სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის დამტკიცების შესახებ

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 430090000.22.022.017629
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05/ნ
29/01/2019
ვებგვერდი, 30/01/2019
430090000.22.022.017629
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/01/2019 - 17/02/2021)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №05/ნ

2019 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის დამტკიცების შესახებ

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
2019-2020 სასწავლო წელს მონიტორინგი უნდა განხორციელდეს არანაკლებ 15 საჯარო დაწესებულებაში, ხოლო 2020-2021 სასწავლო წელს – არანაკლებ 30 საჯარო დაწესებულებაში (არანაკლებ 15 დაწესებულებაში მონიტორინგის მე-2 წელი, ხოლო არანაკლებ 15 დაწესებულებაში – მონიტორინგის პირველი წელი).
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი



დანართი

 

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემა

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემა (შემდგომში – მონიტორინგის სისტემა) განსაზღვრავს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების (შემდგომში – სტანდარტები) საჯარო დაწესებულებაში დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით მონიტორინგის განხორციელების წესსა და პირობებს.

2. მონიტორინგის სისტემის მიზანია სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის  მონიტორინგის განხორციელება, არსებული გამოწვევების დადგენა და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება.

3. მონიტორინგის სისტემა ვრცელდება საჯარო დაწესებულებებზე.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) თვისებრივი მეთოდი – მონიტორინგის პროცესში გამოყენებული ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მეთოდი, რომელიც ეფუძნება თვისობრივ (სიტყვიერ აღწერით) მონაცემებს;

ბ) კლასტერულ-სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევა – მონიტორინგის განხორციელების მიზნით საჯარო დაწესებულებების შერჩევის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს დაწესებულებების შემთხვევითი წესით შერჩევას წინასწარგანსაზღვრული დაწესებულებების ჯგუფებისა და  ტიპების (კლასტერებისა და სტრატების) მიხედვით;

გ) მონიტორინგი – სტანდარტების, დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესებისაკენ მიმართული პროცესი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ხორციელდება ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ანგარიშების შემუშავება;

დ) მონიტორინგის ინსტრუმენტების დოკუმენტი – მონიტორინგის მიზნით შემუშავებული ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა ინსტრუმენტი და ამ ინსტრუმენტების გამოყენების ინსტრუქციები; 

ე) მონიტორი – პირი, რომელიც შემუშავებული გეგმისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების მიხედვით უზრუნველყოფს მონიტორინგის განხორციელებასა და მონიტორინგის პროცესში მიღებული ინფორმაციის წარდგენას  მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტისათვის, ასევე მონაწილეობას იღებს საჯარო დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშის შედგენაში;

ვ) მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტი – პირი, რომელიც  ამზადებს მონიტორინგის გეგმას,  შეიმუშავებს მონიტორინგის მეთოდოლოგიასა და ინსტრუმენტებს, ამზადებს საჯარო დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშსა და მონიტორინგის წლიურ ანგარიშს, ასევე კოორდინაციას უწევს მონიტორის მიერ მონიტორინგის განხორციელებას;

ზ) რაოდენობრივი მეთოდი – მონიტორინგის პროცესში გამოყენებული ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მეთოდი, რომელიც ეფუძნება რაოდენობრივ (რიცხვით) მონაცემებს.

2. იმ ტერმინებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტით არ არის განმარტებული, აქვს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.


მუხლი 3. სტანდარტები
სტანდარტები სამი სახისაა:

ა) ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტი;

ბ) სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი;

გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტი (შემდგომში − ხარისხის სტანდარტი).


მუხლი 4. მონიტორინგის პროცესი
მონიტორინგის პროცესი შედგება სამი ეტაპისგან:

ა) მონიტორინგის დაგეგმვა;

ბ) მონიტორინგის განხორციელება;

გ) მონიტორინგის შედეგების ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების შემუშავება.


თავი II
მონიტორინგის სპეციფიკა სტანდარტების მიხედვით

მუხლი 5. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის დანერგვის მონიტორინგის სპეციფიკა
1. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის დანერგვის მონიტორინგი გულისხმობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ასაკის ბავშვის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში მიწოდებულ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესში შეძენილი ცოდნის, უნარ-ჩვევების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ანალიზსა და მათი შესაბამისობის დადგენას ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგებთან.

2. მონიტორინგი ხორციელდება სტანდარტების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ბავშვის განვითარების (აღზრდა-განათლების) სფეროებზე და თემატურ მიმართულებებზე დაკვირვებით.

3. მონიტორინგი ხორციელდება:

ა) 2-დან 3 წლამდე ბავშვებზე დაკვირვებით;

ბ) 3-დან 4 წლამდე და 4-დან 5 წლამდე ბავშვებზე დაკვირვებით.

4. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტის I ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს 0-დან 2 წლამდე ბავშვის ადრეული განვითარების სტანდარტებს, არ ექვემდებარება მონიტორინგს.


მუხლი 6. სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის მონიტორინგის სპეციფიკა
1. სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის მონიტორინგი გულისხმობს 5 წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე  ბავშვის მიერ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნის, უნარ-ჩვევების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ანალიზსა და მათი შესაბამისობის დადგენას სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგებთან.

2. მონიტორინგი ხორციელდება სტანდარტების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ბავშვის განვითარების სფეროებზე დაკვირვებით.


მუხლი 7. ხარისხის სტანდარტის დანერგვის მონიტორინგის სპეციფიკა
1. ხარისხის სტანდარტის დანერგვის მონიტორინგი გულისხმობს საჯარო დაწესებულებაში სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესისა და საგანმანათლებლო კომპონენტის დანერგვის ხელშემწყობი გარემოს ანალიზსა და მათი შესაბამისობის დადგენას ხარისხის სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგებთან.

2. მონიტორინგი ხორციელდება სტანდარტების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართულებებით.


თავი III
მონიტორინგი

მუხლი 8. მონიტორინგის დაგეგმვა
მონიტორინგის დაგეგმვა გულისხმობს მონიტორინგის გეგმის მომზადებას მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტის მიერ. მონიტორინგის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს:

ა) საჯარო დაწესებულებების შერჩევას და შერჩევის მეთოდოლოგიურ დასაბუთებას;

ბ) მონიტორინგის მეთოდების აღწერას და მონიტორინგის ინსტრუმენტების დოკუმენტს;

გ) მონიტორინგის განხორციელების ვადებს;

დ) მონიტორთა შერჩევის წესს, მონიტორებისათვის ტრენინგის ჩატარების გეგმას;

ე) ინფორმაციას მონიტორინგის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ;

ვ) მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავების ინსტრუქციებს და სხვა დამატებით ინფორმაციას საჭიროებისამებრ.


მუხლი 9. საჯარო დაწესებულებების შერჩევა
1. მონიტორინგის ფარგლებში საჯარო დაწესებულებები შეირჩევიან კლასტერულ-სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპებით.

2. სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით მონიტორინგი თითოეულ საჯარო დაწესებულებაში ხორციელდება წელიწადში ერთხელ, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში.

3. წლის განმავლობაში მონიტორინგი ხორციელდება არანაკლებ 45 საჯარო დაწესებულებაში (არანაკლებ 15 დაწესებულებაში მონიტორინგის მე-3 წელი, არანაკლებ 15 დაწესებულებაში – მონიტორინგის მე-2 წელი, ხოლო არანაკლებ 15 დაწესებულებაში – მონიტორინგის პირველი წელი).


მუხლი 10. მონიტორინგის მეთოდების შერჩევა და ინსტრუმენტები 
1. მონიტორინგის განსახორციელებლად გამოყენებული იქნება რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების შერეული მოდელი.

2. საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) შეიმუშავებს მონიტორინგის ინსტრუმენტების  დოკუმენტს.


მუხლი 11. მონიტორი და მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტი
1. მონიტორი და მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტი შეირჩევა წინასწარდადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

2. მონიტორი და მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტი  არ შეიძლება იყოს ის პირი, რომელიც:

ა) შრომით ურთიერთობაშია მუნიციპალიტეტთან;

ბ) შრომით ურთიერთობაშია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან;

გ) შრომით ურთიერთობაშია იმ საჯარო დაწესებულებასთან, რომელშიც ხორციელდება მონიტორინგი;

დ) ნათესაურ კავშირშია იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელთან, რომელშიც ხორციელდება მონიტორინგი.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის (აღმავალი, დამავალი) ნათესავი;

ბ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები;

გ) მეუღლე;

დ) მეუღლის და-ძმა და მათი შვილები;

ე) მეუღლის აღმავალი ხაზის ნათესავი.

4. მონიტორი და მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტი  ვალდებული არიან დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რაც გულისხმობს, რომ მონიტორინგის ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ სამინისტროს, შესაბამისი მუნიციპალიტეტისა და იმ საჯარო დაწესებულებისთვის, სადაც განხორციელდა მონიტორინგი.


მუხლი 12. მონიტორინგის შედეგების ანალიზი და ანგარიშის შედგენა
1. მონიტორინგის ანგარიშის სახეებია:

ა) საჯარო დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში;

ბ) მონიტორინგის წლიური ანგარიში.

2. მონიტორინგის პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა, მონიტორი   უზრუნველყოფს მონიტორინგის პროცესში მიღებული ინფორმაციის წარდგენას  მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტისათვის.

3. ყველა მონიტორის მიერ მონიტორინგის პროცესში მიღებული ინფორმაციის მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტისათვის წარდგენის დასრულების შემდგომ, არაუგვიანეს 2 თვის ვადაში, მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტი, მონიტორებთან თანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშის შედგენას.

4. საჯარო დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშებზე დაყრდნობით, მონიტორინგის/კვლევის სპეციალისტი უზრუნველყოფს მონიტორინგის წლიური ანგარიშის შემუშავებას.

5. საჯარო დაწესებულების  მონიტორინგის ანგარიში, ასევე მონიტორინგის წლიური ანგარიში  წარედგინება სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტს.

6. სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი:

ა) საჯარო დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში საჯარო დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშს უგზავნის იმ საჯარო დაწესებულებას, სადაც განხორციელდა მონიტორინგი;

ბ) უზრუნველყოფს მონიტორინგის წლიური ანგარიშის გაცნობას იმ უწყებებისთვის, რომლებსაც ევალებათ სტანდარტების დანერგვა;

გ) უზრუნველყოფს მონიტორინგის წლიური ანგარიშის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით.


მუხლი 13. მონიტორინგის შედეგად დარღვევის გამოვლენა
მონიტორების მიერ განხორციელებული მონიტორინგის დროს საჯარო დაწესებულების მიერ დაწესებულების ავტორიზაციის პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სამინისტრო ვალდებულია შესაბამის მუნიციპალიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულების მიერ დაწესებულების ავტორიზაციის პირობების შესაძლო დარღვევის შესახებ.