„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 12/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016089
57
12/08/2019
ვებგვერდი, 12/08/2019
130000000.63.075.016089
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №57

2019 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი – 130000000.63.075.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

 „მუხლი 81 შრომის უსაფრთხოება

1. სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამსახური თავისი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში ვალდებულია:

ა) იზრუნოს, რომ მოსამსახურისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს;

ბ)უზრუნველყოს, რომ ფიზიკურმა ფაქტორებმა მოსამსახურისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას საშიშროება არ შეუქმნას;

გ) შეამოწმოს შრომის უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა;

დ) უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და სხვა დამცავი საშუალებების მოვლა-გასუფთავება, გააკონტროლოს მათი სწორად გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში დროულად შეცვალოს ისინი;

ე) მოსამსახურეებს მიაწოდოს ინფორმაცია:

ე.ა) შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი და სხვა ნორმების და უსაფრთხო შრომის პრინციპების შესახებ;

ე.ბ) საგანგებო სიტუაციების, საევაკუაციო ღონისძიებების და მათი განხორციელების შესახებ;

ე.გ) არსებული საფრთხისა და რისკის, აგრეთვე მათი კონტროლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;

ვ) გამოავლინოს საფრთხის შემცველი სამუშაო ადგილები;

ზ) მოსამსახურეები აღჭურვოს აუცილებელი ეფექტიანი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით იქ, სადაც ეს აუცილებელია მათი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დასაცავად, უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სისუფთავე და ტექნიკური გამართულობა;

თ) საქმიანობის სფეროსა და სხვა პირობების გათვალისწინებით მიიღოს პირველადი სამედიცინო დახმარების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომები;

ი) განახორციელოს აუცილებელი და მყისიერი კომუნიკაცია სასწრაფო, სამაშველო, სახანძრო და სხვა სპეციალიზებულ სამსახურებთან.

2. სამსახური თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევა გამოწვეულია იმ გარემოებებით, რომელთა წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო ან რომლებიც არ ექვემდებარებოდა სამსახურის კონტროლს, ან ისეთი მოსალოდნელი გარემოებებით, რომელთა თავიდან აცილება, სამსახურის შესაბამისი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მოხერხდა. აღნიშნული გარემოებების მტკიცების ტვირთი სამსახურს ეკისრება.

3. სამსახურმა მუშაობის ყველა ეტაპზე ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები შემდეგი საერთო პრინციპების საფუძველზე:

ა) იზრუნოს არსებული რისკების თავიდან აცილებაზე;

ბ) შეაფასოს ის რისკები და საფრთხეები, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია;

გ) იზრუნოს საფრთხის შემცირებაზე, მათ შორის, მისი წყაროს აღმოფხვრაზე;

დ) თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით ჩაანაცვლოს საფრთხის შემცველი ფაქტორები უსაფრთხო ან ნაკლებად საშიში ფაქტორებით.

4. მომეტებული საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში სამსახური ვალდებულია მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა და მიიღოს მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რათა მოსამსახურეებმა და სამუშაო სივრცეში მყოფმა სხვა პირებმა შეძლონ სამუშაო ადგილებიდან უსაფრთხო ზონაში გასვლა.

5. სამსახურმა უნდა იზრუნოს, რომ მომეტებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში თითოეულ მოსამსახურეს/სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირს, რომელსაც არ შეუძლია მიმართოს უშუალო ხელმძღვანელს, ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი ზომები, მათ შორის, დატოვოს სამუშაო ადგილი, საკუთარი ან სხვა პირების უსაფრთხოების დასაცავად, რათა თავიდან იქნეს აცილებული აღნიშნული საფრთხის შედეგები.

6. საჭიროების მიხედვით, შრომის უსაფრთხოების სფეროში სამსახურმა მოსამსახურეებისთვის შეიძლება უზრუნველყოს სწავლების (ტრენინგების) ჩატარება.

7. მოსამსახურეს უფლება აქვს:

ა) სამსახურისგან მიიღოს ინფორმაცია საფრთხის შემცველი ფაქტორების, შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად სამსახურის მიერ მიღებული ზომების და ზედამხედველი ქვედანაყოფის რეკომენდაციებისა და მითითებების შესახებ;

ბ) უარი თქვას იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას; საფრთხის არსებობისას დატოვოს სამუშაო ადგილი ან სახიფათო ზონა;

გ) სამედიცინო დასკვნის საფუძველზე სამსახურს მოსთხოვოს სხვა მუდმივ ან დროებით სამუშაო ადგილზე გადაყვანა ან სამუშაო პირობების შემსუბუქება, ან დღის ცვლაში გადაყვანა, თუ ღამის ცვლა საზიანოა მოსამსახურის ჯანმრთელობისათვის, ხოლო სამსახურს აქვს შესაბამისი ვაკანსია და მოსამსახურე აკმაყოფილებს ამ ვაკანსიისადმი წაყენებულ მოთხოვნებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია სამუშაო სივრცეში მიყენებული ზიანისათვის, მათ შორის, პროფესიული დაავადებით მიყენებული ზიანისათვის.

8. მოსამსახურე ვალდებულია:

ა) დაემორჩილოს სამსახურის მიერ დადგენილ სამუშაო პროცედურებს;

ბ) ითანამშრომლოს სამსახურთან შრომის უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა და შენარჩუნებისათვის;

გ) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე;

დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოიყენოს ინსტრუქციების შესაბამისად და დააბრუნოს მათთვის განკუთვნილ ადგილზე;

ე) დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ინფორმაცია ნებისმიერი ხარვეზის შესახებ, რომელმაც შეიძლება სამუშაო სივრცეში საშიშროება შეუქმნას შრომის უსაფრთხოებას ან გამოიწვიოს უბედური ან საშიში შემთხვევა, აგრეთვე თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ამ ხარვეზის აღმოფხვრაში;

ვ) დაიცვას სამსახურის მითითებები და რეკომენდაციები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ზ) არ გამოცხადდეს სამუშაოზე ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში და სამუშაოს შესრულებისას არ მოიხმაროს ასეთი მდგომარეობის გამომწვევი ნივთიერებები;

თ) დაემორჩილოს სამუშაო სივრცეში თამბაქოს მოხმარების შესახებ აკრძალვებს;

ი) თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, იზრუნოს საკუთარი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე, აგრეთვე იმ პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე, რომლებსაც საკუთარი მოქმედებით ან უმოქმედობით ზიანი მიადგათ.

9. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამსახურის მოსამსახურეებზე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების, საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კონტრდაზვერვითი საქმიანობისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებების განხორციელების დროს.

10. შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დამატებითი ღონისძიება საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

11. ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმების დანერგვისა და პრევენციის მიზნით სამსახურში შეიძლება დაინიშნოს ან მოწვეულ იქნეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი.

12. ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაზე სამსახური კონტროლს ახორციელებს შიდა კონტროლის მექანიზმების გამოყენებით.“.

2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მათთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა, სამსახურისგან ტერიტორიულად სხვა ადგილას, თუ მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური