვეობით;
ნ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების თუ სხვა ამგვარი ქმედებების ორგანიზება და ჩატარება, რომლებიც უშვებს სისასტიკეს ცხოველთა მიმართ. ამგვარი ქმედებების ორგანიზატორთა მიმართ მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი;
ო) მეპატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში: მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი ქმედების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევისათვის ცხოველთა დაცვის (არასამთავრობო ორგანიზაციის) შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ორგანო (პოლიცია) დაუყოვნებლივ ჩამოართმევს ცხოველს მეპატრონეს და გადასცემს თავშესაფარს. ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით.

მუხლი 6. ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო და მისი კომპეტენცია
1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების და მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის მერია,  უშუალოდ სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის), გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მეშვეობით.
2. ცხოველთა პოპულაციის მართვაზე უფლებამოსილი პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია იყოს ასევე სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საფუძველზე გამოვლენილი  ცხოველთა იზოლაციის მიზნით მომსახურების გამწევი პირი (ორგანიზაცია).

3. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს ან/და პირის ან/და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საფუძველზე გამოვლენილი  ცხოველთა იზოლაციის მიზნით მომსახურების გამწევი პირის  (ორგანიზაცია)   კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) უპატრონო და უზედამხედველო ცხოველების აყვანა-იზოლაცია, მისი გადაყვანა  სათანადო მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილით სპეციალურ სადგომზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვეტექიმის შემოწმებამდე და დასკვნის დაწერამდე მოვლა-პატრონობის განხორციელება;
ბ) უპატრონო ძაღლების დაჭერა  თანამედროვე ძაღლსაჭერით და უმტკივნეულოდ;

გ) დაჭერილ ძაღლთა ტრანსპორტირების განახორციელება თავშესაფრამდე  სპეციალური        ავტომანქანით;
დ) ძაღლების განთავსება იზოლირებულ საკარანტინო ვოლიერებში და მათზე დაკვირვების განხორციელება  თავშესაფრის ვეტექიმების მიერ, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ყველა სახის საჭირო მედიკამენტებით, რაც საჭიროა ძაღლთა სრული გამოჯანმრთელებისათვის;
ე) კანონით დადგენილ შემთხვევებში და შესაბამისი წესით, უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად ვეტექიმთა ჯგუფების მიერ ძაღლთა კასტრაცია-სტერილიზაციის  ჩატარება;
ვ) ვეტერინარის დაკვირვებისა და დასკვნის შედგენის საფუძველზე,  ჯანმრთელი ძაღლების დაბირკვა და გაშვება ქალაქის არეალში, ხოლო დაავადებული ცხოველების ევთანაზია კანონით დადგენლ  შემთხვევაში;
ზ) თავშესაფრის ვოლიერების მოწყობა და მოვლა-პატრონობა თანამედროვე სტანდარტებითა და დადგენილი წესით;
თ) სამედიცინო-ვეტერინარული მომსახურების სისტემატური განხორციელება, დაკვირვება და იზოლირება;
ი) ამ წესით განსაზღვრული სტატუსის (პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უზედამხედველო, იზოლირებული) დადგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
კ) ცხოველთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
ლ) ამ წესით და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ცხოველების მოკვდინება და შემდგომი პროცედურების განხორციელება;
მ) ამ წესითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


მუხლი 7. ცხოველთა თავშესაფარი
1. ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.
2. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან.
3. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე.

მუხლი 8. უზედამხედველო ცხოველების პოპულაციის ოპტიმიზაცია
1. უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად გამოიყენება მხოლოდ სტერილიზაცია/კასტრაციის შესაძლებლობები და მსოფლიოში აპრობირებული სხვა ჰუმანური მეთოდები, რაც მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკით და აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
2. უზედამხედველო ცხოველების დაჭერა/აყვანა დასაშვებია ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად. ცხოველთა დაჭერა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი საერთაშორისო ან ადგილობრივ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებში და გააჩნიათ შესაბამისი სერტიფიკატი.
3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები ფიზიკურად ჯანმრთელი და არააგრესიული უზედამხედველო ცხოველების სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი მეპატრონის მოძიებისა და უპატრონო ცხოველის სტატუსის მქონეთა თავშესაფარში გადაცემის ჩათვლით.

მუხლი 9. ცხოველების მოკვდინება
1. ცხოველების მოკვდინება (ჰუმანური მეთოდებით) ტკივილის შეწყვეტის მიზნით ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი იმყოფება სიკვდილისწინა სტადიაში.
2. ცხოველთა თავშესაფარში მოკვდინება დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ, მის მიერ ხელმოწერილი აქტის საფუძველზე.
3.  ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ  მისი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტური და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ცხოველი იმყოფება სიკვდილისწინა სტადიაში.
4. ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ ვეტერინარის მიერ მყისიერ სათანადო ინექციის გზით, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის გარეშე, საერთო ანესთეზიის გამოყენებით.
5. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება არავეტერინარის მიერ და შემდეგი მეთოდებით:
ა) დახრჩობა;
ბ) გაგუდვა;
გ) მოწამვლა;
დ) ელექტრომუხტის გამოყენება;
ე) სასიკვდილო მექანიკური დაზიანების მიყენება;
ვ) საკვებისა და წყლის განზრახ არმიცემა;
ზ) არაბუნებრივ გარემოში ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
6. მოკვდინების პროცედურის შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია ან პათანატომიური გამოკვლევა).

მუხლი 10. ცხოველების გამოყენება რეკლამაში, გამოფენებში, შეჯიბრებაში, გასართობ და სხვა მსგავს ღონისძიებებში
ცხოველების გამოყენება რეკლამაში, გამოფენებში, შეჯიბრებაში, გასართობ და სხვა მსგავს ღონისძიებაში  დაიშვება.  ღონისძიების ორგანიზატორის მიერ  წინამდებარე წესით ცხოველისათვის დადგენილი პირობების უზრუნველყოფის შემთხვევაში, ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ზიანის მიუყენებლად, ამასთან, ცხოველმა არ უნდა განიცადოს ისეთი ფარმაკოლოგიური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვაგვარი ზემოქმედება, რომელიც გავლენას მოახდენს მის ბუნებრივ ქცევაზე.

მუხლი 11. ცხოველებზე არათერაპიული ქირურგიული ოპერაციების ჩატარება
1. ცხოველებზე არათერაპიული (კოსმეტიკური) ქირურგიული ოპერაციების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ამა თუ იმ ჯიშის საყოველთაოდ აღიარებულ კონკრეტულად დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
2. სხვა შემთხვევაში აკრძალულია ცხოველისათვის:
ა) კუდის კუპირება;
ბ) ყურების კუპირება;
გ) დევოკალიზება (დადუმება);
დ) ბრჭყალების მოკვეთა;
ე) ეშვების მოჭრა, ხელსაწყოებით მოცვეთა.
3. ყველა ოპერაცია, რომლის დროს ცხოველი განიცდის ტკივილს, უნდა ჩატარდეს ანესთეზიის შესაბამისი ფორმის გამოყენებით, ვეტერინარის მიერ ან ვეტერინარის ზედამხედველობით.

მუხლი 12. გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპეტენცია პოპულაციების მართვის სფეროში
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპეტენციას პოპულაციების მართვის სფეროში წარმოადგენს:
ა) შესაბამისი ნორმატიული აქტების, მათი ცვლილებებისა და/ან დამატებების შემუშავება, განხილვა და მიღება;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) გორის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში სათანადო მუხლის დაფინანსების უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და  საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრული  სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 13. საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობა
საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია:

ა) ცხოველთა დაცვის არასამთავრობო სექტორთან ერთად, კომპეტენტური ორგანოს და სხვა სამსახურების მეშვეობით და ცენტრალური ხელისუფლების უწყება-დაწესებულებებთან თანამშრომლობით, შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს წინამდებარე წესების ახსნა-განმარტებასა და პოპულარიზაციას;

ბ) განახორციელოს  შესაბამის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან პარტნიორობა;

გ) ხელი შეუწყოს მოსახლეობის, უწინარესად მოსწავლე-ახალგაზრდობის, ჰუმანური და ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებას ცხოველებთან მიმართებაში.