სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 139/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017762
139/ნ
05/07/2019
ვებგვერდი, 10/07/2019
430210000.22.022.017762
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №139/ნ

2019 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი



დანართი
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შემდგომში – ფონდი) და ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის (შემდგომში –  უნივერსიტეტი)  ერთობლივი კვლევითი პროგრამის – საგრანტო დაფინანსება (შემდგომში –  დაფინანსება) განხორციელდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე.

2. ფონდისა და უნივერსიტეტის  ერთობლივი კვლევითი პროგრამის კონკურსის  დებულება (შემდგომში – დებულება) არეგულირებს საგრანტო კონკურსის გამართვის, საკონკურსო განაცხადის შეფასების, გრანტის გაცემისა და შესრულების ანგარიშგების მონიტორინგის  საკითხებს.


მუხლი 2. საგრანტო კონკურსის მიზანი  
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის ისრაელისა და საქართველოს მეცნიერების კვლევით თანამშრომლობას ერთობლივი სამეცნიერო კვლევის, ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების და კვლევითი ვიზიტების განხორციელების გზით.

მუხლი 3. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა  
1. ფონდისა და უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს ფონდი. კონკურსის დაფინანსებისათვის შესაძლებელია, არსებობის შემთხვევაში, გამოყენებული იქნეს დაფინანსების სხვა წყარო.

2. კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) საბუნებისმეტყველო;

ბ) საინჟინრო;

გ) სიცოცხლის შემსწავლელი;

დ) აგრარული.


მუხლი 4. ტერმინთა განმარტება  
ამ დებულების მიზნებისათვის ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონკურსი – ამ დებულებით გათვალისწინებული დაფინანსების მოსაპოვებლად ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა;

ბ) მკვლევარი – საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი;

გ) მასპინძელი დაწესებულება – ბარ ილანის უნივერსიტეტი, რომლის ბაზაზეც  მკვლევარ(ებ)ი განახორციელებენ კვლევით  საქმიანობას;

დ) პროექტი − საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით, ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;

ე) კომისია – ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განიხილავს პროექტებს და გამოავლენს  გამარჯვებულ პროექტს/პროექტებს;

ვ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული და დასაფინანსებლად დამტკიცებული მიწვეული მკვლევარი;

ზ) მიზნობრივი ანგარიში –   საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიში, რომელზეც მოხდება საგრანტო თანხის ჩარიცხვა;

თ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული პერიოდისათვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;

ი) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ასრულებს პროექტით გათვალისწინებულ ამოცანებს და ახორციელებს საგრანტო დაფინანსების ხარჯვას;

კ) საგრანტო ხელშეკრულება –   მკვლევარსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;

ლ) პროექტის მონიტორინგი – ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი ფორმების შესაბამისად, პროექტის განხორციელების ფინანსური და პროგრამული მონიტორინგი;

მ) საბოლოო ანგარიში – პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარმოდგენილ საბოლოო პროგრამული  და ფინანსური ანგარიში;

ნ) გენერალური დირექტორი – სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი.


მუხლი 5. კონკურსის ადმინისტრირება  
1. კონკურსს ადმინისტრირებას უწევს ფონდი, ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.

2. ფონდი უზრუნველყოფს:

ა) კონკურსის გამოცხადებასა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას; კონკურსის პირობების, პროექტის ფორმების,  საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას;

ბ) პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს წარმოდგენილი პროექტების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან;

გ) კომისიის შექმნას, რომელიც განიხილავს პროექტებს და გამოავლენს  გამარჯვებულ პროექტს/პროექტებს;

დ) კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დამტკიცებას;

ე) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებასა და დაფინანსებას;

ვ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს.


მუხლი 6. კონკურსში მონაწილეობა და კონკურსის პირობები  
1. კონკურსის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მინიჭებული აქვს დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2. კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს:

ა) ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს;

ბ) ერთობლივ სამეცნიერო ღონისძიებებს;

გ) კვლევით ვიზიტს.

3. კონკურსში წარდგენილი პროექტების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს:

ა) ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისათვის – მაქსიმუმ 24 თვე;

ბ) ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებებისათვის – მაქსიმუმ 12 თვე;

გ) კვლევითი ვიზიტის შემთხვევაში – მაქსიმუმ 12 თვე.

4. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია განსაზღვროს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიმართულებებიდან პრიორიტეტული მიმართულება.

5. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საგრანტო თანხის ჩარიცხვა ხდება გრანტის მიმღების მიზნობრივ ანგარიშზე.


მუხლი 7. ბიუჯეტი
1. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს:

ა) ერთობლივი სამეცნიერო კვლევისათვის – 40 000 დოლარის ექვივალენტ ლარს, წელიწადში ფონდიდან მაქსიმუმ 20 000 დოლარის ეკვივალენტს ლარში, დაფინანსების მოთხოვნის უფლებით;

ბ) ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებებისათვის – მაქსიმუმ 10 000 დოლარის ეკვივალენტს ლარში, დაფინანსების მოთხოვნის უფლებით;

გ) კვლევითი ვიზიტის შემთხვევაში – მაქსიმუმ 5 000 დოლარის ეკვივალენტს ლარში, დაფინანსების მოთხოვნის უფლებით.

2. ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:

ა) მკვლევარის საგრანტო დაფინანსება;

ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;

გ) მივლინება;

დ) საქონელი და მომსახურება;

ე) არაფინანსური აქტივები;

ვ) ზედნადები ხარჯები.

3. ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:

ა) მკვლევარის საგრანტო დაფინანსება;

ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;

გ) მივლინება;

დ) საქონელი და მომსახურება;

ე) ზედნადები ხარჯები.

4. კვლევითი ვიზიტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს მკვლევარის მივლინების ხარჯებს.

5. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ხარჯვითი კატეგორიები განიმარტება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


მუხლი 8. კონკურსის ეტაპები 
კონკურსის ეტაპებია:

ა) კონკურსის გამოცხადება;

ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;

გ) პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა;

დ) პროექტების შეფასება კომისიის მიერ;

ე) კომისიის შეფასების საფუძველზე გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;

ვ) გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.


მუხლი 9. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში  
1. პროექტის წარდგენა ფონდში ხორციელდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. აღნიშნული წესისა და ვადის დარღვევის შემთხვევაში პროექტები არ განიხილება ფონდის მიერ.

2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტი:

ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს;

ბ) რომელიც არ შეესაბამება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის ფორმას;

გ) რომელსაც არ ერთვის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პროექტზე დასართავი დოკუმენტაცია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაში არ იქნება წარდგენილი ფონდში;

დ) რომელიც შეიცავს ყალბ ინფორმაციას.


მუხლი 10. პროექტების შეფასება 
1. ფონდი უზრუნველყოფს კომისიის მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.

2. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კომისიის შემადგენელობას და კომისიის მუშაობის წესს.

 


მუხლი 11. ინტერესთა კონფლიქტი 
1. კომისიის წევრი არ შეიძლება  იყოს პირი:

ა) რომელიც არის კონკურსის მონაწილე;

ბ) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია მიწვეულ მკვლევართან, ან მონაწილეობს მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;

გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის  დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში;

დ) რომელიც არის მიწვეული მკვლევარის ნათესავი, ნათესავად ჩაითვლება:

დ.ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

დ.ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

დ.გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ.დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია ფონდის გენერალურ  დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.

3. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.


მუხლი 12. პროექტების დამტკიცება 
1. კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეულ გამარჯვებულ პროექტებს კომისია წარუდგენს ფონდს დასამტკიცებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამარჯვებული პროექტები მტკიცდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


მუხლი 13. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება 
გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას.

მუხლი 14. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი 
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და პროექტის დასრულების შემდგომ ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების პროგრამულ და ფინანსურ მონიტორინგს.

2. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს პროექტის განხორციელების პროგრამული და ფინანსური ანგარიშის ფორმებს.

3. პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის წესი განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


მუხლი 15. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება 
1. პროექტი ითვლება დასრულებულად, თუ შესრულდა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები.

2. პროექტის შეწყვეტის და შეჩერების პირობები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებით.