„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3799-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 140100000.05.001.019262
3799-Iს
30/11/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
140100000.05.001.019262
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის საფუძველზე და კანონით დადგენილი წესით, საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე გამოსცენ უწყებრივი ნორმატიული აქტები.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობა.

4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ, არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით. ასეთი ინფორმაციის შენახვა დაუშვებელია და იგი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. აღნიშნული ინფორმაციის განადგურების შესახებ ეცნობება საქართველოს გენერალურ პროკურორს და სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ან სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით.“.

3. მე-7 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება მოსამართლის მიმართ ასევე შეიძლება განხორციელდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.“.

4. მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის მიმართვისას, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე.

5. განსაკუთრებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მიმართვისას, საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.“.

5. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოპერატიულ-სასამსახურო დოკუმენტები უკლებლივ უნდა წარედგინოს პროკურორს საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებისას ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სანქციონირებისას, გარდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

6. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზედამხედველობას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე ახორციელებენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ნოემბერი 2018 წ.

N3799-Iს