საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021767
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
58
29/01/2020
ვებგვერდი, 29/01/2020
040030000.10.003.021767
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/01/2020 - 16/05/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №58

2020 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (11 დეკემბერი 2019 წ. №5461-Iს) და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანდართული დებულება.
მუხლი 2
1. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (11 დეკემბრის, 2019 წ. №5462-Iს) მე-2 მუხლის გათვალისწინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი წარმოადგენს სახელწოდების შეცვლის შედეგად გარდაქმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე.

2. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (11 დეკემბერი 2019 წ. №5461-Iს) მე-2 მუხლის შესაბამისად:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ სოციალურ პროგრამებთან მიმართებით, რომელთა განხორციელებაზეც უფლებამოსილება მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანისა და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება.

მუხლი 3
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №146 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



საჯარო სამართლის იურიდიული პირისსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოსა და მესამე პირებთან ურთიერთობებში.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით,  „სოციალური მუშაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, ბავშვის უფლებათა კოდექსით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. სააგენტო შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სააგენტოს სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0186, თამარაშვილის ქ. №15.

მუხლი 2.   სააგენტოს მიზნები

სააგენტოს მიზნებია:

ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის  ან/და ოჯახში ძალადობის სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობა;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის ცენტრალური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველყოფა;

გ) მეურვეობის, მზრუნველობის, მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა.

მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები        

1. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის),  ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა (მათზე დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) თავშესაფრის ან/და კრიზისული ცენტრის ან/და სხვა მსგავსი მომსახურების ფარგლებში იურიდიული (საჭიროების შემთხვევაში, კანონიერი ინტერესების დაცვა) და/ან ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია და/ან სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება, ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა, თარჯიმნის ან/და სხვა მომსახურებით უზრუნველყოფა, ასევე სადღეღამისო მომსახურების შემთხვევაში, დროებითი უსაფრთხო საცხოვრისით, კვებით, ჰიგიენისა და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებითა და, საჭიროების შემთხვევაში, ტანსაცმლით უზრუნველყოფა;

ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის),  ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა, მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად,  კრიზისული ცენტრის მომსახურების ფარგლებში იურიდიული (საჭიროების შემთხვევაში, კანონიერი ინტერესების დაცვა) და/ან ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება და/ან სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება, თარჯიმნის ან/და სხვა მომსახურებით უზრუნველყოფა, ასევე სადღეღამისო მომსახურების შემთხვევაში, დროებითი უსაფრთხო საცხოვრისით, კვებით, ჰიგიენისა და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებითა და, საჭიროების შემთხვევაში, ტანსაცმლით უზრუნველყოფა;

გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის/ დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) მეურვეობის, მზრუნველობის, მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, ასევე ოჯახურ დავებზე კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განხორციელება და ამ მიზნებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურების უზრუნველყოფა;

ე) გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრისა და მინდობით აღსაზრდელთა და მინდობით აღმზრდელთა მონაცემთა ბაზის წარმოება;

ვ) საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის ცენტრალური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველყოფა;

ზ) მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  შესაბამისად ოქმის შედგენა შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;

ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეინტეგრაციის შემწეობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურებისა და სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, განახლება და შეწყვეტა, აგრეთვე მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა;

ლ) სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალიზებულ დაწესებულებაში ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, სადღეღამისო მომსახურების ფარგლებში მოვლა-პატრონობა, კვება, პირველადი სამედიცინო მომსახურება, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარება/ორგანიზება;

მ) სააგენტოს სადღეღამისო მომსახურებით მოსარგებლე გარდაცვლილ პირთა დაკრძალვა;

ნ) სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება და კოორდინაცია, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ო) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით, დონორ, საერთაშორისო ან ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება;

პ)  სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;

რ) დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად სააგენტოს ცენტრალური აპარატის, სტრუქტურული ერთეულების (თავშესაფარი ან/და კრიზისული ცენტრი ან/და სხვა მსგავსი დაწესებულება), ტერიტორიული ორგანოებისა და სპეციალიზებული დაწესებულებების (ფილიალის)  შექმნა, გარდაქმნა და ლიკვიდაცია;

ს)  სააგენტოს ცენტრალური აპარატის, სტრუქტურული ერთეულების (თავშესაფარი ან/და კრიზისული ცენტრი ან/და სხვა მსგავსი დაწესებულება), ტერიტორიული ორგანოების და სპეციალიზებული დაწესებულებების (ფილიალის)  საქმიანობის კოორდინაცია, მართვა და კონტროლი;

ტ) სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

უ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა და მიღება;

ფ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული კონფერენციების, სემინარების, შეხვედრების ორგანიზება და მოწყობა;

ქ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

ღ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სააგენტო, დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

ა) დისკრიმინაციის გამორიცხვა პირის სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ასაკისა, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიხედვით (ამასთან, დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი ღონისძიება, გამიზნული იმ პირთა განსაკუთრებულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, ოჯახური ან/და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობენ განსაკუთრებული დაცვისა და დახმარების გასაწევ პირებად);

ბ) სოციალური დახმარების სფეროში ადამიანის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;

გ) დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას;

დ) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა;

ე) კანონმდებლობის დაცვა და საქმიანობის საჯაროობა.

მუხლი 4. სააგენტოს მართვა და სტრუქტურა

1. სააგენტოს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით.

2. სააგენტოს დირექტორი, მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.

3. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დირექტორის მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით.

4. დირექტორის არყოფნის (უფლებამოსილების შეწყვეტის ან შეჩერების) შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

5. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი.

6. სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ერთეულების (ადგილობრივი ორგანოების), სტრუქტურული ერთეულებისა (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება) და ფილიალების (სპეციალიზებული დაწესებულებების) მეშვეობით.

7. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება წესდებით/დებულებით, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

8. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების – სააგენტოს რეგიონული/რაიონული ცენტრების სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება წესდებით/დებულებით, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

9. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება), ფილიალების (სპეციალიზებული დაწესებულებების)  უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება წესდებით/დებულებით, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

მუხლი 5. სააგენტოს დირექტორი

სააგენტოს დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობას და აწესრიგებს/წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;

გ) სააგენტოს თანამშრომელს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, დაიცვას სააგენტოს ბენეფიციარის კანონიერი ინტერესები;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს; მინისტრის ბრძანებით ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, სამინისტროსთან ათანხმებს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს;

ე) სააგენტოს თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ვ) უფლებამოსილია, სააგენტოს თანამშრომლებზე ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში  საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს სახელფასო დანამატი;

ზ) უფლებამოსილია, სააგენტოს თანამშრომლებზე მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნითა და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს ფულადი ჯილდო;

თ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის სააგენტოს დირექტორის მოადგილ(ეებ)ის, ტერიტორიული ერთეულების, სტრუქტურული ერთეულებისა (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება)   და ფილიალების (სპეციალიზებული დაწესებულებების) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

ი) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;

კ) ამტკიცებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ერთეულების, სტრუქტურული ერთეულებისა (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება)  და ფილიალების (სპეციალიზებული დაწესებულებების)  წესდებებს/დებულებებს;

ლ) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;

მ) ახორციელებს სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების, სტრუქტურული ერთეულებისა (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება)   და ფილიალების (სპეციალიზებული დაწესებულებების)  საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;

ნ) უფლებამოსილია, სხვადასხვა უწყებიდან მიიწვიოს სპეციალისტები ან/და დამოუკიდებელი ექსპერტები;

ო) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

პ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;

ჟ) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

რ) სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;

ს) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებსა და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ტ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოები

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოები (შემდგომში – რეგიონული საბჭო) წარმოადგენს სააგენტოს სათათბირო ორგანოებს.

2. რეგიონული საბჭოს შემადგენლობასა და დებულებას, კანონმდებლობის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

3. რეგიონული საბჭოს შემადგენლობაში შედიან სააგენტოს თანამშრომლები, სამინისტროს სისტემაში არსებული სხვა ორგანიზაციის/დაწესებულების წარმომადგენელი (წარმომადგენლები), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის ან/და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი (წარმომადგენლები), შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები), ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცი(ებ)ის და/ან პროფესიული ასოციაცი(ებ)ის წარმომადგენელი (წარმომადგენლები), აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირ(ებ)ი.

4. რეგიონული საბჭოს უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება რეგიონული საბჭოს დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას.

2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს სააგენტოს არამართლზომიერ გადაწყვეტილებას ან უკანონო აქტს.

3. სამინისტრო უფლებამოსილია, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

4. სააგენტომ, სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება, განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და დანამატისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია სააგენტოს ქონებასთან, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე სამინისტროს უარი უნდა იყოს დასაბუთებული.

მუხლი 8. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები

1. სააგენტოს აქვს ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები, მათ შორის, მიზნობრივი გრანტები;

გ) იურიდიული და ფიზიკური პირების, მათ შორის, ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

5. სააგენტო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

6.  სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

მუხლი 10. სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

სააგენტოს დებულებაში ცვლილება შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.