მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 169/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017792
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
169/ნ
16/08/2019
ვებგვერდი, 19/08/2019
430210000.22.022.017792
მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (19/08/2019 - 20/05/2020)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №169/ნ

2019 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 214 მუხლის მე-8 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1“ ქვეპუნქტის „შ​1.ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში და გაცემის წესი ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 31 აგვისტოს №81/ნ ბრძანება.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი



დანართი №1

 

მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის
პერიოდის გავლის წესი

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო
მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მაძიებლობის პერიოდის გავლის პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მასწავლებელი მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ საგანს მაინც ასწავლის; სპეციალური მასწავლებელი;

ბ) მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში) და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

გ) მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა – „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროგრამა, რომელიც საჯარო სკოლაში მასწავლებლის სტატუსით დასაქმებულმა პირმა უნდა გაიაროს მუშაობის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში, მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით;

დ) მაძიებლობის პერიოდი – არაუმეტეს 2 (ორი) წელი, რომლის განმავლობაშიც  მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა;

ე) ტუტორი – მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანს/საგნობრივ ჯგუფს სკოლაში და ფასილიტაციას უწევს მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების პროცესს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და აქვს არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

ვ) მასწავლებლობის მაძიებელთა ელექტრონული სისტემა (შემდეგში – ელექტრონული სისტემა) – ცენტრის მიერ ადმინისტრირებადი ელექტრონული რესურსი www.pedagogi.ge, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასწავლებლობის მაძიებლის მიერ განსახორციელებელი პროცესების ელექტრონულად წარმართვას;

ზ) მასწავლებლობის მაძიებელთა პროფესიული საქაღალდე – ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლობის მაძიებლისთვის გამოყოფილი ელექტრონული სივრცე, სადაც მასწავლებლობის მაძიებელი განათავსებს მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს;

თ) ეროვნული სასწავლო გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისთვის სასწავლო მიზნებსა და მისაღწევ შედეგებს (უნარ-ჩვევებს, ცოდნასა და ღირებულებებს), სწავლების შინაარსს, საგნების საათობრივ განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებს, სასწავლო პროცესის კონცეპტუალურ პრინციპებსა და ადმინისტრაციულ საკითხებს.


თავი II
მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაცია

მუხლი 3. მასწავლებლობის მაძიებელთა ვაკანსიების გამოცხადება
1. მასწავლებლობის მაძიებელთა ვაკანსიები ცხადდება „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესით“ დადგენილი პროცედურების დაცვით.

2. მასწავლებლის ვაკანსიაზე, მასწავლებლის შერჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ელექტრონულ სისტემაში გამოაქვეყნოს ინფორმაცია მასწავლებლობის მაძიებლის ვაკანსიის შესახებ.

3. საჭიროების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მასწავლებლის ვაკანსიასთან ერთად ელექტრონულ სისტემაში გამოაცხადოს მასწავლებლის მაძიებლის ვაკანსია.


მუხლი 4. მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველის რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში
1. მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველი პირი რეგისტრაციას გადის ელექტრონულ სისტემაში, სადაც ასახავს ინფორმაციას პირადი მონაცემების შესახებ.

2. ცენტრი ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველ პირებს ელექტრონულად აწვდის ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ელექტრონულ სისტემაში განთავსებული მასწავლებლობის მაძიებლის ვაკანსიის/ვაკანსიების შესახებ.

3. მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველი პირი მასწავლებლობის მაძიებელთა სასურველ ვაკანსიაზე განაცხადს ავსებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით და ტვირთავს შემდეგ დოკუმენტაციას: 

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით არანაკლებ ბაკალავრის დიპლომი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) ერთი ფოტოსურათი (ზომით 3X4).


მუხლი 5. მასწავლებლობის მაძიებლის შერჩევა
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის შერჩევა ხდება კონკურსის წესით, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესით“ გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლობის მაძიებლის შერჩეულ კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შესათანხმებლად მიმართავს ცენტრს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა ჰქონდეს დართული ყველა ის დოკუმენტი, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული კონკურსის საფუძველზე ვერ შეარჩია კვალიფიციური კადრი და წარმოიშვა ვაკანსიის მასწავლებლობის მაძიებლით შევსების საჭიროება, ასევე, დოკუმენტაცია მასწავლებლობის მაძიებლობის კონკურსის ჩატარების შესახებ. 

4. ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განცხადებით ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას შეისწავლის და არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მასწავლებლობის მაძიებლის წარმოდგენილი კანდიდატისთვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით თანხმობას;

ბ) მასწავლებლობის მაძიებლის წარმოდგენილი კანდიდატისთვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით უარს.

5. ცენტრის თანხმობის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლობის მაძიებელთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.


მუხლი 6. მასწავლებლობის მაძიებლის რეგისტრაცია მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაზე
1. მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში,  შეარჩიოს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლის მისთვის სასურველი პერიოდი და გრაფიკი.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებელთან  შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში ელექტრონულ სისტემაში განახორციელოს მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაცია პროგრამაზე და ატვირთოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება.


თავი III
მაძიებლობის გავლის პერიოდი

მუხლი 7. მასწავლებლობის მაძიებლობის გავლის პერიოდი
1. მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებისა და მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებიდან 2 წლის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია შეწყვიტოს მასწავლებლობის მაძიებელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და შესაბამისი ინფორმაცია ასახოს ელექტრონულ სისტემაში.


მუხლი 8. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა
1. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა შედგება ორი კურსისგან:

ა) აკადემიური კურსი;

ბ) პედაგოგიური პრაქტიკის კურსი.

2. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა შესაძლებელია იყოს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი (ინტენსიური).

3. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური კურსი ითვალისწინებს მაძიებლისთვის თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ხოლო პედაგოგიური პრაქტიკის კურსი  მოიცავს მაძიებლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური პრაქტიკის გავლას.

4. მასწავლებლობის მაძიებელი პროგრამის აკადემიურ კურსს გაივლის ელექტრონულ სისტემაში დისტანციურად, პედაგოგიური პრაქტიკის კურსი კი მოიცავს პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს და ხორციელდება უშუალოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

5. პედაგოგიური პრაქტიკის კურსის განმავლობაში მასწავლებლობის მაძიებელს ფასილიტაციას უწევს ტუტორი.

6. პედაგოგიური პრაქტიკის კურსის განმავლობაში მასწავლებლობის მაძიებელი ადგენს მის საჭიროებებზე მორგებულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც უთანხმებს შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს. დირექტორი სამოქმედო გეგმას ამოწმებს ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში).

7. მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ითვლება წარმატებულად გავლილად, თუ მასწავლებლობის მაძიებელი აკადემიურ და პედაგოგიური პრაქტიკის კურსში შეფასდება დადებითად.

8. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური კურსის შეფასებას ახორციელებს ცენტრი, ხოლო პედაგოგიური პრაქტიკის კურსის შეფასებას - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.


მუხლი 9. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება
1. მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი:

ა) ქმნის მაძიებლობის პროცესის ხელშემწყობ ყველა საჭირო პირობას;

ბ) მაძიებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს ესწრება დირექტორი ან/და ტუტორი  და აძლევს შესაბამის რჩევებს მაძიებლის პედაგოგიური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;

გ) საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ტუტორის ჩანაცვლების შესახებ, ასახავს შესაბამის ცვლილებას ელექტრონულ სისტემაში და აცნობებს ცენტრს განხორციელებული ცვლილების გამომწვევი მიზეზის/მიზეზების თაობაზე;

დ) ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობოს ცენტრს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გამომწვევი მიზეზების მითითებით;

ე) მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის პედაგოგიური პრაქტიკის კურსის დასრულების შემდგომ აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განთავსებულ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის კურსის გავლის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ, რის შესახებაც წერილობითი ფორმით მიმართავს ცენტრს.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა საჯარო სკოლის მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების შესაბამისად.

3. მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებლის ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელია ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც იგი ასწავლის.


მუხლი 10. ტუტორი
1. ტუტორი ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანს/საგნობრივ ჯგუფს სკოლაში და ფასილიტაციას უწევს მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების პროცესს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და აქვს არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

2. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არ ჰყავს არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი შესაბამის საგანში, მაშინ მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის კურსის ტუტორის შესარჩევად მიმართავს ცენტრს.

3. ტუტორი ფასილიტაციას  უწევს მასწავლებლობის მაძიებლის  პრაქტიკულ საქმიანობას მაძიებლობის პერიოდის განმავლობაში.

4. ტუტორის ფუნქციებია:

ა) დახმარება გაუწიოს მასწავლებლობის მაძიებელს ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრაში;

ბ) გაუწიოს კონსულტაცია მასწავლებლობის მაძიებელს, გაუზიაროს მას პროფესიული გამოცდილება და მისცეს სათანადო რჩევები მაძიებლის საჭიროებებიდან გამომდინარე;

გ) ხელი შეუწყოს მასწავლებლობის მაძიებელს პროფესიული საქმიანობის წარმართვაში, მოტივაციის ამაღლებასა და სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაში;

დ) დახმარება გაუწიოს მასწავლებლობის მაძიებელს მის მიერ განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვაში და მასწავლებლობის მაძიებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში პროფესიულ საქაღალდეში განსათავსებელი დოკუმენტების შედგენაში;

ე) დაესწროს და მასწავლებლობის მაძიებელთან ერთად გააანალიზოს ჩატარებული გაკვეთილები ან სხვა პროფესიული საქმიანობის აქტივობები;

ვ) ითანამშრომლოს ცენტრის წარმომადგენელთან ტუტორის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში;

ზ) მონაწილეობას იღებს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასებაში.


მუხლი 11. მასწავლებლობის მაძიებელი
1.    ამ წესის შესაბამისად, მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით მასწავლებლისათვის მინიჭებული ყველა უფლებითა და შეღავათით, გარდა ამავე კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. მასწავლებლობის მაძიებელი:

ა) თანამშრომლობს ტუტორთან მაძიებლის ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრასა და ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებაში;

ბ) ესწრება და აკვირდება ტუტორისა და სხვა მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, მონაწილეობს გაკვეთილებისა და პროფესიული ლიტერატურის განხილვაში;

გ) გეგმავს და ატარებს გაკვეთილებს, ითვალისწინებს ტუტორის რეკომენდაციებს;

დ) მონაწილეობს სკოლის მიერ დაგეგმილ სასკოლო და სკოლისგარეშე აქტივობებში;

ე) ქმნის მაძიებლის პროფესიულ საქაღალდეში განსათავსებელ დოკუმენტებს და ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

ვ) უფლებამოსილია ისარგებლოს მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა შეღავათითა და უფლებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.


მუხლი 12. მასწავლებლობის მაძიებლის შეფასება 
 1. სკოლის დირექტორი, მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის პედაგოგიური პრაქტიკის კურსის დასრულების შემდგომ, აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განთავსებულ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის კურსის გავლის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ, რის შესახებაც წერილობითი ფორმით მიმართავს ცენტრს.

2. ცენტრის დირექტორი გადაწყვეტილებას მასწავლებლის მაძიებლობის პერიოდის წარმატებით გავლის შესახებ იღებს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შემადგენელი აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასების შედეგების  საფუძველზე.

3. მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები.

4. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლობის მაძიებელი წარმატებით ვერ გაივლის მაძიებლობის პერიოდს, უწყდება სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.


მუხლი 13. მასწავლებლობის მაძიებლობის შეფასების გასაჩივრება
1. მასწავლებლობის მაძიებელი უფლებამოსილია მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასების შედეგები საპრეტენზიო განაცხადის მეშვეობით გაასაჩივროს ცენტრში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისია.


თავი IV
გარდამავალი დებულებები

მუხლი 14. მასწავლებლობის მაძიებლად რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირები
1. 2023 წლამდე მასწავლებლობის მაძიებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მას არ მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა, ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლობის მაძიებლად დასაქმებამდე ჩააბარონ იმ საგნის გამოცდა, რომლის სწავლებაც სურთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

3. მასწავლებლობის მაძიებლად მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული არ იყო.



დანართი №2

 

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში და გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში და გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამის დასრულების შედეგად მასწავლებლობის მაძიებელთა სერტიფიკატის მონაცემებსა და სერტიფიკატის გაცემის წესს.

მუხლი 2. მასწავლებლობის მაძიებლობის სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილი დაწესებულება
მასწავლებლობის მაძიებლობის სერტიფიკატი გაიცემა ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ.

მუხლი 3. მასწავლებლობის მაძიებლობის  სერტიფიკატის მიღებაზე უფლებამოსილი პირი
მასწავლებლობის მაძიებლობის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გაივლის მასწავლებლობის მაძიებლობის  პერიოდს.

მუხლი 4. სერტიფიკატის მონაცემები
1. სერტიფიკატი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ამ წესის დანართის შესაბამისად.

2. სერტიფიკატზე მიეთითება:

ა) ცენტრის სრული სახელწოდება;

ბ) დაწესებულების ლოგო/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) სერტიფიკატი;

დ) იმ პირის სახელი და გვარი, რომელმაც დაასრულა მასწავლებლის მაძიებლობის პერიოდი;

ე) მითითება მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის დასრულების შესახებ;

ვ) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;

ზ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

თ) ცენტრის ბეჭედი;

ი) სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი.

3. სერტიფიკატი ამ მუხლით დადგენილი მონაცემების გარდა შესაძლებელია შეიცავდეს ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას/რეკვიზიტს/მონაცემს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.



დანართი