,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ

  • Word
,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1895
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 84, 18/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 06/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1895
08/07/2005
სსმ, 84, 18/07/2005
000000.00(0).000.000000
,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (18/07/2005 - 23/12/2011)

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ,,ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21 მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1822 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს ,,საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია”.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2005 წლის 8 ივლისი.

№1895–რს

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

საქართველოს მოქალაქეების „ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა...“

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა

1. შესავალი

საქართველო დღეს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება. სამოცდაათწლიანი ოკუპაციის შემდეგ, 1991 წელს საქართველომ კვლავ მოიპოვა თავისუფლება, რასაც მოჰყვა პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის, გარე ძალების მიერ მხარდაჭერილი შიდა კონფლიქტების პერიოდი. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხალხმა მიიღო ურყევი გადაწყვეტილება აშენოს დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფო, სადაც გარანტირებული იქნება კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება, მოქალაქეების კეთილდღეობა და საბაზრო ეკონომიკა.

2003 წლის „ვარდების რევოლუციამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დემოკრატია და თავისუფლება საქართველოს ხალხისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე, ტრადიციული ფასეულობებია. საქართველო, როგორც ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილი, რომლის ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებები ევროპულ ფასეულობებსა და ტრადიციებზეა დაფუძნებული, მიისწრაფვის ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემებში ინტეგრაციისაკენ. საქართველო ესწრაფვის დაუბრუნდეს თავის ევროპულ ტრადიციას და დარჩეს ევროპის განუყოფელ ნაწილად.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც ასახავს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს, აღწერს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარ საფრთხეებს, რისკებს და გამოწვევებს და ადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეს კონცეფცია ხაზს უსვამს საქართველოს ხალხის სწრაფვას, მოახდინოს ქვეყნის სრული ინტეგრაცია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა (NATO) და ევროკავშირში და თავისი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილის, განმტკიცებაში.

საქართველოს ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე ატარებს შესაბამის გრძელვადიან ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებების დაცვას და ეროვნული ინტერესების განხორციელებას ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირებით.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე იქმნება სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგიები და გეგმები. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ცვლილებასთან ერთად ხდება ცალკეული დარგობრივი სტრატეგიებისა და გეგმების განახლებაც.

2. საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებები

საქართველოს სახელმწიფოებრიობა ეფუძნება მის ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს, რომელთა დაცვა აუცილებელია საქართველოს არსებობისა და უსაფრთხოებისათვის, მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის. საქართველო დაიცავს თავის ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს ყველა არსებული კანონიერი საშუალებით. საქართველოს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებებია:

2.1. დამოუკიდებლობა: საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტო-რიულ მთლიანობას და მათგანაც შესაბამის დამოკიდებულებას მოითხოვს. საქართველოსათვის მიუღებელია მის საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნების ჩარევა.

2.2. თავისუფლება: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებებია. საქართველო ქმნის გარანტიებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მოქალაქისა და ჯგუფის საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, პატივს სცემს მათი თავისუფალი არჩევანის უფლებას და ამკვიდრებს ხელსაყრელ გარემოს თითოეული მოქალაქის შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.

2.3. დემოკრატია და კანონის უზენაესობა: საქართველო ერთგულია უნივერსალური დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპებისა, რომელთა საფუძველზედაც ამკვიდრებს მმართველობის დემოკრატიულ სისტემას, სადაც სახელმწიფოს ძალაუფლება კანონით არის განსაზღვრული და განაწილებული სახელისუფლებო შტოებს შორის. საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში გარანტირებულია სასამართლო ხელისუფლების სიძლიერე და დამოუკიდებლობა. საქართველო ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და უზრუნველყოფს მასმედიის დამოუკიდებლობას.

2.4. კეთილდღეობა: თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ასამაღლებლად და ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად საქართველო უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას დემოკრატიული, გამჭვირვალე წესების საფუძველზე და ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის გატარებას. საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ქმნის ხელსაყრელ გარემოს თავისუფალი მეწარმეობის განვითარების, საგარეო ვაჭრობის გაფართოებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის.

2.5. მშვიდობა: საქართველო მიზნად ისახავს საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებზე დამყარებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ყველა სახელმწიფოსთან. საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობების განვითარება მეზობელ ქვეყნებთან. სადავო საკითხების გადასაწყვეტად საქართველო გამოიყენებს მშვიდობიან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებულ მეთოდებს. თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.

2.6. უსაფრთხოება: საქართველოს ხელისუფლება ესწრაფვის საქართველოს სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმებით.

3. საქართველოს ეროვნული ინტერესები

საქართველოს ეროვნული ინტერესები თანამედროვე საერთაშორისო სისტემასა და ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარეობს. ეროვნული ინტერესები ეფუძნება საქართველოს ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს. ეროვნული ინტერესების რეალიზაცია უზრუნველყოფს სახელმწიფოს სტაბილურობას და განვითარებას, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ეროვნული ინტერესების დაუცველობა საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს. საქართველოს ეროვნული ინტერესებია:

3.1. ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა: საქართველო მოწოდებულია აღადგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა. საქართველო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას იმ პრობლემების მშვიდობიანად და სამართლებრივად მოგვარებისთვის, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საქართველოს ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის დროს.

3.2. ეროვნული ერთიანობის და სამოქალაქო თანხმობის უზრუნველყოფა: საქართველო უზრუნველყოფს ქვეყანაში მცხოვრები ყველა მოქალაქის, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის ინტერესების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ამისათვის საქართველო აშენებს საზოგადოებას, რომელიც ეფუძნება პლურალიზმის, შემწყნარებლობის, სამართლიანობის, სოლიდარობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს. საქართველო ესწრაფვის, საკუთარ მოქალაქეებს განუმტკიცოს კონსტიტუციის პატივისცემა და უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქედ მათი თვითიდენტიფიკაცია.

3.3. რეგიონული სტაბილურობა: უსაფრთხოების გარემო, რომელშიც საქართველო იმყოფება, განისაზღვრება, უპირველეს ყოვლისა, ევროპაში მიმდინარე პროცესებით, ამასთანავე, მასზე სერიოზულ გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში განვითარებული მოვლენები. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის აუზში, კავკასიასა და რუსეთში მიმდინარე პროცესებს. ამ სივრცეში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და არსებული დავების მშვიდობიანად გადაწყვეტა საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში საერთაშორისო თანამშრომლობით საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებაში.

3.4. თავისუფლებისა და დემოკრატიის განმტკიცება მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონებში: საქართველო მიესალმება და ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონებში დემოკრატიის, თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების, როგორც სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პირობის, განმტკიცებას.

3.5. ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცება და ენერგეტიკული უსაფრთხოება: საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფნის ფუნქციის გაძლიერებას. ამ მიზნით იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში. ენერგიის ალტერნატიული წყაროების და სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა რესურსების მოწოდების უზრუნველყოფა, ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება უკავშირდება საქართველოში სტაბილურობის განმტკიცებას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მისი მოქალაქეების კეთილდღეობას.

3.6. ქვეყნისა და რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოება: გარემოს დაცვის ხარისხი და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანდაცვასთან. საქართველოს ბიომრავალფეროვნებისა და სატრანზიტო ფუნქციის გათვალისწინებით საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება ფართო-მასშტაბიანი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.

3.7. ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის უზრუნველყოფა: საქართველო, როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე სახელმწიფო, კულტურული მრავალფეროვნების და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევს.

4. ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები

4.1. ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა: დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის მთავარი საფრთხეა. გარედან ინსპირირებული და მხარდაჭერილი აგრესიული სეპარატისტული მოძრაობები შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაიზარდა, რამაც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის საქართველოდან ფაქტობრივი გამოყოფა და ამ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვა გამოიწვია.

ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მთავარი წყარო ზოგიერთი პრობლემისა, რომლებიც ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას: საქართველოს სამასი ათასამდე მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა კანონიერი საცხოვრებელი ადგილები; სახელმწიფო საზღვრები დაუდგენელი რჩება; არაკონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებიან უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, შექმნილია ხელსაყრელი გარემო ტერორისტული ჯგუფების საქმიანობისათვის და ნაყოფიერი ნიადაგი კონტრაბანდისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებისათვის; სეპარატისტული რეჟიმები სისტემატურად არღვევენ ადამიანის უფლებებს. დარღვეულმა ტერიტორიულმა მთლიანობამ, თუკი ვერ მოხერხდა ამ პრობლემის დროული და ეფექტიანი მოგვარება, შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს, როგორც სრულფასოვანი სახელმწიფოს, ფუნქციონირებას.

4.2. მეზობელ ქვეყნებში არსებული კონფლიქტების გადმოდინება: მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების გადმოდინება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი სერიოზული საფრთხეა და მას შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოჰყვეს. ამ კონფლიქტებმა შეიძლება გამოიწვიოს პროვოკაციები სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მხრიდან, რაც არაერთხელ მომხდარა პანკისის ხეობასთან დაკავშირებით. მეზობელ ქვეყნებში არსებულმა კონფლიქტებმა შესაძლებელია განაპირობოს საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილთა მასობრივი შემოდინება და შექმნას ხელსაყრელი პირობები ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებისა და კონტრაბანდისათვის.

რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მონაკვეთებზე კონტროლის არარსებობა აძლიერებს ზემოაღნიშნულ საფრთხეს და ქმნის დამატებით ხელშემშლელ ფაქტორებს აღნიშნულ პრობლემასთან ეფექტიანად გამკლავებისათვის. მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტების მოუგვარებლობამ და გახანგრძლივებამ და რუსეთში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში, სტაბილურობის დარღვევამ, შესაძლოა საქართველოს კონფლიქტში ჩათრევა გამოიწვიოს. ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ფორმირებების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეულ შემთხვევებში ქვეყნის სტაბილურობისათვის რისკის შემცველი ფაქტორია.

4.3. სამხედრო ინტერვენცია: საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა მცირეა, თუმცა საზღვრის შეიარაღებული დარღვევა და ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მხრიდან რეალურია და კვლავ ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებას. არაერთხელ მომხდარა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, რაც გამოიხატა საქართველოს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სივრცის სისტემატური დარღვევით და ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმის განხორციელებით.

საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და ქვეყნის საზღვრების ახლოს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების განახლებისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობას. ამასთანავე, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭება პოტენციური საფრთხეა, რადგან გარკვეულ შემთხვევებში ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის გასამართლებლად.

4.4. საერთაშორისო ტერორიზმი: საერთაშორისო ტერორიზმი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი საფრთხეა, განსაკუთრებით – მეზობელ რეგიონებში განლაგებული ტერორისტული კერების გათვალისწინებით.

საქართველო, როგორც საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური მონაწილე, შე-საძლოა იქცეს საერთაშორისო ტერორისტული აქტების სამიზნედ. ტერორისტული აქტები შეიძლება განხორციელდეს ეროვნული უსაფრთხოებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურაზე ან/და ობიექტებზე, განსაკუთრებით – საერთაშორისო ნავთობ და გაზსადენებზე და საქართველოში მდებარე სხვა სახელმწიფოების კუთვნილ ობიექტებზე.

4.5. კონტრაბანდა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებანი: მეზობელ ქვეყნებში მოუგვარებელი კონფლიქტების არსებობა, აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში გავრცელებული უკანონობა და სახელმწიფო საზღვრების სუსტი კონტროლი ხელსაყრელ პირობებს ქმნის კონტრაბანდისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებისათვის, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკას; ეს საკითხები ძირს უთხრის საქართველოსა და რეგიონის სტაბილურობას, ხელს უშლის სახელმწიფოში წესრიგისა და კანონიერების დამყარებას. საქართველოსათვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს მისი ბუნებრივი სატრანზიტო მდებარეობის აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულებების ჩადენის მიზნით გამოყენების შესაძლებლობა.

4.6. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები: საქართველოში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები აღარ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ქვეყნის სუვერენიტეტს, თუმცა მათ სრულ გაყვანამდე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ფორმირებების არსებობა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი ფაქტორია და მასზე ჯერ კიდევ უარყოფით გავლენას ახდენს. საქართველო მიესალმება რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის რეჟიმში გადასვლას და მიაჩნია, რომ 2005 წლის 30 მაისის „საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადების“ განუხრელი შესრულება ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას და ურთიერთნდობის გაძლიერებას.

4.7. კორუფცია და სახელმწიფო მართვის არაეფექტიანი სისტემა: მმართველობის დემოკრატიული სისტემის და ურთიერთშეკავებისა და წონასწორობის მექანიზმის არსებობის სუსტმა ტრადიციამ ხელი შეუწყო კორუფციის ზრდას. ბოლო წლებში კორუფციამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია და ისეთი სისტემური და დრამატული ხასიათი მიიღო, რომ საფრთხე შეუქმნა ეროვნულ უსაფრთხოებას რესურსების ფლანგვით, მოსახლეობაში დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტებისადმი რწმენის შერყევით და ეკონომიკური წინსვლის შეფერხებით, რამაც უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების ერთიანობასა და სოციალურ ჰარმონიაზე. საქართველოს ბოლოდროინდელი გამოცდილება აჩვენებს, რომ კორუფციამ და სახელმწიფო მართვის არაეფექტიანმა სისტემამ, თუ მათი მოგვარება არ იქცევა მუდმივი ზრუნვის საგნად, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

4.8. ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები: სუსტად განვითარებული ეკონომიკა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევაა, ვინაიდან მდგრადი განვითარების გარეშე საქართველოს ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა დაბალი რჩება.

ეკონომიკურმა ჩამორჩენილობამ ხელი შეუწყო მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებას, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სისტემების დეგრადაციას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებას, უმუშევრობის მაღალ დონეს და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა რიცხვის ზრდას, რამაც გამოიწვია მოქალაქეთა უკანონო საქმიანობაში ჩაბმა.

არათანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარება და ძლიერი საშუალო ფენის არარსებობა იწვევს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის ცხოვრების პირობების დისპროპორციას. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა ცენტრსა და რეგიონებს შორის ამწვავებს სიტუაციას და შესაძლოა ხელი შეუწყოს სოციალური და პოლიტიკური ექსტრემიზმის გაღვივებას. სოციალურმა დაძაბულობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მდგრად განვითარებას, სტაბილურობას და ეროვნულ უსაფრთხოებას.

4.9. ენერგეტიკული გამოწვევები: საქართველოს დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს ენერგორესურსებზე, სადაც თავისუფალი ბაზარი და საკუთრების უფლება გარანტირებული არ არის, ასევე ადგილობრივი ენერგიის წყაროების არასაკმარისი განვითარება, ენერგიის არასტაბილური მოწოდება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მძიმე ტექნიკური მდგომარეობა ასუსტებს საქართველოს და ქმნის ხელსაყრელ პირობებს საგარეო ზეწოლისათვის. ენერგეტიკულმა გამოწვევებმა, თუკი არ მოხდა მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, შეიძლება საფრთხე შეუქმნას არა მარტო ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებასაც.

4.10. ინფორმაციული გამოწვევები: ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის და მისი განმახორციელებელი ინფრასტრუქტურის სისუსტემ, ასევე სახელმწიფო მართვის არასაკმარის და არასანდო ინფორმაციაზე დაფუძნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, სახელმწიფოს კუთვნილი, შესაბამისი გრიფის მქონე ინფორმაციის დაცვის არასრულყოფილი სისტემა, სახელმწიფო საინფორმაციო სისტემებში უკანონო შეჭრა ინფორმაციის მოპოვების ან დაზიანების მიზნით და გარე ძალების მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საინფორმაციო შეტევების განხორციელება სერიოზული გამოწვევაა ეროვნული უსაფრთხოებისათვის.

4.11. ეკოლოგიური გამოწვევები: ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის გაუარესებას, ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ უბედურებებს შეუძლია საფრთხე შეუქმნას საქართველოს ბუნებრივ გარემოს, მისი მოქალაქეების კეთილდღეობას და ბიომრავალფეროვნებას. საქართველოს მდებარეობა სეისმურად აქტიურ ზონაში ზრდის მისი დაუცველობის ხარისხს ბუნებრივი კატასტროფების მიმართ. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართულმა ტერორისტულმა აქტებმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ბუნებრივი გარემო. მეზობელ ქვეყნებში მსხვილი სამრეწველო ობიექტების დაზიანებას შესაძლოა ასევე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ზიანი და სხვა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.

5. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანია დაიცვას ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ეროვნული ინტერესები, უპასუხოს ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს და ხელი შეუშალოს რისკებისა და გამოწვევების საფრთხეებში გადაზრდას ან არსებული საფრთხეების გაძლიერებას.

5.1. სახელმწიფო მართვის გაძლიერება და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება

საქართველოს მოქალაქეების მტკიცე ნებაა აშენონ თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება და შექმნან კანონის უზენაესობასა და ყოველი მოქალაქის კანონის წინაშე თანასწორობაზე დაფუძნებული, გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემა, რომელიც იქნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გარანტი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. ასეთი პოლიტიკური სისტემა ქვეყნის შემდგომი განვითარების უმთავრესი საფუძველია.

საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს შორის ფუნქციების გამიჯვნას, რაც მმართველობის დემოკრატიული სისტემის საფუძველია. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების რეფორმირებისა და საქმიანობის ოპტიმიზაციის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს სამართალდაცვის ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების რეფორმა. შექმნილია სახელმწიფო მმართველობის რეფორმის სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მმართველობის სტრუქტურული და ფუნქციური რეფორმების ეფექტიანი განხორციელება. მიმდინარეობს „კარგი მმართველობის სტრატეგიის“ შემუშავება, რომლის მიზანია მმართველობის სისტემის სრულყოფა, საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის გაძლიერება, კანონის უზენაესობის დამკვიდრება და ხელისუფლების სამივე შტოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას. ამ სფეროში რეფორმების განსახორციელებლად და სახელმწიფო მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისათვის შექმნილია და მუშაობს „ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისია“.

საქართველო უზრუნველყოფს სათანადო პირობების შექმნას არასამთავრობო სექტორისა და მასმედი-ის გასავითარებლად. ეს ხელს უწყობს ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს საზოგადოების წინაშე ხელისუფ-ლების ანგარიშვალდებულების ზრდას.

მმართველობის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება შეუძლებელია სახელმწიფო სექტორში კორუფციის შემცირების გარეშე, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა და შესაბამისი სოციალური გარანტიების მქონე ძლიერი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება. კორუფციის თავიდან აცილების მექანიზმების გასაძლიერებლად ხორციელდება ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებები. შემუშავებული და დამტკიცებულია „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია”, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებას. საქართველოს ხელისუფლება შეიმუშავებს და დაამტკიცებს ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას, სადაც განსაზღვრული იქნება გასატარებელი ღონისძიებები, პასუხისმგებელი უწყებები და განხორციელების ვადა.

5.2. სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის ამაღლება

სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად საქართველო ავითარებს შეიარაღებულ ძალებს, აძლიერებს სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმებს, თა-ნამშრომლობს საერთაშორისო საზოგადოებასთან მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად და აყალიბებს კრიზისების მართვის მექანიზმებს.

საქართველო ახორციელებს თავდაცვის ფართომასშტაბიან რეფორმას, რის შედეგადაც იქმნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისი, გაზრდილი შესაძლებლობების მქონე, თანამედროვე, ეფექტიანი და მდგრადი შეიარაღებული ძალები, რომელთაც ძალა შესწევთ დაძლიონ ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი სამხედრო საფრთხეები. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოთ საერთაშორისო ანტიტერორისტულ და მშვიდობის მხარდამჭერ ოპერაციებში მონაწილეობა, ასევე სამოქალაქო ხელისუფლების დახმარება საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს რეფორმა ითვალისწინებს არა მარტო სტრუქტურულ ცვლილებებს, არამედ შეიარაღების, აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და შესაძლო ამოცანებზე მორგებული შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის ოპტიმიზაციას. შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის გზაზე საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობარი ქვეყნების დახმარებას და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

NATO-სთან „ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა“ და მიმდინარე თავდაცვის სისტემის სტრატეგიული მიმოხილვა საფუძვლად უდევს ზემოაღნიშნული რეფორმების განხორციელებას და მდგრადობას.

შეიარაღებულ ძალებზე ეფექტიანი დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის დაწესება თავდაცვის რეფორმის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გარდაიქმნა სამოქალაქო უწყებად, რომელსაც სამოქალაქო მინისტრი ხელმძღვანელობს; მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს შორის ფუნქციების გამიჯვნა. თავდაცვის სისტემის ანგარიშვალდებულება გარანტირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკას, ამტკიცებს თავდაცვის ბიუჯეტს, აკონტროლებს თავდაცვის ხარჯებს, იღებს კანონებს თავდაცვის სფეროში და აკონტროლებს მათ შესრულებას.

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად აუცილებლად მიიჩნევს სამობილიზაციო სისტემის რეფორმირებას და რეზერვისტების მომზადების სისტემის განვითარებას. ამასთან ერთად მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა მოხდეს სამოქალაქო თავდაცვის განვითარება. სამოქალაქო თავდაცვა უნდა იყოს სახელმწიფო თავდაცვის სისტემის მხარდამჭერი მექანიზმი სერიოზული საფრთხის ან კრიზისის დროს; იგი მოამზადებს მოქალაქეებს თავდაცვისათვის და უზრუნველყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვას საგანგებო სიტუაციების შედეგად მიღებული ზარალის შემცირების ან ლიკვიდაციის გზით.

მრავალეროვნულ ანტიტერორისტულ, სამშვიდობო, სამაშველო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველო იღებს მდიდარ გამოცდილებას, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ამით მას თავისი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. მსოფლიოს ანტიტერორისტული კოალიციის წევრობით საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ NATO-ს ოპერაციებში ავღანეთში, ამჟამად კი სამშვიდობო მისიით იმყოფებიან კოსოვოსა და ერაყში.

საქართველო ქმნის კრიზისების მართვის სისტემას, რომელიც შეძლებს თავიდან აიცილოს და უპასუხოს კრიზისებს, დროულად და ეფექტიანად მოაგვაროს პოსტკრიზისული სიტუაციები და უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მყისიერი მიღება და იმპლემენტაცია. კრიზისების მართვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული მოქმედება, ასევე კრიზისების მოგვარების პროცესში ჩაბმული სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო და ჰუმანიტარული ინსტიტუტების ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ზუსტი განსაზღვრა. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან იქმნება კრიზისების მართვის ცენტრალიზებული და ერთიანი სისტემა.

5.3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს საზღვრებში არაკონტროლირებადი ტერიტორიების არსებობა ხელს უშლის მის სრულფასოვან დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს რეინტეგრაცია და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კანონის უზენაესობის აღდგენა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სახელმწიფო რეინტეგრაციის პოლიტიკა გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის განსაზღვრაში აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მონაწილეობას.

საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია გადადგას დროული და ეფექტიანი ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება კონფლიქტების მშვიდობიანი, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დამყარებული მეთოდებით მოგვარებისაკენ, და მზადაა უზრუნველყოს თავის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, რელიგიური და კულტურული უფლებების დაცვა.

საქართველომ სტიმული მისცა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის არსებულ ხელისუფლებებთან პოლიტიკურ დიალოგს შესაბამისი რეგიონების პოლიტიკური სტატუსისა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის და ფართო რეგიონული ავტონომიურობის პრინციპზე დაყრდნობით.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა – „საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით“ ნდობის აღდგენის და არსებული დაპირისპირების მოგვარების სერიოზული საფუძველია. ეს ინიციატივა ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს სთავაზობს ავტონომიის სტატუსს, უარყოფს ძალის გამოყენებას და ემყარება კულტურული თვითმყოფადობისა და თვითგამორკვევის, უმცირესობათა უფლებების დაცვის, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების და მოალაქეთა თანასწორობის პრინციპების განუხრელ დაცვას.

აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით გაეროს ინიციატივითა და გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის (ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთის ფედერაცია, საფრანგეთი) უშუალო მონაწილეობით შემუშავებული დოკუმენტი – „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის ძირითადი პრინციპე-ბის შესახებ“ არის ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთისათვის ფართო უფლებამოსილების და განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას და აფხაზეთის მრავალეროვნული მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფას. აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის საქმიანობა და ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების გაგრძელება ჟენევის სამშვიდობო ფორმატის ფარგლებში.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და ლტოლვილთა კანონიერ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება და მათთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით.

საქართველო მიესალმება ყველა სამშვიდობო წინადადებას და ინიციატივას, რომლებიც ხელს შეუწყობს არსებული კონფლიქტების მშვიდობიან და სამართლიან მოგვარებას. ამ კონფლიქტების წარმატებით მოსაგვარებლად საქართველოს მიერ შემოთავაზებული ინიციატივების საფუძველზე საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური მონაწილეობა. ეს ბოლოს მოუღებს სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი აქტორის მიერ მონოპოლიზაციას.

5.4. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა (NATO) და ევროკავშირში ინტეგრაცია

საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო, ისტორიულად ევროპის გეოგრაფიული, პოლიტიკური და კულტურული ნაწილია. ევროპულ და ევროატლანტიკურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს ხალხის მტკიცე ნებაა. საქართველო მიესალმება NATO-ს და ევროკავშირის გაფართოებას და მიიჩნევს, რომ NATO-სა და ევროკავშირში შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ინტეგრაცია მნიშვნელოვნად განამტკიცებს ამ რეგიონის, როგორც ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხოებას. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის უპირველესი პრიორიტეტია.

5.4.1. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO) გაწევრიანება

საქართველო NATO-ს განიხილავს როგორც კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციას, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის უმთავრესი მექანიზმია. NATO-სთან თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში, ასევე უსაფრთხო და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებას. NATO-ში გაწევრიანებით საქართველო არა მარტო სამხედრო და პოლიტიკური უსაფრთხოების უპრეცედენტო გარანტიებს მიიღებს, არამედ თავის წვლილს შეიტანს ევროპის, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში. საქართველომ თავისი მზადყოფნა, გაიზიაროს კოლექტიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობა, უკვე დაამტკიცა ავღანეთსა და კოსოვოში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნით.

2004 წლის 29 ოქტომბერს NATO-მ დაამტკიცა საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP), რომლის შესრულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს NATO-ში გაწევრიანებისათვის. ეს გეგმა ითვალისწინებს კომპლექსურ რეფორმებს პოლიტიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის და სხვა სფეროებში, რაც აუცილებელია საქართველოს სტაბილურ დემოკრატიულ ქვეყნად და NATO-ს სანდო პარტნიორად გადასაქცევად.

საქართველო ასრულებს ზემოაღნიშნულ სამოქმედო გეგმას, რომელშიც გაწერილია მისი შესრულებისათვის აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებები. NATO-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარეობს ინსტიტუციური რეფორმები. საქართველო მოწოდებულია განუხრელად შეასრულოს IPAP-ით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში (MAP) საქართველოს ჩაბმას.

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს NATO-ს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ და ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს ფარგლებში. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს NATO-ს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობას პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.

5.4.2. ევროკავშირში ინტეგრაცია

საქართველო ევროკავშირს განიხილავს როგორც სახელმწიფოთა თანამეგობრობას, რომელიც უზრუნველყოფს ევროპაში მშვიდობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებას. ევროკავშირთან თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. საქართველო იზიარებს ევროკავშირისათვის საერთო ღირებულებებსა და მიზნებს, და მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მნიშვნელოვანი გარანტიაა. ამასთანავე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გააძლიერებს ევროპას შავი ზღვის რეგიონის ევროპის სტაბილურობის და ვაჭრობის ზონად აღდგენით.

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი იურიდიული ჩარჩოა „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება“. პარტნიორობის მიზნებს მიეკუთვნება პოლიტიკური დიალოგის, საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიის, ვაჭრობის, ინვესტიციების და ჰარმონიული ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და საფუძვლის შექმნა საკანონმდებლო, ეკონომიკური, სოციალური, ფინანსური, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და კულტურული თანამშრომლობისათვის. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში საქართველო ახორციელებს „საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნულ პროგრამას.“.

2004 წლის ივნისში საქართველო ჩაბმულ იქნა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში, რაც ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვანი მექანიზმია. სამეზობლო პოლიტიკა იძლევა ოთხი თავისუფლების (საქონლის, მომსახურების, კაპიტალის და ადამიანების გადაადგილება) უზრუნველყოფის, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის ზრდის და სამეცნიერო-საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესაძლებლობას. გარდა ამისა, არსებობს პოლიტიკური დიალოგის, საზღვრების დაცვის, კრიზისების მართვის და კანონის უზენაესობის სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობა.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მის განხორციელებას ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების სრულად გამოყენებისათვის. სოციალურ, ეკონომიკურ, ინსტიტუციურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ სფეროებში შესამჩნევი პროგრესის მიღწევის შემდეგ საქართველო აპირებს განავითაროს ინტეგრაციის უფრო მაღალი დონის უზრუნველმყოფი ფორმატი, სანამ შესაძლებელი არ გახდება ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველოში მიმდინარეობს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმები.

საქართველო სრულად ეთანხმება ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტს – „უსაფრთხო ევროპა უკეთეს მსოფლიოში“, და გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს მის იმპლემენტაციაში.

ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გაწეული დახმარება დსთ-ის ტექნიკური დახმარების პროგრამის (TACIS) ფარგლებში განხორციელებული პროექტების საშუალებით და ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია დიდ როლს ასრულებს სხვადასხვა სფე-როში რეფორმების განხორციელებაში.

5.5. საგარეო კავშირების განმტკიცება

საგარეო პოლიტიკა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მიზნად ისახავს საქართველოსათვის ხელსაყრელი საერთაშორისო გარემოს ჩამოყალიბებას. ამ მიზნის მისაღწევად საქართველო თანამშრომლობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში.

5.5.1. სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან

საქართველო აგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერდა მხარს მის სახელმწიფოებრიობას, დემოკრატიის, თავდაცვისუნარიანობისა და ეკონომიკის განვითარებას. ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტი დახმარება საქართველოსათვის, რაც თანამშრომლობის სხვადასხვა პროგრამით გამოიხატება, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ასევე მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ქართველი სტუდენტების განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული დახმარების პროგრამების მეშვეობით. საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა (GTEP), რომელიც აშშ-ის ინიციატივით განხორციელდა, მნიშვნელოვანი წარმატებაა თანამედროვე ქართული შეიარაღებული ძალების შექმნის პროცესში. შენარჩუნებისა და სტაბილურობის უზ-რუნველყოფის ოპერაციების ახალ პროგრამას (SSOP) თვისობრივად მაღალ დონეზე აჰყავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. ამ პროგრამებით გაწვრთნილი ნაწილები საქართველოს არმიის ბირთვს წარმოადგენენ.

საქართველო აქტიურად აგრძელებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიციირებული ანტიტერორისტული კოალიციის პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების პროგრამებით გაწვრთნილი ნაწილები წარმატებით მონაწილეობენ ანტიტერორისტულ და სამშვიდობო მისიებში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. ამჟამად საქართველო 850 ჯარისკაცით ეხმარება აშშ-ის მეთაურობით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას ერაყში.

5.5.2. სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასთან

საქართველოს „ვარდების“ და უკრაინის „ნარინჯისფერი“ რევოლუციებით, რომლებიც წარმოადგენენ დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებებისადმი საერთო რწმენის გამოხატულებაა, დაიწყო ახალი ერა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.

საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ინსტიტუციონალიზებულ იქნა 1993 წელს გაფორმებული უპრეცედენტო ხელშეკრულებით „საქართველოს რესპუბლიკას და უკრაინას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.“ საქართველომ და უკრაინამ დაამყარეს პარტნიორული ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში: თავისუფალი ვაჭრობა, სამრეწველო თანამშრომლობა, სამხედრო განათლება და დახმარება. საქართველო ესწრაფვის მაქსიმალურად გამოიყენოს უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობები.

საქართველო და უკრაინა თანამშრომლობენ საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, არამედ ისეთ მრავალმხრივ ფორმატებშიც, როგორიცაა: გაერო, ეუთო, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და სუამი (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა). საქართველო მიესალმება უკრაინის შესაძლო ჩართვას გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობართა ჯგუფში. საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინასთან თანამშრომლობა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესში. საქართველო მიესალმება უკრაინის „ინტენსიურ დიალოგს“ NATO-სთან და ევროკავშირის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებულ სამოქმედო გეგმას. საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში საქმიანობის კოორდინირება მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისათვის NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

5.5.3. სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთთან

თურქეთი საქართველოს წამყვანი რეგიონული პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას სტაბილური ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ინსტიტუტების შესაქმნელად.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი, წარმატებით განხორციელება სტრატეგიული მნიშვნელობისაა ორივე ქვეყნისათვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თურქეთთან შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება.

თურქეთი საქართველოსათვის მნიშვნელოვანი სამხედრო პარტნიორია. თურქეთის დახმარებამ ქართული სამხედრო ნაწილების გაწვრთნაში, ტექნიკური და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოს შეიარაღებული ძალები. თურქეთი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხედრო პერსონალის მომზადებაში, თავდაცვის ეროვნული აკადემიის განვითარებაში ხელ-შეწყობის და სხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.

5.5.4. პარტნიორობა აზერბაიჯანთან და სომხეთთან

საქართველოს აზერბაიჯანთან და სომხეთთან აკავშირებს ისტორიულად ჩამოყალიბებული, ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობები. ცხადია, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერთობლივი მიდგომების ჩამოყალიბებას რეგიონის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება, ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა და საერთო ბაზრის ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის არსებობა საფრთხეს უქმნის რეგიონის ქვეყნების სტაბილურობას. საქართველო მიესალმება ამ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურ ჩაბმას სამშვიდობო პროცესში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას და თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქართველო ესწრაფვის აზერბაიჯანთან და სომხეთთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ორმხრივი ინტერესების სფეროში თანამშრომლობის საფუძველზე. რეგიონში მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, გარდა ეკონომიკური მნიშვნელობისა, რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების ფუნქციაც აქვს – თანამშრომლობის და მდგრადი ბიზნეს პარტნიორობის ჩამოყალიბებით.

საქართველოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა. ერთობლივი ენერგეტიკული, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორი ქვეყნის სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ორ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტს – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენს არა მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, არამედ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებასაც ემსახურება. ამ პროექტების ამოქმედების შემდეგ მოხდება ალტერნა-ტიული ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიო ბაზარზე. ამ მიზნის მისაღწევად საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს აზერბაიჯანთან მილსადენების უსაფრთხოების საკითხებში.

საქართველო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს აზერბაიჯანთან პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროებში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. საქართველოს და აზერბაიჯანის პარტნიორობა სუამის ფარგლებში, აზერბაიჯანის მონაწილეობა ევროკავშირის ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და NATO-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში ხელს უწყობს უსაფრთხოების ინტერესების ჰარმონიზაციას და სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხებზე საერთო პოზიციების ჩამოყალიბებას.

საქართველოს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს სომხეთთან ორმხრივი ინტერესების ყველა სფეროში. საქართველო თვლის, რომ სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავება ორივე სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება და ხელს უწყობს ორი ქვეყნის ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და პოლიტიკურ სტაბილურობას.

საქართველომ და სომხეთმა უნდა გამოიყენონ ერთობლივი ეკონომიკური, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო პროექტების სიკეთე. საქართველოს მიაჩნია, რომ სომხეთმა სარგებელი უნდა ნახოს საქართველოს ტრანზიტული მდებარეობისგან – სომხური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებით. საქართველო და სომხეთი აქტიურად თანამშრომლობენ ისეთ რეგიონულ ფორუმში, როგორიცაა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC). საქართველო მხარს უჭერს სომხეთის მონაწილეობას ევროკავშირის ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში და მიესალმება მის უფრო აქტიურ თანამშრომლობას NATO-სთან.

5.5.5. პარტნიორობა რუსეთის ფედერაციასთან

საქართველო ესწრაფვის რუსეთთან კეთილმეზობლობის, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. საქართველო მიესალმება რუსეთის ფედერაციის გარდაქმნას სტაბილურ დემოკრატიულ ქვეყნად, რომელშიც ფუნქციონირებს საბაზრო ეკონომიკა და რომელიც პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს. რუსეთის ფედერაციის დემოკრატიზაცია და პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკა დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს და რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

საქართველო მზად არის გაააქტიუროს რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური დიალოგი, გააღრმავოს სავაჭრო-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ურთიერთობები და ითანამშრომლოს რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად და ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს მიაჩნია, რომ მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულების დადება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. საქართველო კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას.

რუსეთის ფედერაციამ განუხრელად უნდა შეასრულოს მის მიერ ეუთოს 1999 წლის სტამბოლის სამიტზე ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადებში გაიყვანოს თავისი სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიიდან, რაც უდავოდ გააუმჯობესებს ურთიერთობებს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის.

5.5.6. თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში

შავი ზღვის რეგიონი ევროპის განუყოფელი ნაწილია. ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემა, რომელიც ტრანსფორმირებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებს ეფუძნება, სრულად ვერ განვითარდება შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან ელემენტად ჩამოყალიბების გარეშე. NATO-ს და ევროკავშირს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ერთობლივი თანამშრომლობით მხარი დაუჭირონ შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოების ძალისხმევას, უზრუნველყონ მდგრადი რეგიონული სტაბილურობა და უსაფრთხოება.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განუყოფლობის და ამ სივრცისადმი საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოს, კუთვნილების პრინციპს. საქართველო მიესალმება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მიმდინარე ინტეგრაციას NATO-სა და ევროკავშირში და გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს მომავალი უკავშირდება კიდევ უფრო უსაფრთხო და სტაბილურ შავი ზღვის რეგიონს და, შესაბამისად, NATO-ს და ევროკავშირს. საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ინტეგრაცია განამტკიცებს NATO-ს და ევროკავშირის მნიშვნელოვანი სამხრეთი საზღვრის უსაფრთხოებას.

საქართველო მიესალმება NATO-ს აქტიურ მონაწილეობას შავ ზღვაზე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში. მნიშვნელოვანია NATO-ს მონაწილეობა შავ ზღვაზე ნარკოტიკული ნივთიერებებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობის და ადამიანების ტრეფიკინგის, აგრეთვე ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება. ამ თვალსაზრისით საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შემდეგ რეგიონულ ინიციატივებში მონაწილეობას.

5.5.6.1. სუამი (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა): საქართველო განიხილავს სუამს, როგორც პარტნიორი სახელმწიფოების რეგიონულ ორგანიზაციას, რომლებიც გაერთიანდნენ დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების საერთო ინტერესების საფუძველზე. საქართველო მნიშვნელოვნადაა დაინტერესებული სუამის ტრანსფორმაციით სრულფასოვან ორგანიზაციად, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, დემოკრატიულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. აშშ–სუამის ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა: ვაჭრობის და ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა და ვირტუალური ცენტრი, ხელს შეუწყობს წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ტრანსპორტი, სამართალდაცვა, ორგანიზებული დანაშაულისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა.

5.5.6.2. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC): საქართველო განიხილავს BSEC-ს, როგორც ორგანიზაციას, რომელიც მისი დიდი ეკონომიკური პოტენციალისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო გავლენას ახდენს რეგიონის ეკონომიკასა და უსაფრთხოებაზე. საქართველო ესწრაფვის BSEC-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა, ენერგეტიკა, კომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ტურიზმი და ინფრასტრუქტურის განვითარება.

5.5.6.3. შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფში (BLACKSEAFOR) და შავ ზღვაზე სამხედრო-საზღვაო სფეროში ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომების (CSBM) შესახებ დოკუმენტის (ე.წ. ,,უკრაინის ინიციატივა”) ფარგლებში, როგორც შავი ზღვის აუზში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების და რეგიონული საზღვაო თანამშრომლობის გაღრმავების ხელშემწყობ ინიციატივებში მონაწილეობით საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და რეგიონის სახელმწიფოებს შორის ნდობის განმტკიცებაში. საქართველო მიესალმება BLACKSEAFOR-ის თანამშრომლობას სხვა პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს შეუწყობს შავ ზღვაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

5.5.7. რეგიონთაშორისი თანამშრომლობა

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან საკითხების ფართო სპექტრთან დაკავშირებით. საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბალტიისპირეთის გამოცდილების გაზიარება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. ამ ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეროვნული კანონმდებლობის და ინსტიტუტების ჰარმონიზაციის, თავდაცვის და სახელმწიფო სექტორის სხვა სფეროების რეფორმებში.

მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება და მათ მიერ საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა. რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მონაწილეობა „საქართველოს ახალ მეგობართა“ ქვეყნების ჯგუფში ხელს უწყობს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციისაკენ.

საქართველო, როგორც ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი ბუნებრივი რგოლი, დიდ ყურადღებას უთმობს მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამ თანამშრომლობის ძირითადი მიზანია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ენერგეტიკული რესურსების, ტვირთის და ინფორმაციის თავისუფალი მიმოქცევის ხელშეწყობა.

5.5.8. მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორუმები

საერთაშორისო თანამეგობრობასთან მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა საქართველოს საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

5.5.8.1. საქართველო თვლის, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) წამყვანი როლი უნდა შეასრულოს მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრებისა და არსებული კონფლიქტების სამართლიანი მოწესრიგების პროცესში. ამისათვის აუცილებელია გაეროს ეფექტიანობის გაზრდა და ამ მიზნით მისი საქმიანობის რეფორმირება. საქართველო მხარს უჭერს გაეროს მნიშვნელოვან როლს სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრისა და ბუნებრივი და ეკოლოგიური კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში.

5.5.8.2. საქართველო განიხილავს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთო) კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელოვან ორგანიზაციად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ევროპაში სტაბილურობის განმტკიცებაში. საქართველოს მიაჩნია, რომ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება რჩება ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედად. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეუთოს სტამბოლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების დროულ და განუხრელ შესრულებას. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ეუთოს დახმარება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ეუთოს უფრო აქტიურ მონაწილეობას საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში. ეუთოს საზღვრის მონიტორინგის შეწყვეტილი მისია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს საზღვარზე სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს ეგიდით მიმდინარეობს ქართველი მესაზღვრეების წვრთნის მნიშვნელოვანი პროგრამა, საქართველოს მიაჩნია, რომ საზღვრის მონიტორინგის პრობლემა ისევ აქტუალურია. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საქართველო აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

5.5.8.3. ევროსაბჭოს ფარგლებში თანამშრომლობას საქართველო განიხილავს საუკეთესო შესაძლებლობად პოლიტიკურ, სამართლებრივ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში ევროპული ღირებულებებისა და ნორმების დასამკვიდრებლად. საქართველო ევროსაბჭოს სტანდარტების ერთგულია, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა დასავლური ღირებულებებისა და ნორმების მქონე დემოკრატიული სახელმწიფოს შესაქმნელად. საქართველო ესწრაფვის შეასრულოს ევროსაბჭოს რეკომენდაციები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: დემოკრატიის განვითარება ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ეროვნული უმცირესობებისა და ადამიანის უფლებების დაცვის და კანონის უზენაესობისათვის აუცილებელი მექანიზმების განმტკიცება.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობას ეუთოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებში, რასაც პოლიტიკურ დონეზე კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელოვან მექანიზმად განიხილავს.

5.6. ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმის, კონტრაბანდისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ

საქართველო ეწინააღმდეგება ტერორიზმის ნებისმიერი სახით გამოვლინებას და აცნობიერებს საერთაშორისო ტერორიზმის და მისი ახალი ფორმების მზარდ საფრთხეს. საქართველოს სახელმწიფო ანტიტერორისტული პოლიტიკის მიზანია უზრუნველყოს ქვეყნის მოქალაქეების და სახელმწიფო და სხვა ინსტიტუტების უსაფრთხოება.

ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს ხელისუფლება ავითარებს ტერორიზმთან ბრძოლის საშუალებებს, მათ შორის, შეიარაღებული ძალების და სამართალდაცვის ორგანოების სპეციალური დანიშნულების ძალებს. ტერორისტების მიერ საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო მიზნებით გამოყენების საფრთხის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ხელისუფლება აძლიერებს საზღვრის დაცვას და აქტიურად თანამშრომლობს მეზობელ სახელმწიფოებთან ანტიტერორისტული კუთხით. ტერორიზმთან საბრძოლველად განსახორციელებელი ღონისძიებები ასევე მიზნად უნდა ისახავდეს ტერორისტული აქტების გამოძიებისათვის მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურების დამკვიდრებას, ანტიტერორისტული დაზვერვისა და კონტრდაზვერვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ტერორისტული აქტების დაკვეთასა და შესრულებაში ჩართული პირების იდენტიფიცირებას.

მრავალეროვნულ ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველო იძენს მდიდარ გამოცდილებას და, რაც მთავარია, თავისი წვლილი შეაქვს ანტიტერორისტული კოალიციის საქმიანობაში.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ნავთობ და გაზსადენების დაცვას. საქართველო ახორციელებს აქტიურ საერთაშორისო თანამშრომლობას აღნიშნული ამოცანის ეფექტიანად შესასრულებლად.

საქართველოსათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია გადამჭრელი ღონისძიებების განხორციელება კონტრაბანდის, იარაღითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის, ადამიანების ტრეფიკინგის და სხვა სახის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. ამ პრობლემების წარმატებით მოსაგვარებლად აუცილებელია პოლიტიკური ნება, ძალისხმევების კონსოლიდაცია და შესაბამისი უწყებების რეფორმირება.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა მტკიცე ნება ზემოაღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. სახელმწიფოს მიზან-მიმართული პოლიტიკის შედეგად კონტრაბანდა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც გამოიხატა ჩრდილო-ვანი ეკონომიკის მკვეთრი შემცირებით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებითა და სახელმწიფო შემოსავლების ზრდით.

ამ პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია რეფორმების განხორციელება და საკანონმდებლო ბაზის მისადაგება კონტრაბანდის, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნებთან. საჭიროა სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციური რეფორმა, მისი დეცენტრალიზება და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებული მოქმედება. თუმცა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის და მის საზღვრებთან ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების გარეშე აღნიშნულ საფრთხეებთან გამკლავება გამოიწვევს უზარმაზარი რესურსების ხარჯვას, დაცულობის ხარისხი კი მაინც დაბალი დარჩება.

მოხდა შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების მოდერნიზაცია და გაერთიანება შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამით ბოლო მოეღო ამ უწყებებს შორის ფუნქციათა დუბლირებას და არაკოორდინირებულ მოქმედებებს. მიმდინარეობს სადაზვერვო სისტემის ოპტიმიზაცია. კონტრდაზვერვის სამსახური გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, ხოლო საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი უშუალოდ დაექვემდებარა საქართველოს პრეზიდენტს. მიმდინარეობს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის გასამხედროებული სამსახურიდან სამოქალაქო-პოლიციური ფუნქციების მქონე სასაზღვრო სამსახურად გარდაქმნა. აუცილებელია შემდგომი რეფორმების განხორციელება საგარეო დახმარების პროგრამების მხარდაჭერით, რათა დასრულდეს სამართალდამცავი სამსახურების ინსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება, რაც კანონის მტკიცედ დაცვის გარანტია იქნება.

5.7. ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა მიზნად ისახავს აუცილებელი ეკონომიკური პირობების შექმნას საქართველოს განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისათვის. ეკონომიკის გამოცოცხლება მიმდინარე პოლიტიკის შედეგია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ემსახურება საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებია:

მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცება საბიუჯეტო სისტემის და საგადასახადო ადმინისტრი-რების გაუმჯობესების, ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების, საშუალოვადიანი სახარჯო პოლიტიკის პრინციპების დანერგვისა და სახელმწიფო ვალის ეფექტიანი მომსახურების გზით;

კერძო სექტორის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა ეკონომიკის ინსტიტუციური დერეგულირების, მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირების, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და კერძო საკუთრების უფლების დაცვის მეშვეობით;

სოფლის მეურნეობის სექტორში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და მიწის ბაზრის განვითარება;

მრეწველობის ტრადიციული და ინოვაციური დარგების განვითარებისათვის ბიზნეს-გარემოს შექმნა;

ტურიზმის განვითარება და საქართველოს ტურისტული პოტენციალის სრული რეალიზაცია;

რეგიონებსა და დედაქალაქს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება რეგიონული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების, რეგიონების თანაბარი განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნისა და მთიანი რეგიონებისათვის სპეციალური პროგრამების განხორციელების გზით;

საბაზო ინფრასტრუქტურის განვითარება და ქვეყნის შედარებითი უპირატესობების, განსაკუთრებით – სატრანზიტო, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პოტენციალის რეალიზაცია, მათ შორის, გზების აღდგენა-განვითარების მეშვეობით;

საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში აქტიური მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას გლობალურ ეკონომიკაში;

საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობა;

ჯანსაღი კონკურენტული გარემოს და ბიზნესში თანაბარი შესაძლებლობების პირობების შექმნა და პრივილეგირებული, კონკურენციის შემზღუდავი უფლებების მინიჭების არდაშვება, განსაკუთრებით კომუნიკაციისა და ენერგეტიკის სფეროებში.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი ეკონომიკის სფეროში. ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის დონემ შესამჩნევად იკლო, სახელმწიფო ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა, მიმდინარეობს მასშტაბური პრივატიზაცია, ხელფასებმა მოიმატა, დაიწყო ინფრასტრუქტურის აღდგენა. ამ რეფორმებს საქართველო ახორციელებს „ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის სამთავრობო პროგრამაზე“ დაყრდნობით.

5.8. სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკა

საქართველოს მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოების და სოციალური ერთობის განმტკიცების მიზნით საქართველო ახორციელებს სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკას.

საქართველოს სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებია:

სიღატაკისა და სოციალური გარიყულობის დაძლევა, სიღარიბის შემცირება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა;

უმუშევრობის შემცირება, ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა და სოციალური მობილურობის გაზრდა;

განათლების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება; საყოველთაო დაწყებითი და საშუალო განათლების უზრუნველყოფა; უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებისადმი მისი მისადაგება;

პენსიებისა და სოციალური დაცვის სისტემის რეფორმირება; სოციალური დახმარების პროგრამების მიზნობრიობის უზრუნველყოფა; საპენსიო და სხვა დავალიანებების დაფარვის დასრულება;

ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად; სოციალური დაზღვევის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება; ცხოვრების ჯანსაღი წესის და გარემოს დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა;

სოციალურად საშიშ დაავადებათა (ტუბერკულოზი, შიდსი, ნარკომანია) პრევენცია.

საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სოციალური უსაფრთხოების აქტიურ პოლიტიკას. შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი: მიმდინარეობს საქართველოს განათლების სისტემის ინტენსიური რეფორმა, დაიფარა ძველი საპენსიო დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, შეუფერხებლად ხორციელდება სოციალური დახმარების პროგრამები.

5.9. ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა

საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნების ნაწილია, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარებისათვის. ქვეყნის ხელისუფლება აცნობიერებს იმ როლს, რომელიც საქართველოს ენიჭება კასპიის ზღვისა და შუა აზიის რეგიონებიდან დანარჩენი მსოფლიოსათვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების პროცესში. ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები უკვე მოქმედებს, ხოლო ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი 2006 წელს ამუშავდება. საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია უზრუნველყოს ამ პროექტების ეფექტიანი ფუნქციონირება.

ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისათვის აუცილებელია ენერგიის გენერაციის და იმპორტის წყაროთა დივერსიფიცირება, ენერგეტიკული ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა და ენერგეტიკული კრიზისების პრევენციისა და მართვის სისტემის შექმნა. საჭიროა ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელი პირობების განვითარება, ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ევროპულ ენერგეტიკულ პროექტებში აქტიური მონაწილეობა.

საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ენერგეტიკული სექტორის რეფორმირება. მოკლევადიანი პრიორიტეტები ამ მიმართულებით მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ენერგოდეფიციტის აღმოფხვრა;

ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;

ენერგოსექტორის ფინანსური გაჯანსაღება და ლიბერალიზაცია;

ენერგოდისტრიბუციის სისტემის და ზოგიერთი ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზაცია.

5.10. ინფორმაციის უსაფრთხოების პოლიტიკა

საქართველო აცნობიერებს, რომ სახელმწიფოს ეფექტიანი მართვისათვის აუცილებელია ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის არსებობა და გადაწყვეტილებების მიღების სისტემის დაფუძნება სანდო ინფორმაციაზე. სახელმწიფო პოზიციის თანმიმდევრულად და დამაჯერებლად წარმოდგენა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. საქართველო სერიოზულ ყურადღებას უთმობს საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონმდებლობის და სახელმწიფოს კრიტიკული საინფორმაციო სისტემების დაცვის საკითხებს. საგანგებო სიტუაციების დროს სანდო და დაცული ინფორმაციის ფლობა აუცილებელი წინაპირობაა კრიზისების ეფექტიანი პრევენციისა და მართვისათვის.

საქართველო ქმნის შესაბამის საკანონმდებლო ბაზას და ინფრასტრუქტურას, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად და ინფორმაციის დაცულობის უზრუნველსაყოფად. ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო. ეროვნული უშიშროების საბჭოსთანვე ყალიბდება სიტუაციური ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ინფორმაციის შეუფერხებელ მიწოდებას, უწყებათაშორის კოორდინაციას და კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინირებულ მართვას.

5.11. ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკა

საქართველოს ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკა მიზნად ისახავს მოსახლეობისა და გარემოს უსაფრთხოების დაცვას ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვანი შემცირების, გარემოს დაბინძურების და ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი უბედურებების პრევენციის გზით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მასშტაბურ საწარმოო ინციდენტებს და ისეთ ბუნებრივ მოვლენებს, როგორიცაა წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი და მიწისძვრა. აუცილებელია რეგულარულად ხორციელდებოდეს რისკების შეფასება, მოსახლეობის ინფორმირების კამპანიები და მუშავდებოდეს კრიზისების ეფექტიანი პრევენციის და პოსტკრიზისული მართვის პროგრამები.

საქართველოს ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებია:

გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება; ჰაერის დაბინძურების წყაროებზე კონტროლის დაწესება; ნიადაგის დაბინძურების პრევენცია; საქართველოს ტერიტორიის გაწმენდა რადიოაქტიური ნარჩენებისა და სარაკეტო საწვავისაგან;

საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ევროპის და გაეროს გარემოს დაცვის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება.

ქვეყნის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ საქართველოს ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვა მჭიდრო რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობას საჭიროებს. აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში ხელს უწყობს რეგიონში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების გაძლიერებას.

5.12. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს, რომ კულტურის სფეროს განვითარება ქვეყნის მდგრადი განვითარების და უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობაა.

საქართველო ესწრაფვის განავითაროს ქვეყნის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ამდიდრებს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას. ამ მიმართულებით აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის გატარება, თანამედროვე და ტრადიციული ქართული ხელოვნების ხელშეწყობა, არქიტექტურულ და ლანდშაფტურ ძეგლებზე ზრუნვა. საქართველო ქმნის შესაბამის პირობებსა და გარანტიებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. საქართველო უვლის და იცავს სახელმწიფო ენას და ესწრაფვის უზრუნველყოს ქართული ენის პატივისცემა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

6. დასკვნა

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო პირველად აქვეყნებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას. ამ დოკუმენტის მეშვეობით საქართველო თავის ხალხს და დანარჩენ მსოფლიოს უჩვენებს იმ მიმართულებას, რომელსაც მიჰყვება ძლიერი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. საქართველოს ხალხმა მტკიცედ გადაწყვიტა, შეუერთდეს იმ ერების თანამეგობრობას, რომელთაც აქვთ დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობა და პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას.

საქართველოს თითოეული სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყება თავისი სფეროს და კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს დარგობრივ სტრატეგიას ამ კონცეფციაზე დაყრდნობით და დაიწყებს მის დაუყოვნებელ განხორციელებას კონკრეტული სამოქმედო გეგმების მიხედვით. მხოლოდ ასეთი მიზანსწრაფვით და სახელმწიფოს განვითარების მიმართულების სწორი აღქმით გახდება შესაძლებელი კონცეფციაში ჩამოყალიბებული ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებების და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა.

ეს დოკუმენტი ასახავს ზოგიერთ ნაბიჯს, რომელსაც საქართველო უკვე დგამს ამ მიმართულებით და სახავს ამბიციურ, მაგრამ აუცილებელ გზას, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს ხალხის მისწრაფებებისგან. საქართველო სრულად აცნობიერებს, რომ ამ გზის გავლა მოითხოვს დროს, თავდადებას და დიდ შრომას. ამ გზაზე მრავალი პრობლემაა, მაგრამ არის შესაძლებლობებიც, რომლებიც მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული. საქართველოს ხალხის და საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული ძალისხმევით და საერთაშორისო თანამეგობრობის ხელშეწყობით საქართველო შეძლებს შექმნას ისეთი სახელმწიფო, რომელიც სიამაყეს აღუძრავს მის მოქალაქეებს, იხელმძღვანელებს მშვიდობიანი თანაცხოვრების და დემოკრატიული ღირებულებების პრინციპებით და ღირსეულ ადგილს დაიკავებს ერთა თანამეგობრობაში.

საქართველოს პრეზიდენტი                                                 მ. სააკაშვილი