შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“

შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 34/44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 13/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016602
34/44
22/06/2017
ვებგვერდი, 25/03/2020
480610000.03.030.016602
შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ


საქართველოს მთავრობა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“;

სურთ რა, განავითარონ და გააძლიერონ მათ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები;

აღიარებენ რა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას;

მიიჩნევენ რა, რომ დანაშაულის მძიმე ფორმები საფრთხეს უქმნის მართლწესრიგს, კანონის უზენაესობასა და მათი ქვეყნების უსაფრთხოებას და ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, აგრეთვე საინვესტიციო გარემოს შექმნას და დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონიერების განმტკიცებას;

მიიჩნევენ რა, რომ თანამშრომლობა აუცილებელია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად;

აღიარებენ რა საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა წევრებსაც მათი სახელმწიფოები წარმოადგენენ და რომლებიც ეხება წინამდებარე შეთანხმების სფეროს;

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

თანამშრომლობის სფეროები

მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ და გაუწიონ ერთმანეთს ტექნიკური და ოპერატიული სახის დახმარება შემდეგი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში:

a) ორგანიზებული დანაშაული;

b) ტერორიზმი;

c) ნარკოტიკული საშუალებებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და მათი პრეკურსორებით უკანონო ვაჭრობა;

d) ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალებით, ფეთქებადი ნივთიერებებით და სხვა სახიფათო მასალებით უკანონო ვაჭრობა;

e) ადამიანებით ვაჭრობა და მიგრანტების საზღვარზე უკანონო გადაყვანა;

f) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;

g) ეკონომიკური დანაშაულები, უკანონო საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობა და ფულის გათეთრება, მათ შორის ფინანსური სახსრების ამოღება;

h) საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, მათ შორის გატაცებულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაულები;

i) კულტურისა და ხელოვნების მოპარული ნიმუშებით ვაჭრობა;

j) ანგარიშსწორების საშუალებებისა და ფასიანი ქაღალდების გაყალბება;

k) კიბერდანაშაული;

l) სხვა ტრანსსასაზღვრო და საერთაშორისო დანაშაულები.

 

მუხლი 2

თანამშრომლობის ფორმები

1. წინამდებარე შეთანხმების პირველ მუხლში მოცემული დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ შემდეგი ფორმებით:

a) ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური მონაცემების გაცვლა;

b) ძებნილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების, მოპარული ნივთებისა და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა საგნების ძებნაში თანამშრომლობა;  

c) ტრანსსასაზღვრო დანაშაულებრივ საქმიანობასთან ბრძოლაში ურთიერთდახმარება.

2. მხარეებმა აგრეთვე უნდა ითანამშრომლონ შემდეგი ფორმებით:

a) შესაბამისი ექსპერტების გაცვლა და მათი ტრენინგი;

b) ერთობლივი სემინარების ჩატარება;

c) თავიანთი შესაბამისი პოლიციის პერსონალის შესაძლებლობების განვითარებაში დახმარება;

d) სამეცნიერო კვლევის შედეგების და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა;

e) აღჭურვილობით დახმარება;

f) კრიმინალისტიკის სფეროში კვლევის მეთოდებისა და საშუალებების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა.

3. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობა შესაძლოა განხორციელდეს მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის ცალკე შეთანხმებების ან დოკუმენტების გაფორმების გზით.

4. პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული თანამშრომლობა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს მათი სახელმწიფოების შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების დაცვით.

5. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა არ ეხება სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარებისა და ექსტრადიციის საკითხებს.

 

მუხლი 3

კომპეტენტური ორგანოები

1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, კომპეტენტური ორგანოები არიან:

a) საქართველოს მთავრობისთვის:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

 

b) საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის:

საბერძნეთის პოლიცია/შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

2. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, მხარეებმა უნდა მიაწოდონ ერთმანეთს მათი კომპეტენტური ორგანოების საკონტაქტო ინფორმაცია.

3. მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს მათ კომპეტენტურ ორგანოებთან დაკავშირებული დასახელებების, უფლებამოსილებების ან საკონტაქტო ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

 

მუხლი 4

თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნები

1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე.

2. მხარეებმა უნდა მიაწოდონ ერთმანეთს შესაბამისი ინფორმაცია მოთხოვნის გარეშეც, თუ ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს სასარგებლო მეორე მხარისთვის.

3. თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

a) მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოს დასახელებას;

b) მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოს დასახელებას;

c) მოთხოვნის საგანს;

d) მოთხოვნის მიზეზს;

e) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს მოთხოვნის შესრულებას.

4. მოთხოვნები და პასუხები შედგენილი უნდა იქნეს წერილობით ინგლისურ ენაზე ან მხარეთა შეთანხმებით სხვა ენაზე.

5. გადაუდებელ შემთხვევებში მხარეებს შეუძლიათ ზეპირი ფორმით განახორციელონ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ასეთი კომუნიკაცია უნდა დადასტურდეს წერილობით, გონივრულ ვადაში.

 

მუხლი 5

საიდუმლო ინფორმაციის დაცვა

წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და მასთან მოპყრობა განხორციელდება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმების დადების შემდეგ და მის შესაბამისად.

 

მუხლი 6

პერსონალური მონაცემების გამოყენება და დაცვა

მხარეებს შორის გაცვლილი პერსონალური მონაცემების ორმხრივი დაცვა უნდა განხორციელდეს გადამცემი მხარის მიერ განსაზღვრული პირობების დაცვით, მხარეების სახელმწიფოთა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და მათი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად და შემდეგი პრინციპების საფუძველზე:

a) მიმღებ მხარეს შეუძლია გადაცემული პერსონალური მონაცემების გამოყენება მხოლოდ განსაზღვრული მიზნით ან მიზნებით და გადამცემი მხარის მიერ დადგენილი პირობების დაცვით;

b) გადამცემი მხარის მოთხოვნის საფუძველზე მიმღებმა მხარემ უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია გადაცემული პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე, აგრეთვე მათი გამოყენების შედეგად მიღწეულ შედეგებზე;

c) პერსონალური მონაცემები არ შეიძლება გადაეცეს არცერთ მესამე მხარეს გადამცემი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

d) გადამცემი მხარე პასუხისმგებელია გადაცემული პერსონალური მონაცემების სისწორეზე და მან აგრეთვე უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად არის აუცილებელი მათი გადაცემა და, მათი მოცულობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, თუ რამდენად იქნება მათი გადაცემა გადაცემის მიზნის ადეკვატური. თუ შემდგომში დადასტურდება, რომ გადაცემულ იქნა არაზუსტი, არასწორი, არასრული ან განუახლებელი პერსონალური მონაცემები ან ისეთი პერსონალური მონაცემები, რომლებიც არ შეესაბამებოდა მათი დამუშავების მიზანს, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიმღებ მხარეს. მიმღებმა მხარემ უნდა გაასწოროს ცდომილება ან უნდა გაანადგუროს ის პერსონალური მონაცემები, რომლებიც არ უნდა გადაცემულიყო;

e) ნებისმიერ პირს, რომლის პერსონალური მონაცემებიც უნდა გადაიცეს ან უკვე გადაიცა, უნდა ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს გადასაცემი ან უკვე გადაცემული პერსონალური მონაცემების, მათი გამოყენების განსაზღვრული მიზნისა და იმ ნებისმიერ მესამე მხარის შესახებ საერთო ინფორმაციის მისთვის მიწოდება, რომელსაც შეიძლება შემდგომში გაეცნოს მისი პერსონალური მონაცემები, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ნებადართულია გადამცემი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. ასეთი ინფორმაცია მიწოდებული უნდა იქნეს შეუსაბამო დაყოვნების გარეშე;

f) ნებისმიერ პირს, რომლის პერსონალური მონაცემებიც უნდა გადაიცეს ან უკვე გადაიცა, უნდა ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს მასთან დაკავშირებული არასწორი, არასრული ან არაზუსტი პერსონალური მონაცემების გასწორება ან წაშლა, რაც უნდა განხორციელდეს შეუსაბამო დაყოვნების გარეშე;

g) პერსონალური მონაცემების მიწოდებისას გადამცემმა მხარემ უნდა აცნობოს მიმღებ მხარეს პერსონალური მონაცემების განადგურების ვადები. ასეთი ვადების მიუხედავად, მონაცემების სუბიექტთან დაკავშირებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი უნდა განადგურდეს, თუ მათი შენახვა აღარ არის აუცილებელი მათი დამუშავების პირველადი მიზნის მისაღწევად. გადამცემ მხარეს უნდა ეცნობოს გადაცემული პერსონალური მონაცემების განადგურებისა და მისი მიზეზების შესახებ. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, მის საფუძველზე მიღებული ყველა პერსონალური მონაცემი უნდა განადგურდეს;

h) თითოეულმა მხარემ უნდა აწარმოოს პერსონალური მონაცემების მიწოდების, მიღებისა და განადგურების აღრიცხვა;

i) თითოეულმა მხარემ უნდა დაიცვას გადაცემული პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, დაკარგვისგან, არასანქცირებული გაცნობისა და მოპყრობისგან, შემთხვევითი ან უკანონო შეცვლისა და გამოქვეყნებისგან.    

 

მუხლი 7

უარის თქმა მოთხოვნის შესრულებაზე

1. მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ თქვას უარი მოთხოვნის შესრულებაზე, თუ ასეთმა შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მისი ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და ეროვნულ ინტერესებს, ან თუ იგი ეწინააღმდეგება მისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შესრულებაზე სრულად ან ნაწილობრივ ითქვა უარი, მოთხოვნის მიმღებმა მხარემ დროულად წერილობით უნდა აცნობოს მომთხოვნ მხარეს უარის თქმის მიზეზების შესახებ.

 

მუხლი 8

ხარჯები

თითოეულმა მხარემ უნდა გაიღოს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული თავისი საკუთარი ხარჯები, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

 

მუხლი 9

კონსულტაციები

აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეებთა კომპეტენტური ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს შეუძლიათ გამართონ კონსულტაციები, რათა განიხილონ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ეფექტური საშუალებები და გზები, აგრეთვე მიიღონ სათანადო ზომები თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის.

 

მუხლი 10

დამოკიდებულება სხვა საერთაშორისო შეთანხმებებთან

წინამდებარე შეთანხმების დებულებები გავლენას არ ახდენს იმ საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულ მხარეთა ვალდებულებებზე ან უფლებებზე, რომელთა წევრებიც არიან ისინი ან მათი სახელმწიფოები.

 

მუხლი 11

პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეები/მეკავშირე ოფიცრები

1. თითოეულ მხარეს შეუძლია განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით წარგზავნოს ერთი ან რამდენიმე პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე/მეკავშირე ოფიცერი მეორე მხარის სახელმწიფოში განთავსებულ თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

2. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების/მეკავშირე ოფიცრების მოვალეობა უნდა იყოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ხელშეწყობა, რომელიც განხორციელდება მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

3. პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებმა/მეკავშირე ოფიცრებმა არ უნდა განახორციელონ არავითარი სამართალდაცვითი საქმიანობა.

 

მუხლი 12

დავების გადაწყვეტა

წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებიდან ან განხორციელებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს  კონსულტაციების ან/და მხარეთა შორის დიპლომატიური არხების მეშვეობით მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 13

ცვლილებები

წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები მხარეების წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილებები გაფორმდება ცალკე ოქმების სახით, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და რომლებიც ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

 

მუხლი 14

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის იმ უკანასკნელი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომლითაც მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მისი ძალაში შესვლისთვის აუცილებელი თავიანთი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხების მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. წინამდებარე შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.

 

შესრულებულია ქ. თბილისში, 2017 წლის 22 ივნისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ნებისმიერი განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

(ხელმოწერილია)

გიორგი მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრი

საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

 

(ხელმოწერილია)

ნიკოლაოს ტოსკასი

შინაგან საქმეთა ალტერნატიული მინისტრი