საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 107/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 18/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2019
ძალაში შესვლის თარიღი 20/06/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 040300000.22.022.017731
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
107/ნ
18/06/2019
ვებგვერდი, 18/06/2019
040300000.22.022.017731
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (18/06/2019 - 30/09/2019)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №107/ნ

2019 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის დებულება.

 

მუხლი 2
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 2 აპრილის №05/81 ბრძანება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/48 ბრძანება.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 20 ივნისიდან.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი




საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი  დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი (შემდგომში – ფონდი) „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილების  შესაბამისად, შექმილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის ბაზაზე და წარმოადგენს მათ უფლებამონაცვლეს.

2. ფონდი წარმოადგენს კულტურულ ორგანიზაციას, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში.

3. ფონდი საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

4. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, სახაზინო, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები და რეკვიზიტები.

5. ფონდის იურიდიული მისამართია: თბილისი, მაჩაბლის ქ. №13.

მუხლი 2. ფონდის მიზნები და ამოცანები

1. ფონდის მიზნები და ამოცანებია:

ა) ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, სხვადასხვა ენაზე თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობებისა და მექანიზმების შექმნა;

ბ) ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ (მათ შორის ქართული და უცხოური ლიტერატურის თარგმნის პროცესის განვითარება, ქართული მწერლობის შესახებ საინფორმაციო ბაზის, ელექტრონული ბიბლიოთეკისა და მრავალენოვანი ლიტერატურული პორტალის შექმნა და  სხვა);

გ) ქართული წიგნისა და ლიტერატურის გავრცელებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ფონდის მხარდაჭერით გამოცემული ლიტერატურის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გავრცელება;

დ) სალიტერატურო პროცესების ხელშეწყობა (ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვები, განხილვები, დისპუტები);

ე) კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების განვითარება და სამოქალაქო ინტეგრაციის ხარისხის გაზრდა;

ვ) საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; შემოქმედებითი წერის სწავლების მხარდაჭერა და ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურული კრიტიკის განვითარების წახალისება;

ზ) ქართული ლიტერატურის შესახებ სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის გამოცემისა და თარგმანის ხელშეწყობა;

თ) ქართულ ლიტერატურაზე სალექციო კურსებისა და სემინარების ჩატარება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში, ქართველი და უცხოელი მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამების დანერგვა და მათი საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა;

ი) ქართული ლიტერატურის სხვა ენებზე და უცხოური ლიტერატურის ქართულად თარგმნის ხელშეწყობა, დაფინანსება, გამოცემა და გავრცელების მონიტორინგი;

კ) საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, წიგნის ხარისხის კონტროლის, გამომცემლობების და დისტრიბუტორების წახალისების მექანიზმების შემუშავება, გამომცემლობების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სახის ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების ხელშეწყობა;

ლ) ქართული ლიტერატურის ქვეყნის საზღვრებს გარეთ თარგმნისა და გამოცემის სტრატეგიის განსაზღვრა და უცხოელი გამომცემლებისთვის, თარგმანების გამოცემის მიზნით, კონკურსების გამოცხადება და სპეციალური პროგრამების შეთავაზება;

მ) ქართული და უცხოური ლიტერატურის მხატვრული თარგმანების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება, ქართული ლიტერატურით დაინტერესებული უცხოელი მთარგმნელებისა და გამომცემლების ხელშეწყობა, ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე მთარგმნელთა გადამზადება და პროფესიული ქსელების განვითარება;

ნ) ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის მიმართულებით საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების რესურსის გამოყენება; 

ო) ელექტრონული წიგნის განვითარების მიზნით, შესაბამისი გადამზადების პროგრამების შემუშავება ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით;

პ) საქართველოს საზღვრებს გარეთ სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებაში ქართველი გამომცემლების, მთარგმნელების და ავტორების მონაწილეობის ხელშეწყობა და საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე საქართველოს ეროვნული პროგრამის ორგანიზება, ეროვნული სტენდის კონცეფციის შექმნა/განახლება;

ჟ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან ურთიერთობების განვითარება და კერძო სექტორთან თანამშრომლობა და დამატებითი თანხების მოძიება ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად;

რ) ქართული ლიტერატურის უცხოური ლიტერატურის თარგმანებით გამდიდრების მიზნით, ქართველი გამომცემლებისთვის სპეციალური კონკურსების გამოცხადება;

ს) პერიოდული კვლევების საფუძველზე, საჭიროებების შესაბამისად, პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირება და მიზნობრივი კონკურსებისა და სხვადასხვა დაფინანსების მექანიზმების განხორციელება;

ტ) საქართველოში საგამომცემლო სექტორის (მათ შორის ლიტერატურული) განვითარების მიმართულებით სპეციალური კონფერენციების და ფორუმების ორგანიზება და ქართველი გამომცემლებისათვის, საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, სპეციალური სემინარების ორგანიზება;

უ) პერიოდული გამოცემების ხელშეწყობა;

ფ) ლიტერატურული აგენტის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა.

მუხლი 3. ფონდის უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი

1. ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა)  ხელი შეუწყოს ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას, ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნას, გამოცემას და სხვადასხვა ენაზე თარგმნას;

ბ)  ხელი შეუწყოს ქართული წიგნისა და ლიტერატურის განვითარებას და მისი პოპულარიზაციის მიზნით, ფონდის მხარდაჭერით გამოცემული ლიტერატურის, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გავრცელებას;

გ) ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის თარგმნასა და გამოცემას, ამასთან, განახორციელოს საგამომცემლო საქმიანობა და მისი განვითარების ხელშეწყობა;

დ) შეიმუშაოს ქართული და უცხოური ლიტერატურის მხატვრული თარგმანების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგია;

ე) განახორციელოს საერთაშორისო პროექტებში ქართველი გამომცემლების, მთარგმნელების და ავტორების მონაწილეობის ხელშეწყობა და საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე, ფესტივალებზე საქართველოს ეროვნული პროგრამის ორგანიზება;

ვ) ქართული ლიტერატურის და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით არამხატვრული ლიტერატურის საგამომცემლო პროექტების განხორციელებას;

ზ) განახორციელოს პერიოდული გამოცემების ხელშეწყობა;

თ) განახორციელოს კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა და მისი განვითარების ხელშეწყობა;

ი) განახორციელოს ლიტერატურული კონკურსების, პრემიების დაწესება და ჩატარება;

კ) შექმნას საექსპერტო საბჭოები და კომისიები და უზრუნველყოს მათი მუშაობის გამჭვირვალობა;

ლ) ითანამშრომლოს საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებთან;

მ) მოაწყოს საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციები, სესიები, სიმპოზიუმები, თათბირები, სემინარები, კონსულტაციები;

ნ) ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ლიტერატურული პროცესების განვითარების ხელშეწყოების მიზნით, გასცეს გარანტები და პროექტების დასაფინანსებლად  გამოაცხადოს კონკურსები;

ო) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით;

პ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად;

ჟ) ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლედ განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული, მათ შორის დამხმარე სახის ეკონომიკური და სხვა საქმიანობა.

მუხლი 4. ფონდის მართვა

1. ფონდის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც სამინისტროსათვის წარმოდგენილი 4-წლიანი სამოქმედო გეგმის (პროგრამა) საფუძველზე, 4 წლის ვადით თანამდებობაზე  ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

2. ფონდის დირექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ფონდის დირექტორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

3. ფონდის დირექტორის ვადაზე ადრე თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი დირექტორის დანიშვნამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს ფონდის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.

მუხლი 5. ფონდის დირექტორის უფლებამოსილება

ფონდის დირექტორი:

ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს ფონდის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;

გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ფონდს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;

დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს ფონდის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ფონდის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ე) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ფონდის თანამშრომლებსა და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს ფონდის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს; უფლებამოსილია ფონდის თანამშრომელთათვის დაადგინოს დანამატი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;

თ) ამტკიცებს ფონდის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას და განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ფონდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე ფონდის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

კ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები;

ლ) ფონდის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

მ) უფლებამოსიალია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება მიანდოს ფონდის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.

მუხლი 6. ფონდის სახელმწიფო კონტროლი

ფონდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს ფონდის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს ფონდის კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

მუხლი 7. ფონდის ქონება

1. ფონდის დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გადაეცემა უძრავი ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონება თხოვების ფორმით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ფონდის ფინანსებსა და ქონებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს ფონდის დირექტორი.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით ფონდს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის დამტკიცება;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობას.

მუხლი 8. ფონდის  დაფინანსება

1. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) შემოწირულობები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ფონდის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ანგარიშგებაში.

3. ფონდის შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 9. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

ფონდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.