ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ

ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 07/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016323
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
22/11/2019
ვებგვერდი, 29/11/2019
300280000.16.009.016323
ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/11/2019 - 27/03/2020)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №28

2019 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული „ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 აპრილიდან.



საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია




ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. წესის მიზნები, ამოცანები და მოქმედების სფერო

1. ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის მარეგულირებელი ეფექტიანი მექანიზმების შექმნა და ქსელის ოპერატორების ეფექტიანი რეგულირება, აგრეთვე, რეგიონულ დონეზე ბაზრების ინტეგრირებისა და ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა.

2. ეს წესი ვრცელდება საწარმოებზე, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილებას, მიწოდებას, იმპორტს ან ექსპორტს, ასევე საწარმოებზე, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგიის წარმოებას, დისპეტჩერიზაციას, გადაცემას ან ბაზრის ოპერირებას ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას.

3. ეს წესი განსაზღვრავს:

ა) საწარმოთა მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (შემდგომში – კომისია) ანგარიშგების წარმოდგენის პროცედურებს;
ბ) საწარმოთა მიერ მონაცემების წარმოება-დამუშავების სტანდარტებს; 
გ) საწარმოთა ელექტრონული პორტალის შექმნის წესსა და ანგარიშგების ფორმებს; 
დ) ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების წესს.

 

მუხლი 2. ძირითადი პრინციპები

1. ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგს და საწარმოთა ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის კონტროლს კომისია ახორციელებს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით. 

2. კომისია ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგს ახორციელებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ენერგეტიკული ბაზრების მარეგულირებელ ნორმებსა და საწარმოებზე დაკისრებულ ვალდებულებებს კომისია განსაზღვრავს მინიმალური რეგულირების პრინციპით, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოების და მომხმარებლების მიერ ამ წესის მოთხოვნების ეფექტიან შესრულებას;

4. საწარმო ვალდებულია შეასრულოს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები.

5. საწარმო ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ანგარიშგება ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად. საწარმო პასუხისმგებელია წარმოდგენილი ანგარიშგების სიზუსტეზე.

6. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემების წარმოება-დამუშავება ამ წესის შესაბამისად, ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი იდენტიფიცირება საწარმოს შესაბამის დოკუმენტაციაში ან/და პროგრამებში/ჟურნალებში.

7. საწარმო ვალდებულია ხელი შეუწყოს კომისიას ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასა და ჯეროვან ფუნქციონირებაში. 

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანგარიშგება – საწარმოს მიერ ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის და ამ საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა კომისიაში დადგენილი ანგარიშგების ფორმებით;

ბ) ენერგეტიკული ბაზრები ­– ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში მოქმედი ბაზრები;

გ) ბაზრის მონაწილე – საწარმო, მათ შორის, ქსელის ოპერატორი და მომხმარებელი, რომელიც ბაზარზე ახორციელებს პროდუქტის/მომსახურების ყიდვას/მიღებას ან გაყიდვა/მიწოდებას;

დ) ენერგეტიკული ქსელი ­– ელექტროენერგიის გადამცემი და განაწილების ქსელი, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელი;

ე) მომხმარებელი – ბაზრის მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ბაზარზე ენერგეტიკულ პროდუქტს/მომსახურებას იძენს/ღებულებს საკუთრი მოხმარებისათვის;

ვ) პროდუქტი/მომსახურება – ენერგეტიკულ ბაზრებზე კანონმდებლობით დადგენილი ვაჭრობის საგანი ან კომისიის აქტებით განსაზღვრული ქსელის ოპერატორებისათვის შესაბამისი ქსელის მართვისათვის დადგენილი მომსახურება;

ზ) საწარმო – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების, დისპეტჩერიზაციის, მიწოდების ან ბაზრის ოპერირების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების ან მიწოდების საქმიანობებიდან ერთ-ერთს მაინც.

თ) საწარმოთა ელექტრონული პორტალი – კომისიაში არსებული ელექტრონული პლატფორმა, სადაც ამ წესის შესაბამისად ხდება საწარმოების რეგისტრაცია და ანგარიშგება, აგრეთვე საწარმოებსა და კომისიას შორის რეგულირების სხვადასხვა საკითხზე კომუნიკაცია.

ი) საანგარიშო დღე – პერიოდი დღის:

ი.ა) 00:00 საათიდან 24:00 საათამდე – ელექტოენერგეტიკის სექტორში;

ი.ბ) 11:00 საათიდან მომდევნო დღის 11:00 საათამდე – ბუნებრივი გაზის სექტორში;

კ) საანგარიშო თვე – პერიოდი თვის პირველი საანგარიშო დღიდან ბოლო საანგარიშო დღის ჩათვლით;

ლ) საანგარიშო კვარტალი – სამი საანგარიშო თვე, სადაც პირველი კვარტალი აითვლება  წლის დასაწყისიდან;

მ) საანგარიშო წელი – პერიოდი წლის პირველი საანგარიშო დღიდან ბოლო საანგარიშო დღის ჩათვლით;

ნ) ქსელის ოპერატორი – ელექტროენერგიის გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატი, აგრეთვე, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა ან განაწილების ლიცენზიატი.

 

თავი II

ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი კომისიის მიერ

მუხლი 4.  ბაზრის მონიტორინგის ღონისძიებები

1. ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის მიზნებისთვის კომისია მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით რეგულარულად სწავლობს და აანალიზებს საწარმოთა ანგარიშგებას, ასევე სხვა უწყებებიდან და წყაროებიდან მიღებულ მონაცემებს.

2. ანალიზის შედეგად გამოვლენილი ტენდენციები, ხარვეზები და შესაბამისი რეკომენდაციები აისახება ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის ანგარიშში.

3. ამ წესის მიზნებისათვის კომისია უფლებამოსილია:   

ა) განახორციელოს საწარმოების ადგილზე შემოწმება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე;

ბ) განახორციელოს ბაზრის დეტალური კვლევა;

გ) მოსთხოვოს საწარმოებს საჭირო ინფორმაციის წარმოდგენა;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ბაზრის დეტალური კვლევის პროცესში მოიწვიოს და ჩართოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები;

ე) გამართოს საჯარო კონსულტაციები, შეისწავლოს საჯარო კონსულტაციებისას მიღებული მოსაზრებები და რეკომენდაციები;

ვ) მოსთხოვოს საწარმოებს ბაზარზე ისეთი ქმედებების შეწყვეტა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნებს.

ზ) ამ წესის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საწარმოებს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

 

მუხლი 5. კომისიის ანგარიშები ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის შესახებ

1. ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის ანგარიშს კომისია შეიმუშავებს და აქვეყნებს კვარტალურად და წლიურად.

2. საანგარიშო წლის ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის ანგარიშს კომისია აქვეყნებს მომდევნო წლის 1 ივნისამდე.

3. საანგარიშო კვარტალის ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის ანგარიშს კომისია აქვეყნებს მომდევნო კვარტალის დამთავრებამდე.

4. კომისიის ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის ანგარიში მოიცავს ბაზრების ორგანიზების, გახსნის, ფუნქციონირების, გამჭვირვალობისა და კონკურენციის მიმოხილვას, ბაზრის მონაწილეების საქმიანობისა და საბაზრო ფასების ანალიზს, ასევე ბაზრების განვითარების ტენდენციებსა და რეკომენდაციებს. 

5. კომისიის ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის ანგარიში ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. 

 

მუხლი 6. ბაზრის მონიტორინგის საკითხებზე თანამშრომლობა

კომისია ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით, უფლებამოსილია, ითანამშრომლოს საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა ქვეყნების ენერგეტიკული სექტორისა და კონკურენციის მარგულირებელ ორგანოებთან.

 

თავი III

ანგარიშგების წარდგენის პროცედურები 

მუხლი 7. ანგარიშგება

1. საწარმო ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ ანგარიშგება.

2. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ახორციელებს ენერგეტიკულ სექტორში ერთზე მეტ საქმიანობას, იგი ვალდებულია ანგარიშგება განახორციელოს თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე.

3. საწარმო საქმიანობის შესახებ ანგარიშგებას წარადგენს ანგარიშგების ფორმების შესაბამისად, კომისიაში არსებულ საწარმოთა ელექტრონული პორტალის მეშვეობით.

4. კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საწარმოს მოსთხოვოს ანგარიშგების მატერიალური ფორმით წარმოდგენაც.

5. საწარმოს მიერ ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ ანგარიშგების კომისიაში წარდგენა ხდება დღიურად, თვიურად, კვარტალურად და წლიურად, ხოლო ამ საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ საწყისი ანგარიშგება ერთჯერადად და მასში ცვლილებების შემთხვევაში დაუყოვნებელი განახლება.   

6. საწარმოს მიერ ანგარიშგების კომისიისათვის დროულად წარდგენაზე კონტროლს ახორციელებს კომისიის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

7. საწარმო ვალდებულია ანგარიშგების ფორმებით გათვალისწინებული მონაცემები აწარმოოს და დაამუშაოს საწარმოში არსებული მაკონტროლებელი პროგრამების ან/და ჟურნალების მეშვეობით.

8. ანგარიშგების ფორმებით გათვალისწინებული მონაცემების წარმოება-დამუშავებისათვის საწარმო უნდა ფლობდეს შესაბამისი პროცესების ამსახველ ელექტრონულ პროგრამებს/ჟურნალებს.  

9. საწარმოს მიერ ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ ანგარიშგების კომისიაში წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგი პერიოდულობით:

ა) ყოველდღიური ანგარიშგება – საანგარიშო დღის დამთავდებიდან 12 საათის განმავლობაში;

ბ) ყოველთვიური ანგარიშგება – საანგარიშო თვის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;

გ) კვარტალური ანგარიშგება – საანგარიშო კვარტალის დამთავრებიდან 30 დღის განმავლობაში;

დ) წლიური ანგარიშგება – საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 მაისამდე.

10. საწარმოს მიერ ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ საწყისი ანგარიშგება უნდა მოხდეს საწარმოს ელექტრონულ პორტალზე საწარმოს და მისი წარმომადგენლების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.  

11. საწარმოს ანგარიშგების ვალდებულება წარმოეშობა შესაბამისი ენერგეტიკული საქმიანობის დაწყების დღიდან, ხოლო ანგარიშგების შესაბამისი ფორმების კომისიაში წარმოდგენა იწყება საწარმოთა ელექტრონულ პორტალში რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან.

12. საწარმოს მიერ ენერგეტიკული საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, ანგარიშგების წარმოდგენა ხდება შესაბამისი საქმიანობის შეწყვეტის თარიღის ჩათვლით.

13. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების წარდგენის ბოლო ვადა ემთხვევა დასვენების ან/და უქმე დღეს, ანგარიშგების წარდგენის ბოლო ვადად ჩაითვლება  მომდევნო სამუშაო დღე.

14. დასაშვებია ანგარიშგების საწარმოსთვის დაბრუნება დაზუსტების მიზნით შესაბამისი მითითებებით. საწარმო ვალდებულია, განსაზღვრულ ვადაში დააზუსტოს შესაბამისი მონაცემები და ხელახლა წარმოადგინოს კომისიაში.

15. ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ ანგარიშგებით უკვე წარმოდგენილი მონაცემების კორექტირების შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია დაზუსტებული მონაცემების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობს კომისიას. 

16. საწარმოს მიერ ანგარიშგების წარმოუდგენლობა ამ წესით განსაზღვრულ ვადაში ან/და არასრულყოფილად წარდგენა მიიჩნევა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობად და კომისია უფლებამოსილია, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

17. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე საწარმოს მიერ ანგარიშგებით წარმოდგენილი მონაცემების შესამოწმებლად საწარმომ ყველა მონაცემი უნდა შეინახოს მინიმუმ 3 წლის განმავლობაში, კომისიისათვის ხელმისაწვდომი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

 

მუხლი 8. საწარმოთა ელექტრონული პორტალი  

1. ანგარიშგების წარდგენასთან, ანგარიშგების ფორმებთან, საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციასთან, აგრეთვე, საწარმოთა ელექტრონულ პორტალთან და რეგულირების სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საწარმოსთან კომუნიკაცია ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციის და ტექსტური შეტყობინების საშუალებით, საწარმოს მიერ დასახელებული და საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე ავტორიზებული პირების მეშვეობით.

2. კომისია ქმნის და მართავს საწარმოთა ელექტრონულ პორტალს.

3. კომისია აწარმოებს ენერგეტიკული ბაზრების მონაწილე საწარმოთა რეესტრს, სადაც ინფორმაციის განახლება ხდება საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებული საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე.

4. საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას ენერგეტიკულ ბაზრებზე ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე.

5. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისათვის საწარმომ ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინფორმაცია საწარმოს შესახებ:

ა.ა) საწარმოს სახელწოდება და სამართლებრივი ფორმა;

ა.ბ) საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.გ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები;

ა.დ) საწარმოს მმართველობის ორგანოში შემავალი პირები;

ა.ე) საწარმოს მფლობელი პირები და მათი წილები.

ბ) ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის ტიპები;

გ) ოფიციალური ვებგვერდის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართები;

ე) ოფიციალური საკონტაქტო ტელეფონის ნომრები;

ვ) საწარმოს ხელმძღვანელის და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ ინფორმაცია:

ვ.ა) სახელი, გვარი;

ვ.ბ) თანამდებობა;

ვ.გ) ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ვ.დ) საკონტაქტო ტელეფონის ნომრები;

ზ) საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე ხელმძღვანელის სტატუსით რეგისტრაციისათვის საწარმოს წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია:

ზ.ა) სახელი, გვარი;

ზ.ბ) თანამდებობა;

ზ.გ) ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ზ.დ) საკონტაქტო ტელეფონის ნომრები.

6. საწარმოთა ელექტრონული პორტალზე საწარმოს წარმომადგენლების რეგისტრაცია და მისი გამოყენება ხდება შემდეგი სტატუსის მქონე მომხმარებლის ანგარიშებით:

ა) თანამშრომელი – საწარმოს წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია საწარმოთა ელექტრონული პორტალზე ანგარიშგების ფორმების შევსებაზე; 

ბ) ხელმძღვანელი – საწარმოს წარმომადგენელი, რომელიც საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე არეგისტრირებს საწარმოს სხვა წარმომადგენლებს და უფლებამოსილია  მონაცემების სიზუსტის დადასტურებაზე და კომისიაში გამოგზავნაზე;

7. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე საწარმოსა და საწარმოს წარმომადგენლის ხელმძღვანელის სტატუსით რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიის მიერ მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემები ეგზავნება მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

8. ხელმძღვანელის სტატუსის მქონე საწარმოს წარმომადგენელი უფლებამოსილია საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე დაარეგისტრიროს საწარმოს სხვა წარმომადგენლები თანამშრომლის სტატუსით. 

9. თუ საწარმო ახორციელებს ენერგეტიკულ სექტორში ერთზე მეტ საქმიანობას, საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე მისი ხელმეორედ რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.  

10. თუ საწარმო ახორციელებს ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობას და დაიწყო დამატებით სხვა საქმიანობა ენერგეტიკულ სექტორში, იგი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარუდგინოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია.

11. იმ შეთხვევაში, თუ შეიცვალა საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე უკვე რეგისტრირებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, საწარმო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ. 

12. საწარმოს მიერ შესაბამისი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს კომისიას, რის საფუძველზეც შესაბამისი ცვლილებები ხორციელდება საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე. ამასთან,  საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე უქმდება აღნიშნულ საქმიანობაზე საწარმოს რეგისტრაციის მონაცემები შესაბამისი ანგარიშგების წარმოდგენის შემდეგ.

13. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე ანგარიშგების წარმოდგენა შესაძლებელია:

ა) ავტომატურად – თუ არსებობს ელექტრონული კავშირი საწარმოთა ელექტრონულ პორტალსა და საწარმოს პროგრამებს/ჟურნალებს შორის;

ბ) მექანიკურად – თუ არ არსებობს ელექტრონული კავშირი საწარმოთა ელექტრონულ პორტალსა და საწარმოს პროგრამებს/ჟურნალებს შორის.

14. საწარმოთა ელექტრონული პორტალზე შესაძლებელი უნდა იყოს ანგარიშგების ფორმების შესაბამისი ველების შევსება და დროებით შენახვა შესაბამისი ანგარიშგების წარმოდგენის ვადის გასვლამდე.

15. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ ანგარიშგების ფორმებს ენიჭებათ შემდეგი სტატუსები:

ა) შეუვსებელი – ანგარიშგების ფორმა, რომლის მონაცემთა ველები სრულად არ არის შევსებული;

ბ) გასაგზავნი – ანგარიშგების ფორმა, რომლის მონაცემთა ველები სრულად შევსებულია და მზადაა კომისიაში გამოსაგზავნად;

გ) გაგზავნილი – ანგარიშგების ფორმა, რომელიც საწარმოს მიერ დასადასტურებლად არის გამოგზავნილი კომისიაში;

დ) გასასწორებელი – გაგზავნილი ანგარიშგების ფორმა, რომელიც საწარმოს დაუბრუნდა უკან მონაცემების დასაზუსტებლად/გასასწორებლად და საჭიროა მისი ხელახლა გამოგზავნა;

ე) დასრულებული – ანგარიშგების ფორმა, რომელიც დადასტურებულია. ასეთ შემთხვევაში, საწარმოს მიერ შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად.

თავი IV

ანგარიშგების ფორმები

მუხლი 9. ელექტროენერგიის წარმოება

1. ანგარიშგების მიზნებისათვის ელექტროსადგურები დადგმული სიმძლავრის შესაბამისად იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) პირველი კატეგორია: ელექტროსადგურები, რომელთა დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 2 მეგავატს; 

ბ) მეორე კატეგორია: ელექტროსადგურები, რომელთა დადგმული სიმძლავრე 2 მეგავატიდან 40 მეგავატამდეა;

გ) მესამე კატეგორია: ელექტროსადგურები, რომელთა დადგმული სიმძლავრე აღემატება 40 მეგავატს.

2. ელექტროენერგიის მწარმოებლები ვალდებულნი არიან ანგარიშგება წარმოადგინონ თითოეული ელექტროსადგურისათვის ცალ-ცალკე. 

3. ელექტროსადგურის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ საწყისი ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ელექტროსადგურის ძირითადი პარამეტრები:

ა.ა) ტიპი პირველადი რესურსის მიხედვით;

ა.ბ) ენერგორესურსის ტიპი, თბოელექტროსადგურის შემთვევაში;

ა.გ) ელექტროსადგურის სახეობა, ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში;

ა.დ) გარანტირებული სიმძლავრის სტატუსი;

ა.ე) აგრეგატების/ბლოკების რაოდენობა;

ა.ვ) განთავსების ადგილი;

ა.ზ) მდინარეების დასახელება, რომლიდანაც ელექტროსადგური იღებს წყალს, ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში;

ა.თ) დადგმული სიმძლავრე;

ა.ი) ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების შესახებ მონაცემები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ა.კ) ცალხაზოვანი სქემა, დანართის სახით;

ა.ლ) სიტუაციური სქემა, დანართის სახით;

ბ) ელექტროსადგურის საპროექტო პარამეტრები:

ბ.ა) პროექტით განსაზღვრული დადგმული სიმძლავრე;

ბ.ბ) საშუალო წლიური აქტიური ელექტროენერგიის გამომუშავება;

ბ.გ) დადგმული სიმძლავრის გამოყენების ხანგრძლივობა;

ბ.დ) დადგმული სიმძლავრის გამოყენების ეფექტიანობა;

ბ.ე) 2000 წლის შემდეგ აშენებული სადგურების შემთხვევაში:

ბ.ე.ა) პროექტით განსზაღვრული მშენებლობისათვის საჭირო თვეების რაოდენობა;

ბ.ე.ბ) მშენებლობის ფაქტობრივი თვეების რაოდენობა;

ბ.ე.გ) განხორციელებული ინვესტიციის ღირებულება შესაბამის ფულად ერთეულებში;

ბ.ე.დ) განხორციელებული ინვესტიციის დაფინანსების წყარო, ასევე საკუთარი კაპიტალის და სესხის წილები;

ბ.ე.ე) 1 კვტ დადგმული სიმძლავრის საპროექტო ღირებულება;

ბ.ე.ვ) 1 კვტ.სთ-ის საპროექტო ღირებულება;

ბ.ვ) ენერგორესურსის საპროექტო ხვედრითი ხარჯი გამომუშავებულ აქტიურ ელექტროენერგიაზე;

ბ.ზ) აქტიური ელექტროენერგიის სასადგურე დანაკარგი;

ბ.თ) აქტიური ელექტროენერგიის ხარჯი საკუთარ მოხმარებაზე;

გ) ძირითადი ძალოვანი აგრეგატების (ტურბინა, გენერატორი) პარამეტრები;

დ) ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მათი პარამეტრები, ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში;

ე) თბოტექნიკური ნაგებობები და მათი პარამეტრები, თბოელექტროსადგურის შემთხვევაში;

ვ) მიერთების წერტილები, მიერთების ადგილისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ზ) აღრიცხვის კვანძები, მიერთების ადგილის, ძაბვის საფეხურებისა და ინფორმაციის გადაცემის ფორმის მიხედვით;

თ) ქვესადგურის და ძირითადი საქსელო აქტივების პარამეტრები;

ი) დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის წყაროს პარამეტრები ასეთის არსებობის შემთხვევაში;

4. ელექტროსადგურის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიის გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების შესახებ ცალ-ცალკე, ხელშეკრულების მეორე მხარის, მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების, ასევე ხელშეკრულების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის თარიღების, სახელშეკრულებო გადახრის კოეფეციენტისა და ელექტროენერგიის სახელშეკრულებო და ფაქტობრივი რაოდენობისა და ფასის მითითებით;

ბ) ელექტროენერგიის შესყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების შესახებ ცალ-ცალკე, ხელშეკრულების მეორე მხარის, მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების, ასევე ხელშეკრულების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის თარიღების, სახელშეკრულებო გადახრის კოეფეციენტისა და ელექტროენერგიის სახელშეკრულებო და ფაქტობრივი რაოდენობისა და ფასის მითითებით;

გ) საბალანსო ბაზარზე შესყიდული ან/და გაყიდული აქტიური ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა;

დ) ელექტროსადგურის სალტიდან აქტიური და რეაქტიული ელექტროენერგიის ქსელში გაცემა და ქსელიდან მიღება შესაბამისი ძაბვის საფეხურებისა და ქსელის მფლობელების მიხედვით;

ე) აქტიური ელექტროენერგიის დანახარჯი, მათ შორის საკუთარი მოხმარება და სასადგურე დანაკარგი შესაბამისი ძაბვის საფეხურების მითითებით;

ვ) აქტიური ელექტროენერგიის ფაქტობრივი და გეგმური საათობრივი გამომუშავება;

ზ) აგრეგატების/ბლოკების მიხედვით:

ზ.ა) გამომუშავებული აქტიური და რეაქტიული ელექტროენეგრიის რაოდენობა;

ზ.ბ) მუშა მდგომარეობაში ყოფნის საათების ჯამური რაოდენობა;

ზ.გ) ენერგორესურის არარსებობის გამო გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის ჯამური საათების რაოდენობა;

ზ.დ) რეზერვში ყოფნის საათების ჯამური რაოდენობა;

ზ.ე) რემონტში ყოფნის საათების ჯამური რაოდენობა;

ზ.ვ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მითითებით გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის საათების ჯამური რაოდენობა.

თ) ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში:

თ.ა) წყლის ბუნებრივი მოდინება;

თ.ბ) წყლის ჭარბი რესურსი;

თ.გ) წყლის ფაქტობრივი ეკოლოგიური გაშვება;

თ.დ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნით, ავარიის შედეგად ან ეკოლოგიური გაშვებისას დაღვრილი წყლის ხარჯი;

თ.ე) წყლის ხარჯი ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის;

თ.ვ) დადგმული სიმძლავრის გამოყენების ეფექტიანობა;

ი) თბოელექტროსადგურის შემთხვევაში:

ი.ა) ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის გამოყენებული საწვავი რესურსის რაოდენობა;

ი.ბ) საწვავი რესურსის საშუალო თბოუნარიანობა;

ი.გ) ტექნიკური წყლის ხარჯი;

ი.დ) დადგმული სიმძლავრის გამოყენების ეფექტიანობა;

კ)  ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში:

კ.ა) ქარის საშუალო სიჩქარე;

კ.ბ) ქარის მინიმალური სიჩქარე;

კ.გ) ენერგიის სიმჭიდროვე;

კ.დ) დადგმული სიმძლავრის გამოყენების ეფექტიანობა.

5. ელექტროსადგურის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) საწარმოო საშუალებებზე დასრულებული ავარიული და მიმდინარე რემონტები:

ა.ა) საწარმოო საშუალების დასახელება;

ა.ბ) რემონტის პერიოდში გაჩერებული სიმძლავრე;

ა.გ) რემონტის დაწყების და დამთავრების თარიღები;

ა.დ) რემონტის ფორმა, გეგმური რემონტის შემთხვევაში;

ა.ე) რემონტის დროს გამომუშავების დანაკარგები;

ა.ვ) სარემონტო სამუშაოების აღწერა და ღირებულება;

ბ) განხორციელებული საინვესტიციო პროექტები კომისიის მიერ დამკტიცებული „ინვესტიციების შეფასების წესის“ მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) გასაყიდი ელექტროენერგიის საპროგნოზო რაოდენობა და ფასი დღგ-ის გარეშე მომავალი საანგარიშო წლისთვის. აღნიშნული მონაცემები ივსება მხოლოდ მეორე კვარტალის ანგარიშგებისას.

6. ელექტროსადგურის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

  ა) ფინანსურ ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. 

7. პირველი კატეგორიის ელექტროსადგურები ვალდებულია წარმოადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით, მე-4 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული მონაცემები.

8. მეორე კატეგორიის ელექტროსადგურები ვალდებულია წარმოადგინოს ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებითა და მე-5 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული მონაცემები;

9. მესამე კატეგორიის ელექტროსადგურები ვალდებულია წარმოადგინოს ამ მუხლის შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.

 

მუხლი 10. ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაცია

1. ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ საწყისი ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ხაზების ძირითადი პარამეტრები:

ა.ა) მეზობელი ქვეყანა;

ა.ბ) დასახელება;

ა.გ) ძაბვის საფეხური;

ა.დ) სიგრძე საზღვრამდე;

ა.ე) სრული გამტარუნარიანობა (TTC);

ა.ვ) ექსპლუატაციაში შესვლის წელი;

ა.ზ) მფლობელი;

ა.თ) ფუქნციონირების სტატუსი;

ა.ი) კავშირის ტიპი;

ბ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთებული ელექტროსადგურების დასახელება, დადგმული სიმძლავრე, მიერთების ადგილისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;  

2. ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) გამომუშვებული და სალტეზე გაცემული აქტიური ელექტროენერგიის საათობრივი რაოდენობა ელექტროსადგურების მიხედვით;

ბ) საწარმოებზე და მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის საათობრივი რაოდენობა მომხმარებელთა მიხედვით;

გ) ექსპორტირებული და იმპორტირებული ელექტროენერგიის საათობრივი რაოდენობა მეზობელი ქვეყნებისა და შესაბამისი ტრანსსასაზღვრო ხაზების მიხედვით;

დ) ტრანზიტის მიზნით საქართველოში შემოსული და გასული ელექტროენერგიის საათობრივი რაოდენობა მეზობელი ქვეყნებისა და შესაბამისი ტრანსსასაზღვრო ხაზების მიხედვით.

3. ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ელექტრომომარაგების წყვეტები ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შესაბამისი ელემენტის, ძაბვის საფეხურის, წყვეტის ტიპის, დასაწყისისა და დასასრულის თარიღისა და დროისა და მიუწოდებელი ელექტროენერგიის მითითებით; 

ბ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელიდან მოსაზღვრე ქსელებში გაცემული ელექტროენერგია ძაბვის საფეხურების მიხედვით;

გ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელში მოსაზღვრე ქსელებიდან მიღებული ელექტროენერგია ძაბვის საფეხურების მიხედვით;

დ) ელექტროენერგიის დანახარჯები (ტექნიკური და კომერციული და  საკუთარი მოხმარება ქვესადგურებში) ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ე) ყოველდღიური მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვა, მოხმარება და სიხშირე ძაბვის საფეხურების, გეოგრაფიული ტერიტორიებისა და გადამცემი ქსელის ელემენტების მიხედვით;

ვ) ყოველდღიური მაქსიმალური და მინიმალური ძაბვა 500 და 220 კვ ძაბვის საფეხურებზე;

ზ) ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზების გამტარუნარიანობები, NTC, ATC, ALC, NAC-ის, იმპორტის და ექსპორტის მიმართულებების მიხედვით;

თ) ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზების გამტარუნარიანობების განაწილება და ფაქტობრივი გამოყენება, წინასწარი პრიორიტეტულობით გადანაწილებული მოცულობისა (AAC) და განაწილებული მოცულობის (ALC) აუქციონის მიხედვით;

ი) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთებული მომხმარებლების ფაქტობრივი და გეგმური საათობრივი მოხმარება, მომხმარებლებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;

4. ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) განხორციელებული საინვესტიციო პროექტები „ინვესტიციების შეფასების წესის“ მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძე, ხაზების, ანძების და სადენების რაოდენობა  ძაბვის საფეხურების მიხედვით;

გ) ქვესადგურების და ტრანსფორმატორების რაოდენობა და ნომინალური და ქონებული სიმძლავრე ძაბვის საფეხურების მიხედვით;

დ) ამომრთველების რაოდენობა ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ე) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე ელექტროსადგურების, მომხმარებლების და მეზობელი ქვეყნების შესაბამისი ქსელის დასრულებული ახალი მიერთებები;

 ვ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე ელექტროსადგურების, მომხმარებლების და მეზობელი ქვეყნების შესაბამისი ქსელის დასრულებული სიმძლავრის გაზრდის მონაცემები;

ზ) ელექტროსადგურებზე დასრულებული ავარიული და მიმდინარე რემონტები:

ზ.ა) საწარმოს და ელექტროსადგურის დასახელება;

ზ.ბ) ელექტროსადგურის საწარმოო საშუალების დასახელება;

ზ.გ) რემონტის პერიოდში გაჩერებული სიმძლავრე;

ზ.დ) რემონტის დაწყების და დამთავრების თარიღები;

ზ.ე) რემონტის ფორმა, გეგმური რემონტის შემთხვევაში;

ზ.ვ) რემონტის დროს გამომუშავების დანაკარგები;

ზ.ზ) სარემონტო სამუშაოების აღწერა და ღირებულება.

თ) გადაცემული და დისპეტჩირებული ელექტროენერგიის საპროგნოზო რაოდენობა, შემოსავალი დღგ-ის გარეშე გადაცემის და მიერთების საქმიანობებიდან ძაბვის საფეხურების მიხედვით, ასევე, სხვა შემოსავლები დღგ-ის გარეშე რეგულირებადი საქმიანობიდან მომავალი საანგარიშო წლისთვის. აღნიშნული მონაცემები ივსება მხოლოდ მეორე კვარტალის ანგარიშგებისას.

5. ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე;

გ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე ელექტროსადგურების, მომხმარებლების, ქსელის სხვა ოპერატორებისა და მეზობელი ქვეყნების შესაბამისი ქსელის აღრიცხვის კვანძების რაოდენობა ძაბვის საფეხურების მიხედვით;

დ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მოსარგებლეთა და მიერთებების რაოდენობა შესაბამისი კლასიფიკაციისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით.

მუხლი 11. ელექტროენერგიის განაწილება

1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ საწყისი ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული ელექტროსადგურები (მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გარდა), დადმული სიმძლავრის, ენერგორესურსისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ბ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები, მიერთების თარიღის, გეორგაფიული მდებარეობის, აბონენტის, ენერგორესურსისა და დადგმული სიმძლავრის მიხედვით;

2. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა, ელექტროსადგურების, მათ შორის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების, ქსელის მფლობელებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ბ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელიდან გაცემული და გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობა, ელექტროსადგურების, ქსელის მფლობელებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;

გ) ყოველდღიური მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვა, მოხმარება და სიხშირე, ძაბვის საფეხურების, გეოგრაფიული ტერიტორიებისა და გამანაწილებელის ქსელის ელემენტების მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) ელექტროენერგიის დანახარჯები (ტექნიკური და კომერციული, აგრეთვე,  საკუთარი მოხმარება ქვესადგურებში) ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ე) ელექტროენერგიის შესყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების შესახებ ცალ-ცალკე, ხელშეკრულების მეორე მხარის, მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების, ასევე ხელშეკრულების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის თარიღების, სახელშეკრულებო გადახრის კოეფეციენტისა და ელექტროენერგიის საკონტრაქტო და ფაქტობრივი რაოდენობისა და ფასის მითითებით;

ვ) ელექტროენერგიის მოხმარება და აბონენტების რაოდენობა,  მომხმარებელთა კატეგორიების, რეგიონებისა/მუნიციპალიტეტებისა/რაიონებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით.

3. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს:

ა) განხორციელებული საინვესტიციო პროექტები „ინვესტიციების შეფასების წესის“ მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) ელექტროენერგიის ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრა, ანალიზატორების, ძაბვის საფეხურების, მინიმალური და მაქსიმალური სიდიდეებისა და პერიოდების მიხედვით;

გ) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძე, ხაზების, ანძების და სადენების რაოდენობა ძაბვის საფეხურების მიხედვით;

დ) ქვესადგურების და ტრანსფორმატორების რაოდენობა და ნომინალური და ქონებული სიმძლავრე ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ე) ამომრთველების რაოდენობა ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ვ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ელექტროსადგურების და მომხმარებლების შესაბამისი ქსელის დასრულებული ახალი მიერთებები;

ზ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ელექტროსადგურების და მომხმარებლებთა შესაბამისი ქსელის დასრულებული სიმძლავრის გაზრდის მონაცემები;

თ) მესამე პირების მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის ელემენტებისა და შესაბამისი მფლობელის, ასევე მათი ქსელით სარგებლობისათვის გატარების საფასურის/კომპესანციის და შესაბამისი ხელშეკრულების შესახებ მონაცემები;

ი) განაწილებული/რეალიზებული ელექტროენერგიის საპროგნოზო რაოდენობა და შემოსავალი დღგ-ის გარეშე, მიერთების და სიმძლავრის გაზრდის საქმიანობებიდან ძაბვის საფეხურების მიხედვით, ასევე სხვა შემოსავლები დღგ-ის გარეშე რეგულირებადი საქმიანობიდან მომავალი საანგარიშო წლისთვის. აღნიშნული მონაცემები ივსება მხოლოდ მეორე კვარტალის ანგარიშგებისას.

კ) ელექტროენერგიის ზღვრების შესაბამისად საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა და მიწოდებული ელექტროენერგიის სამომხმარებლო ღირებულება დღგ-ის გარეშე. აღნიშნული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ მე-2 და მე-4 საანგარიშო კვარტალის ანგარიშგებისას.

4. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე;

გ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ელექტროსადგურების, მომხმარებლებისა და ქსელის სხვა ოპერატორების შესაბამისი ქსელის აღრიცხვის კვანძების რაოდენობა ძაბვის საფეხურების მიხედვით;

დ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მოსარგებლეთა და მიერთებების რაოდენობა შესაბამისი კლასიფიკაციისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით.

 

მუხლი 12. ელექტროენერგიის საბითუმო მიწოდება, იმპორტი და ექსპორტი

1. ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის, იმპორტიორის და ექსპორტიორის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიის გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების შესახებ ცალ-ცალკე, ხელშეკრულების მეორე მხარის, მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების, ასევე ხელშეკრულების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის თარიღების, სახელშეკრულებო გადახრის კოეფეციენტისა და ელექტროენერგიის სახელშეკრულებო და ფაქტობრივი რაოდენობისა და ფასის მითითებით;

ბ) ელექტროენერგიის შესყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების შესახებ ცალ-ცალკე, ხელშეკრულების მეორე მხარის, მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების, ასევე ხელშეკრულების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის თარიღების, სახელშეკრულებო გადახრის კოეფეციენტისა და ელექტროენერგიის სახელშეკრულებო და ფაქტობრივი რაოდენობისა და ფასის მითითებით;

გ) ელექტროენერგიის იმპორტიორისა ან/და ექსპორტიორის შემთხვევაში, ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობები შესაბამისი ხაზის და აუქციონში გამარჯვების შედეგების მიხედვით;

დ) ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის შემთხვევაში, საბითუმო მიმწოდებლის მიერ მომავალი საანგარიშო თვის შესასყიდი და გასაყიდი ელექტროენერგიის საპროგნოზო რაოდენობა  და ფასი შესაბამისი საწარმოებისა და მომხმარებელების მიხედვით; 

ე) ელექტროენერგიის საბითუმო მიწოდების, იმპორტის ან/და ექსპორტის საქმიანობიდან საპროგნოზო შემოსავალი დღგ-ის გარეშე მომავალი საანგარიშო წლისთვის. აღნიშნული მონაცემები ივსება მხოლოდ მეექვსე საანგარიშო თვის ანგარიშგებისას.

2. ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის, იმპორტიორის და ექსპორტიორის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ფინანსურ ანგარიშგებას კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ბ) აუდიტის დასკვნაა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. 

 

მუხლი 13. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი  

1. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ საწყისი ანგარიშგება მოიცავს მონაცემებს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების შესახებ, ელექტროსადგურების მიხედვით.

2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) გამომუშვებული და სალტეზე გაცემული აქტიური ელექტროენერგიის რაოდენობა ელექტროსადგურების მიხედვით;

ბ)  საწარმოებზე და მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა მომხმარებელთა მიხედვით;

გ) ექსპორტირებული და იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა მეზობელი ქვეყნებისა და შესაბამისი ტრანსსასაზღვრო ხაზების მიხედვით;

დ) ტრანზიტის მიზნით საქართველოში შემოსული და გასული ელექტროენერგიის რაოდენობა მეზობელი ქვეყნებისა და შესაბამისი ტრანსსასაზღვრო ხაზების მიხედვით;

ე) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ფასი, საწარმოების, მეზობელი ქვეყნებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების მიხედვით;

ვ) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ფასი, საწარმოების, მომხმარებლების, მეზობელი ქვეყნებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების მიხედვით;

ზ) გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფის პერიოდები, შესყიდვის ფასები და რაოდენობა, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიხედვით.

თ) გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვა, საწარმოებისა და მომხმარებლების ფაქტობრივი მოხმარებისა და გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების მიხედვით; 

ი) ელექტროენერგიის საპროგნოზო რაოდენობა, რომელზეც ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ მოხდება მომსახურების გაწევა, შესაბამისი ტარიფი და მისაღები შემოსავალი დღგ-ს გარეშე მომავალი საანგარიშო წლისთვის. აღნიშნული მონაცემები ივსება მხოლოდ მეექვსე საანგარიშო თვის ანგარიშგებისას.

3. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ფინანსურ ანგარიშგებას კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ბ) აუდიტის დასკვნაა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.

 

მუხლი 14. ბუნებრივი გაზის მიწოდება

1. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ კვარტალური  ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს:

ა) შესყიდული ბუნებრივი გაზის ოდენობა წყაროების, ხელშეკრულების, გაზის სტატუსისა და თვეების მიხედვით (კუბ.მ);

ბ)  მიმწოდებლებზე/ლიცენზიატებზე მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიმწოდებლების/ლიცენზიატების, ხელშეკრულების, გაზის სტატუსისა და თვეების მიხედვით  (კუბ.მ);

გ)  მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა ლიცენზიატების, გაზის სტატუსისა და თვეების მიხედვით  (კუბ.მ);

დ) აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა ლიცენზიატების, მომხმარებელთა კატეგორიისა და თვეების მიხედვით;

ე)  შესყიდული ბუნებრივი გაზის კომპონენტებად ჩაშლილი ღირებულება და სახელშეკრულებო ფასი წყაროების, ხელშეკრულების და გაზის სტატუსის მიხედვით (ლარი);

ვ)  მიმწოდებლებზე/ლიცენზიატებზე მიწოდებული ბუნებრივი გაზის კომპონენტებად ჩაშლილი ღირებულება და სახელშეკრულებო ფასი მიმწოდებლები/ლიცენზიატების, ხელშეკრულების და გაზის სტატუსის მიხედვით  (ლარი);

ზ) აბონენტების რაოდენობა, რომელთაც ქვითარი მიეწოდებათ ელექტრონული ფორმით;

თ) ობიექტების რაოდენობა, სადაც შესაძლებელია მომხარებელმა გადაიხადოს ბუნებრივი გაზის საფასური დამატებითი საფასურის დარიცხვის გარეშე;

ი)  დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევების რაოდენობა;

კ)  საჯაროდ გამოცხადებული (შეთავაზებული) ტიპური ხელშეკრულების რაოდენობა;

ლ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა ეკონომიკური სექტორებისა და თვეების მიხედვით (კუბ.მ);

მ)  საცალო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ) და მისი კომპონენტებად ჩაშლილი ღირებულება (ლარი) მოხმარების ზღვრების მიხედვით;

ნ)  საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ) და მისი კომპონენტებად ჩაშლილი ღირებულება (ლარი) მოხმარების ზღვრების მიხედვით;

ო) პირდაპირი მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ) და მისი კომპონენტებად ჩაშლილი ღირებულება (ლარი) მოხმარების ზღვრების მიხედვით;

პ)  მომხმარებელთა რაოდენობა, რომელთაც მიეწოდათ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“-„ო“ ქვეპუნქტებში მოცემული ბუნებრივი გაზის ოდენობა;

ჟ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომხმარებლებისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის კომპონენტებად ჩაშლილი ღირებულება (ლარი);

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“-„ჟ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ მეორე  და მეოთხე კვარტალის ანგარიშგებისას, სადაც „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება შესაბამისი ორი საანგარიშო კვარტალისათვის თვეების მიხედვით, ხოლო „მ“-„ჟ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული მონაცემების – შესაბამისი ორი საანგარიშო კვარტალისათვის ჯამურად.

3. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ფინანსურ ანგარიშგებას კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ბ) აუდიტის დასკვნაა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. 

 

მუხლი 15. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება

1. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს: 

ა) სისტემაში მიღებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიღების პუნქტების, მიმწოდებლებისა და თვეების მიხედვით;

ბ) ტრანსსასაზღვრო მიწოდების პუნქტებში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიწოდების პუნქტების, მიმწოდებლებისა და თვეების მიხედვით;

გ) განაწილების ლიცენზიატებზე ქსელიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობა განაწილების ლიცენზიატების, მიმწოდებლებისა და თვეების მიხედვით;

დ) პირდაპირ მომხმარებლებზე ქსელიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობა მოხმარების ზღვრების, მიმწოდებლებისა და თვეების მიხედვით;

ე) პირდაპირი მომხმარებლების რაოდენობა მოხმარების ზღვრებისა და თვეების  მიხედვით;

ვ) მიღებული ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მონაცემები მიღების წერტილებისა და თვეების მიხედვით;

ზ) მილსადენში არსებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიმწოდებლებისა და თვეების მიხედვით;

თ) ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ მოხმარებული და დაკარგული ბუნებრივი გაზის ოდენობა თვეების მიხედვით;

ი) ქსელის შემადგენელი ცალკეული გაზსადენების ტექნიკური მონაცემები:

ი.ა ) გაზსადენის სიგრძე;

ი.ბ) მაქსიმალური დასაშვები მუშა წნევა;

ი.გ) მაქსიმალური დასაშვები საათობრივი და დღიური დატვირთვა;

ი.დ) გაზგამანაწილებელი სადგურების და აღრიცხვის წერტილების რაოდენობა;

ი.ე) ჩამკეტი არმატურის რაოდენობა;

ი.ვ) კონდესატშემკრებების რაოდენობა;

ი.ზ) სადიაგნოსტიკო მოწყობილობის გამშვებ/მიმღები სადგურების რაოდენობა;

ი.თ) კათოდური სადგურების რაოდენობა;

ი.ი) იზოლირებული მონაკვეთის სიგრძე;

ი.კ) ელექტროქიმიურად დაცული მონაკვეთის სიგრძე;

ი.ლ) საკონტროლო საზომი პუნქტების რაოდენობა.

კ) ქსელის შემადგენელი ცალკეული გაზსადენების ფაქტობრივი მონაცემები:

კ.ა) გაზსადენის ფაქტობრივი სიგრძე აშენების პერიოდის მიხედვით;

კ.ბ) მაქსიმალური ფაქტობრივი მუშა წნევა;

კ.გ) მაქსიმალური ფაქტობრივი საათობრივი და დღიური დატვირთვა;

კ.დ) სიმძლავრის გამოყენება (%) (საათობრივი, დღიური);

კ.ე) მიმდინარე წელს დაფიქსირებული ავარიების რაოდენობა;

კ.ვ) მიმდინარე წელს დაფიქსირებული გაჟონვების რაოდენობა;

კ.ზ) ავარიების და გაჟონვების შედეგად გაფრქვეული გაზის რაოდენობა.

ლ)  სისტემათაშორისი მიღების და მიწოდების პუნქტების შესახებ ინფორმაცია:

ლ.ა) მაქსიმალური დასაშვები საათობრივი და დღიური დატვირთვა;

ლ.ბ) პიკური ფაქტობრივი საათობრივი და დღიური დატვირთვა;

ლ.გ) საშუალო ფაქტობრივი საათობრივი და დღიური დატვირთვა;

ლ.დ) პიკური საშუალო თვიური დატვირთვა;

ლ.ე) მაქსიმალური დასაშვები მუშა წნევა;

ლ.ვ) საშუალო ფაქტობრივი მუშა წნევა;

მ)    მომსახურე პერსონალის შესახებ რაოდენობრივი ინფორმაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„მ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ მეორე  და მეოთხე კვარტალის ანგარიშგებისას, შესაბამისი ორი საანგარიშო კვარტალისათვის ჯამურად.

3. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს: 

ა)    მიერთების მიზნით მიღებული განაცხადების შესახებ რაოდენობრივი ინფორმაცია;

ბ)    სისტემის მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია:

ბ.ა) შემოწმებული სისტემის სიგრძე მიღების და მიწოდების პუნქტების მიხედვით;

ბ.ბ) დაფიქსირებული ავარიების და გაჟონვების რაოდენობა;

ბ.გ) მათ შორის, აღმოფხვრილი ავარიების და გაჟონვების რაოდენობა;

ბ.დ) ავარიების აღმოფხვრის საშუალო დრო;

გ)    ოდორიზაციის კვანძების მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია;

გ.ა) ოდორიზაციის კვანძების რაოდენობა;

გ.ბ) არაოდორიზებული გაზის მიწოდების შემთხვევების რაოდენობა;

გ.გ) არაოდორიზებული გაზის მიწოდების ჯამური ხანგრძლივობა;

გ.დ) მიწოდებული არაოდორიზებული გაზის ჯამური ოდენობა.

დ)   წყვეტების შესახებ ინფორმაცია:

დ.ა) წყვეტების/შეზღუდვების რაოდენობა;

დ.ბ) წყვეტის საშუალო ხანგრძლივობა ერთ მიწოდების პუნქტზე (ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი);

დ.გ) წყვეტების საშუალო სიხშირე ერთ მიწოდების პუნქტზე (ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი);

დ.დ) გეგმური სამუშაოების შედეგად გათიშული მიწოდების პუნქტების რაოდენობა, რომელთაც გეგმური სამუშაოების ვადების თაობაზე ეცნობათ 30 დღით ადრე (ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი);

დ.ე) გეგმური სამუშაოების შედეგად გათიშული მიწოდების პუნქტების რაოდენობა, რომელთაც გეგმური სამუშაოების ვადების თაობაზე არ ეცნობათ 30 დღით ადრე (ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი);

დ.ვ) მიმწოდებლის მოთხოვნის შედეგად გათიშული მიწოდების პუნქტების რაოდენობა (ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი);

ე)    ტრანსპორტირების მომსახურებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია:

ე.ა) მომსახურების მიმღების დასახელება;

ე.ბ) ხელშეკრულების თარიღი და ნომერი; 

ე.გ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;    

ე.დ) ხელშეკრულებაში ცვლილებები ან/და სხვა სახის შენიშვნები;         

ე.ე) ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა (ხელშეკრულებით, ფაქტობრივი).

ვ) ფინანსურ ანგარიშგებას კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ზ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. 

მუხლი 16. ბუნებრივი გაზის განაწილება

1. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს: 

ა) ქსელში მიღებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიღების წერტილებისა და თვეების მიხედვით;

ბ) განაწილებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიმწოდებლების და მომხმარებელთა კატეგორიებისა და თვეების მიხედვით;

გ) გატარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მოსაზღვრე განაწილების ლიცენზიატებისთვის თვეების მიხედვით;

დ) ბუნებრივი გაზის დანაკარგების ოდენობა თვეების მიხედვით;

ე) განაწილებული ბუნებრივი გაზისა და შესაბამისი აქტიური მომხმარებლების რაოდენობა რეგიონების, დასახლების ტიპების, მომხმარებელთა კატეგორიებისა და თვეების მიხედვით;

ვ) არააქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა მომხმარებელთა კატეგორიებისა და თვეების მიხედვით;

ზ) განაწილებული ბუნებრივი გაზის და შესაბამისი მომხმარებლების რაოდენობა მიერთების სიმძლავრეების მიხედვით;

თ) განაწილებული ბუნებრივი გაზის და შესაბამისი მომხმარებლების რაოდენობა მიერთების სიმძლავრეების მიხედვით;

ი) ახალი მომხმარებლების რაოდენობა მომხმარებელთა კატეგორიების და მიერთების სიმძლავრეების მიხედვით;

კ) სხვა ლიცენზიატის შერწყმის/მისი აქტივების შეძენის შედეგად გაზრდილი მომხმარებლების რაოდენობა;

ლ) 0-6 მ3 სიმძლავრის ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საშუალო ხარჯები შიდა ქსელის მოწყობით და მოწყობის გარეშე;

მ) გამანაწილებელი ქსელის სიგრძე:

მ.ა) გაზსადენის წნევების საფეხურების მიხედვით;

მ.ბ) გაზსადენის მიწის მიმართ განლაგების მიხედვით;

მ.გ) გაზსადენის მასალის მიხედვით.

ნ) გაზის მარეგულირებელი პუნქტების/დანადგარების რაოდენობა;

ო) მესამე პირების რაოდენობა, რომელთა ქსელსაც იყენებს ლიცენზიატი და უწევს ექსპლოატაციას;

პ) მომხმარებელთან დამონტაჟებული მრიცხველების რაოდენობა:

პ.ა) წნევის და ტემპერატურის ელექტრონული კორექციით;

პ.ბ) ტემპერატურის მექანიკური კორექციით;

პ.გ) კორექციის გარეშე.

ჟ) სულ უბედური შემთხვევების და ლეტალური შედეგით დასრულებულ უბედური შემთხვევების  რაოდენობები, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით;

რ) უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ პირთა რაოდენობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“-„რ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ მეორე და მეოთხე კვარტალის ანგარიშგებისას, ორივე საანგარიშო კვარტალის ჯამურ მონაცემებზე;

3. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: 

ა) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში და მარეგულირებელ პუნქტებში/დანადგარებში განხორციელებული ცვლილებები:

ა.ა) ახალი აქტივები;

ა.ბ) ექსპლუატაციიდან გასული აქტივები;

ა.გ) შეკეთებული აქტივები;

ა.დ) უმოქმედო აქტივები.

ბ) შემოწმებული ქსელის სიგრძე;

გ) დაფიქსირებული დარღვევების/გაჟონვების რაოდენობა;

დ) დაფიქსირებული ავარიების რაოდენობა;

ე) შემოწმებული  და შეცვლილი მრიცხველების რაოდენობები;

ვ) მომხმარებელზე მრიცხველის საფასურის დარიცხვის შემთხვევების რაოდენობა;

ზ) გამოვლენილი დატაცების ფაქტების და შესაბამისად დარიცხული თანხების რაოდენობები;

თ) ფინანსურ ანგარიშგებას კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ი) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. 

 

მუხლი 17. მონაცემების წარმოება-დამუშავების სტანდარტები

1. ანგარიშგებისას საწარმო ვალდებულია მონაცემები აწარმოოს-დაამუშაოს შემდეგი სიზუსტით:

ა) აქტიური ელექტროენერგია:

ა.ა) კილოვატსაათი – მთელ რიცხვებში;

ა.ბ) მეგავატსაათი – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული;

ა.გ) გიგავატსაათი – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული;

ა.დ) ტერავატსაათი – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე  დამრგვალებული.

ბ) რეაქტიული ელექტროენერგია:

ბ.ა) კილოვოლტამპერსაათი – მთელ რიცხვებში;

ბ.ბ) მეგავოლტამპერსაათი – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული;

ბ.გ) გიგავოლტამპერსაათი – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული;

ბ.დ) ტერავოლტამპერსაათი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული.

გ) აქტიური სიმძლავრე:

გ.ა) კილოვატი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

გ.ბ) მეგავატი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

გ.გ) გიგავატი – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული.

დ) რეაქტიური სიმძლავრე:

დ.ა) კილოვოლტამპერი – მთელ რიცხვებში;

დ.ბ) მეგავოლტამპერი – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული;

დ.გ) გიგავოლტამპერი – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული;

დ.დ) ტერავოლტამპერი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე  დამრგვალებული.

ე) ბუნებრივი გაზი:

ე.ა)  კუბ.მ – მთელ რიცხვებში;

ე.ბ) ათასი კუბ.მ – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული;

ე.გ) მლნ. კუბ.მ – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული.

ვ) ფულადი ერთეულები:

ვ.ა) თეთრი – მძიმის შემდეგ ოთხ ნიშანზე დამრგვალებით.

ვ.ბ) ლარი – მთელ რიცხვებში;

ვ.გ) ათასი ლარი – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული;

ვ.დ) მილიონი ლარი - მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული.

ზ) დრო:

ზ.ა) წამი  – მთელ რიცხვებში;

ზ.ბ) წუთი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

ზ.გ) საათი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული.

თ) წონა:

თ.ა) გრამი – მთელ რიცხვებში;

თ.ბ) კილოგრამი – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული;

თ.გ) ტონა – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული.

ი) სიგრძე/მანძილი:

ი.ა) მეტრი – მთელ რიცხვებში;

ი.ბ) კილომეტრი  – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული.

კ) სხვადასხვა:

კ.ა) პროცენტი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

კ.ბ) რაოდენობა/ერთეული – მთელ რიცხვებში;

კ.გ) ტემპერატურა (ცელსიუსი) – მთელ რიცხვებში.

 

თავი V

კონფიდენციალურობა და ინტერესთა კონფლიქტი

მუხლი 18. კონფიდენციალურობა

1. კომისია ვალდებულია, დაიცვას საწარმოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის შედეგები,  გარდა სახელმწიფო, კომერციული ან პირადი საიდუმლოების შემცველი ნაწილებისა, ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.

3. ინფორმაცია, რომელიც არ არის კონფიდენციალური უნდა გამოქვეყნდეს და  ხელმისაწვდომი გახდეს ენერგეტიკულ ბაზრებზე გამჭვირვალობის დონის გაუმჯობესების მიზნით, თუმცა ამან რაიმე სახით ხელი არ უნდა შეუშალოს ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენციას.

4. ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად კონფიდენციალური ინფორმაცია ექვემდებარება პროფესიულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ პირობებს.

5. პროფესიული საიდუმლოების ვალდებულება ვრცელდება:

ა) ფიზიკურ პირებზე, რომლებიც მუშაობენ ან მუშაობდნენ კომისიაში;

ბ) შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აუდიტორებზე, ექსპერტებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ბაზრის დეტალური კვლევის პროცესში და იღებდნენ კონფიდენციალურ ინფორმაციას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ საქმიანობის განხორციელების პროცესში მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია არ უნდა გამჟღავნდეს მესამე პირზე ან უწყებაზე, გარდა შემაჯამებელი ან აგრეგირებული ფორმისა, რომლითაც შეუძლებელი იქნება კონკრეტული ბაზრის მონაწილის ან შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირება.

 

მუხლი 19. ინტერესთა კონფლიქტი

1. კომისიის აპარატის თანამშრომელი და მოწვეული ექსპერტი უნდა იყოს დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

2. თუ კომისიის აპარატის თანამშრომელს ან/და მოწვეულ ექსპერტს და იმ საწარმოს შორის, რომლის მიმართაც კომისია ახორციელებს მონიტორინგს, არსებობს პროფესიული ურთიერთოების გამოცდილება, კომისიის აპარატის თანამშრომელმა ან/და მოწვეულმა ექსპერტმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

3. კომისიის აპარატის თანამშრომელი და მოწვეული ექსპერტი არ უნდა ახორციელებდნენ სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მიუკერძოებლობაზე და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე.

4. საწარმო, რომლის საქმეც იხილება, უფლებამოსილია, მოითხოვოს კომისიის აპარატის თანამშრომლის ან/და მოწვეული ექსპერტის აცილება, თუ იგი დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.