არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 188/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 06/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017808
188/ნ
06/09/2019
ვებგვერდი, 09/09/2019
430030000.22.022.017808
არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №188/ნ

2019 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №8/ნ ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ ბატიაშვილი



დანართი
არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი ადგენს არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების  (შემდგომში – არაფორმალური განათლება) პროფესიული განათლების ფარგლებში აღიარების წესს და პროცედურას, გარდა რეგულირებადი პროფესიებისა.

2. არაფორმალური განათლება არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას.

მუხლი 2. არაფორმალური  განათლების აღიარების მიზნები

არაფორმალური განათლების აღიარების მიზანია არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირისთვის (შემდეგში – მაძიებლისთვის), ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის, პიროვნული განვითარების, სწავლის გაგრძელების ან/და კვალიფიკაციის მინიჭების ან/და დასაქმების/კარიერული ზრდის/თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის.

მუხლი 3. არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი

1.   არაფორმალური  განათლების აღიარების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) განცხადების წარდგენა;

ბ) კონსულტირება/დოკუმენტირება;

გ) შეფასება;

დ) გადაწყვეტილების მიღება.

2.   კომისიის გადაწყვეტილებით, შეფასების ეტაპი შეიძლება მოიცავდეს გამოცდას.

3.   არაფორმალური განათლების აღიარების პროცესის უზრუნველყოფის მიზნით არაფორმალური განათლების აღიარებაზე უფლებამოსილი დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება), ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული განცხადებისა და დანართი №2-ით გათვალისწინებული მაძიებლის კონსულტირების ფორმის (შემდგომში – კონსულტირების ფორმა) შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით ქმნის აღიარების კომისიას (შემდგომში – კომისია).

4. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს არაფორმალური განათლების აღიარების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის, ამ წესისა და მის საფუძველზე განსაზღვრული დოკუმენტაციის/სამართლებრივი აქტების   დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომობა.

მუხლი 4. განცხადების წარდგენა

1. მაძიებელმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა  დაწესებულებას უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) არსებობის შემთხვევაში, არაფორმალური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი: შრომითი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლი, სამუშაოს აღწერილობა, ცნობა სამუშაო ადგილიდან, სერტიფიკატი და ა.შ.

2. განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:

ა) დაწესებულების დასახელებას;

ბ) მაძიებლის სახელსა და გვარს, ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართს;

გ) ელ-ფოსტას;

დ) ტელეფონის ნომერს;

ე) განცხადების შევსების ადგილსა და თარიღს;

ვ) არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ მაძიებლის მოთხოვნას, მისი დასაქმების/განათლების სფეროს, არაფორმალური განათლების აღიარების მიზანს;

ზ) მაძიებლის ხელმოწერას;

თ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 5. კონსულტირება/დოკუმენტირება

1. არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ კონსულტირების მიზნით, მაძიებელი წერილობით მიმართავს დაწესებულებას.

2. კონსულტირება ხორციელდება კონსულტაციის გაწევაზე პასუხისმგებელი პირის (შემდგომში – კონსულტანტი) მიერ.

3. კონსულტანტი არის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად სერტიფიცირებული პირი.

4. კონსულტანტი უზრუნველყოფს მაძიებლის კონსულტირებას:

ა) არაფორმალური განათლების აღიარების მიზნების შესახებ;

ბ) არაფორმალური განათლების აღიარებისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის, პროცედურების, ეტაპებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

გ) არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესახებ.

5. კონსულტირების შედეგად, კონსულტანტი ავსებს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებულ კონსულტირების ფორმას და მასთან ერთად კომისიის წინაშე წარადგენს ინფორმაციას მაძიებლისა და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესახებ.

6. კონსულტირების ფორმის შევსებისას, კონსულტირების ეტაპზე კონსულტანტი განხილული თემებისა და შესაბამისი აქტივობების შესახებ მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ახდენს მაძიებლის გამოცდილების იდენტიფიცირებას, რის შედეგადაც იგი ადგენს  არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული, თუ რომელი სწავლის შედეგ(ებ)ია იდენტიფიცირებული.

7. არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების იდენტიფიცირების შედეგად, კონსულტანტი ავსებს კონსულტირების ფორმის მე-3 ველს, რომელშიც მიეთითება: პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის/მოდულის სწავლის შედეგ(ებ)ის დასახელება, არაფორმალურ გარემოში მიღწეული სწავლის შედეგი, მაძიებლის მიერ აღწერილი შესრულების კრიტერიუმი, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მითითებულ გარემოებებს.

8. კონსულტანტი კონსულტირების ფორმაში ასევე ასახავს ინფორმაციას მაძიებლის კომპეტენციების შესახებ და აღწერს მათ.

მუხლი 6. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი

1. შეფასების პროცესის წარმართვისათვის დაწესებულება ქმნის კომისიას, რომელიც შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან.

2. კომისიაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი პირების წარმომადგენლობა:

ა) შესაბამისი სფეროს სპეციალისტი – დამსაქმებლების ან/და დამსაქმებელთა/დარგობრივი გაერთიანების წარმომადგენელი;

ბ) შესაბამისი სფეროს პროფესიული განათლების მასწავლებელი;

გ) დაწესებულების წარმომადგენელი.

3. საჭიროების შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია კომისიის შემადგენლობაში შეიყვანოს დამატებით სხვა პირ(ებ)ი.

4. კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კომისიის წევრები.

5. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა.

6. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

8. კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ, შესაბამისი საფუძვლის მითითებით. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.

9. კომისია კენჭს უყრის თვითაცილების/აცილების შესახებ საკითხს. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს კომისიის ის წევრი, რომელმაც დააყენა თვითაცილება/რომლის მიმართაც დაყენებულია აცილება. კომისიის წევრი თვითაცილებულად/აცილებულად ითვლება კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

მუხლი 7. კომისიის მიერ საკითხის შესწავლა, გადაწყვეტილების მიღება გამოცდის ჩატარების შესახებ

1. შეფასების ეტაპზე კომისია შეისწავლის მაძიებლის მიერ წარდგენილ კონსულტირების ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას და ადგენს სწავლის შედეგების დადასტურების შესაძლებლობას.

2. კომისია უფლებამოსილია, მაძიებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა და/ან მიიღოს გადაწყვეტილება არაფორმალური განათლების აღიარების მიზნით გამოცდის ჩატარების (მათ შორის სამუშაო ადგილზე დაკვირვების/გამოცდის) და/ან სხვა ტიპის შეფასების) შესახებ. ასევე, კონსულტანტისგან გამოითხოვოს მაძიებლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია.

3. არაფორმალური განათლების აღიარების მიზნით გამოცდის ჩატარების ან/და სხვა ტიპის შეფასების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შედეგად, კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს შეფასების ან/და გამოცდის ჩატარების ორგანიზების საკითხები ან/და შექმნას საგამოცდო კომისია ან/და განსაზღვროს შეფასების პროცესში/გამოცდაზე ჩასართავი პირი/პირები.

4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირების არაფორმალური განათლების აღიარების პროცესის წარმართვისათვის სავალდებულოა საგამოცდო კომისიის შექმნა.

მუხლი 8.  მაძიებლის გამოცდა

1. საგამოცდო კომისია შედგება მასწავლებლებისგან და შესაბამისი სფეროს დამსაქმებლის წარმომადგენლებისაგან. საგამოცდო კომისიის მუშაობაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს კონსულტანტმა, საგამოცდო კომისიის თანხმობის საფუძველზე.

2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგამოცდო კომისიის წევრთა შორის არიან ინკლუზიური განათლების მიმართულების კომპეტენციის მქონე პირები, ხოლო საგამოცდო კომისია გამოცდის მეთოდების მოდიფიცირებას ახდენს მაძიებლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

3. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მაძიებლის ინფორმირება წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შეფასების მეთოდების/ფორმებისა და პროცედურის შესახებ, ასევე გამოცდის/გამოცდების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ.

4. ასაღიარებელი სწავლის შედეგების სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოცდა შეიძლება ჩატარდეს წერილობით, ზეპირი ან/და პრაქტიკული დავალების შესრულებით. მაძიებლის პრაქტიკული კომპეტენციების შემოწმების მიზნით გამოცდა/შეფასება ტარდება საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და დამსაქმებლის ბაზაზე.

5.  მაძიებლისთვის გამოცდის ჩატარების შემთხვევაში კომისია განიხილავს საგამოცდო კომისიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგებს.

მუხლი 9. გადაწყვეტილების მიღება

1. არაფორმალური განათლების აღიარება ხორციელდება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტში ან/და მოდულში განსაზღვრული სწავლის შედეგ(ებ)ის შეფასების და დადასტურების გზით.

 2. კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ;

ბ) არაფორმალური განათლების ნაწილობრივი აღიარების შესახებ;

გ) არაფორმალური განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

3. არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მოიცავს:

ა) დაწესებულების დასახელებას;

ბ) მაძიებლის ვინაობას;

გ) გადაწყვეტილების მიღების თარიღსა და ადგილს;

დ) გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადას.

4. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა:

ა) არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს  ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ან/და მოდულის სწავლის შედეგები დაადასტურა პირმა;

ბ) არაფორმალური განათლების ნაწილობრივი აღიარების შესახებ გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს  ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ან/და მოდულის სწავლის შედეგები   დაადასტურა პირმა, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ან/და მოდულის სწავლის შედეგები ვერ დაადასტურა პირმა, შესაბამისი დასაბუთებით;

გ) არაფორმალური განათლების აღიარებაზე უარის თქმის  შესახებ გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს  ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ან/და მოდულის სწავლის შედეგები ვერ დაადასტურა პირმა შესაბამისი დასაბუთებით.

5. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცემა დაწესებულების უფლებამოსილი პირის ბრძანება აღიარების დადასტურებაზე, ნაწილობრივ აღიარებაზე ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

6. არაფორმალური განათლების აღიარების დადასტურების შესახებ ბრძანების საფუძველზე დაწესებულების მიერ, მაძიებლის სახელზე გაიცემა:

ა)  მოდულით/მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების   დადასტურების შემთხვევაში –  სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი;

ბ) მოდულით/მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების სრულად ვერდადასტურების  შემთხვევაში – ცნობა დადასტურებული სწავლის შედეგების შესახებ;

გ) მაძიებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიღწევისთვის აუცილებელი სწავლის შედეგების სრულად დადასტურების შემთხვევაში დაწესებულება გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს.

7. მაძიებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიღწევისთვის აუცილებელი სწავლის შედეგების ნაწილობრივ დადასტურების შემთხვევაში, დაწესებულება არ გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.

მუხლი 10. განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა

1. არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ მაძიებლის განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

2. დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს მაძიებელს გადაწყვეტილების  მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 11. არაფორმალური განათლების აღიარების მართვის ელექტრონული სისტემა

მაძიებლის არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები აისახება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის არაფორმალური განათლების აღიარების მართვის ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – ელექტრონული სისტემა).

მუხლი 12. გარდამავალი დებულებები

1. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას  დაევალოს  ელექტრონული სისტემის შექმნა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა.

2. ელექტრონული სისტემის შექმნამდე პროცესი წარიმართოს მატერიალური სახით.

 

 

 

დანართი №1

 

მაძიებლის განცხადება

 

მაძიებლის სახელი და გვარი

ფაქტობრივი მისამართი:

იურიდიული მისამართი:

ელ-ფოსტა:

ტელ:

შევსების ადგილი და  თარიღი:

 

1. დასაქმების/განათლების სფერო   --------------------------------------------

 

2. არაფორმალური განათლების აღიარების მიზანი

  • პიროვნული განვითარება
  • სწავლის გაგრძელება
  • კვალიფიკაციის მინიჭება
  • დასაქმება
  • კარიერული ზრდა
  • თვითდასაქმება

 

3. მოთხოვნა

 

 

 

ხელმოწერა:

 

 

დანართი №2

მაძიებლის კონსულტირების ფორმა

 

1. კონსულტირების ეტაპი

 

შეხვედრის თარიღი

განხილული თემები/ შესრულებული აქტივობები

იდენტიფიცირებული გამოცდილება

ხელმისაწვდომი მტკიცებულებები

დამატებითი ინფორმაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგ(ებ)ი იდენტიფიცირებულია

  •  პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის სწავლის შედეგი/შედეგები
  •  მოდულის/მოდულების სწავლის შედეგი/შედეგები

 

 

ხელმოწერები:

კონსულტანტი:

მაძიებელი:

 

3. იდენტიფიცირებული სწავლის შედეგები

 

პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დასახელება და სარეგისტრაციო ნომერი -------------------------------------------------------------

ან

მოდულის დასახელება და სარეგისტრაციო ნომერი ---------------------------------

 

პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის/მოდულის სწავლის შედეგი(ებ)ს დასახელება

არაფორმალურ გარემოში მიღწეული სწავლის შედეგი

მაძიებლის მიერ აღწერილი შესრულების კრიტერიუმი

მტკიცებულების აღწერა

მტკიცებულების ნომერი

დამატებითი ინფორმაცია

01

 

 

 

 

 

 

02

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერები:

კონსულტანტი:

მაძიებელი:

 

საკვანძო კომპეტენციები

მონიშნეთ

აღწერა

მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია

 

 □ კი         არა

 

 

უცხო ენაზე კომუნიკაცია

  კი         არა

 

მეწარმეობა

  კი         არა

 

ციფრული კომპეტენცია

  კი         არა

 

მათემატიკური უნარ-ჩვევები და საბაზისო კომპეტენციები მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში

  კი         არა

 

პიროვნებათშორისი და მოქალაქეობრივი კომპეტენციები

  კი         არა

 

კულტურული გამომხატველობა

  კი          არა

 

დამოუკიდებლად სწავლის უნარი

  კი          არა

 

 

 

ხელმოწერები:

კონსულტანტი:

მაძიებელი:


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.

Illegal access