საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 316
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.022028
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
316
21/05/2020
ვებგვერდი, 22/05/2020
330090000.10.003.022028
საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/05/2020 - 07/06/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №316

2020 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 22-ე მუხლისა და 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესი და პირობები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესი და პირობები

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო

„საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესი და პირობები“ (შემდგომში − წესი) აზუსტებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) 22-ე მუხლის მოთხოვნებს და განსაზღვრავს საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების წინასწარი შეფასების განხორციელების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არქიტექტურული ესკიზი − ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტის ფარგლებში განსათავსებელი ობიექტების არქიტექტურული კონცეფციის ამსახველი მონახაზი;

ბ) განმცხდებელი − ნებისმიერი დაინტერესებული პირი/ორგანო, რომელსაც სურს საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტის კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენა;

გ) კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენა − წინასაპროექტო კვლევის პერიოდში საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე,  ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების სივრცის დაგეგმარების გეგმებთან, პრინციპებსა და ამოცანებთან, აგრეთვე დამტკიცებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან შესაბამისობის დადგენა;

დ) საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტი − სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტი, რომელიც, მისი დანიშნულებიდან, ადგილმდებარეობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, გავლენას ახდენს სივრცითი განვითარების ასპექტებზე, არსებითად ცვლის არსებულ განაშენიანებას/ინფრასტრუქტურას, მაგალითად: ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი, პორტის მშენებლობის პროექტი, განახლებადი ენერგიიის წარმოების პროექტი, ლოკალური ტერიტორიის განვითარებისკენ მიმართული, მსხვილმასშტაბიანი საინვესტიციო პროექტი (საწარმო, ლოჯისტიკური ცენტრი და ა. შ.) და სხვა მსგავსი პროექტი;

ე) სამინისტრო − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

ვ) პროექტი − საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტი;

ზ) წინასაპროექტო კვლევა − განაშენიანების კვლევა, მიწათდაფარულობის კვლევა, განაშენიანების სტრუქტურისა და ფუნქციური დანიშნულების კვლევა, არსებული ინფრასტრუქტურის კვლევა ან/და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახის კვლევა.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ კოდექსსა და მის საფუძველზე მიღებულ სამართლებრივ აქტებში განმარტებული/ გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობები, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში განმარტებული ტერმინებისა.

მუხლი 3. კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის თაობაზე განაცხადი

1. წინასაპროექტო კვლევის პერიოდში განმცხადებელი უფლებამოსილია, სამინისტროს მიმართოს წერილობითი განცხადებით პროექტის სივრცის დაგეგმარების გეგმებთან, პრინციპებსა და ამოცანებთან, აგრეთვე დამტკიცებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის მოთხოვნით.

2. კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის თაობაზე განცხადება უნდა  მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) განმცხადებლის ვინაობა/სახელწოდება და მისამართი/ იურიდიული მისამართი;

ბ) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის/ განმცხადებლის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა;

გ) არსებობის შემთხვევაში, საპროექტო არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთ(ებ)ის (უძრავი ქონების) საიდენტიფიკაციო მონაცემები;

დ) საპროექტო წინადადება, პროექტის განხორციელების საჭიროების დასაბუთება;

ე) სხვა ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის.

3. კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის თაობაზე განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) საპროექტო არეალი;

ბ) წინასაპროექტო კვლევა;  

გ) შენობა-ნაგებობის შემთხვევაში, არქიტექტურული ესკიზი;

დ) ხაზობრივი ნაგებობის შემთხვევაში, საპროექტო გადაწყვეტის სქემატური ვერსია;

ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც მნიშვნელოვანია  კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის.

4.  ამ წესის მიზნებისთვის არქიტექტურული ესკიზი უნდა მოიცავდეს: 

ა) თავფურცელს, პროექტის დასახელებას;

ბ) განმარტებით ბარათს (საპროექტო ტერიტორიის, შენობა-ნაგებობის სტრუქტურისა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების შესახებ); 

გ) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს;

დ) საჭიროების შემთხვევაში, საპროექტო ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველ სიტუაციურ გეგმას სათანადო დეტალიზაციით ან/და ორთოფოტოგეგმას.

5. კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის მიზნით განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა იძლეოდეს შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამ მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია, განმცხადებელს დამატებით მოსთხოვოს შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა.

მუხლი 4. კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენა

1. განმცხადებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას სამინისტრო ეცნობა განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და, საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დაზუსტებული ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 სამუშაო დღეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განმცხადებლისთვის განსაზღვრულ ვადაში დაზუსტებული ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სამინისტროსთვის წარუდგენლობის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის თაობაზე განცხადების განხილვაზე.

3. სამინისტრო ვალდებულია, განცხადების/დამატებითი დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტაცია გადაუგზავნოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე − შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, ჩართოს სხვა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები. აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოები დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავენ საკითხს და თავიანთ პოზიციას აცნობებენ სამინისტროს. თუ ადმინისტრაციული ორგანოები სამინისტროს 10 სამუშაო დღის ვადაში არ აცნობებენ პასუხს, სამინისტრო საკითხს განიხილავს მხოლოდ მიღებული პოზიციებისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. 

4. განმცხადებლის მიერ სრულყოფილი დოკუმენტაციის/ ინფორმაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში სამინისტრო თავისი და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების შეჯერებულ პოზიციებსა და განმცხადებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას უგზავნის საქართველოს მთავრობას.

5. კონცეპტუალური შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

6. საქართველოს მთავრობის მიერ კონცეპტუალური შესაბამისობის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება დაინტერესებულ პირს სამომავლოდ არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ვალდებულებებისაგან, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ინფრასტრუქტურული ან/და სხვა სამშენებლო პროექტების შეთანხმებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.  

მუხლი 5. კონცეპტუალური შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების მოქმედების ვადა

1. კონცეპტუალური შესაბამისობის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მოქმედების ვადა არის 2 წელი.

2. უფლებამოსილ პირს/ორგანოს შეუძლია, საპროექტო ტერიტორიის სამშენებლო განვითარების მიზნით დაიწყოს შესაბამისი პროცედურები (მათ შორის, წარადგინოს განცხადება ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების ან/და მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით), მიუხედავად იმისა, ასეთი განვითარება მოაზრებულია თუ არა კონცეპტუალური შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილებაში ან/და გასულია თუ არა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა.