საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.021205
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
190
12/04/2019
ვებგვერდი, 17/04/2019
010220020.10.003.021205
საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (17/04/2019 - 05/11/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №190

2019 წლის 12 აპრილი

 ქ. თბილისი

 

საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია. 
მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული „საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება“. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს უსახლკარობის პრობლემის დაძლევის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, საერთაშორისო გამოცდილებისა და სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედება ადგილობრივად პრობლემის ეტაპობრივ მოგვარებას, ხელს შეუწყობს საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას, უწყებათშორის კოორდინაციასა და გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვას.  

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისია შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს წინადადებებს/რეკომენდაციებს/სამართლებრივი აქტების პროექტებს:

ა) საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის შესახებ;

ბ) საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესახებ;

გ) საცხოვრისის პოლიტიკის ნაწილში ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და გადანაწილების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

დ) საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელების პროცესში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია, საკუთარი ფუნქციების შესრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) ცალკეულ საკითხთა მომზადებისა და დასკვნების/წინადადებების/რეკომენდაციების/სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;

გ) კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ მიიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები;

დ) ითანამშრომლოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, ადგილობრივ, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან;

ე) მოამზადოს, განიხილოს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.

მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელისა და კომისიის წევრებისაგან.

2. კომისიის თავმჯდომარე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.

4. კომისიას აქვს სამდივნო, რომლის ფუნქციას ასრულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სოციალური დაცვის დეპარტამენტი, ხოლო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელობს აღნიშნული დეპარტამენტის უფროსი.

5.  კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში;

ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს (სამსახურის) უფროსი;

ზ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი;

თ) სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

6. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ა) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს;

ბ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს;

გ) საქართველოს სახალხო დამცველს;

დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მიწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის სხვა წევრები, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები.

მუხლი 5. კომისიის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის  მოადგილე.

2. კომისიის სხდომების მოწვევის ორგანიზება და საქმიანობის კოორდინაცია ხორციელდება კომისიის წევრებისათვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეტყობინების გაგზავნის გზით.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.

6. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლასა და კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ შესაბამისი დასკვნების/წინადადებების/ რეკომენდაციების/სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას.

7. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად,  სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მიწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. ამასთან, კომისიის წევრები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მიწვეული პირები კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად.

8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს  სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი.

მუხლი 6. კომისიის თავმჯდომარე და სამდივნოს ხელმძღვანელი

1.  კომისიის თავმჯდომარე:

ა)  ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ)  ამტკიცებს კომისიის დღის წესრიგს;

გ)  იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.

2.  კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი:

ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომის მომზადებასა და ჩატარებას;

ბ) განსაზღვრავს და კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგსა და კომისიის სხდომაზე მისაწვევ პირთა სიას;

გ)  კოორდინაციას უწევს კომისიის სამუშაო ჯგუფ(ებ)ის მუშაობას;

დ) განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს სამუშაო ჯგუფ(ებ)ის მიერ მომზადებულ დასკვნებს, რეკომენდაციებს, წინადადებებსა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ე) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად შედგენაზე, სხდომის მასალების შენახვასა და დაცვაზე;

ვ) ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ და კომისიის თავმჯდომარის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. კომისიის წევრები

კომისიის წევრები უფლებამოსილნი არიან:

ა) მონაწილეობა მიიღონ როგორც კომისიის, ისე სამუშაო ჯგუფ(ებ)ის მუშაობაში;

ბ) კომისიის სხდომაზე წარადგინონ საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები, მონაწილეობა მიიღონ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვასა და დასკვნების/რეკომენდაციების/ წინადადებების/სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;

გ) სამუშაო ჯგუფ(ებ)ისგან მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია;

დ) კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელს მიმართონ წინადადებით ცალკეულ საკითხთა დამატებით შესწავლის ან კორექტირების საჭიროების თაობაზე;

ე) მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები სამუშაო ჯგუფ(ებ)ის მიერ წარდგენილი წინადადებების/ინიციატივების შესახებ;

ვ) განახორციელონ ამ დებულებით განსაზღვრული და კომისიის თავმჯდომარის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 8. კომისიის სამუშაო ჯგუფ(ებ)

1. კომისიის სამუშაო ჯგუფ(ებ)ი იქმნება კომისიის მიერ, კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით.

2. კომისიის სამუშაო ჯგუფ(ებ)ი ამზადებს/ამზადებენ და კომისიას წარუდგენს/წარუდგენენ ცალკეულ საკითხებს, დასკვნებს/ რეკომენდაციებს/წინადადებებს/სამართლებრივი აქტების პროექტებს, შემდგომში შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, აკორექტირებს/აკორექტირებენ ან/და დამატებით შეისწავლის/შეისწავლიან ამა თუ იმ საკითხს კომისიის დავალების შესაბამისად.

3. სამუშაო ჯგუფი შედგება დებულების მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებისგან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან, მიწვეული სპეციალისტებისა და ექსპერტებისაგან.

4. კომისიის სამუშაო ჯგუფების საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი.

მუხლი 9. კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა და კომისიის საქმიანობის შეწყვეტა

კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა, აგრეთვე კომისიის საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.