შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 535
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.021555
535
05/11/2019
ვებგვერდი, 07/11/2019
040170020.10.003.021555
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №535

2019 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2
დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს 1 (ერთი) წელი ამ დადგენილების ამოქმედებიდან.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

 


მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო

1. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში − წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ (შემდგომში – საწარმო) საქონლისა (დანართი №1) და მომსახურების (დანართი №2) შესყიდვების სპეციალურ წესს.

2. წესის მიზანია საწარმოს მიერ სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეუფერხებლად გატარება,  მისი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის განვითარება.

3. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები და/ან ქვეყნები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთი-ერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.  

5. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას საწარმო ახორციელებს მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. საქონლის/მომსახურების შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.  

მუხლი 2. შესყიდვების ძირითადი პრინციპები 

საწარმოში შესყიდვების განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

ა) შესყიდვების განხორციელების აუცილებლობა;

ბ) რაციონალური არჩევანი;

გ) საჯაროობა და გამჭვირვალობა;

დ) პოტენციურ მონაწილეთა მიმართ შესაძლებლობათა გამოხატვის თანასწორი გარემო პირობების ფორმირება და ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;

ე) საზოგადოებრივი ნდობის გარემოს ფორმირება.

მუხლი 3. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება  

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესის დანართებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“;

გ) შესყიდვის ობიექტი –  შესასყიდი საქონელი, მომსახურება;

დ) საქონელი –  წესის №1 დანართში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული საქონლის სახეები;  

ე) მომსახურება –  წესის №2 დანართში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული მომსახურების სახეები;

ვ) შესყიდვების გეგმა –  საწარმოს მიერ დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმა;

ზ) პრეტენდენტი –  პირი, რომელიც მონაწილეობას იღებს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;

თ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

ი) ფასთა კოტირება – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის დასაშვებია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით (შესყიდვის მოსაწვევი იგზავნება და პრეტენდენტის შეთავაზებები მიიღება ელექტრონული ფოსტით) ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით   დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენებაც;

კ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა;

ლ) დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი – კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი;

მ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი);  

ნ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა –  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში –  სისტემა);

ო) ფასის კლების ბიჯი – ფასის კლების ბიჯი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით;

პ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი;

ჟ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით;   

რ) ელექტრონული ვაჭრობა –  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;

ს) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები –   შემსყიდველის მიერ დადგენილი, პრეტენდენტის მიერ წარსადგენი დოკუმენტები;

ტ) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა,  ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

უ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია –  შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელშიც მოცემული იქნება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის საფუძველი;    

ფ) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება/ერთეულების სავარაუდო ჯამური ღირებულება;

ქ) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული შესყიდვის ობიექტის  ერთეულის ღირებულება/ერთეულების საბოლოო ჯამური ღირებულება;

ღ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება;

ყ) მრავალწლიანი შესყიდვა – შესყიდვა, რომელიც გრძელდება 12 (თორმეტი) კალენდარულ თვეზე მეტი ვადით;

შ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული  წინადადების ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

მუხლი 4. საწარმოს უფლება-მოვალეობები 

1. საწარმო უფლებამოსილია:

ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში –  ხელშეკრულება);  

ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის ინტერესებიდან გამომდინარე;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.

2. საწარმო ვალდებულია:

ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი სხდომის ოქმი.  შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება.  შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.  

მუხლი 5. შესყიდვების დაგეგმვა 

1. საწარმო შესყიდვებს ახორციელებს წინასწარგანსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საწარმოს გენერალური დირექტორი.

2. მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს გენერალური დირექტორი.

3. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად იმ შემთხვევაში, თუ მისი დაფინანსება ხორციელდება მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან, ხოლო მიწოდება ან/და ხელშეკრულების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება მომდევნო წლის განმავლობაში.  

მუხლი 6. შესყიდვის საშუალებები  

1. შესყიდვის საშუალებებია: გამარტივებული შესყიდვა, ფასთა კოტირება და შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.

2. შესყიდვა შეიძლება, განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალების (მათ შორის, დასაშვებია შესყიდვის მოსაწვევის გაგზავნა და პრეტენდენტის შეთავაზებების მიღება ელექტრონული ფოსტით) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ ან სხვა უცხო ენებზე, თუ:

ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, თუ ამგვარი გადაწყვეტილება გამოწვეულია ობიექტური გარემოებებით, რომლებსაც შემსყიდველი წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა ან/და შესყიდვა გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის, დროის, ტექნიკურ-ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით;

გ) ისეთი საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რაც აუცილებელია საწარმოს მიერ სხვა პირის დაკვეთით, აგრეთვე საქართველოს მთავრობის განკარგულებით ან/და პარტნიორის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის, საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული აუდიტორული, საექსპერტო, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა.  

3. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 5 000 (ხუთი ათასი) ლარს (გარდა ფასთა კოტირებისა და შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებებით შესასყიდი საქონლისა და მომსახურების შესყიდვისა), აგრეთვე, თუ შესყიდვის ობიექტი არის ინტერნეტით გამოწერის გზით საქონლისა და მომსახურების შესყიდვა. ასეთ შემთხვევებში, ხელშეკრულება შესაძლებელია, ჩანაცვლდეს  შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შესყიდვის ობიექტის დასახელებას,  შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას, მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი), ხოლო ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლებელია, ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.

4. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ფასთა კოტირების საშუალებით, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება მეტია   100 000 (ასი ათასი) ლარზე და არ აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს.

5. ფასთა კოტირების საშუალებით შესყიდვისას მოწვევა ფასთა კოტირებაში მონაწილეობისათვის წერილობით ეგზავნება არანაკლებ ორ სათანადო (წინასწარ შერჩეულ) პრეტენდენტს. მოწვევის გაგზავნა და ფასთა კოტირებაში მონაწილის შეთავაზების (ოფერტის) მიღება ასევე დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ ან/და სხვა უცხო ენებზე. ფასთა კოტირებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების დროს შესასყიდ ობიექტზე წარსადგენ ინფორმაციაში შესაძლებელია, მოთხოვნილი იყოს ერთეულისა და საერთო ფასების, მიწოდების ვადების, ადგილის, მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი ფირმისა და სხვა სპეციფიკაციების მინიშნების აუცილებლობა, რაც განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

6. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავნიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა იღებს მიწვეული პირების შეთავაზებებს (ოფერტებს).

7. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ფასთა კოტირების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია,  შესაბამისი საქონლის და/ან მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ამასთან, გამარტივებული შესყიდვა უნდა განხორციელდეს იმავე პირობებით, რა პირობებითაც იქნა წარმოებული არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ფასთა კოტირება.

8. ფასთა კოტირების  საშუალებით საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ფასთა კოტირებაში მონაწილეობის მიღების შესახებ მოსაწვევ წერილში უთითებს შესყიდვის ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულებას.   

10. პრეისკურანტის საფუძველზე ფასთა კოტირების ჩატარებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ფასთა კოტირებაში მონაწილეობის მიღების შესახებ მოსაწვევ წერილში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული საქონლის ან/და მომსახურების ერთეულების ღირებულების დადგენის წესს, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით.   

11. პრეისკურანტში საქონლის ან/და მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში საქონლის ან/და მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება, აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

12. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია, დადოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით გამოვლენილ მიმწოდებელთან.

13. ამ მუხლის მე-2 − მე-12 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა,  შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას.

მუხლი 7. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განმახორციელებელი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ 5 (ხუთი) წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი.

2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი.  

3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება, მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს,  წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.

6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად მიიჩნევა მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

მუხლი 8. კომისიის აპარატი

1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის  გენერალური დირექტორის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში − აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.

3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.

4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში.

მუხლი 9. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში − განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან.

2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 2 (ორი) დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი, კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.

3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:    

ა) განცხადების ნომერი;

ბ) შემსყიდველის დასახელება;

გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;  

ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;

ვ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით, თუ – მათ გარეშე;

თ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;

ი) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;

კ) ბიჯის ოდენობა;

ლ) მითითება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება განცხადებაში შესაბამისი მითითების საფუძველზე.

5. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.

6. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.

მუხლი 10. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა 

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;

ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;

გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში);

დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);

ე) კომისიის ან აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ;

ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე  შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.

მუხლი 11. წინადადების წარდგენა  

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია, წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.

2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.

3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალისწინებულ გარანტიას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.

5. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 12. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი  

1. შემსყიდველი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები.

2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება, დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.

3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან, მისი ბუნებიდან გამომდინარე, დაბრუნება შეუძლებელია.

4. დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინება სავალდებულოა. კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, რაც უნდა დასაბუთდეს დოკუმენტაციაში.

5. დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინების შემთხვევაში, კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას, თუ მის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

6. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ყოველ კონკრეტულ ელექტრონულ ტენდერში შესაძლებელია, დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ დადებული ხელშეკრულებით, ანგარიშფაქტურით, ინვოისით ან/და სხვა ისეთი დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

7. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება, დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.).

მუხლი 13. შერჩევა/შეფასება  

1. კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.  

2. პრეტენდენტის წინადადების ფასი ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ ატვირთული გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წინასწარ ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს გარანტიის დედნის წარდგენა. გარანტიის დედნის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ იმ პრეტენდენტზე, რომლის მიერაც დაფიქსირებულ იქნა უდაბლესი ფასი, ხოლო სხვა პრეტენდენტები ვალდებულნი არიან, გარანტიის დედანი წარადგინონ მხოლოდ სატენდერო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, თუ კომისია გადავა შერჩევის/შეფასების მიზნით შემდეგი უდაბლესი შეთავაზების პრინციპით მომდევნო პრეტენდენტზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.

4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით, ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომლებიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე.  

7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.  

8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.

9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.  

10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას, ან მის მიერ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ მონაწილე პრეტენდენტების მიერ ყველაზე დაბალ და მომდევნო ფასს შორის დაფიქსირებული სხვაობით გამოვლენილი ახალი გარემოება საფუძვლიან ეჭვს ბადებს შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულების შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.  

მუხლი 14. დისკვალიფიკაცია

1. კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.

2. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის   მე-13 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება   შემსყიდველის მიერ დაწესებულ პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას;

ბ) არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ  პირობებს;

გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;

დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას;

ე) იგი არ წარადგენს ნიმუშს ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი ნიმუში ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ  პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას;

ვ) იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;

ზ) თუ ის, ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიღების გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით;

თ) თუ მის მიერ წარდგენილი შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის გარანტია არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ  პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას;

ი) თუ, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით,  ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

კ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას ან მის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას.

3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადებების მიღების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.

მუხლი 15. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში წარდგენილი გარანტია

1. პრეტენდენტი ვალდებულია, წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

2. გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს.

3. გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება ხელშეკრულების დადების, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების, შეწყვეტის ან პრეტენდენტის შემსყიდველის მიერ დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.

4. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:

ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;

ბ) პრეტენდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას ან მის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ  პირობებს;

გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო;

დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე;

ე) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ  პირობებს.  

მუხლი 16. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა 

1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულის გამოვლენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.  

3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად.

4. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით გამოიყენება ხელშეკრულების უზრუნველყოფის (შესრულების) გარანტირების მექანიზმი. გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს და არ უნდა იყოს 2 (ორი) პროცენტზე ნაკლები. გარანტირების მექანიზმი მოითხოვება აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება (გარდა აკრედიტივის ფორმით ანგარიშსწორებისა). საავანსო ანგარიშსწორების შემთხვევაში, საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრება არანაკლებ წინასწარი ანგარიშსწორების თანხის ოდენობით.

5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისაგან შესაძლებელია  გათავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით. გარდა ამისა, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ არის საქართველოს რეზიდენტი და ერთეული შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების ღირებულება არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, ხოლო თუ მიმწოდებელი საქართველოს რეზიდენტია და ერთეული შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების ღირებულება არ აღემატება 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან. 

6. გარანტიის მოქმედების ვადა და მისი დაბრუნების პირობები უნდა განისაზღვროს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

7. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

8. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა.

მუხლი 17. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვის განსაკუთრებული შემთხვევა     

1. ელექტრონული პროცედურის  მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია  განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული პროცედურის განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შესაძლებელია განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.  

3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.

4. პრეისკურანტის საფუძველზე ელექტრონული პროცედურის  ჩატარებისას შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული შესყიდვის ობიექტის ერთეულების ღირებულების დადგენის წესს,  გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება, აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

მუხლი 18. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში.

2. შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია.

3. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული შესყიდვის განხორციელების სხვა საშუალება.

მუხლი 19. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები 

1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი ელემენტები და პირობები:

ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;

ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის ან/და მთლიანი ღირებულება (პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, ხელშეკრულებაში არ მიეთითება შესყიდვის ობიექტის რაოდენობა);

გ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);

დ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ხარისხი. საჭიროების შემთხვევაში, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა;

ე) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები ან/და ეტაპობრივი ვადები და ადგილი;

ვ) საქონლის ან მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;

ზ) ანგარიშსწორების ფორმა და გრაფიკი (ვადები);

თ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);

ი) მხარეთა უფლება-მოვალეობანი;

კ) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის;

ლ) ფორსმაჟორული სიტუაციები;

მ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა;

ნ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

ო) დავების გადაწყვეტის წესი;

პ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე.

მუხლი 20. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი 

1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია გამოყოფს შესაბამის პირთა ჯგუფს (ინსპექტირების ჯგუფი).

2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია:

ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლი;

ბ) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების ჯეროვანი შესრულების კონტროლი, უფლებამოსილი პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე დადგენილი მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების შესრულებასთან შესაბამისობის დადასტურება;

გ) საქონლის ან/და მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება;

ე) ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით,  კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.

3. უფლებამოსილი პირის მიერ ჩასაბარებელი საქონლის ან/და მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (მომთხოვნი) ხელმძღვანელი შესყიდული საქონლის ან/და მომსახურების მოთხოვნასთან შესაბამისობას ადასტურებს ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაზე ხელმოწერით.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, აწარმოოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის ინსპექტირება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ნედლეულისა და მაკომპლექტებელი ნაწილების ხარისხისა და სუბკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების (მომსახურების) ინსპექტირება.

5. ყველა გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასა და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

6. ამ მუხლის პირველი,  მე-2 და მე-3 პუნქტები არ ვრცელდება ისეთი მომსახურების შესყიდვის დროს, რომელიც დაკავშირებულია გაზგამანაწილებელი სადგურების  მომსახურებასთან. აღნიშნული მომსახურების ინსპექტირება და მიღება ხორციელდება შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიის“ გენერალური დირექტორის ბრძანებით დადგენილი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი წერილობითი დადასტურებით.

მუხლი 21. სასამართლო განხილვა და სამართალი

1. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მიღების მსურველ და პრეტენდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლო წესით.

2. სასამართლოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. თუ მიმწოდებელი უცხოელი კონტრაჰენტია, ხელშეკრულების განხორციელების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვა შესაძლებელია, განხორციელდეს საერთაშორისო საარბიტრაჟო გარჩევის გზით, „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირობების გათვალისწინებით.

მუხლი 22. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

დანართი №1

საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ჩამონათვალი

საქონლის დასახელება

1

მაგისტრალური გაზსადენის ექსპლუატაციისა და მისი დემონტაჟისათვის/მონტაჟისათვის საჭირო საქონელი

2

მაგისტრალური გაზსადენის, საონკანე კვანძისა და გაზგამანაწილებელი სადგურის ტესტირებისთვის საჭირო საქონელი

3

აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და მისი დემონტაჟისთვის საჭირო საქონელი

4

გაზგამანაწილებელი სადგურების, ასევე მათი მართვისა და სასისტემო ავტომატიკის მოწყობილობები, დემონტაჟისათვის/მონტაჟისათვის  საჭირო საქონელი

5

გაზგამანაწილებელი სადგურები, აგრეთვე მათი მოწყობისათვის საჭირო საქონელი

6

საონკანე მოედნების მოწყობისათვის საჭირო საქონელი

7

მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციისთვის აუცილებელი რკინა-ბეტონის კონსტრუქციები

8

სხვადასხვა ზომის იზოლირებული და არაიზოლირებული მილები, მუხლები, სამკაპები, დამხშობები და მილის დაერთებასთან დაკავშირებული სხვა საქონელი

9

სხვადასხვა ზომის მიწისზედა და მიწისქვეშა ონკანები

10

ბუნებრივი გაზის აღრიცხვასთან დაკავშირებულ მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის მასალა-მოწყობილობები და საქონელი

11

მაგისტრალური გაზსადენის, გაზგამანაწილებელი სადგურების, აღრიცხვის კვანძების მომსახურე ავტოტექნიკა და მათი ნაწილები

12

საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული სპეცტანსაცმელი და სპეცინვენტარი

13

მაგისტრალური გაზსადენის, საონკანე კვანძისა და გაზგამანაწილებელი სადგურის, ასევე ფილიალის და მის სამოქმედო არეალში შემავალი სტრუქტურული ერთეულების შენობა-ნაგებობებისათვის  უსაფრთხო და უწყვეტი ექსპლუატაციისათვის საჭირო საქონელი

14

ბუნებრივი გაზის ანალიზისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები და საქონელი

15

ბუნებრივი გაზის ოდორიზაციისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები და საქონელი

16

მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი მომხმარებლების ან/და მონაკვეთის შეჭრისათვის საჭირო  საქონელი

17

მაგისტრალური გაზსადენის ელექტროქიმიური დაცვისთვის საჭირო საქონელი

18

მაგისტრალური გაზსადენის ექსპლუატაციისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა

19

დისპეტჩერიზაცია-კომუნიკაციასთან დაკავშირებული მასალა-მოწყობილობები და საქონელი

20

დაზგა-დანადგარები და მათი სათადარიგო ნაწილები

21

მაგისტრალური გაზსადენის, საონკანე კვანძისა და გაზგამანაწილებელი სადგურის , ასევე ფილიალისა და მის სამოქმედო არეალში შემავალი სტრუქტურული ერთეულების შენობა-ნაგებობებისათვის  უწყვეტი ვიდეომონიტორინგისთვის საჭირო საქონელი

დანართი №2

საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული მომსახურების ჩამონათვალი

მომსახურების დასახელება

1

მაგისტრალური გაზსადენის, საონკანე კვანძისა და გაზგამანაწი­ლე­ბე­ლი სადგურის ექსპლუატაციისა და ტესტირებისათვის საჭირო მასალების დამზადება და მომსახურება

2

მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის განხორციელებისათვის საჭირო მომსახურება

3

აღრიცხვის საშუალებების გასტანდარტება, დამოწმება-დაკალიბრება

4

მაგისტრალური გაზსადენის ექსპლუატაციისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია-მომსახურება

5

ხელსაწყოების, აგრეგატებისა და დაზგა-დანადგარების სარემონტო მომსახურება

6

ბუნებრივი გაზის ოპერაციების, გაზსადენებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების საექსპერტო და საკონსულტაციო მომსახურება

7

გაზსადენების სამშენებლო და საექსპლუატაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურება

8

გაზსადენების სამშენებლო და საექსპლუატაციო  სამუშაოებთან დაკავშირებული საინფორმაციო მომსახურება

9

გაზსადენების ექსპლუატაციისთვის საჭირო მასალა-მოწყობილობების ტრანსპორტირების მომსახურება

10

არაგაბარიტული მანქანა-მექანიზმების უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო დაცვა-გაცილების მომსახურება

11

გაზსადენების ექსპლუატაციის დროს საჭირო სპეცკავშირებით მომსახურება

12

აუდიტორული, საექსპერტო, საკონსულტაციო და სატრენინგო მომსახურება

13

გაზსადენების ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტოტექნიკის შეკეთების მომსახურება

14

მაგისტრალური გაზსადენის, საონკანე კვანძისა და გაზგამანაწილებელი სადგურის, ასევე ფილიალისა და მის სამოქმედო არეალში შემავალი სტრუქტურული ერთეულების შენობა-ნაგებობებისათვის  უსაფრთხო და უწყვეტი ექსპლუატაციისათვის საჭირო მომსახურება

15

მაგისტრალური გაზსადენის, საონკანე კვანძისა და გაზგამანაწილებელი სადგურის, ასევე ფილიალისა და მის სამოქმედო არეალში შემავალი სტრუქტურული ერთეულების შენობა-ნაგებობებისათვის  უწყვეტი მონიტორინგისთვის საჭირო მომსახურება

16

გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე მათი მოწყობისათვის საჭირო მომსახურება


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.