რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ

  • Word
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 243
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 125, 28/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
243
28/08/2008
სსმ, 125, 28/08/2008
0000.00.00.000000
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრემ – რუსეთის ფედერაციამ განაგრძო შეიარაღებული კონფლიქტების ინსპირირება საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე. რუსეთის ხელისუფლება პერმანენტულად აიარაღებდა სეპარატისტებს, უწევდა მათ სამხედრო, ფინანსურ, პოლიტიკურ მხარდაჭერას და ქვეყანა ჩაითრია შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელიც ფორმალურად საქართველოსა და სეპარატისტებს შორის მიმდინარეობდა, მაგრამ რეალურად ეს იყო რუსეთისა და საქართველოს სამხედრო დაპირისპირება.

XX საუკუნის 90-იან წლებში რუსეთმა რეგულარული ჯარისა და დაქირავებული პირების მეშვეობით განახორციელა ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რაც დადასტურებულია ეუთოს ბუდაპეშტის 1994 წლის 5-6 დეკემბრის, ლისაბონის 1996 წლის 2-3 დეკემბრისა და სტამბულის 1999 წლის 18-19 ნოემბრის სამიტების დასკვნითი აქტებით და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წლის 15 მაისს მიღებული №62/249 რეზოლუციით. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაცია პერიოდულად აწყობდა სისხლიან პროვოკაციებს და ამწვავებდა კონფლიქტებს საკუთარი სურვილის შესაბამისად. ე. წ. სამშვიდობო ძალები, რომლებიც ამ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციამ განათავსა, რეალურად იყო საოკუპაციო ჯარი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა არა კონფლიქტების მოგვარება, არამედ სუვერენული სახელმწიფოს – საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების მითვისება.

კონფლიქტების ზონებში რუსეთის ფედერაციის ე.წ. სამშვიდობო ძალების განთავსების შემდეგ ამ ტერიტორიების ადმინისტრირებას ახორციელებდა არა მხოლოდ შესაბამისი სეპარატისტული რეჟიმი, არამედ უშუალოდ რუსეთის ფედერაციაც. აღნიშნულ რეგიონებში ნებისმიერ გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ისტებლიშმენტი იღებდა; რუსეთის პოლიტიკური ძალები პირდაპირ, უხეშად ერეოდნენ ამ ტერიტორიებზე ჩატარებული ე. წ. არჩევნების პროცესში; სეპარატისტული მთავრობები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მოხელეებით კომპლექტდებოდა. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაცია მასობრივად ურიგებდა აღნიშნული რეგიონების მოსახლეობას რუსეთის მოქალაქის პასპორტებს არა მარტო საქართველოს ან საერთაშორისო, არამედ ასევე საკუთარი კანონმდებლობის უხეში დარღვევით. ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის საფარქვეშ რუსეთის ფედერაცია საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად ახორციელებდა იმგვარ ქმედებებს, რომელთა განხორციელება სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე საერთაშორისო კანონმდებლობით დაუშვებელია.

XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია ამა თუ იმ ფორმით მუდმივად აფიქსირებდა, რომ მისთვის მიუღებელია საქართველოს სუვერენიტეტი, მისი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, არჩევანი და სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. კონფლიქტების გაღვივება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მიზნით გამოიყენებოდა.

2007-2008 წლებში საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ე. წ. გაყინული კონფლიქტების მოგვარებაში მონაწილეობისა და სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაციისათვის რეალური პირობების შექმნას (რაც დადასტურებულია გაეროს უშიშროების საბჭოს 2007 წლის №1781 და №1752 რეზოლუციებით), რუსეთის ფედერაციამ სამხედრო აგრესიით უპასუხა. მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო მცდელობებისა, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაცია ღიად ჩაება კონფლიქტში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და განახორციელა მასობრივი სამხედრო ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ნაწილებმა იერიში მიიტანეს არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე, არამედ ასევე სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, რის შედეგადაც პრაქტიკულად სრულად იქნა განადგურებული კონფლიქტის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტები. ამის პარალელურად, რუსეთის სამხედრო ნაწილებმა ავიაციისა და სამხედრო ფლოტის გამოყენებით განახორციელეს თავდასხმა ზემო აფხაზეთის ტერიტორიაზე და საქართველოს კიდევ ოცდაათზე მეტ ქალაქსა და სხვა დასახლებულ პუნქტზე.

2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებიდან განიდევნა ლეგიტიმური ხელისუფლება და განხორციელდა ქართველი მოსახლეობის მორიგი ეთნიკური წმენდა. იმავდროულად, რუსეთის სახმელეთო ძალებმა განახორციელეს საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპაციის მცდელობა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კონფლიქტების ტერიტორიები რუსეთის ფედერაციისთვის არის საშუალება მისი მთავარი მიზნის – საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის მისაღწევად.

2008 წლის 12 აგვისტოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ევროკავშირის შუამავლობით რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის დაიდო 6-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნებულიყვნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე და უნდა დაწყებულიყო დისკუსიები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ. რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს; უფრო მეტიც, 2008 წლის 25 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული დადგენილებებით და 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციამ აღიარა მის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა, რითაც საბოლოოდ დაადასტურა აღნიშნული ტერიტორიების მიტაცებისა და ანექსიის სურვილი. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციამ მოახდინა ყველა სამართლებრივი აქტის დელეგიტიმაცია, რომლითაც გათვალისწინებული იყო მისი შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალები, გამოცხადდეს საოკუპაციო საჯარისო შენაერთებად.

2. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა გამოცხადდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად.

3. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა შეიარაღებული შენაერთი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შენაერთებისა, გამოცხადდეს უკანონო შეიარაღებულ ძალებად.

4. საქართველო რჩება 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირისა და საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარედ, ამასთანავე, დაევალოს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა სხვა სამართლებრივი აქტის გაუქმება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყოფნას ითვალისწინებს და რომელიც თავად რუსეთის ფედერაციის ქმედებებით იქნა დელეგიტიმირებული.

5. საქართველო რჩება 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და სხვა ხელშეკრულებებით ნაკისრი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების ერთგული.

6. დაევალოს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან.

7. დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გამოიძიოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფაქტები.

8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი

თბილისი,

2008 წლის 28 აგვისტო.

№243-რს