„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2711-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010020000.09.001.016476
2711-IIს
28/06/2018
ვებგვერდი, 03/07/2018
010020000.09.001.016476
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 179-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრების – გიორგი კახიანისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/200, 21.06.2018) „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.

2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 8 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი კახიანი –   საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) ზაზა გაბუნია –   საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე;

გ) გურამ მაჭარაშვილი – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და  წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

დ) გენადი მარგველაშვილი – საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ მდივანი;     

ე) რომან გოცირიძე – საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე;

ვ) ნატო ჩხეიძე – საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის მოადგილე;

ზ) ლელა ქებურია – საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონების“ თავმჯდომარის მოადგილე;

თ) სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზვიად ძიძიგური

 

ქუთაისი,

28 ივნისი 2018 წ.

N2711-IIს





პროექტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ადგენს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებს − საქართველოს სახელმწიფო დროშას, გერბსა და ჰიმნს.

მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო დროშა

1. საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება და სტანდარტული ზომები განისაზღვრება ამ კანონის №1 და №2 დანართებით.

მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო გერბი

1. საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით.

2. სახელმწიფო გერბი არის ჰერალდიკური ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი; ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით; ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას; საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული); ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“; ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.

3. მცირე სახელმწიფო გერბი არის ჰერალდიკური ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით; ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია.

4. სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების გამოსახულებები განისაზღვრება ამ კანონის №3 დანართით.

მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკა განისაზღვრება ამ კანონის №4 და №5 დანართებით.

მუხლი 5. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                       გიორგი მარგველაშვილი

 

 

 

დანართი №3

სახელმწიფო გერბი

 

მცირე სახელმწიფო გერბი

 

დანართი №4

 

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

 

„თავისუფლება“

 

ლექსი დავით მაღრაძის

 

ჩემი ხატია სამშობლო,

სახატე მთელი ქვეყანა,

განათებული მთა-ბარი,

წილნაყარია ღმერთთანა.

თავისუფლება დღეს ჩვენი

მომავალს უმღერს დიდებას,

ცისკრის ვარსკვლავი ამოდის

და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,

დიდება თავისუფლებას,

თავისუფლებას დიდება.

 

დანართი №5

 

 

 

 

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი, როგორც სახელმწიფო სიმბოლოები, დადგენილია ორგანული კანონით და მისი მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისათვის დადგენილი წესით. შესაბამისად, ხდება საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის გაერთიანება ერთ ორგანულ კანონში „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“, რომელიც დაადგენს სახელმწიფო სიმბოლოების აღწერილობას.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოების, აღწერილობა დადგინდეს ერთი საკანონმდებლო აქტით.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონებით განსაზღვრული ის რეგულაციები, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფო დროშისა და გერბის აღწერილობას ერთიანდება ერთ საკანონმდებლო აქტში. ამავე საკანონმდებლო აქტით განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკა. გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომებისა და ზუსტი გამოსახულების განსაზღვრის საკითხებს. კერძოდ, ნაცვლად საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა, საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება განისაზღვრება წარმოდგენილი კანონპროექტის №1 და №2 დანართების მიხედვით.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების  გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.  

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებას.   

გ.გ)    კანონპროექტის    მიმართება    საქართველოს    ორმხრივ  და  მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:

კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულებების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.