მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 209/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 09/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017829
209/ნ
09/10/2019
ვებგვერდი, 09/10/2019
430210000.22.022.017829
მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №209/ნ

2019 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 218 მუხლის მე-3 პუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:


მუხლი 1

დამტკიცდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის თანდართული დებულება და საფასური.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანება.

 

მუხლი 3
მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ, რომლებიც აკრედიტებულია „მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1102 ბრძანების საფუძველზე, მოქმედებს იმავე ბრძანებით განსაზღვრული სამართლებრივი რეჟიმი მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის ამოწურვამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულება უკეთეს პირობებში აყენებს განმცხადებელს.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი




მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულება და საფასური

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულება და საფასური (შემდგომ – დებულება) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) მიერ მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის რეგისტრაციის სტანდარტების შემოწმების პირობებს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის რეგისტრაციის, რეგისტრაციის ვადის გაგრძელების, რეგისტრაციაზე უარის თქმისა და რეგისტრაციის გაუქმების, აგრეთვე მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის რეგისტრაციის საფასურს და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომ – პროგრამა) – მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიზნით შექმნილი პროგრამა, რომელიც შედგება სასწავლო გეგმისგან, სადაც აღწერილია პროგრამის მიზნები, სწავლის შინაარსი და პროცესი, მისაღწევი შედეგები, სამიზნე ჯგუფი, მონაწილეთა შეფასების სისტემა, თვითშეფასების სისტემა, განხორციელების რესურსები, სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები და პროგრამის ღირებულება;

ბ) განმცხადებელი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პროგრამის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართავს ცენტრს;

გ) სარეგისტრაციო განაცხადი – ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს პროგრამის რეგისტრაციას;

დ) რეგისტრაცია − განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროგრამის რეგისტრაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მექანიზმი;

ე) რეგისტრაციის სტანდარტები − ამ დებულებით განსაზღვრული სტანდარტები, რომელიც მოიცავს პროგრამის შინაარსსა და რესურსებს და რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამა;

ვ) ექსპერტი − ცენტრის მიერ შესაბამისი წესით შერჩეული პირი, რომელიც მონაწილეობს პროგრამის რეგისტრაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენაში;

ზ) სარეგისტრაციო საბჭო − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომელიც იღებს ამ დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.;

თ) პროგრამების რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (შემდგომ – ელექტრონული სისტემა) – ცენტრის მიერ ადმინისტრირებადი ელექტრონული სისტემა, რომელიც გამოიყენება როგორც პროგრამის რეგისტრაციის პროცესის წარმართვის, ასევე, რეგისტრირებული პროგრამების რეესტრის წარმოებისა და მართვის მიზნით;

ი) პროგრამის განმახორციელებელი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლის პროგრამა რეგისტრირებულია ცენტრის მიერ;

კ) კრედიტი – პროგრამის ხანგრძლივობის საზომი ერთეული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის (ECTS) შესაბამისად. ერთი კრედიტი მოიცავს 25 საათს (როგორც საკონტაქტო, ასევე არასაკონტაქტო);

ლ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის სერტიფიკატი (შემდგომ – სერტიფიკატი) – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა პროგრამის განმახორციელებლის მიერ და პროგრამის წარმატებით გავლის დასადასტურებლად გადაეცემა პროგრამის მონაწილეს;

მ) პროგრამის თვითშეფასება – დოკუმენტი, რომელიც ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ადგენს რეგისტრირებული პროგრამის შესაბამისობას რეგისტრაციის სტანდარტთან;

ნ) რეგისტრირებული პროგრამის მონიტორინგი – დოკუმენტი, რომელიც ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ადგენს რეგისტრაციის სტანდარტების შესრულებას.

მუხლი 3. რეგისტრაციის პრინციპები

პროგრამების რეგისტრაცია ემყარება ნებაყოფლობითობის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

მუხლი 4. რეგისტრაციის მიზანი

პროგრამების რეგისტრაციის მიზანია, რეგისტრაციის სტანდარტებთან პროგრამის შესაბამისობის დადგენის გზით, მასწავლებლისთვის გამჭვირვალე, მოქნილი, მრავალფეროვანი და თანასწორი გარემოს უზრუნველყოფა.

თავი II. რეგისტრაციის სტანდარტები

მუხლი 5. რეგისტრაციის სტანდარტები

პროგრამის რეგისტრაციის სტანდარტებია:

ა) პროგრამის შინაარსი;

ბ) პროგრამის რესურსები.

მუხლი 6. პროგრამის შინაარსი

1. პროგრამის შინაარსი უნდა უზრუნველყოფდეს „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით (შემდგომ – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) დადგენილი მასწავლებლის კომპეტენციების განვითარებას.

2. პროგრამის შინაარსის სტანდარტი მიღწეულია, თუ:

ა) პროგრამა შეესაბამება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) პროგრამაში აღწერილია მისი მიზნები, შედეგები, შეფასების სისტემა და პროგრამის სასწავლო გეგმა. სასწავლო გეგმა მოიცავს ინფორმაციას სწავლის თემატიკის საათობრივი განაწილების, სწავლის მეთოდის, შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსის, შეფასების მეთოდების შესახებ;

გ) პროგრამის სწავლის შედეგი/შედეგები ორიენტირებულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული მასწავლებლის კომპეტენციების განვითარებაზე;

დ) პროგრამის მიზნები ნათლად არის ჩამოყალიბებული და მიღწევადია;

ე) პროგრამის მისაღწევი შედეგები შეესაბამება პროგრამის მიზანს/მიზნებს;

ვ) პროგრამაში ადეკვატურად არის განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფი/ჯგუფები და პროგრამაში მონაწილეთა დაშვების წინაპირობები;

ზ) პროგრამაში ადეკვატურად არის განსაზღვრული მონაწილეთა მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა;

თ) პროგრამაში განსაზღვრული სწავლის ფორმა შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და მონაწილეთა შეფასების სისტემას;

ი) პროგრამას აქვს სასწავლო გეგმის ადეკვატური კრედიტების რაოდენობა ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად – ერთი კრედიტი მოიცავს 25 საათს (როგორც საკონტაქტო, ასევე, არასაკონტაქტო). პროგრამა უნდა იყოს არანაკლებ ერთკრედიტიანი;

კ) პროგრამით გათვალისწინებული თემატიკა შეესაბამება პროგრამის მისაღწევ შედეგებს;

ლ) პროგრამის მონაწილეთა სწავლისა და შეფასების მეთოდები, ასევე, ორგანიზების ფორმა ან ფორმები შეესაბამება პროგრამის მისაღწევ შედეგებს;

მ) პროგრამაში აღწერილი სასწავლო მასალა შერჩეულია პროგრამით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით;

ნ) პროგრამის საათობრივი დატვირთვა შეესაბამება პროგრამის კრედიტების რაოდენობას;

ო) პროგრამის შემადგენელი კომპონენტების (სესია, მოდული, კურსი და სხვ.) განაწილება და მათ შორის ურთიერთშესაბამისობა უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას;

პ) პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები, ასევე, მისი აღრიცხვის წესი. სერტიფიკატის გაცემის საფუძველია პროგრამის მონაწილის მიერ პროგრამით გათვალისწინებული საკონტაქტო საათების არანაკლებ 70%-ზე დასწრება და საბოლოო დადებითი შეფასება;

ჟ) პროგრამაში განსაზღვრულია თვითშეფასების სისტემა, რომელიც მოიცავს პროგრამის შინაარსის, მისი რესურსების, მიწოდებისა და მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესში დანერგვის შეფასების საშუალებებს, მეთოდებსა და პროგრამის ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმს.

მუხლი 7. პროგრამის რესურსები

1. პროგრამა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი მიზნებისა და შედეგების მიღწევისათვის აუცილებელი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით.

2. პროგრამის რესურსების სტანდარტი მიღწეულია, თუ:

ა) არსებობს პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო მატერიალური რესურსი, რომლის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან წინასწარი წერილობითი შეთანხმება აღნიშნული მატერიალური რესურსის დროებითი სარგებლობის შესაძლებლობის თაობაზე წარმოდგენილი უნდა იქნეს განმცხადებლის მიერ;

ბ) პროგრამის განსახორციელებლად არსებობს პროგრამის მიზნებისა და მისაღწევი შედეგების შესაბამისი სასწავლო რესურსი (მაგალითად: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, სადემონსტრაციო საშუალებები და ა.შ), რომელიც უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობას;

გ) სწავლებას ახორციელებს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ან/და პროფესიული განათლება და შესაბამის სფეროში სწავლების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

დ) სწავლების განმახორციელებელ პირთან გაფორმებულია ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ან/და წარმოდგენილია მისი თანხმობის წერილი სწავლების განხორციელების თაობაზე;

ე) პროგრამას თან ერთვის სერტიფიკატის ნიმუში, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:

ე.ა) პროგრამის განმახორციელებლის სრული დასახელება;

ე.ბ) პროგრამის განმახორციელებლის ლოგო (არსებობის შემთხვევაში) და ცენტრის ლოგო;

ე.გ) პროგრამის დასახელება;

ე.დ) სერტიფიკატის მიმღები პირის შესახებ ინფორმაციის (სახელი, გვარი და პირადი ნომერი) განსათავსებელი გრაფა;

ე.ე) სერტიფიკატის გამცემი პირის შესახებ ინფორმაციის (სახელი, გვარი და თანამდებობა) განსათავსებელი და ხელმოსაწერი გრაფა;

ე.ვ) პროგრამის გავლის პერიოდის (რიცხვი, თვე, წელი) გრაფა;

ე.ზ) პროგრამის კრედიტის/კრედიტების ოდენობა;

ე.თ) პროგრამის სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომრის გრაფა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატი შესაძლებელია შეიცავდეს პროგრამის განმახორციელებლის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციასაც, რომლის სერტიფიკატზე ასახვა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

თავი III. რეგისტრაციის პროცესი

მუხლი 8. პროგრამის რეგისტრაციის პროცესი

1. პროგრამის რეგისტრაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა ცენტრში;

ბ) სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებობის შემოწმება;

გ) განმცხადებლის მიერ პროგრამის რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა;

დ) რეგისტრაციის ექსპერტების შერჩევა;

ე) რეგისტრაციის ექსპერტების მიერ დასკვნის მომზადება და სარეგისტრაციო საბჭოსთვის წარდგენა;

ვ) ზეპირი მოსმენა;

ზ) სარეგისტრაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება.

თ) ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემა პროგრამის რეგისტრაციის შესახებ.

2. რეგისტრაციის პროცესის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

3. ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას ახორციელებს ცენტრი.

მუხლი 9. სარეგისტრაციო განაცხადი

1. პროგრამის რეგისტრაციის მოთხოვნით განმცხადებელი უფლებამოსილია სარეგისტრაციო განაცხადით მიმართოს ცენტრს. სარეგისტრაციო განაცხადი ცენტრში წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. სარეგისტრაციო განაცხადის მიღება წარმოებს ცენტრში ყოველ სამუშაო დღეს.

3. სარეგისტრაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) განმცხადებლის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და წესდება (საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – დებულება); ხოლო ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პროგრამა, შევსებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;

გ) სწავლების განმახორციელებელი პირის/პირების ავტობიოგრაფიები (СV). მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები ან/და თანხმობის წერილები სწავლების განხორციელებასთან დაკავშირებით;

დ) პროგრამაში მითითებული მატერიალურ-ტექნიკური და სასწავლო რესურსების საკუთრების ან/და სარგებლობის უფლებით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ე) პროგრამის სერტიფიკატის ნიმუში და პროგრამის სერტიფიკატის გაცემის და აღრიცხვის წესი;

ვ) დასაშვებობის ეტაპზე განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა დოკუმენტი.

მუხლი 10. სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებობის ეტაპის საფასური და პროგრამის რეგისტრაციის საფასური

1. რეგისტრაციის პროცესის განმავლობაში განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს ორი სახის საფასური:

ა) სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებობის ეტაპის საფასური;

ბ) პროგრამის რეგისტრაციის საფასური.

2. სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებობის ეტაპის საფასური შეადგენს 125 ლარს, რომლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად. სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებობის ეტაპის საფასური განმცხადებელს არ უბრუნდება.

3. პროგრამის რეგისტრაციის საფასურის ოდენობა განისაზღვრება ამავე პროგრამით გათვალისწინებული საათობრივი (როგორც საკონტაქტო, ასევე, არასაკონტაქტო) დატვირთვით და შეადგენს ყოველი ერთი საათისთვის 80 ლარს.

4. პროგრამის რეგისტრაციის საფასურის ოდენობა, სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებად ცნობის შემდეგ წერილის სახით ეცნობება განმცხადებელს ცენტრის მიერ.

5. განმცხადებლის მიერ პროგრამის რეგისტრაციის საფასური გადახდილი უნდა იქნეს სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებად ცნობიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ცენტრის სახაზინო ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება ცენტრს.

6. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს პროგრამის რეგისტრაციის საფასურის გადახდას, სარეგისტრაციო განაცხადი რჩება განუხილველი.

7. პროგრამის რეგისტრაციის საფასური არ უბრუნდება განმცხადებელს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განმცხადებელი მოითხოვს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას ცენტრის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის ექსპერტებისთვის გადაცემამდე.

8. რეგისტრირებული პროგრამის ვადის გაგრძელების შემთხვევაში პროგრამის რეგისტრაციის საფასურის ოდენობა განისაზღვრება ამავე პროგრამით გათვალისწინებული საათობრივი (როგორც საკონტაქტო, ასევე, არასაკონტაქტო) დატვირთვით და შეადგენს ყოველი ერთი საათისთვის 40 ლარს.

მუხლი 11. სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებობის შემოწმება

1. ცენტრი სარეგისტრაციო განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებობას, სარეგისტრაციო განაცხადზე დართული დოკუმენტაციის ამ დებულების მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.

2. თუ განმცხადებელი ცენტრს სრულად არ წარუდგენს ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

3. სარეგისტრაციო განაცხადში ხარვეზის არარსებობის ან ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო განაცხადის დასაშვებად ცნობის თაობაზე და განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას პროგრამის რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად, რაზეც გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება განმცხადებელს.

4. ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სარეგისტრაციო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ, რაზეც გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება განმცხადებელს.

მუხლი 12. რეგისტრაციის ექსპერტი

1. ცენტრი, განმცხადებლის მიერ ცენტრში პროგრამის სარეგისტრაციო საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, განსაზღვრავს კონკრეტული პროგრამის შესაფასებლად სულ მცირე ორ ექსპერტს, რომელთა ვინაობა ცენტრის მიერ წერილობით ეცნობება განმცხადებელს. რეგისტრაციის ექსპერტი შესაძლებელია იყოს როგორც ცენტრში დასაქმებული პირი, ასევე, სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტი, პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით.

2. განმცხადებელი უფლებამოსილია განაცხადოს ექსპერტის/ექსპერტების აცილება ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

3. რეგისტრაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ ადგილი ექნება ინტერესთა კონფლიქტს.

4. ამ დებულების მიზნებისთვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.

5. ცენტრის დირექტორი რეგისტრაციის ექსპერტთა შერჩევის მიზნით აცხადებს კონკურსს ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. რეგისტრაციის ექსპერტის საქმიანობა ანაზღაურებადია.

მუხლი 13. რეგისტრაციის ექსპერტის დასკვნა

1. ექსპერტები, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, პროგრამის მათთვის გადაცემიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში შეისწავლიან პროგრამის შესაბამისობას რეგისტრაციის სტანდარტებთან. შესაძლებელია რეგისტრაციის ექსპერტმა განახორციელოს ვიზიტი განმცხადებელთან და ადგილზე შეამოწმოს მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თუ ეს აუცილებელია პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე. ექსპერტები შედეგებს ასახავენ ინდივიდუალურად, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით შედგენილ დასკვნებში.

2. ორი ექსპერტის მიერ შედგენილი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დასკვნის პროექტები, საბოლოო სახის მიღებამდე, ელექტრონულად ეგზავნება განმცხადებელს, რომელიც უფლებამოსილია დასკვნის პროექტებში ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებული არგუმენტირებული პოზიცია წარმოადგინოს ცენტრში, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. განმცხადებლის მოსაზრების წარმოდგენიდან ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, ექსპერტების დასკვნები და განმცხადებლის მოსაზრებები (არსებობის შემთხვევაში) ცენტრის მიერ წარედგინება სარეგისტრაციო საბჭოს.

4. ექსპერტის დასკვნას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

თავი IV. სარეგისტრაციო საბჭო

მუხლი 14. სარეგისტრაციო საბჭოს შემადგენლობა

1. სარეგისტრაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, ცენტრის დირექტორის წარდგინებით.

2. საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება 1 წლის ვადით.

3. საბჭო შედგება ცენტრში დასაქმებული პირებისა და განათლების სფეროში პროფესიული გამოცდილების მქონე პირებისგან.

4. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს სამდივნოსა და სხვა წევრებისაგან.

5. საბჭოს წევრების საქმიანობის ანაზღაურება მოხდება ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 15. საბჭოს საქმიანობა

1. საბჭო პროგრამის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, რეგისტრაციის ექსპერტთა დასკვნების, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

2. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) პროგრამის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) პროგრამის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) რეგისტრირებული პროგრამის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ;

დ) რეგისტრირებული პროგრამის ვადის გაგრძელების შესახებ.

3. საბჭო პროგრამის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა აკმაყოფილებს რეგისტრაციის სტანდარტებს. გადაწყვეტილებაში მიეთითება რეგისტრირებული პროგრამის კრედიტების რაოდენობა.

4. საბჭო პროგრამის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა არ აკმაყოფილებს პროგრამის რეგისტრაციის სტანდარტებს.

5. საბჭო რეგისტრირებული პროგრამის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა არ აკმაყოფილებს ამ დებულების მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

6. საბჭოს გადაწყვეტილებით პროგრამა რეგისტრირდება 2 წლის ვადით და ძალადაკარგულია აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე, გარდა, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. საბჭო უფლებამოსილია მოქმედ რეგისტრირებულ პროგრამას გაუგრძელოს რეგისტრაციის ვადა განმცხადებლის (პროგრამის განმახორციელებლის) მოთხოვნის საფუძველზე.

8. მოქმედ რეგისტრირებულ პროგრამას რეგისტრაციის ვადა უხანგრძლივდება შემდგომი 2 წლის ვადით, თუ მოქმედ რეგისტრირებულ პროგრამას აქვს მონიტორინგის დადებითი შეფასება, უცვლელი პროგრამის შინაარსი და პროგრამის რესურსები, ან არაარსებითი ცვლილება და პროგრამის განმახორციელებელი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე 60 კალენდარული დღით ადრე მიმართავს ცენტრს რეგისტრირებული პროგრამის ვადის (2 წელი) გაგრძელების შესახებ.

9. თუ დაცულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, განმცხადებლის მიერ ცენტრისთვის მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილება რეგისტრირებული პროგრამის ვადის გაგრძელების შესახებ მიიღება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებათ საბჭოს წევრებს და მოცემული ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე.

10. საბჭო პროგრამის თავდაპირველი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სარეგისტრაციო განაცხადის ცენტრში წარდგენიდან არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში.

11. საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.

12. საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.

13. საბჭოს წევრი ვალდებულია განაცხადოს არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.

14. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ფორმალურ მოთხოვნებთან დოკუმენტების შემოწმებას და სხვა ხასიათის დამხმარე ფუნქციებს უზრუნველყოფს საბჭოს სამდივნო, რომლის უფლებამოსილებას ასრულებს ცენტრი ან ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი ჯგუფი.

15. საბჭოს სამდივნო საბჭოს წევრებს, საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე, უგზავნის სხდომის დღის წესრიგსა და საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაციას, ხოლო განმცხადებელს, პროგრამის განმახორციელებელს, ექსპერტებს, სხდომის გამართვამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უგზავნის სხდომის დღის წესრიგს.

16. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის გამართვის ადგილი, დრო, თარიღი და შემადგენლობა ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე საბჭოს სხდომის გამართვამდე 5 სამუშაო დღით ადრე.

მუხლი 16. საბჭოს სხდომა

1. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭოს სხდომებს უძღვება თავმჯდომარე. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი.

3. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.

4. საბჭოს წევრი, რომელიც არ ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას, თავის აზრს გამოხატავს წერილობით, რომელიც თან ერთვის სხდომის ოქმს.

5. საბჭოს წევრი სხდომას ესწრება უშუალოდ.

6. საბჭოს სხდომის შესახებ წარმოებს ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.

7. საბჭოს გადაწყვეტილების ოქმი ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

8. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

9. საბჭოს სხდომა საჯაროა. საბჭოს სხდომაზე პროგრამის შემფასებელი ექსპერტების დასწრება სავალდებულოა. ამ დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვეთა პროგრამის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები, პროგრამის განმახორციელებლის ზეპირ მოსმენაზე მოწვევა და მისი დასწრება სავალდებუxლოა.

10. საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ზეპირ მოსმენაზე, სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს შესაბამისი დარგის მცოდნე სპეციალისტი.

11. სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან.

თავი V. რეგისტრირებული პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა

მუხლი 17. თვითშეფასება

1. რეგისტრირებული პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია განახორციელოს თვითშეფასება, პროგრამის შეფასების სისტემის შესაბამისად.

2. რეგისტრირებული პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია ცენტრს ყოველწლიურად, წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში ელექტრონული ფორმით.

3. თვითშეფასების ანგარიშის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 18. პროგრამის რეგისტრაციის სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი

რეგისტრირებული პროგრამების მონიტორინგს ახორციელებს ცენტრი.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.