საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3723-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010020000.05.001.019233
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3723-Iს
14/11/2018
ვებგვერდი, 07/12/2018
010020000.05.001.019233
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო დროშის, საქართველოს სახელმწიფო გერბისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის, როგორც საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების, გამოყენების წესს, განსაზღვრავს მათი გამოყენების სფეროებს და დაცვის წესს, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო გერბისა და საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალების შენახვის ადგილებს.  

თავი II. საქართველოს სახელმწიფო დროშა

მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ დადგენილია 14 იანვარი.

მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება და ზომები

1. „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. სხვა დროშის საქართველოს სახელმწიფო დროშად გამოყენება აკრძალულია.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების (მათ შორის, ფერების) შეცვლა აკრძალულია. 

3. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზომების შეცვლა შესაძლებელია „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით.

 მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილი

1. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ქალაქ თბილისის რეზიდენცია.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალი ინახება მისთვის გამოყოფილ საგანგებო ადგილას, ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის რაიმე სახით დაზიანებას.

მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესი და პირობები

საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

მუხლი 6. საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა და გამოფენა

1. საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღმართულია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე;

ბ) საქართველოს პარლამენტის შენობაზე;

გ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შენობებზე;

დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე;

ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაზე;

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაზე;

ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენობაზე;

თ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შენობაზე;

ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობაზე;

კ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაზე;

ლ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე;

მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც იმართება ამ ორგანოთა სესიები, – სესიების მიმდინარეობის პერიოდში;

ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებზე;

ო) მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც იმართება ამ ორგანოთა სხდომები, – სხდომების მიმდინარეობის პერიოდში;

პ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე;

ჟ) საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა;

რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იმ იურიდიული პირების შენობებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას;

ს) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების შენობებზე;

ტ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე;

უ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშა გამოიფინება:

ა) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ემსახურება საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებს;

ბ) საქართველოში მიმდინარე ოფიციალურ საერთაშორისო ღონისძიებებზე;

გ) საზღვაო გემებზე, შიგა მიმოსვლის გემებსა და მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომლებზედაც, როგორც ოფიციალური პირები, იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან სხვა პირები, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელები განსაზღვრავენ თავიანთ დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენებისა და დაცვის სხვა შემთხვევებს და პასუხისმგებელი არიან საქართველოს სახელმწიფო დროშის მოვლა-პატრონობისთვის.

საქართველოს 2020  წლის 15 ივლისის კანონი №7007 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1523 – ვებგვერდი, 06.05.2022წ.

მუხლი 7. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ან სხვა ქვეყნის დროშის აღმართვა

1. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე დიდი ზომის და აღმართული უფრო მაღლა.

2. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სხვა ქვეყნის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა არ უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე მცირე ზომის.

მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების აკრძალვა

1. დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება აკრძალულია.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო დროშის დაცვა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დაცვას უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები.

საქართველოს 2020  წლის 15 ივლისის კანონი №7007 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი III. საქართველოს სახელმწიფო გერბი

მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახვის ფორმები

1. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.

2. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.

3. სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს სრული სახით ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის (ფერთა გრაფიკული გამოსახვის ხერხის) გამოყენებით.

4. მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით.

5. სახელმწიფო გერბი და მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენების გარეშე (კონტურით).

6. სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით ან მის გარეშე.

მუხლი 11. საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალის შენახვის ადგილი

1. საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალის შენახვის ადგილად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ქალაქ თბილისის რეზიდენცია.

2. საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალი ინახება მისთვის გამოყოფილ საგანგებო ადგილას, ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის რაიმე სახით დაზიანებას.

მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო

1. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება შემდეგი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე:

ა) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები;

ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები;

დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

1) საქართველოს დაზვერვის სამსახური;

ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტები;

ვ) სამხედრო ნაწილები;

ზ) სახელმწიფო რწმუნებულები;

თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები;

ი) საქართველოს საერთო სასამართლოები;

კ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;

ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

2. სავალდებულოა სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობების ფასადებზე, მათ სხდომათა დარბაზებში, თანამდებობის პირების სამუშაო ოთახებში.

3. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება:

ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისას;

ბ) საქართველოს ფულის ნიშნებზე (მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტებსა და მონეტებზე);

გ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა;

დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ საქართველოს ვიზაზე.

4. სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების შენობების ფასადებსა და დაწესებულებების დასახელებების აღმნიშვნელ აბრებზე.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1523 – ვებგვერდი, 06.05.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბის კანონი №1726 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.

მუხლი 13. მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო

1. საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი.

2. მცირე სახელმწიფო გერბი გამოისახება შემდეგი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე, ბეჭდებზე (გარდა პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე გამოსაყენებელი ბეჭდებისა) და შტამპებზე:

ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოები;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოები, მათ შორის, ის ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებსაც დელეგირებული აქვთ სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობებზე და მათი მოხელეების სამუშაო ოთახებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი.

4. სამხედრო ხომალდებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე გამოისახება მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი.

5. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე (გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა) შესაბამისი სახელმწიფო გერბის გამოსახვა სავალდებულოა.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. აღნიშნული ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ნუსხა, რომლებზედაც სავალდებულოა სახელმწიფო გერბის სრული სახით გამოსახვა, განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იყენებენ მცირე სახელმწიფო გერბს.

მუხლი 14. საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა შემთხვევები

საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა შემთხვევები შეიძლება განისაზღვროს კანონით ან/და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

მუხლი 15. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესი

1. საქართველოს სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარცხენა მხარეს (ჰერალდიკური მარჯვენა მხარე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც ამ გერბის (ჰერალდიკური ნიშნის) პირდაპირ დგას.

2. სამი ან მეტი, კენტი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) შუაში.

3. ოთხი ან მეტი, ლუწი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) ცენტრიდან მარცხნივ (ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით).

4. საქართველოს სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი საქართველოს სახელმწიფო გერბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) და საქართველოს სახელმწიფო გერბზე დიდი ზომის იყოს.

5. საქართველოს სახელმწიფო გერბისა და შესაბამისი დაწესებულების ან ორგანიზაციის სახელწოდების ერთ ფირნიშზე გამოსახვა დაუშვებელია.

6. დაუშვებელია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბები (ჰერალდიკური ნიშნები) ზუსტად იმეორებდეს საქართველოს სახელმწიფო გერბს ან საქართველოს სახელმწიფო გერბი იყოს მათი საფუძველი.

7. დაზიანებული საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენება დაუშვებელია.

8. იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებს, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული, განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

9. საქართველოს სახელმწიფო გერბის ამ კანონის დარღვევით გამოყენება ან საქართველოს სახელმწიფო გერბის შებღალვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10. ფიზიკურ პირებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, პოლიტიკურ პარტიებსა და შემოქმედებით კავშირებს ეკრძალებათ საქართველოს სახელმწიფო გერბის შენობების ფასადებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოყენება. სხვა შემთხვევებში ისინი საქართველოს სახელმწიფო გერბს შეუზღუდავად იყენებენ. 

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო გერბის ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების შენობების ფასადებზე განთავსების შემთხვევებზე.

საქართველოს 2020  წლის 15 ივლისის კანონი №7007 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1523 – ვებგვერდი, 06.05.2022წ.

 მუხლი 16. საქართველოს სახელმწიფო გერბის დაცვა

საქართველოს სახელმწიფო გერბის დაცვას უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები.

საქართველოს 2020  წლის 15 ივლისის კანონი №7007 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

თავი IV. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

მუხლი 17. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესი და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის განთავსება საგანმანათლებლო დაწესებულებებში

1. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება:

ა) საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისას;

ბ) საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ;

გ) საქართველოს პარლამენტის სესიის გახსნისას და დახურვისას;

დ) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისას, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ფიცის დადების შემდეგ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების სესიების გახსნისას და დახურვისას; საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევისას;

ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების გადაცემისას;

ვ) ძეგლების საზეიმო გახსნისას;

ზ) საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა გახსნისას ან/და დახურვისას;

თ) საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყებისას და დამთავრებისას.

2. საზღვარგარეთის ქვეყნების და მათი მთავრობების მეთაურთა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და სხვა ოფიციალურ პირთა დახვედრისას და გაცილებისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ასრულებს სასულე ორკესტრი უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ჩანაწერი (სასულე ორკესტრის შესრულებით), სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ჰიმნის შესრულების შემდეგ.

3. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საგუნდო ვარიანტი ან საორკესტრო ვარიანტი სრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს პირველი არხით, ყოველდღე, დილის მაუწყებლობის დაწყებისას.

4. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მცურავ საშუალებებზე საქართველოს თავდაცვის ძალების წესდებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის შესაბამისად.

5. საქართველოს ფარგლების გარეთ ოფიციალური ღონისძიების გამართვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საორკესტრო ვარიანტი სრულდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მასპინძელი ქვეყნის ტრადიციების გათვალისწინებით.

6. ოფიციალური სპორტული შეჯიბრების გამართვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საორკესტრო ვარიანტი სრულდება შესაბამის სპორტულ ორგანიზაციაში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით.

7. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალდებულოა ფეხზე ადგომა, ხოლო მამაკაცისათვის − ასევე ქუდის მოხდა, გარდა სამხედრო მოსამსახურისა (საქართველოს თავდაცვის ძალების წესდების საფუძველზე) და იმ შემთხვევისა, როდესაც ქუდის მოხდა კონფესიური დოგმის გამო არ შეიძლება.

8. თუ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებას თან ახლავს საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა, სავალდებულოა სახით საქართველოს სახელმწიფო დროშისკენ შეტრიალება.

9. სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დაწესებულებებში.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1523 – ვებგვერდი, 06.05.2022წ.

თავი IV1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო

საქართველოს 2020 წლის 19 თებერვლის კანონი №5724 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

მუხლი 17 1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტატუსი

1. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით საქართველოს პარლამენტთან იქმნება და მოქმედებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო.

2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილებები და ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონითა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს 2020 წლის 19 თებერვლის კანონი №5724 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

მუხლი 172. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებები

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება: 

ა) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;

ბ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;

დ) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა;

ე) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშების ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა;

ვ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების, ატრიბუტიკისა და ემბლემების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა;

ზ) „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს 2020 წლის 19 თებერვლის კანონი №5724 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

თავი V. დასკვნითი დებულებები

მუხლი 18. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული სამართლებრივი აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილის დადგენის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2856-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.09.001.016247);

ბ) „საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალის შენახვის ადგილის დადგენის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2857-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.09.001.016246);

გ) „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2861-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.09.001.016251);

დ) „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2860-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.09.001.016249);

ე) „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2859-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.09.001.016250).

მუხლი 19. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

14 ნოემბერი 2018 წ.

N3723-Iს