„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 31/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016314
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19
31/07/2019
ვებგვერდი, 08/08/2019
300280000.16.009.016314
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/08/2019 - 09/12/2020)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №19

2019 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. თანდართული სახით დამტკიცდეს „ელექტროენერგეტისა და ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილება „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, სსმ, №140, 22/09/2008, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.191).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიდავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია




ელექტროენერგეტიკის,  ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი

მუხლი 1. ელექტროენერგეტიკის,  ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის მიზანი

ელექტროენერგეტიკის,  ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირების საფასურის ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების, პერიოდულობის და ვადების დადგენა.

მუხლი 2. რეგულირების საფასური. რეგულირების საფასურის გადამხდელი

1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობებზე რეგულირების საფასურის ოდენობა განისაზღვრება ამ წესების დანართი № 1-ში მითითებული კოეფიციენტებით.

2. რეგულირების საფასური გადაიხდება რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ და განკუთვნილია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონითა და  „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.

3. ამ წესით განსაზღვრული რეგულირების საფასურის გადამხდელები (შემდგომში – რეგულირების საფასურის გადამხდელი) არიან ის პირები, რომელთა საქმიანობის წესი და პირობები განსაზღვრულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით; კერძოდ, წყალმომარაგების, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების ლიცენზიატები, აგრეთვე, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლები, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლები, და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი.

4. რეგულირების საფასური კომისიის მიერ მხედველობაში მიიღება რეგულირების საფასურის გადამხდელებისათვის ტარიფის დადგენისას, ხოლო  იმ შემთხვევაში, თუ რეგულირებად საქმიანობაზე კომისია არ ადგენს ტარიფს, რეგულირების საფასური გაითვალისწინება რეგულირების საფასურის გადამხდელის ხარჯებში.

მუხლი 3. ანგარიშგება და საფასურის გამოთვლა

1. რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია, ყოველი საანგარიშო თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში კომისიის ოფიციალური ვებგვერდის (www.gnerc.org) მეშვეობით ელექტრონული ფორმით წარუდგინოს კომისიას სრული, ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია საანგარიშგებო თვის განმავლობაში მიწოდებული/გაწეული რეგულირებას დაქვემდებარებული მომსახურების ან/და პროდუქტის მთლიანი ღირებულების შესახებ შესაბამისი  ფასისა და მოცულობების მითითებით, რის შემდეგაც ელექტრონულად დაგენერირდება ანგარიშ-წინადადება/ინვოისი იმავე ნომრითა და თარიღით, რა ნომრით და თარიღითაც წარდგენილი იქნება ანგარიშგების ფორმა.

2. რეგულირების საფასურის გადამხდელს უფლება აქვს ერთჯერადად დაზუსტოს (დააკორექტიროს) ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ელექტრონული ფორმით წარდგენილი ინფორმაცია მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში (მაგრამ არაუმეტეს საანგარიშო თვის დამთავრებიდან 40 კალენდარული დღისა); ამ შემთხვევაში, ელექტრონული ანგარიშ-წინადადება/ინვოისი დაგენერირდება ხელახლა.

3. თუ რეგულირების საფასურის გადამხდელი ერთდროულად ეწევა ერთზე მეტ რეგუ­­ლირებად საქმიანობას, იგი ვალდებულია, განხორციელებულ რეგულირებად საქმიანობებზე რეგუ­ლირების საფასურის გაანგარიშებები  წარადგინოს ცალ-ცალკე – ყველა ასეთი საქმიანობისათვის დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

4. რეგულირების საფასური გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

R=Q* K

სადაც,

,,R“ – რეგულირების საფასური (ქართულ ლარში);

,,Q“ – რეგულირებადი საწარმოს მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში რეგულირებას დაქვემდებარებულ საქმიანობაზე დარიცხული შემოსავალი (დღგ–ის გარეშე);

,,K“ – შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობისათვის ამ წესების დანართი №1-ით განსაზღვრული რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.

მუხლი 4. რეგულირების საფასურის გადახდის წესი და გადახდის უზრუნველყოფის საშუალებები

1. რეგულირების საფასურის გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად, რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ კომისიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, საანგარიშო თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.

2. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების საფასურის გადამხდელი პირი სამჯერ ან მეტჯერ დაარღვევს ამ წესებით რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარდგენის ან/და გადახდისათვის განსაზღვრულ ვადას, კომისია უფლებამოსილია, რეგულირების საფასურის გადამხდელს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაავალოს გონივრულ ვადაში ფინანსური გარანტიის წარდგენა როგორც რეგულირების საფასურის არსებული დავალიანების, ასევე მომავალი სამი თვის პერიოდში მოსალოდნელ სავარაუდო გადასახდელ თანხაზე (რომელიც იანგარიშება შესაბამისი პირისათვის ბოლო სამი თვის განმავლობაში დარიცხული რეგულირების საფასურის ჯამური ოდენობით).

მუხლი 5. რეგულირების საფასურის ოდენობის კორექტირება და პერიოდული შედარება

1. რეგულირების საფასურის გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს რეგულირების საფასურის თანხის კორექტირება:

ა) წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული შემოსავლის დაზუსტების შემთხვევაში, ფინანსური ანგარიშგების შედგენისა და მასზე აუდიტორული დასკვნის (თუ კომისიის აქტების შესაბამისად, საწარმოს ეკისრება მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების წარდგენა – ამ ანგარიშის) შედგენიდან – ერთი თვის ვადაში;

ბ) „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაცემული აქტების საფუძველზე, წინა პერიოდის/პერიოდების მონაცემების შეცვლის/ჩასწორების შემთხვევაში – შესაბამისი შეცვლის/ჩასწორების დადასტურებიდან (დოკუმენტის შედგენიდან) – არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია კომისიას წარუდგინის დეტალური განმარტება კორექტირების გამომწვევი გარემოებების შესახებ შესაბამის დოკუმენტებთან ერთად..

3. როგორც რეგულირების საფასურის გადამხდელს, ასევე კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დარიცხული ან/და ფაქტობრივად გადახდილი რეგულირების საფასურის ოდენობის შედარება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ. მოთხოვნა მისი მიღებიდან ორი კვირის ვადაში უნდა დადასტურდეს ორმხრივი აქტით.

4. დარიცხული ან/და ფაქტობრივად გადახდილი რეგულირების საფასურის ოდენობის შედარება სავალდებულოდ უნდა განხორციელდეს თუ რეგულირების საფასურის გადამხდელს:

ა) მოთხოვნილი აქვს მის სახელზე გაცემული ლიცენზიის გაუქმება; ან

ბ) კომისიაში წარმოდგენილი აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეტყობინება რეგულირებადი საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე.

5. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების საფასურის გადამხდელი ერთდროულად ახორციელებს რამდენიმე რეგულირებად საქმიანობას და  რეგულირების საფასურის ოდენობის შედარება მოითხოვა ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი შედარების აქტი როგორც წესი, უნდა გაფორმდეს იმ ფორმით, რომ გამიჯნული იყოს რეგულირებას დაქვემდებარებული საქმიანობების სფეროები.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია რეგულირების საფასურის გადამხდელს მოსთხოვოს როგორც არსებული დავალიანების დაფარვა, ასევე რეგულირების საფასურის გადახდა შესაბამისი ლიცენზიის გაუქმებამდე მისაღებ საპროგნოზო შემოსავლებზე; ამ ვალდებულების შესრულებამდე კომისია უფლებამოსილია არ გააუქმოს შესაბამისი ლიცენზია.

7. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, დარიცხული ან/და ფაქტობრივად გადახდილი რეგულირების საფასურის ოდენობის შედარების შემდეგ მხარეთა მიერ შედგენილი შედარების დოკუმენტით (აქტით) გამოვლინდა ზედმეტად გადახდილი თანხა, იგი რეგულირების საფასურის გადამხდელს უნდა დაუბრუნდეს შედარების აქტის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში; თუ დადასტურდა, რომ რეგულირების საფასურის გადამხდელს აქვს რეგულირების საფასურის დავალიანება, მან ეს დავალიანება სრულად უნდა დაფაროს ასევე 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო რეგულირების საფასურის დავალიანების სრულად დაფარვამდე, ამ წესების მიზნებისათვის, ეს პირი ითვლება რეგულირების საფასურის გადამხდელად.

მუხლი 6. პასუხისმგებლობა

რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ამ წესის მოთხოვნების დარღვევის (მათ შორის, ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის პერიოდში ამ წესების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამ ან მეტ ანგარიშგებაში არაზუსტი/არასრული ინფორმაციის მითითების) შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ამ პირის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებანი.

მუხლი 7. გარდამავალი დებულებები

1. რეგულირების საფასურის გადამხდელი პირების მიერ 2019 წლის პერიოდზე გადახდილი საპროგნოზო და ფაქტობრივი რეგულირების საფასურის ოდენობის შედარება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2020 წლის 1 სექტემბრამდე და თუ მხარეთა მიერ შედგენილი შედარების დოკუმენტით (აქტით) გამოვლინდა, რომ რეგულირების საფასურის გადამხდელს:

ა) ზედმეტად აქვს გადახდილი თანხა, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის  წარდგენიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში იგი დაუბრუნდება რეგულირების საფასურის გადამხდელს, ხოლო თუ აქტის შედგენიდან ერთი თვის ვადაში აქ იქნა ასეთი მოთხოვნა წარდგენილი, ჩაეთვლება წინასწარ გადახდილად;

ბ) აქვს რეგულირების საფასურის დავალიანება, მან ეს დავალიანება სრულად უნდა დაფაროს შედარების აქტის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

2. კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რეგულირების საფასურის გადამხდელების მიერ ანგარიშგების დოკუმენტბრუნვის ერთიანი ავტომატური საშუალებებით წარდგენის (წარმოების) ვალდებულების დადგენამდე ამ წესებით განსაზღვრული ანგარიშგების წარდგენა ხორციელდება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, შემდეგი წესით:

რეგულირების საფასურის გადამხდელი კომისიის ვებგვერდზე (www.gnerc.org) ავსებს ანგარიშგების ფორმას და შევსების დასრულებას ადასტურებს ღილაკზე დაჭერის გზით, ხოლო ვებგვერდის მიერ შესაბამისი ფორმის (Adobe  PDF-ის ფორმატში) გენერირებისა და უნიკალური კოდის მინიჭების შემდეგ ელექტრონული ფორმატში ჩამოტვირთავს მას საკუთარ კომპიუტერში, რის შემდეგაც რეგულირების საფასურის გადამხდელის უფლებამოსილი პირი (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საწარმოს ხელმძღვანელად/წარმომადგენლად რეგისტრირებული პირი ან მისი განკარგულებით განსაზღვრული სხვა პირი):

ა) ამობეჭდავს მას, მოაწერს ხელს და მატერიალური ფორმით უგზავნის კომისიას; ან

ბ) ელექტრონულად მოაწერს მას ხელს საკუთარი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან, რეგულირების საფაურის გადამხდელის სახელზე გაცემული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აგზავნის მას მისამართზე: reporting@gnerc.org.

დანართი №1

ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის რეგულირების საფასურის კოეფიციენტები

1. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის კოეფიციენტები:

 

ბუნებრივი გაზის სექტორი:

მიმწოდებელი

0.002

ტრანსპორტირების ლიცენზიატი    

0.002

განაწილების ლიცენზიატი  

0.002

ელექტროენერგეტიკული სექტორი:

წარმოების ლიცენზიატი

0.002

გადაცემის ლიცენზიატი

0.002

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი

0.002

განაწილების ლიცენზიატი

0.002

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

0.002

იმპორტიორი

0.002

ექსპორტიორი

0.002

ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი

0.002

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი

0.002

წყალმომარაგების სექტორი:

წყალმომარაგების ლიცენზიატი

0.002

2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის რეგულირების საფასურის განსაზღვრისას მის შემოსავალში არ გაითვალისწინება იმ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რომლიდანაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ უნდა რჩებოდეს მოგება, მოცემულ შემოსავალში არ იგულისხმება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურით მიღებული შემოსავალი.