საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 207/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 30/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017827
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
207/ნ
30/09/2019
ვებგვერდი, 01/10/2019
040030000.22.022.017827
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/10/2019 - 11/08/2022)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №207/ნ

2019 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №107/ნ ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი



დანართი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მწერალთა სახლი (შემდგომში – მწერალთა სახლი) შექმნილია „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილების საფუძველზე და წარმოადგენს სსიპ – ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის უფლებამონაცვლეს.

2. მწერალთა სახლი წარმოადგენს კულტურულ ორგანიზაციას, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში.

3. მწერალთა სახლი, კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

4. მწერალთა სახლს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, სახაზინო, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები და რეკვიზიტები.

5. მწერალთა სახლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ივანე მაჩაბლის ქუჩა №13.

მუხლი 2. მწერალთა სახლის  მიზნები და ამოცანები

მწერალთა სახლის  მიზნები და ამოცანებია:

1. მწერალთა სახლის მიზნები:

ა) ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია საქართველოში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ;

ბ) ქართული და უცხოური ლიტერატურის თარგმნის პროცესის განვითარება;

გ) ქართული ლიტერატურით დაინტერესებული უცხოელი მთარგმნელებისა და გამომცემლების ხელშეწყობა და ქართული ლიტერატურის თარგმანების დაფინანსება;

დ) საზღვრებს გარეთ სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებაში ქართველი ავტორების გამომცემლების, ილუსტრატორების და მთარგმნელების  მონაწილეობის ხელშეწყობა და საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე საქართველოს ეროვნული პროგრამის ორგანიზება;

ე)  მწერალთა რეზიდენციის მუშაობის ხელშეწყობა და მისი პროგრამების განვითარება.

2. მწერალთა სახლის ამოცანები:

ა) საგამომცემლო საქმიანობის განვითარება;

ბ) ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა საქართველოში და საზღვარგარეთ (ლიტერატურული ფესტივალი, ლიტერატურული ნაწარმოებების საჯარო კითხვები, განხილვები, დისკუსიები, ლიტერატურული კონკურსები);

გ) ქართული ლიტერატურის ქვეყნის საზღვრებს გარეთ თარგმნისა და გამოცემის სტრატეგიის განსაზღვრა და უცხოელი გამომცემლებისთვის, თარგმანების გამოცემის მიზნით, კონკურსების გამოცხადება და სპეციალური პროგრამების შეთავაზება;

დ) ქართული და უცხოური ლიტერატურის მხატვრული თარგმანების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება, ქართული ლიტერატურით დაინტერესებული უცხოელი მთარგმნელებისა და გამომცემლების ხელშეწყობა, ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე მთარგმნელთა გადამზადება და პროფესიული ქსელების განვითარება; სპეციალური სემინარების, კონფერენციების მოწყობა და სარეზიდენციო პროგრამების შეთავაზება;

ე) ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის მიმართულებით საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების რესურსის გამოყენება; 

ვ) ქართველი და უცხოელი მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამების დანერგვა და მათი საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა;

ზ) ქართული წიგნისა და ლიტერატურის გავრცელებისა და პოპულარიზაციის მიზნით, მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოცემული ლიტერატურის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გავრცელება და ქართული მწერლობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნის ხელშეწყობა;

თ)   საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა;

ი) შემოქმედებითი წერის სწავლების მხარდაჭერა;

კ) ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურული კრიტიკის განვითარების წახალისება;

ლ) ქართული ლიტერატურის უცხოური ლიტერატურის თარგმანებით გამდიდრების მიზნით, ქართველი გამომცემლებისთვის სპეციალური კონკურსების გამოცხადება;

მ) ქართული ლიტერატურის შესახებ სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის გამოცემისა და თარგმანის ხელშეწყობა;

ნ) საქართველოში საგამომცემლო სექტორის (მათ შორის ლიტერატურული) განვითარების მიმართულებით სპეციალური კონფერენციების და ფორუმების ორგანიზება და ქართველი გამომცემლებისათვის, საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, სპეციალური სემინარების ორგანიზება;

ო) ლიტერატურული და/ან სახელოვნებო პერიოდული გამოცემების ხელშეწყობა;

პ) ლიტერატურული აგენტის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა;

ჟ) პერიოდული კვლევების საფუძველზე, საჭიროებების შესაბამისად, პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირება და მიზნობრივი კონკურსებისა და სხვადასხვა დაფინანსების მექანიზმების განხორციელება;

რ) კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების განვითარება და სამოქალაქო ინტეგრაციის ხარისხის გაზრდა;

ს) საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავება და ქართული ლიტერატურული პროცესის პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;

ტ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან ურთიერთობების განვითარება და კერძო სექტორთან თანამშრომლობა და დამატებითი თანხების მოძიება ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად;

უ) ლიტერატურის სფეროში ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების  განვითარების ხელშეწყობა;

ფ) მწერალთა სახლის სარგებლობაში არსებული მემორიალური ნივთების მოვლა-პატრონობის, შესწავლის, ექსპონირების და პოპულარიზაციის უზრუნველყოფა;

ქ) ქართველი მწერლების მოღვაწეობის წარმოჩენის მიზნით, დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების მოწყობა;

ღ) ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლედ კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული, მათ შორის დამხმარე სახის ეკონომიკური და სხვა საქმიანობის განხორციელება.

მუხლი 3. მწერალთა სახლის  მართვა

1. მწერალთა სახლის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც სამინისტროსათვის წარდგენილი 4-წლიანი სამოქმედო გეგმის (პროგრამა) საფუძველზე, 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

2. მწერალთა სახლის დირექტორის ვადაზე ადრე თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი დირექტორის დანიშვნამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს მწერალთა სახლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.

მუხლი 4. მწერალთა სახლის  დირექტორის უფლებამოსილება

მწერალთა სახლის დირექტორი:

ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს მწერალთა სახლის  საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;

გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მწერალთა სახლს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;

დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს მწერალთა სახლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა მწერალთა სახლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ე) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს მწერალთა სახლის  თანამშრომლებსა და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს მწერალთა სახლის  თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს სახელფასო განაკვეთებს; უფლებამოსილია მწერალთა სახლის  თანამშრომელთათვის დაადგინოს დანამატი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) ამტკიცებს მწერალთა სახლის  შინაგანაწესს;

თ) ამტკიცებს მწერალთა სახლის  სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას და განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მწერალთა სახლის  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე მწერალთა სახლის  რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

კ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები;

ლ) მწერალთა სახლის  ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

მ) უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება მიანდოს მწერალთა სახლის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.

მუხლი 5. მწერალთა სახლის  დირექტორის მოადგილეები

1. მწერალთა სახლის  დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მწერალთა სახლის დირექტორი.

2. მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს ორგანიზაციისათვის საჭირო ყოველდღიური ფუნქციების ადმინისტრირებას;

ბ) უზრუნველყოფს მწერალთა სახლის დირექტორთან ყოველდღიური კოორდინირებას და ანგარიშის მიწოდებას ინსტიტუციის საქმიანობაზე; 

გ) ახორციელებს გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმარებას დირექტორთან და სამუშაო ჯგუფთან ერთად;

დ) უზრუნველყოფს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების კონტროლს;

ე) უზრუნველყოფს ახალი პროექტების მოძიებას;

ვ) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან  ურთიერთობების სტრატეგიების დაგეგმვას და განხორციელებას;

ზ) პასუხისმგებელია პარტნიორ და მონათესავე ორგანიზაციებთან  ურთიერთობაზე და მათთან ერთობლივი პროექტების დაგეგმვაზე;

თ) უზრუნველყოფს ორგანიზაციის გამართულ ფუნქციონირებას და კონტროლს თანამშრომლებზე დაკისრებული ვალდებულებების ზუსტ და ჯეროვან შესრულებაზე.

3. მწერალთა სახლის დირექტორის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მწერალთა სახლის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მწერალთა სახლის დირექტორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

4. მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს მწერალთა სახლის დირექტორი.

მუხლი 6. მწერალთა სახლის სახელმწიფო კონტროლი

მწერალთა სახლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც  ზედამხედველობას  უწევს მწერალთა სახლის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს მწერალთა სახლს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

მუხლი 7. მწერალთა სახლის ქონება

1. მწერალთა სახლს დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება.

2. მწერალთა სახლის ფინანსებსა და ქონებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს მწერალთა სახლის დირექტორი.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით მწერალთა სახლს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის დამტკიცება;

ე) სხვა გადაწყვეტილებები მწერალთა სახლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 8. მწერალთა სახლის დაფინანსება

1. მწერალთა სახლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) შემოწირულობები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. მწერალთა სახლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ანგარიშგებაში.

3. მწერალთა სახლის შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მწერალთა სახლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

4. მწერალთა სახლი უფლებამოსილია კანონმდებლობით  დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა.

მუხლი 9. მწერალთა სახლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. მწერალთა სახლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მწერალთა სახლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

მუხლი 10. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

მწერალთა სახლის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.