„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4028-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 360060000.05.001.019390
4028-რს
22/12/2018
ვებგვერდი, 31/12/2018
360060000.05.001.019390
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2−მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. კანონის რეგულირების საგანი

1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენის, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გამოყენების სფეროში (შემდგომ – საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფერო) სამართლებრივ ურთიერთობებს, აგრეთვე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივ საკითხებს, რომლებიც საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში რეგულირდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) (შემდგომ − კონვენცია) საფუძველზე.

2. ეს კანონი, გარდა ამ მუხლისა და ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლებისა და VIIIთავისა, არ აწესრიგებს კონვენციის დანართებში შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების სახეობების დაცვისა და გამოყენების საკითხებს, თუ ეს სახეობები იმავდროულად არ არის საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები.

მუხლი 3. საკანონმდებლო საფუძვლები

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროს და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, „გარემოს დაცვის შესახებ“ და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონებისგან, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.

მუხლი 4. კანონის ძირითადი მიზანი

ამ კანონის ძირითადი მიზანია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გამოყენების, აგრეთვე საერთაშორისო ვაჭრობის საკითხების სამართლებრივი რეგულირებით, დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მათი მდგრადი განვითარებისთვის პირობების შექმნა.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIIIთავი:

„თავი VIII1

გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობა

მუხლი 261. რეგულირების მიზანი

1. ამ თავის მიზანია კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე შესრულების უზრუნველყოფა.

2. საკითხი, რომელიც არ რეგულირდება ამ თავით, რეგულირდება კონვენციისა და მისი რეზოლუციების შესაბამისად.

3. კონვენციის დანართები და კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კონვენციაში შეტანილი ცვლილებები პროაქტიულად ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე.

მუხლი 262. ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახეობის ნიმუში:

ა.ა) ცოცხალი ან არაცოცხალი ცხოველი ან მცენარე, რომელიც შეტანილია კონვენციის დანართებში;

ა.ბ) კონვენციის I ან II დანართში შეტანილი ცხოველისთვის − ცხოველის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, ხოლო კონვენციის III დანართში შეტანილი ცხოველისთვის − ცხოველის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, რომელიც მითითებულია კონვენციის III დანართში ცხოველის ამ სახეობასთან დაკავშირებით;

ა.გ) კონვენციის I დანართში შეტანილი მცენარისთვის − მცენარის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, ხოლო კონვენციის II ან III დანართში შეტანილი მცენარისთვის − მცენარის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან/და პროდუქტი, რომელიც მითითებულია კონვენციის II ან III დანართში მცენარის ამ სახეობასთან დაკავშირებით;

ბ) საერთაშორისო ვაჭრობა − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ზღვიდან ინტროდუქცია;

გ) ზღვიდან ინტროდუქცია − იმ სახეობის ნიმუშის სახელმწიფოში შეტანა, რომელიც მოპოვებულია ზღვის გარემოში და არ იმყოფება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ;

დ) ხელოვნურად მოშენებული მცენარე − კონვენციის დანართებში შეტანილი მცენარე, რომელიც მოშენებულია ამ მცენარის მოსაშენებლად სპეციალურად მართულ ტერიტორიაზე კულტივირებული სანაშენე თაობისგან მიღებული გასამრავლებელი მასალისგან;

ე) ტყვეობაში გამრავლებული ცხოველი − კონვენციის დანართებში შეტანილი ცხოველის მოსაშენებლად სპეციალურად მართულ გარემოში სანაშენე თაობისგან მიღებული ცხოველი;

ვ) CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის ქვეყანა;

ზ) იმპორტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი ან მუდმივი შემოტანა;

თ) ექსპორტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დროებითი ან მუდმივი გატანა, გარდა რეექსპორტისა;

ი) რეექსპორტი − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა;

კ) ტრანზიტი − კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმ ქვეყნის გავლით გადატანა, რომელიც არ არის არც წარმოშობის ქვეყანა და არც დანიშნულების ქვეყანა;

ლ) დერივატი − ცხოველის ან მცენარის დამუშავებული ნაწილი;

მ) სახეობა − სახეობა, ქვესახეობა ან გეოგრაფიულად განცალკევებული პოპულაცია;

ნ) ნაწილი − ცხოველის ან მცენარის დაუმუშავებელი ან მარტივად დამუშავებული ნაწილი;

ო) რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე განხორციელებულ ქმედებაზე სათანადო ნებართვის გაცემა კონვენციის ნებართვებისა და სერტიფიკატების შესახებ №12.3 რეზოლუციის შესაბამისად.

მუხლი 263. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო

1. კონვენციით გათვალისწინებული ადმინისტრაციული უფლებამოსილების მქონე ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე დანერგვისთვის, ურთიერთობა აქვს კონვენციის სხვა მხარეებთან და კონვენციის სამდივნოსთან და საქართველოს სახელით გასცემს კონვენციით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფლებამოსილია კონვენციის მხარეთა კონფერენციას წარუდგინოს წინადადება სახეობის კონვენციის I ან II დანართში შეტანის თაობაზე, ხოლო კონვენციის სამდივნოს − წინადადება სახეობის ან სახეობის პოპულაციის კონვენციის III დანართში შეტანის თაობაზე.

3. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიას (ამ თავში შემდგომ − ლიცენზია) და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვას (ამ თავში შემდგომ − ნებართვა) გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონვენციის სამდივნოს ყოველი წლის 31 ოქტომბრამდე წარუდგენს ანგარიშს წინა წლის განმავლობაში განხორციელებული ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის, აგრეთვე არალეგალური გადაადგილების გამოვლენილი შემთხვევებისა და კონფისკაციის თაობაზე.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივლისისა წარუდგენს ანგარიშს წინა წლის განმავლობაში განხორციელებული ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის, აგრეთვე არალეგალური გადაადგილების გამოვლენილი შემთხვევების თაობაზე.

6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ თავით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 264. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა

1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.

2. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვისა და ექსპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის ან/და რეექსპორტის სერტიფიკატის საფუძველზე.

3. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.

4. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქცია ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საფუძველზე.

5. კონვენციის I დანართში შეტანილი ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის სახეობის ნიმუშით, რომელიც ტყვეობაში გამრავლებულია კომერციული მიზნით, და კონვენციის I დანართში შეტანილი ხელოვნურად მოშენებული მცენარის სახეობის ნიმუშით, რომელიც ხელოვნურად მოშენებულია კომერციული მიზნით, საერთაშორისო ვაჭრობა ხდება კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობისთვის დადგენილი წესით.

მუხლი 265. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა

1. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე, ხოლო თუ იმპორტის ქვეყანა მოითხოვს იმპორტის ნებართვას − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.

2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი ხორციელდება ექსპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის სერტიფიკატის საფუძველზე.

3. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე.

4. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქცია ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საფუძველზე.

5. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ბუნებაში მოპოვება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენების მიზნით დასაშვებია სამეცნიერო საბჭოს თანხმობის საფუძველზე.

მუხლი 266. კონვენციის II დანართში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება კომერციული მიზნით ექსპორტისთვის

1. ლიცენზია გაიცემა, თუ თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ხდება კომერციული მიზნით ექსპორტისთვის.

2. ლიცენზიის გამცემია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.

3. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი იმართება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის გამართვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი.

4. აუქციონის გამართვამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამეცნიერო საბჭოს დასკვნის საფუძველზე ადგენს თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვების რაოდენობრივ, თვისებრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებსა და წესებს.

5. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ლიცენზიის გამცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

6. ლიცენზია გაიცემა არაუმეტეს 20 წლის ვადით. ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის თანხმობით გააგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას მხარეთა (საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო და ლიცენზიის მფლობელი) შეთანხმებით შესაძლებელია სალიცენზიო პირობების (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა) შეცვლა ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა.

7. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

8. არასაექსპორტო მიზნით თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ლიცენზირებას არ ექვემდებარება.

9. ექსპორტისთვის თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ლიცენზიას არ საჭიროებს იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორის მიერ წლის განმავლობაში მოპოვებული ნიმუშის საექსპორტო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

მუხლი 267. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა

1. კონვენციის III დანართში საქართველოს ინიციატივით შეტანილი სახეობის ან პოპულაციის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. კონვენციის III დანართში სხვა ქვეყნის ინიციატივით შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც საქართველოში ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ან ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე.

2. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული იმპორტისა, ხორციელდება წარმოშობის ქვეყნის მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო თუ იმპორტი იმ ქვეყნიდან ხორციელდება, რომლის ინიციატივითაც ეს სახეობა ან პოპულაცია შეტანილია კონვენციის III დანართში, − ამ ქვეყნის მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე.

3. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტის არა წარმოშობის ქვეყნიდან, არამედ რეექსპორტის ქვეყნიდან განხორციელების შემთხვევაში საკმარისია რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის ან რეექსპორტის სერტიფიკატის წარდგენა.

4. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი იმ ქვეყნიდან, რომელშიც ეს სახეობა ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება წარმოშობის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის ან ტყვეობაში გამრავლების/ ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე.

5. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე.

6. კონვენციით განსაზღვრული ნებართვა და სერტიფიკატი არ მოითხოვება:

ა) იმ სახეობის საქართველოში წარმოშობილი ნიმუშის ექსპორტის განხორციელებისას, რომლის პოპულაციაც საქართველოს ინიციატივით არ არის შეტანილი კონვენციის III დანართში;

ბ) კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის პოპულაციის ნიმუშის იმპორტის იმ ქვეყნიდან განხორციელებისას, რომლის პოპულაციაც არ არის შეტანილი კონვენციის III დანართში, თუ ნიმუში წარმოშობილია ამ ქვეყანაში;

გ) კონვენციის III დანართში შეტანილი იმ სახეობის ნიმუშის რეექსპორტის განხორციელებისას, რომელიც არ არის წარმოშობილი კონვენციის III დანართში შეტანილი პოპულაციიდან.

მუხლი 268. თანმხლები დოკუმენტები

1. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის იმპორტირებული ნიმუშის საქართველოს ტერიტორიაზე შეძენა, გაყიდვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მხოლოდ კონვენციითა და ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების თანხლებით. აღნიშნული ნიმუშის სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში მისი მფლობელი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტები ახალ მფლობელს გადასცეს.

2. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაცემული დოკუმენტების გარეშე განხორციელება აკრძალულია, გარდა ამ თავით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.

3. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ტრანზიტის შესაბამისი საბოლოო დანიშნულების ქვეყნის მიერ გაცემული, კონვენციით გათვალისწინებული თანმხლები დოკუმენტების გარეშე განხორციელება.

4. თუ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის გადაადგილება ხდება კონვენციითა და ამ კანონით  გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური ვალდებულია დააკავოს ეს ნიმუში და ამის შესახებ აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 

5. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.    

მუხლი 269. საერთაშორისო ვაჭრობის გამონაკლისი შემთხვევები

1. ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება პირად საკუთრებაში არსებული კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის არაცოცხალი ნიმუშისთვის, რომლის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება ხდება არაკომერციული მიზნით, თუ პირს აქვს მისი კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) იმ შემთხვევისა, როდესაც ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობისთვის ვაჭრობაში მონაწილე მეორე ქვეყანა ითხოვს ნებართვას ან სერტიფიკატს და ამის თაობაზე ინფორმაცია გავრცელებულია კონვენციის სამდივნოს შეტყობინებით ან განთავსებულია კონვენციის ვებგვერდზე;

ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც ნიმუშის რაოდენობა აღემატება კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე მიღებული რეზოლუციით განსაზღვრულ რაოდენობას;

გ) საფოსტო გზავნილის შემთხვევისა;

დ) სპილოს ძვლის ან მარტორქის რქის ნიმუშის შემთხვევისა;

ე) სანადირო ტროფეის შემთხვევისა.

2. ამ კანონით განსაზღვრული ნებართვა არ მოითხოვება პირად საკუთრებაში არსებული კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის არაცოცხალი ნიმუშისთვის, რომელიც პირმა იმ ქვეყანაში შეიძინა, რომლის მოქალაქეც ის იყო, და რომლის ტრანსსასაზღვრო გადაადგილება დაკავშირებულია ამ პირის მიერ მოქალაქეობის შეცვლიდან გამომდინარე საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან.

3. იმ სახეობის ნიმუშის იმპორტი, რომელიც შეძენილია ამ ნიმუშის მიმართ კონვენციის დებულებების ამოქმედებამდე, შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული პრეკონვენციური სერტიფიკატის ან ნებართვის საფუძველზე. იმ სახეობის ნიმუშის ექსპორტი ან რეექსპორტი, რომელიც შეძენილია ამ ნიმუშის მიმართ კონვენციის დებულებების ამოქმედებამდე, ხორციელდება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

მუხლი 2610. ნებართვის გაცემის წესი

1. ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით, ამ თავით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

2. საჭიროების შემთხვევაში სამეცნიერო საბჭო ადგენს კონვენციის II ან III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის წლიურ საექსპორტო კვოტას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. აღნიშნული კვოტის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონვენციის მხარეთა კონფერენციის ან კომიტეტების მიერ აღიარებული მეთოდიკა (არსებობის შემთხვევაში).

3. ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ნებართვის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენა, მისი წარმოებაში მიღება და განხილვა ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ექსპორტისთვის, იმპორტისთვის, რეექსპორტისთვის ან ზღვიდან ინტროდუქციისთვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართულ ან/და სამეცნიერო სახელწოდებას), რაოდენობას და აღწერას;

ბ) სახეობის ნიმუშის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის მიზანს (კომერციული მიზნით, ზოოპარკისთვის, ბოტანიკური ბაღისთვის, ცირკისთვის, მოძრავი გამოფენისთვის, სამეცნიერო მიზნით, სანადირო ტროფეის სახით, კერძო საკუთრებისთვის, სამედიცინო მიზნით, საგანმანათლებლო მიზნით, ბუნებაში რეინტროდუქციისთვის/ინტროდუქციისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის/ტყვეობაში გამრავლებისთვის);

გ) ექსპორტისთვის, იმპორტისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს და დროს;

დ) ექსპორტიორის ან იმპორტიორის რეკვიზიტებს.

5. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ექსპორტის შესახებ განცხადება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის დასახელებას და ყოველწლიურად მოსაპოვებელ რაოდენობას;

ბ) მიწის ნაკვეთზე არსებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის სავარაუდო რაოდენობას;

გ) მიწის ნაკვეთის მართვის ღონისძიებებს;

დ) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ პირველად ხელოვნურად როდის იქნა მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარე ამ მიწის ნაკვეთზე;

ე) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა იყო პირველად ხელოვნურად მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის წარმოშობის წყარო;

ვ) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ უკანასკნელად როდის დაირგო კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუში ამ მიწის ნაკვეთზე და რა იყო მისი წარმოშობის წყარო.

6. ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) სახეობის ნიმუშის ექსპორტის შემთხვევაში:

ა.ა) სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ ნიმუშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ბ) კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში – იმპორტის ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა;

ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის ნიმუშის ექსპორტის შემთხვევაში − ექსპორტის შესახებ განცხადება და შემდეგი დოკუმენტები:

ბ.ა) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი;

ბ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის რესურსის ოდენობის შესახებ;

გ) სახეობის ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში − წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ამ ნიმუშის წარმოშობის წყარო და იმპორტის მიზანი შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს, ხოლო სახეობის ცოცხალი ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში – აგრეთვე ამ ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სახეობის ნიმუშის რეექსპორტის შემთხვევაში:

დ.ა) კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტის შემთხვევაში − ექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვა ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატი და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა;

დ.ბ) კონვენციის II ან III დანართში შეტანილი სახეობის რეექსპორტის შემთხვევაში − ექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვა ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის სერტიფიკატი ან წარმოშობის სერტიფიკატი;

ე) სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევაში − სახეობის ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ შეეხება იმ მცენარის ნიმუშს, რომელიც საქართველოში ბუნებრივად არ არის გავრცელებული და რომლის საწყისი თაობა საქართველოში კონვენციის ძალაში შესვლამდე ან კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად იქნა შემოტანილი.

8. მცენარის ნიმუშის ხელოვნურად მოშენების შესაბამისობის თაობაზე დასკვნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემის წესი განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ხელოვნურად მოშენების შესაბამისობის თაობაზე დასკვნის გაცემის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

მუხლი 2611. ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები

1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის:

ა) ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:

ა.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას  გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის;

ა.ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს;

ბ) იმპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:

ბ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ იმპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის;

ბ.ბ) ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული;

ბ.გ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის სავარაუდო მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები;

გ) რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს;

დ) ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ:

დ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ სახეობას საფრთხეს არ შეუქმნის;

დ.ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები;

დ.გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული (იგი გამიზნულია კერძო მოხმარებისთვის,  ბიოსამედიცინო მრეწველობისთვის, ტყვეობაში გამრავლების პროგრამებისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის, აქვს სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დანიშნულება და სხვა).

2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:

ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის (გარდა კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტისა);

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

3. კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტის ნებართვა გაიცემა:

ა) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე;

ბ) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) იმ პირის (ან მისი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე ან იმ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზედაც ხელოვნურად მოშენებულია კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარე.  

4. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:

ა) აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მცენარე მოშენებულია განცხადების წარდგენამდე 5 წლით ადრე მაინც;

ბ) აღნიშნული სახეობის სასაქონლო ზომის ნიმუშის (ბოლქვის/გორგლის) სრული რაოდენობის მოპოვების შემთხვევაში – აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ნიმუშის (ბოლქვის/გორგლის) შემდგომ მოპოვებამდე გასულია 3 წელი მაინც;

გ) წარმოდგენილია:

გ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარის რესურსების ოდენობა და კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობა;

გ.ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი;

გ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება წინა წელს მიწის ნაკვეთიდან ფაქტობრივად მოპოვებული აღნიშნული სახეობის რაოდენობა, თუ იგი წინა წელს იქნა მოპოვებული.

5. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლებული/ხელოვნურად მოშენებული ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:

ა) ცხოველი გამრავლდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტის მიერ, ხოლო კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კონვენციის სამდივნოს მიერ კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ;

ბ) ცხოველი მარკირებულია.

6. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობისგან წარმოებული ხიზილალის ექსპორტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტის განმახორციელებელი საწარმოების რეესტრში რეგისტრირებულ ხიზილალის მწარმოებელ საწარმოზე.

7. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების საწარმოს, მათ შორის, ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს, რეგისტრაციისა და ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის მარკირების წესები განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად მოშენების საწარმოს რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.      

8. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

9. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ:

ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ ნიმუშს საფრთხეს არ შეუქმნის;

ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშისადმი მოპყრობისას მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმალური იქნება.

10. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ:

ა) ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

მუხლი 2612. სამეცნიერო საბჭო

1. ამ თავით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით იქმნება მინისტრის სათათბირო ორგანო – სამეცნიერო საბჭო.

2. სამეცნიერო საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

3. სამეცნიერო საბჭო არ მონაწილეობს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ნიმუშის, პრეკონვენციური ნიმუშისა და ხიზილალის ექსპორტის ნებართვების გაცემის პროცესში.

მუხლი 2613. ნებართვის მოქმედების ვადა

1. ამ თავით გათვალისწინებული ნებართვით სარგებლობა ვადიანია.

2. სახეობის ნიმუშის ექსპორტის ან რეექსპორტის ნებართვა ძალაშია მისი გაცემიდან 6 თვის განმავლობაში.

3. სახეობის ნიმუშის იმპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა ძალაშია მისი გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.

მუხლი 2614. ნებართვის მფლობელის ვალდებულებები

1. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული მცენარის ნიმუშის ექსპორტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) მცენარის ნიმუშის მოპოვება განახორციელოს მხოლოდ ნებართვაში მითითებული მიწის ნაკვეთიდან;

ბ) ნებართვის მიღებისა და მცენარის ნიმუშის მოპოვების შემდეგ ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის გაცემიდან 3 თვის ვადაში წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთიდან  ფაქტობრივად მოპოვებული აღნიშნული სახეობის რაოდენობა.

2. კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტის განმახორციელებელი საწარმოების რეესტრში რეგისტრირებული ხიზილალის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია:

ა) მწარმოებელი მასალის იმპორტის განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგინოს ექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული და ექსპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ დამოწმებული ექსპორტის ნებართვის დედანი;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 იანვრამდე წარუდგინოს დეტალური ანგარიში კონვენციის დანართებში შეტანილ სახეობებთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების (ხიზილალის წარმოება/იმპორტი/ექსპორტი/შიდა ბაზარზე რეალიზაცია; ხიზილალის წარმოების შემდეგ დარჩენილი ხორცის რეალიზაცია) თაობაზე;

გ) განახორციელოს მხოლოდ კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად მარკირებული ხიზილალის ექსპორტი;

დ) საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების განხორციელების შემთხვევაში განხორციელებული ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს;

ე) მწარმოებელი მასალის მოპოვება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობისა და კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 2615. რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი

1. ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე განხორციელებული ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის  შემთხვევებზე, გამონაკლისის სახით, შეიძლება ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვა გაიცეს რეტროსპექტულად, კონვენციის შესაბამისად.

2. ნებართვა რეტროსპექტულად გაიცემა იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველმხრივი მოკვლევისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოსთან კონსულტაციების შედეგად დარწმუნდება, რომ ადგილი აქვს შემთხვევით შეცდომას და არა შეცდომაში შეყვანის მცდელობას და სახეობის ნიმუშის გადატანა, სხვა მხრივ, შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს. 

3. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა აკრძალულია კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშისთვის. ნებართვის რეტროსპექტულად  გაცემა, გამონაკლისის სახით, დასაშვებია მხოლოდ კონვენციის II ან III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშისთვის.

4. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემის შემთხვევაში ნებართვაში მკაფიოდ უნდა მიეთითოს, რომ ეს ნებართვა გაცემულია რეტროსპექტულად, და უნდა განიმარტოს შესაბამისი მიზეზი.

5. აკრძალულია ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა იმ პირზე, რომელზედაც ერთხელ უკვე გაიცა ნებართვა რეტროსპექტულად.

6. სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი და ასეთი დოკუმენტით კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოში იმპორტის განხორციელების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

7. თუ პირად საკუთრებაში არსებული სახეობის ნიმუშის იმპორტი განხორციელდა ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად  − რეტროსპექტულად გაცემული ნებართვით ან სერტიფიკატით, აკრძალულია ამ ნიმუშის გაყიდვა იმპორტის განხორციელებიდან 6 თვის განმავლობაში.

მუხლი 2616. საერთაშორისო ვაჭრობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც არ არის კონვენციის წევრი

1. საქართველოდან იმ სახელმწიფოში ექსპორტის ან რეექსპორტის ან იმ სახელმწიფოდან საქართველოში იმპორტის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, ამ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობა, შეიძლება მიღებულ იქნეს კონვენციით განსაზღვრული ნებართვისა და სერტიფიკატის სანაცვლოდ.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმ სახელმწიფოდან, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, იმპორტის და ამ სახელმწიფოში ექსპორტის ნებართვა ან რეექსპორტის სერტიფიკატი უნდა გასცეს მხოლოდ კონვენციის სამდივნოს წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.

3. იმ სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა, სერტიფიკატი ან ნებართვის ანალოგიური დოკუმენტი, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ნებართვის, სერტიფიკატის ან ნებართვის ანალოგიური დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის დასახელებას, ბეჭედს და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას;

ბ) სახეობის ზუსტ დასახელებას;

გ) სახეობის ნიმუშის წარმომავლობას − იმ შემთხვევაში, თუ სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყარო სხვა ქვეყანაა, ამ ქვეყნის ექსპორტის ნებართვის ნომერს;

დ) იმის დადასტურებას, რომ ექსპორტი კომპეტენტური სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება და იგი ამ სახეობას საფრთხეს არ შეუქმნის (შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს რეკომენდაციის ასლი) და რომ სახეობის ნიმუში ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისადაა მოპოვებული;

ე) იმის დადასტურებას, რომ ცოცხალი ცხოველის ექსპორტი ან რეექსპორტი განხორციელდება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

4. იმ სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სახელმწიფოში ამგვარი დოკუმენტის გაცემისთვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია ან სამეცნიერო ინსტიტუტი შეტანილია კონვენციის ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემთა ბაზაში, ან კონვენციის სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ.

მუხლი 2617. ნებართვის ფორმა

1. ამ თავით გათვალისწინებული ნებართვის ფორმა მტკიცდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

2. ნებართვა გაიცემა 4 ეგზემპლარად (დედანი და 3 დედნის დამოწმებული ასლი). ნებართვის 1 ასლი რჩება ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო დედანი და 2 ასლი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს საბაჟო გამშვებ პუნქტში წარსადგენად, სადაც საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი სახეობის ნიმუშის ექსპორტის ან რეექსპორტის განხორციელებისას ნებართვის ეგზემპლარებს ხელმოწერითა და ოფიციალური ბეჭდით დაამოწმებს. დამოწმებული ნებართვის 1 ასლი რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო დედანი და 1 ასლი წარედგინება იმპორტის ქვეყნის საბაჟოს.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დამოწმებული ნებართვის ან სერტიფიკატის ასლს ექსპორტის, იმპორტის ან რეექსპორტის განხორციელებიდან 1 თვის ვადაში უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონვენციის სამდივნოს წინასწარ უგზავნის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს სპეციალური ბეჭდის ანაბეჭდს, აგრეთვე ნებართვის ხელმომწერი პასუხისმგებელი პირის სახელსა და გვარს და მისი ხელმოწერის ნიმუშს.

მუხლი 2618. სანებართვო მოწმობის ან ნებართვის დაკარგვა ან დაზიანება

1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმები.

2. ნებართვის მფლობელისგან ნებართვის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამის თაობაზე აცნობებს იმპორტის ქვეყანას, ხოლო კომერციული მიზნით საერთაშორისო ვაჭრობის შემთხვევაში − აგრეთვე კონვენციის სამდივნოს.

მუხლი 2619. ნებართვის გაუქმება და მასში ცვლილების შეტანა

1. ნებართვის გაუქმებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. ნებართვის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ნებართვის მფლობელს, კონვენციის სამდივნოსა და იმპორტის ქვეყანას.

3. საჭიროების შემთხვევაში გაცემული ნებართვის ახალი ნებართვით ჩანაცვლება ხდება ნებართვისა და მისი ყველა ასლის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ჩაბარების შემდეგ.

4. ნებართვის დაკარგვისას ნებართვის ასლი გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური დაადასტურებს, რომ ექსპორტი, იმპორტი ან რეექსპორტი არ განხორციელებულა. ექსპორტის შემთხვევაში ექსპორტის განუხორციელებლობა უნდა დაადასტუროს აგრეთვე იმპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურმა.

მუხლი 2620. სანებართვო მოსაკრებელი

სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა და ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 2621. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი

1. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.

2. განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  78-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახეობის ნიმუშის (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართულ ან/და სამეცნიერო სახელწოდებას), რაოდენობას და აღწერას;

ბ) სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს და დროს;

გ) ექსპორტიორის ან იმპორტიორის რეკვიზიტებს.

3. განცხადებას უნდა დაერთოს სახეობის ნიმუშის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

5. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი ძალაშია გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.

მუხლი 2622. კონფისკებული ნიმუშის განთავსება

1. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ნიმუშის დაკავების შემთხვევაში ეს ნიმუში დროებით შესანახად გადაეცემა შესაბამისი პროფილის დაწესებულებას, ხოლო კონფისკაციის შემთხვევაში ამ ნიმუშის განთავსების ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცოცხალი ნიმუშის კონფისკაციის შესახებ აცნობებს ნიმუშის წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და კონფისკაციის მიზანშეწონილობის დადგენის შემთხვევაში გადასცემს მას კონფისკაციის შედეგად ჩამორთმეულ ნიმუშს.

3. ცხოველის არაცოცხალი ნიმუშის ან მცენარის ცოცხალი ნიმუშის კონფისკაციის შემთხვევაში იგი სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით გადაეცემა შესაბამის მუზეუმს, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ინსტიტუტს, ინახება სახელმწიფო საკუთრებაში ან ნადგურდება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნიმუშის ტრანსპორტირებისა და დროებითი შენახვის ხარჯები ეკისრება სამართალდამრღვევს.“.

3. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2. ამ კანონის VIIIთავით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და სანებართვო პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. ამ კანონის VIIIთავით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.

4. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30. პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34მუხლი:

„მუხლი 341. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დასამტკიცებელი/გამოსაცემი ნორმატიული აქტები და მათი დამტკიცების/გამოცემის ვადა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2019 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს/გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ხელოვნურად მოშენების შესაბამისობის თაობაზე დასკვნის გაცემის წესი;

ბ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად მოშენების საწარმოს რეგისტრაციის წესი;

გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო საბჭოს დებულება;

დ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების თაობაზე.“.

მუხლი 2. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის ფორმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციამდე ძალაშია მოქმედი ნებართვის ფორმები.

მუხლი 3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილება.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2018 წ.

N4028-რს