„პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 315
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.022027
315
21/05/2020
ვებგვერდი, 22/05/2020
010320000.10.003.022027
„პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №315

2020 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/04/2017, 010320000.10.003.019908) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ტოლფასი თანამდებობა – იმავე რანგისა და კატეგორიის თანამდებობა, რომლის სამუშაო აღწერილობა/ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები იდენტურია ან უმეტესწილად მსგავსია.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია

1. რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად მიიჩნევა საჯარო დაწესებულების არავაკანტური შტატების გადაადგილება (როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის ფუნქცია, იერარქიული რანგი ან/და კატეგორია) ან/და შემცირება.

2. რეორგანიზაციად არ მიიჩნევა საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში:

ა) თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილების გარეშე სტრუქტურული ერთეულის/თანამდებობის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა, საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის/თანამდებობისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება;

ბ) თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილებით ან მის გარეშე საჯარო დაწესებულების ვაკანტური შტატების გადაადგილება ან/და შემცირება;

გ) ინსტიტუციური მოწყობის ცვლილების გარეშე საშტატო ერთეულის დამატება.

3. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.

4. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის დაწყების შესახებ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო).

6. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია სრულდება ამ საჯარო დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტში ან/და საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით.“.

3. მე-8 მუხლში:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით განსაზღვრული თითოეული ეტაპის შესახებ დგება შესაბამისი დოკუმენტი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის ეტაპის შესახებ ინფორმაცია ან/და დოკუმენტი წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით ეგზავნება ბიუროს.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესში საჯარო დაწესებულებას უფლება აქვს, მეთოდური დახმარებისათვის მიმართოს ბიუროს, ხოლო ბიურო ვალდებულია, აღმოუჩინოს მას მეთოდური დახმარება, კომპეტენციის ფარგლებში.“.

4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დროს იმავე დაწესებულებაში შეიძლება, შეიქმნას კომისია შტატის შემცირების გამო გასათავისუფლებელ მოხელეთა იდენტიფიცირების მიზნით. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჭიროებების გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, გაითვალისწინოს მოხელის კომპეტენცია, შეფასების შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა ობიექტური გარემოებები, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, ჩაატაროს გასაუბრება და დასაბუთებული შედეგები ასახოს სხდომის ოქმში.“.

5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. მობილობის განხორციელების წესი

1. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელე შესაძლებელია, მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

2. მობილობის პროცესი ხორციელდება კანონიერების, თანასწორობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებული სხვა პრინციპების შესაბამისად.

3. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ სხვა საჯარო დაწესებულებაში ვერ განხორციელდა პირის მობილობა ტოლფას თანამდებობაზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას –  სხვა საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

4. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მობილობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში არსებულ სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობ(ებ)ის მოძიების თაობაზე.

5. საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში ბიურო ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოიძიებს ინფორმაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული სხვა საჯარო დაწესებულების ტოლფასი ან/და დაბალი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და აცნობებს მას საჯარო დაწესებულებას. ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ვაკანტური თანამდებობების მოძიებისას ბიურო ხელმძღვანელობს ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული  ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის მობილობის საკითხს ათანხმებს ჯერ ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან, ხოლო შემდგომ დაბალი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან. მობილობის შეთანხმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას. თუ ამ პროცესის დასრულებამდე საჯარო დაწესებულებაში, სადაც მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა, მოხელის თანამდებობა გახდა ვაკანტური, ან საშტატო ნუსხას დაემატა ახალი საშტატო ერთეული, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ვაკანტურ თანამდებობაზე განახორციელოს შტატების შემცირების შედეგად გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა.

7. მოხელის მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით, რომელიც გაიცემა საჯარო დაწესებულების მიმართვიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღის  ვადაში. ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელესთან ჩაატაროს გასაუბრება. ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების მიერ ამ პუნქტით დადგენილი ვადის ფარგლებში შეთანხმების შესახებ შეუტყობინებლობა მიიჩნევა უარის თქმად.

8. ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის შეთანხმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ერთი კვირის ვადაში აღნიშნულ ინფორმაციას ათანხმებს შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელესთან.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შტატების შემცირების შედეგად გასათავისუფლებელი მოხელის თანხმობის შემთხვევაში, მოხელე ინიშნება სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე და თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

10. საჯარო დაწესებულება ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ ბიუროს აწვდის ინფორმაციას მობილობის განხორციელების ან მისი შეუძლებლობის შესახებ.“.

6. მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელეს ეძლევა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობით და, სურვილის შემთხვევაში, ირიცხება მოხელეთა რეზერვში.

2. თუ მოხელე უარს განაცხადებს იმავე და სხვა საჯარო დაწესებულებაში შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, ეძლევა  კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობით და ირიცხება მოხელეთა რეზერვში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია