ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 326
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.022039
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
326
25/05/2020
ვებგვერდი, 27/05/2020
340170000.10.003.022039
ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/05/2020 - 18/05/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 326

2020 წლის 25 მაისი

   ქ. თბილისი

 

ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
ნარჩენების მართვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“.
მუხლი 2
ეს დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-13 მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები და მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ტექნიკური რეგლამენტი

 

ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ

 


მუხლი 1. მიზანი

ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში – „ტექნიკური რეგლამენტი“) მიზანია:

ა) „ნარჩენების მართვის კოდექსის“ (შემდგომში  კოდექსი) მე-9 მუხლის შესაბამისად, სპეციფიკური ნარჩენების – ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებებისა და აღნიშნული ნარჩენების მართვის წესების განსაზღვრა;

ბ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია, ხელახალი გამოყენების, რეციკლირების ან სხვაგვარად აღდგენისა და ასეთი ნარჩენის განთავსების შემცირების უზრუნველყოფა.

მუხლი 2. რეგულირების სფერო

1.   ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება საქართველოს ბაზარზე განთავსებულ ყველა ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობაზე და მათგან წარმოქმნილ ნარჩენების მართვაზე,  გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ I-ში განსაზღვრულია ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების კატეგორიები.

3. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება:

ა) ისეთ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც განკუთვნილია, დამონტაჟებულია ან იმ მოწყობილობების  ნაწილს წარმოადგენს, რომლებზეც არ ვრცელდება ეს ტექნიკური რეგლამენტი;

ბ) ვარვარის ელექტრონათურებზე;

გ) ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ, სამხედრო დანიშნულების იარაღზე, საშუალებებსა და მასალებზე;

დ) კოსმოსში გასაშვებად განკუთვნილ მოწყობილობებზე;

ე) დიდი ზომის სტაციონალურ სამრეწველო საშუალებებზე;

ვ) დიდი ზომის ფიქსირებულ დანადგარებზე, გარდა მოწყობილობებისა, რომლებიც თავდაპირველად არ წარმოადგენდა ამ დანადგარების ნაწილს და/ან არ იყო შექმნილი ამ მიზნით;

ზ) სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი საშუალებისა;

თ) მხოლოდ პროფესიული დანიშნულებით გამოყენებად არასაგზაო მობილურ მოწყობილობებზე;

ი) მოწყობილობებზე, რომლებიც შექმნილია მხოლოდ კვლევებისა და განვითარების მიზნით და არ არის საზოგადოდ ხელმისაწვდომი;

კ) სამედიცინო მოწყობილობებზე და ინ-ვიტრო სადიაგნოსტიკო ხელსაწყოებზე, რომლებიც შესაძლებელია დაინფიცირებული იყოს მათი სასიცოცხლო ციკლის ამოწურვამდე, ან აქტიურ საიმპლანტაციო სამედიცინო ხელსაწყოებზე;

ლ) ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ტექნიკურ რეგლამენტში მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები   მოწყობილობები, რომელთა გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ელექტროდენი ან ელექტრომაგნიტური ველი  არაუმეტეს 1 000 ვოლტის ძაბვით ალტერნატიული დენის წყაროსთვის ან არაუმეტეს 1 500 ვოლტის ძაბვით მუდმივი დენის წყაროსთვის. აგრეთვე ამავე წყაროებზე მომუშავე ელექტროდენისა და ელექტრომაგნიტური ველის გენერირების, გადამცემი და გამზომი მოწყობილობები;

ბ) დიდი ზომის სტაციონალური სამრეწველო საშუალება  მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, კომპონენტების და ხელსაწყოების ერთობლიობა რომლებიც განკუთვნილია კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად კონკრეტულ ტერიტორიაზე სამრეწველო ან კვლევით დაწესებულებაში და რომლის ფუნქციონირება, მონტაჟი და დემონტაჟი ხორციელდება პროფესიონალების მიერ;

გ) დიდი ზომის ფიქსირებული დანადგარი   სხვადასხვა ტიპის დიდი ზომის მოწყობილობების კომბინაცია, რომელიც მუდმივად არის განლაგებული სპეციალურად მისთვის გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, წარმოადგენს შენობის ნაწილს და მისი მონტაჟი და დემონტაჟი ხორციელდება პროფესიონალების მიერ. ასეთი დანადგარის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ისეთივე, სპეციალურად შექმნილი დანადგარით;

დ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების წონა –  მთლიანი წონა კილოგრამებში ყველა ელექტრო და ელექტრონული ნაწილის, აქსესუარისა და კომპონენტის ჩათვლით და შეფუთვის, ბატარეების/აკუმულატორების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელოების, არაელექტრო/არაელექტრონული აქსესუარების გამოკლებით;

ე) სამედიცინო მოწყობილობა –  მოწყობილობა, სისტემა, აპარატი, ხელსაწყო, იმპლანტანტი ან სხვა პროდუქტი, მათ შორის ინვაზიური სამედიცინო მოწყობილობა და ინ-ვიტრო სადიაგნოსტიკო მოწყობილობა და მასალა, რომელიც გამოიყენება ცალკე ან ერთმანეთთან კომბინაციაში. აგრეთვე, ამ მოწყობილობის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა;

ვ) ინ-ვიტრო სადიაგნოსტიკო სამედიცინო მოწყობილობა   რეაგენტი, კალიბრატორი, საკონტროლო მასალა, ინსტრუმენტების ნაკრები, ინსტრუმენტი, აპარატი, მოწყობილობა ან სისტემა, რომელიც გამოიყენება ცალკე ან ერთმანეთთან კომბინაციაში და განკუთვნილია ინ-ვიტრო ნიმუშების სინჯების ასაღებად, მათ შორის სისხლის და ქსოვილების სინჯების ასაღებად მხოლოდ ადამიანის სხეულიდან (ან ძირითადი დანიშნულებით), და გამიზნულია ინფორმაციის მისაღებად;

ზ) აქტიური საიმპლანტაციო სამედიცინო მოწყობილობა   მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია პაციენტის სხეულში სრულად ან ნაწილობრივი შეღწევისთვის ოპერაციით ან რაიმე სხვა სამედიცინო პროცედურით და რომელიც რჩება სხეულში აღნიშნული პროცედურის შემდგომ და წარმოადგენს ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობას;

თ) არასაგზაო მობილური ტექნიკა    შიდა ენერგიის წყაროს მქონე მანქანები, რომლებიც გადაადგილდება ან ასრუნელებს უწყვეტ ან ნახევრად  უწყვეტ  მოძრაობას ფიქსირებულ სამუშაო ლოკაციებს შორის მუშაობისას;

ი) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენები –  ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ I-ში განსაზღვრულ კატეგორიებში შემავალი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, რომელიც ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად  წარმოადგენს ნარჩენს; მათ შორის კომპონენტები, რომლებიც ამ მოწყობილობების ნაწილს წარმოადგენს მათი ნარჩენად გადაქცევის ეტაპზე;

კ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების პუნქტი  ტერიტორია, სადაც მომხმარებლებისგან ნარჩენების შეგროვების და დროებით შენახვის მიზნით განთავსებულია კონტეინერები და მსგავსი საშუალებები და საიდანაც ხდება შეგროვებული ნარჩენების საქართველოში არსებულ ნარჩენების დამუშავების ობიექტებზე ან ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების ცენტრებში გადატანა;

ლ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების ცენტრი  ნარჩენების შესაგროვებლად და განცალკევებით შესანახად შექმნილი ცენტრალიზებული ობიექტი, საიდანაც ხდება ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების საქართველოში ან საზღვარგარეთ არსებულ ნარჩენების დამუშავების ობიექტებზე გადატანა;

მ) მომხმარებელი –  პირი, რომელიც მოიხმარს ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებს; 

ნ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შემგროვებელი   პირი, რომელიც ჩართულია ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების შეგროვებაში და რეგისტრირებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N144 დადგენილებით დამტკიცებული„ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და  დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის  შესაბამისად;

ო) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების დამშლელი   პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების  წინასწარ დამუშავებას კოდექსის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განმარტების შესაბამისად;

პ) მწარმოებელი   ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელი, ამწყობი ან იმპორტიორი, რომელიც პირველად ახორციელებს საქართველოს ბაზარზე მათ განთავსებას, გაყიდვის ფორმის მიუხედავად;

ჟ) იმპორტიორი   პირი, რომელიც ახორციელებს  საქართველოში ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების იმპორტს;

რ) ამწყობი   პირი, რომელიც კომპონენტების საშუალებით აწყობს ფუნქციურ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებს;

ს) დისტრიბუტორი   იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ხელმისაწვდომობას  ბაზარზე. დისტრიბუტორი შეიძლება ამავე დროს მწარმოებელიც იყოს; 

ტ) ოპერატორი – პირი, რომელიც ჩართულია ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების სასიცოცხლო ციკლში: მწარმოებელი, დისტრიბუტორი, შემგროვებელი, რეციკლირების ან სხვა სახის დამუშავების განმახორციელებელი;

უ) ბაზარზე განთავსება –  ქვეყნის ტერიტორიაზე მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდება ან მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ, რაც ასევე მოიცავს პროდუქტის იმპორტს ქვეყნის ტერიტორიაზე. ბაზარზე განთავსებად არ ითვლება იმპორტირებული პროდუქტის ექსპორტი, თუ ექსპორტი დასტურდება საბაჟო დეკლარაციით;

ფ) რეესტრი   ელექტრონული რეესტრი, რომელშიც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოში არსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლების, ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებისა და მათი ნარჩენების შესახებ;

ქ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (შემდგომში – მგვ)   გარემოსდაცვითი  მიდგომა, რომელიც მოიცავს  მწარმოებლის პასუხისმგებლობას საკუთარ პროდუქტზე ამ პროდუქტის მოხმარების შემდგომ ეტაპზეც სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, კოდექსის მე-9 მუხლის პირველი-მე-4 ნაწილების შესაბამისად;

ღ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისობის სქემა (შემდგოში –  მგვ-ის შესაბამისობის სქემა) – ღონისძიებების სისტემა, რომელიც ხორციელდება მწარმოებლების მიერ საკუთარი პროდუქტის ნარჩენად გადაქცევის შემდეგ მასზე ფინანსური ან ფინანსური და ორგანიზაციული პასუხისმგებლობის აღების უზრუნველსაყოფად; არსებობს მგვ-ის შესაბამისობის ინდივიდუალური და კოლექტიური სქემა:

ღ.ა) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისობის ინდივიდუალური სქემა (შემდგომში   მგვ-ის ინდივიდუალური სქემა) – ღონისძიებების სისტემა, როცა ცალკეული მწარმოებელი, ინდივიდუალურად, საკუთარი რესურსებით,  ქმნის მგვ-ის ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და ტრანსპორტირებას, შესაბამის ავტორიზებულ ობიექტზე, აღდგენის (მათ შორის რეციკლირების) მიზნით;

ღ.ბ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისობის კოლექტიური სქემა (შემდგომში   მგვ-ის კოლექტიური სქემა) ღონისძიებების სისტემა, როცა ერთზე მეტი მწარმოებელი ქმნის მგვ-ის ორგანიზაციას, რომელიც მისი წევრი მწარმოებლების რესურსებით, წილობრივი შენატანებით (რეციკლირების წინასწარი შენატანი) უზრუნველყოფს მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტებისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და ტრანსპორტირებას შესაბამის ავტორიზებულ ობიექტზე აღდგენის (მათ შორის რეციკლირების) მიზნით.

ყ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია (შემდგომში მგვ-ის ორგანიზაცია)   მწარმოებლების მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია  მწარმოებლების გაფართოებული ვალდებულებების შესრულებაზე;

შ) სამინისტრო   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. 

მუხლი 4. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შეგროვების, ხელახალი გამოყენებისთვის მომზადების, აღდგენისა და რეციკლირების მინიმალური მიზნობრივი მაჩვენებლები

1. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელმა, მგვ-ის შესაბამისობის კოლექტიური ან ინდივიდუალური სქემის მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ხელახალი გამოყენებისთვის მომზადება, აღდგენა და რეციკლირება ამ ტექნიკური რეგლამენტის IV და V დანართების შესაბამისად განსაზღვრული მინიმალური მიზნობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

2. მინიმალური მიზნობრივი  მაჩვენებლები განსაზღვრულია საქართველოს ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობიდან, დანართი I-ში განსაზღვრული კატეგორიების შესაბამისად.

3. მგვ-ს დაქვემდებარებული სპეციფიური ნარჩენების შეგროვების, ხელახალი გამოყენებისთვის მომზადების, აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლების გაანგარიშების წესები და მიღწევის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

4. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებიდან უნდა მოხდეს ბატარეების და აკუმულატორების ამოღება და მათი წონის გათვალისწინება არ უნდა მოხდეს მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის გაანგარიშებისას.

მუხლი  5. სამინისტროს უფლებამოსილება

1. სამინისტრო უფლებამოსილია, მგვ-ის შესაბამისობის სქემების ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით:

ა) შექმნას და აწარმოოს ელექტრონული რეესტრი ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის  შესაბამისად;

ბ) შექმნას და აწარმოოს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მონაცემთა ბაზები, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ქვეყანაში ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენის რაოდენობის, მახასიათებლებისა და დინამიკის შესახებ (ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების დამზადების დროს გამოყენებული კომპონენტების სახიფათოობის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით). ამ თვალსაზრისით სამინისტრო უფლებამოსილია:

ბ.ა) შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემების სისწორე;

ბ.ბ) შეაგროვოს და დაამუშაოს დამატებითი ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; 

გ) მიანიჭოს და გაუგრძელოს ავტორიზაცია მგვ-ის ორგანიზაციებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის შესაბამისად;

დ) ითანამშომლოს მგვ-ის ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების  განხორციელების მიზნით;

ე) განახორციელოს კონტროლი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისა  და ვალდებულებების შესრულებაზე კანონმდებლობის შესაბამისად. შემოწმების ჩასატარებლად სამინისტრო უფლებამოსილია, ითანამშრომლოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან. სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გაუწიონ შესაბამისი დახმარება შემოწმებების ჩატარებაში;

ვ) გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;

ზ) ყოველი წლის 31 მაისამდე მოამზადოს და სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში/ანგარიშები  წინა წელს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების  ნარჩენების მართვაში მიღწეული შედეგების შესახებ;

2. სამინიტრო უფლებამოსილია, გამოსცეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ I-ში წარმოდგენილი კატეგორიების ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების დეტალური ცნობარი.

მუხლი 6. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების რეესტრი

1. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობის ყველა მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე,  დარეგისტრირდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – „მგვ-ის რეესტრი“), რომელსაც ადმინისტრირებას უწევს სამინისტრო. მგვ-ის რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

2. 2021 წლის 1  ივნისამდე ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობის ყველა მწარმოებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია მგვ-ის რეესტრში და შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული პირის შემთხვევაში  სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) საკონტაქტო ინფორმაცია;

გ) საქმიანობის სახე;

დ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის კოდი;

ე) წინა წლის განმავლობაში და რეგისტრაციის დროისთვის საქართველოს ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობის   წონა  სახეობების მიხედვით (ტონებში). 

3. რეესტრში შეტანილი უნდა იქნას:

ა) ყოველთვიური ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შესახებ (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში)  მომდევნო თვის 15 რიცხვამდე;

ბ) ინფორმაცია მომავალი წლისათვის ბაზარზე განსათავსებლად გათვალისწინებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების  შესახებ (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) ყოველი წლის  15 ნოემბრამდე.

4. სამინისტრო ვალდებულია შექმნას და აწარმოოს მონაცემთა ბაზა, რომელშიც აღირიცხება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების, მათი საქართველოში დამუშავებისა და ქვეყნიდან ექსპორტის შესახებ.

მუხლი 7. მგვ-ის შესაბამისობის სქემები

1.  მწარმოებელი ვალდებულია შექმნას მგვ ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან კოლექტიურად იმის გათვალისწინებით, რომ ინდივიდუალური მგვ ორგანიზაციის მქონე მწარმოებლის ან კოლექტიური მგვ ორგანიზაციის წევრი მწარმოებლების (ჯამურად)  ბაზრის წილი უნდა შეადგენდეს მთლიანი ბაზრის არანაკლებ 10%-ს.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულება და მე-4 მუხლით განსაზღვრული მინიმალური  მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა მწარმოებლების მიერ ხორციელდება ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, მწარმოებლების მიერ შექმნილი მგვ-ის შესაბამისობის ინდივიდუალური ან კოლექტიური სქემების საშუალებით, კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

3. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელს უფლება აქვს ბაზარზე განათავსოს ან განახორციელოს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების იმპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არის მგვ ორგანიზაციის წევრი.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია მოსთხოვოს მწარმოებელს მგვ შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საქონლის იმპორტისას.

5. ის მწარმოებელი, რომელიც არ გაწევრიანდება მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში, ვალდებულია შექმნას მგვ-ის ინდივიდუალური სქემა და სამინისტროს წარუდგინოს განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის  შესაბამისად.

6. მგვ-ის შესაბამისობის სქემამ უნდა უზრუნველყოს ნარჩენების მართვის პროცესის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და მე-4 მუხლით განსაზღვრული მინიმალური მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა.

7. როგორც მწარმოებლის მიერ ინდივიდუალურად, ასევე მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილი თითოეული მგვ-ის ორგანიზაცია უნდა დარეგისტრირდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

მუხლი 8. მგვ-ის ორგანიზაციის წევრობა, მგვ-ის ორგანიზაციის ვალდებულებები

1. მწარმოებლის გაწევრიანება მგვ-ის ორგანიზაციაში ხდება მწარმოებელსა და მგვ-ის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადებით. აღნიშნული ხელშეკრულება  წარმოადგენს მწარმოებლის მგვ-ის ორგანიზაციაში წევრობის დამადასტურებელ დოკუმენტს,რომელიც მგვ ორგანიზაციის მიერ ელექტრონულად უნდა იქნეს ატვირთული  „მგვ-ის რეესტრი“.

2. მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ვალდებულია:

ა) მგვ-ის ორგანიზაციაში გადაიხადოს რეციკლირების წინასწარი შენატანი მის მიერ ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების წილის შესაბამისად;

ბ) ახალ მგვ-ის ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადებისას წარადგინოს წინა მგვ-ის ორგანიზაციასთან ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) მგვ-ის ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განაახლოს მგვ-ის რეესტრში შესაბამისი მონაცემები;

დ) ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) წარუდგინოს სამინისტროს, სსიპ - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადასტურებული ინფორმაცია მის მიერ იმპორტირებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობის  (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) შესახებ, მგვ რეესტრის საშუალებით (ელექტრონულად).

3. მწარმოებელი შეიძლება იყოს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მხოლოდ ერთი მგვ-ის ორგანიზაციის წევრი. მწარმოებელმა მგვ-ის ორგანიზაციის წევრობა შესაძლებელია შეწყვიტოს მხოლოდ საანგარიშო პერიოდის დასრულებისას, ურთიერთანგარიშსწორების შემდეგ.

4. მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) დარეგისტრირდეს მგვ რეესტრში ავტორიზაციის მიღებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

ბ) ნარჩენების მართვის იერარქიის შესაბამისად დაგეგმოს და განახორციელოს  ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, დახარისხება და დამუშავება ან დამუშავებისათვის გადაცემა ამ ტექნიკური რეგლამენტისა და დანართი II-ის  მოთხოვნების შესაბამისად, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით განსაზღვრული  მინიმალური მიზნობრივი  მაჩვენებლების მიღწევა;

გ) შექმნას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების სისტემა;

დ) უზრუნველყოს თანამშრომლობა ოპერატორებთან  და შესაბამის  უფლებამოსილ პირებთან;

ე) უზრუნველყოს ორგანიზაციის ყველა წევრის თანაბარუფლებიანობა. წევრობის ხელშეკრულების ფორმა საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მგვ ორგანიზაციის ვებ გვერდზე.

ვ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის არსებული სქემების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სქემებში საზოგადოების მონაწილეობის მაღალი დონის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებას  სისტემატურად მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია;

ზ) სამინისტროს მიაწოდოს მონაცემები, ინფორმაცია და ანგარიშები მგვ-ის ორგანიზაციის მუშაობის, ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობის, რეციკლირებული და აღდგენილი ნარჩენის რაოდენობისა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მინიმალური მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ;

თ) შექმნას მდგრადი ფინანსური საფუძველი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების სეპარირებული შეგროვების, მართვის და ცნობიერების ამაღლების ხარჯების ანაზღაურებისათვის; მგვ ორგანიზაცია უფლებამოსილია შექმნას სარეზერვო ფონდი, რომლის ოდენობა განისაზღვრება ორგანიზაციის წევრ მწარმოებლების მიერ და რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეციკლირებადი მასალების უარყოფითი საბაზრო ფასის კომპენსაციისთვის და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯის დასაფარად მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის მიზნით;

ი) ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული  გეოგრაფიული დაფარვა და არ შემოიფარგლოს მხოლოდ იმ ტერიტორიით, სადაც ნარჩენების მართვა ნაკლებხარჯიანია;

კ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შექმნას შეგროვების სისტემა. ეს მოთხოვნა შესაძლებელია შესრულდეს უფლებამოსილი მგვ-ის ორგანიზაციების მიერ ერთობლივად, მათი წევრი მწარმოებლების ბაზრის წილების პროპორციულად.

ლ) შექმნას თვითმონიტორინგის სრულყოფილი მექანიზმი და ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება, რათა შეაფასოს:

ლ.ა) ორგანიზაციის ფინანსური მართვა, მათ შორის, მწარმოებლების მიერ გადახდილი წილობრივი შენატანები;

ლ.ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით მგვ-ის ორგანიზაციის მიერ შეგროვებული და სამინისტროში წარდგენილი  მონაცემების სისწორე;

მ) საჯაროდ გამოაქვეყნოს ინფორმაცია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით განსაზღვრული მინიმალური  მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ;

ნ) მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილი მგვ-ის ორგანიზაცია დამატებით ვალდებულია, საჯაროდ გამოაქვეყნოს ინფორმაცია:

ნ.ა) ორგანიზაციის წევრების შესახებ; 

ნ.ბ) ორგანიზაციის წევრების მიერ გადახდილი რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობის შესახებ; 

ნ.გ) ოპერატორების შერჩევის პროცედურის შესახებ.

ო) მგვ-ის ორგანიზაცია სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ჩაატაროს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიები მომხმარებლებისთვის, შემდეგ საკითხებზე:

ო.ა) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებში გამოყენებული ნივთიერებების შესაძლო ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;

ო.ბ)  ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების  სეპარირებულ შეგროვებაში მონაწილეობის აუცილებლობა მათი დამუშავებისა და რეციკლირების ხელშეწყობის მიზნით;

ო.გ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვაში (შეგროვება, ტრანსპორტირება, შენახვა, რეციკლირება) ჩართული კომპანიები, მათი ფუნქციები და ვალდებულებები;

ო.დ) მომხმარებლების როლი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების რეციკლირების ხელშეწყობაში;

ო.ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ VI-ში განსაზღვრული სიმბოლოს მნიშვნელობა.

პ) მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს ინფორმაცია ნარჩენების მართვაში ჩართულ ოპერატორებს ხელახალი გამოყენებისთვის მომზადებისა და დამუშავების, მოწყობილობების დამზადებისას გამოყენებული მასალებისა და კომპონენტების და მათში სახიფათო ნივთიერებების არსებობის შესახებ.

მუხლი 9. რეციკლირების წინასწარი შენატანი

1. მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილი თითოეული მგვ ორგანიზაცია თავის წევრ მწარმოებლებს განუსაზღვრავს რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობას. აღნიშნული შენატანი საკმარისი უნდა იყოს მწარმოებლის მიერ საქართველოს ბაზარზე განთავსებულ პროდუქტთან დაკავშირებული შემდეგი ხარჯების დასაფარად:

ა) ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების ხარჯები, ნარჩენების ხელახალი გამოყენებით, მეორადი ნედლეულის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით;

ბ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების დისტრიბუტორების მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის შესაბამისად უკან დაბრუნების სისტემის მართვის ხარჯები;

გ) ნარჩენების მფლობელების ინფორმირების ხარჯები;

დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მონაცემების შეგროვებისა და ანგარიშგების ხარჯები;

ე) საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული ხარჯები;

ვ) სარეზერვო ფონდის შექმნის ხარჯები;

ზ) მგვ-ის ორგანიზაციის ადმინისტრაციული ხარჯები.

2. რეციკლირების წინასწარი შენატანის ოდენობის დადგენისას, პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ცალკეული პროდუქტის ან მსგავსი პროდუქტების ჯგუფების სპეციფიკაციები, მათ შორის, პროდუქტების გამძლეობა, მათი შეკეთების, ხელახლა გამოყენებისა და რეციკლირების შესაძლებლობა და მათში სახიფათო ნივთიერებების არსებობა.

3. მგვ-ის ორგანიზაციის ხარჯები წევრებს შორის ღიად განისაზღვრება. აღნიშნული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს ნარჩენების მართვის მომსახურების ხარჯეფექტიანად შესასრულებლად საჭირო ხარჯებს.

მუხლი 10. მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია

1. საქმიანობის დაწყებამდე მგვ-ის ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ავტორიზაცია სამინისტროსგან, რისთვისაც მწარმოებლები ვალდებულნი არიან შექმნან მგვ-ის ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან სხვა მწარმოებლებთან ერთობლივად და სამინისტროს წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად, როგორც მატერიალური ისე ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი III-ით განსაზღვრულ ინფორმაციას.

2. სამინისტრო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილია 30 დღის ვადაში მოითხოვოს ხარვეზის გამოსწორება და დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა.  სამინისტრო ვალდებულია ავტორიზაციის გადაწყვეტილება მიიღოს სამი თვის ვადაში განაცხადის შემოტანის დღიდან ან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის დღიდან.

3. გადაწყვეტილება მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაციის შესახებ ძალაშია ექვსი (6) წლის განმავლობაში.

4. მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე, სამინისტროში შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის გაგრძელების თაობაზე. ეს განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი III-ით განსაზღვრულ ინფორმაციას.

5. ავტორიზაციის მიღების შემდეგ, მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია სამინისტროს შესათანხმებლად, ყოველწლიურად, წარუდგინოს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის ღონისძიებების ბიუჯეტს და გეგმას. სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ღონისძიებებს, მათ მიზნებს, განხორციელების საშუალებებს, ვადებს და შესაბამის ხარჯებს. ასევე სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს,  რომელშიც მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებები, მათი მიზნები, განხორციელების საშუალებები, ვადები და შესაბამისი ხარჯები. სამოქმედო გეგმის განხილვისას სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ერთობლივი კამპანიების ჩატარება მგვ-ის სხვა ორგანიზაციებთან ერთად.  სამოქმედო გეგმა სამინისტროს უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის წინა კალენდარული წლის 15 ნოემბრამდე. სამინისტრო 30 დღის ვადაში განიხილავს და შეითანხმებს სამოქმედო გეგმას, ან დაუბრუნებს წარმდგენს შენიშვნებით .

6. ავტორიზაციის მიღებისა და საქმიანობის დაწყებიდან  ყოველი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია:

ა)  სამინისტროს შესაფასებლად წარუდგინოს საქმიანობის დეტალური წლიური ანგარიში სამინისტროსთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.  ანგარიში უნდა შეიცავდეს მგვ-ის ორგანიზაციის წევრი მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რაოდენობებს კატეგორიების მიხედვით; შეგროვებული და გადამუშავებული ნარჩენების წონას კატეგორიების და ოპერატორების მიხედვით; ინფორმაციას აღდგენისა და რეციკლირების მინიმალური მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ; ნარჩენების მართვის სფეროში ჩართულ ეკონომიკურ ოპერატორებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს; შეგროვების პუნქტების ჩამონათვალს; ყველა ინვოისისა და ფინანსური ანგარიშებისადმი ხელმისაწვდომობას და ანგარიშებს ჩატარებული საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების შესახებ.  

ბ)  ანგარიშს უნდა ერთვოდეს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.

გ) ანგარიში სამინისტროს უნდა წარედგინოს საანგარიშო  წლის მომდევნო წლის 30 აპრილამდე.

7. სამინისტრო უფლებამოსილია გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მგვ-ის ორგანიზაციამ მიმართა სამინისტროს ატორიზაციის გაუქმების მოთხოვნით;

ბ) არ სრულდება ავტორიზაციის გადაწყვეტილებაში განსაზღვრული პირობები;

გ) ავტორიზაციის მიღებიდან მე-3 წელს არ იქნა მიღწეული ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების მინიმალური მიზნობრივი მაჩვენებლები;

დ) ადგილი აქვს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობას;

ე) სამინისტროს აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ:

ე.ა) ავტორიზაცია მოხდა ყალბი/არასწორი მონაცემების/დოკუმენტაციის საფუძველზე;

ე.ბ) მგვ-ის შესაბამისობის სქემა გაუმართავია და ვერ უზრუნველყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.

მუხლი 11. ნარჩენების შეგროვების სისტემა 

1. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების სისტემის შექმნის მიზნით მგვ-ის ორგანიზაციებმა  უნდა ითანამშრომლონ ოპერატორებთან და შესაბამის უფლებამოსილ პირებთან. სისტემა  შედგება შემდეგი სამი ელემენტისგან:

ა)  მომხმარებლისგან ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების პუნქტები და შეგროვების ცენტრები;

ბ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების რეგისტრირებული შემგროვებლების მიერ მომხმარებლისგან ნარჩენების შეგროვების მომსახურება, ასევე, შეგროვების  პუნქტებში ან შეგროვების ცენტრებში მიტანის მომსახურება;

გ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების დისტრიბუტორების მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის შესაბამისად შექმნილი, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობის ნარჩენების უკან დაბრუნების სისტემები.

2. მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შეგროვების პუნქტებიდან, დისტრიბუტორებიდან და შემგროვებლებიდან ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების ცენტრებში გადატანის ხარჯების დაფინანსება.

3. მომხმარებელი არ იხდის ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების ჩაბარების საფასურს.  

4. ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებზე მყარად და ნათლად დატანილ უნდა იქნას ამ რეგლამენტის VI დანართში მოცემული სიმბოლო – გადახაზული ბორბლებიანი კონტეინერი. მოწყობილობების ზომისა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია სიმბოლოს დაბეჭდვა შეფუთვაზე, გამოყენების ინსტრუქციაზე ან საგარანტიო ინფორმაციაზე. თუ იმპორტირებულ მოწყობილობებზე სიმბოლო უკვე დატანილია, მისი ხელახლა ასახვა არ არის საჭირო.

მუხლი 12. მომხმარებლების ვალდებულებები

1. მომხმარებელი, რომელსაც სურს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მოშორება, ვალდებულია:

ა) მიიტანოს ნარჩენები ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად შექმნილ ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების პუნქტში, ან

ბ) გადასცეს ნარჩენები ნარჩენების უფლებამოსილ შემგროვებელს,   ან

გ) გადასცეს ნარჩენები შესაბამის დისტრიბუტორებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის შესაბამისად.

2. დაუშვებელია ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების განთავსება შერეულ მუნიციპალურ ნარჩენებთან ერთად.    

 მუხლი 13. დისტრიბუტორების ვალდებულებები

1. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ის დისტრიბუტორები, რომელთა სავაჭრო სივრცის ფართობი 400 მ2 მეტია ვალდებული არიან გამოყონ შესაბამისი ადგილი ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების შეგროვებისათვის.

2. დისტრიბუტორები ვალდებული არიან მომხმარებლისგან  მიიღონ ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობის ნარჩენი იმ შემთხვევაში, თუ ის ახორციელებს მსგავსი ტიპის ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების რეალიზაციას.

3. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების დისტრიბუტორებს, მიუხედავად ფართისა, უფლება აქვთ, მომხმარებლებისგან დაიბრუნონ ნარჩენები ნებისმიერ დროს, ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.

4. დისტრიბუტორები ვალდებული არიან მათთან ხელშეკრულების მქონე მგვ-ის ორგანიზაციებს მიაწოდონ ინფორმაცია შეგროვებული ნარჩენების შესახებ, მათ მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეგროვების ცენტრებში ნარჩენების მიტანის უზრუნველსაყოფად.

5. დისტრიბუტორები ვალდებული არიან მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მათი შეძენის ადგილზე უსასყიდლოდ (მომხმარებელი ჩაბარებისთვის საფასურს არ იხდის) ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ.

6. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების დისტრიბუტორები ვალდებული არიან, ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ-ის რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები (ან არ აქვთ შექმნილი ინდივიდუალური მგვ ორგანიზაცია).

7. მწარმოებლის მგვ რეესტრში რეგისტრაცია დასტურდება მგვ რეესტრში მინიჭებული უნიკალური კოდით, ხოლო მგვ ორგანიზაციის წევრობა – მგვ ორგანიზასციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

მუხლი 14. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის

ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება კოდექსის  მე-10 თავით.

 

დანართი I

ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფეროში არსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების კატეგორიები

1)  თბოგამცვლელი ტექნიკა.

2) ეკრანების მონიტორები, 100 სმ2-ზე მეტი ფართობის მქონე ეკრანების შემცველი ტექნიკა.

3) ნათურები.

4) მსხვილი ტექნიკა (გარე ზომა 50 სმ-ზე მეტი). ამ კატეგორიაში არ შედის 1-ელ, მე-2 და მე-3 კატეგორიებში შემავალი მოწყობილობები.

5) მცირე ზომის ტექნიკა (გარე ზომა 50 სმ-ზე ნაკლები). ამ კატეგორიაში არ შედის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-6 კატეგორიებში შემავალი მოწყობილობები.

6) მცირე ზომის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო  მოწყობილობები  (გარე ზომა 50 სმ-ზე ნაკლები).

 

 

დანართი II

ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების შეგროვებისა და დასაწყობების ტექნიკური მოთხოვნები

1. ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების შეგროვებისა და დასაწყობების პუნქტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) დასაწყობების პუნქტები უნდა იყოს კლიმატური  პირობებისგან დაცული;

ბ) შეგროვებისა და დასაწყობების პუნქტები  უნდა იყოს წყალგაუმტარი და კოროზიისადმი  მდგრადი  ზედაპირითა და დაღვრის საწინააღმდეგო/შეგროვების საშუალებით აღჭურვილი;

გ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შესანახი კონტეინერი უნდა იყოს დახურულ მდგომარეობაში და ჰქონდეს შესაბამისი მარკირება „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენები.” კონტეინერები უნდა იყოს კოროზიისადმი მედეგი და  არ შედიოდეს რეაქციაში ნარჩენებში შემავალ ნივთიერებებთან.  ამასთან, ჰქონდეს შესაბამისი აერაცია/ ვენტილაცია.

2. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვება და დასაწყობება სავალდებულოა სახიფათო ნივთიერებების გაჟონვისა და დაღვრისგან დასაცავი ფოლგით აღჭურვილ პალეტებზე.

3. შესაძლებელია ისეთი ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების შეგროვებაზე უარის თქმა, რომლებიც დაბინძურების გამო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს ან თუ ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა არ შეიცავს ძირითად კომპონენტებს შეიცავს სხვა ნარჩენებს გარდა ელექტრო და ელექტრონულისა.

4. სეპარირებულად შეგროვებული ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს  ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი ხელახალი გამოყენების, აღდგენის, რეციკლირებისა და სახიფათო ნარჩენების  განცალკევებისათვის ოპტიმალური პირობები.

ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების დამუშავების ტექნიკური მოთხოვნები

1. ნარჩენების დამუშავების ობიექტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:

ა) სასწორი, რომლითაც აიწონება ობიექტში შემოსული ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები და ობიექტიდან გასული დამუშავებული  ნარჩენები და ნარჩენი ფრაქციები;

ბ) კოროზიისადმი და კლიმატის ზემოქმედებისადმი მდგრადი ზედაპირი და დაღვრის შეგროვების სისტემები, საჭიროებისამებრ დეკანტერები და გამწმენდი საშუალებები;

გ) სათანადო საცავი დაშლილი ნაწილების შესანახად;

დ) ნივთიერებების, ნარევებისა და კომპონენტებისთვის შესაბამისი კონტეინერები;

2. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების დამუშავების შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნივთიერებების შემცველი ნარჩენების ფრაქციები ნაგავსაყრელზე განთავსებამდე უნდა იყოს დამუშავებული ისე რომ მათი სახიფათო ნივთიერებების შემცველობა დაყვანილი იყოს დასაშვებ ნორმამდე.

 

ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მასალებისა და კომპონენტების სელექციური დამუშავება

1. შეგროვებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენებიდან ამოღებული უნდა იყოს სულ მცირე შემდეგი ნივთიერებები, ნარევები და კომპონენტები:

ა) პოლიქლორირებული ბიფენილების (PCBs) შემცველი კონდენსატორები;

ბ) ვერცხლისწყლის შემცველი კომპონენტები, როგორიცაა ჩამრთველები ან უკანა მხრიდან მანათობელი ნათურები;

გ) ბატარეები;

დ) მობილური ტელეფონების, ან სხვა მოწყობილობების დაბეჭდილი მიკროსქემის დაფები, თუ დაბეჭდილი მიკროსქემის დაფის ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ს აღემატება;

ე) ტონერული კარტრიჯები, თხევადი ან პასტისებრი, აგრეთვე ფერადი ტონერები;

ვ) ბრომირებული ანტიპირების შემცველი პლასტმასი;

ზ) აზბესტის ნარჩენები და აზბესტის შემცველი კომპონენტები;

თ) კინესკოპები;

ი) ქლორფტორნახშირბადები (CFC), ჰიდროქლორფტორნახშირბადები (HCFC) ან ჰიდროფტორნახშირბადები (HFC), ნახშირბადები (HC);

კ) გაზ-განმმუხტავი ნათურები;

ლ) თხევად კრისტალური ეკრანები (შესაბამის შემთხვევებში ჩარჩოსთან ერთად), რომელთა ზედაპირის ფართობი 100 სმ2-ზე მეტია და უკანა მხრიდან მანათობელი ყველა გაზ-განმმუხტავი ნათურა;

მ) გარე ელექტროსადენები;

ნ) ცეცხლგამძლე კერამიკული ბოჭკოების შემცველი კომპონენტები;

ო) რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი კომპონენტები;

პ) ელექტროლიტური კონდენსატორები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ნივთიერებებს შეიცავენ (სიმაღლე > 25 მმ, დიამეტრი > 25 მმ ან პროპორციულად ანალოგიური მოცულობა).

2. ამოღება გულისხმობს ნარჩენების მანუალურ, მექანიკურ, ქიმიურ ან მეტალურგიულ დამუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს სახიფათო ნივთიერებების, ნარევების და კომპონენტების დამუშავების პროცესში იდენტიფიცირებად ნაკადებად ან ნაკადის იდენტიფიცირებად ნაწილად განთავსებას. ნივთიერება, ნარევი და კომპონენტი ჩაითვლება იდენტიფიცირებადად, თუ შესაძლებელი იქნება მათი გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხოდ დამუშავების მონიტორინგი.  ეს ნივთიერებები, ნარევები და კომპონენტები უნდა დაექვემდებაროს აღდგენას ან განთავსებას საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N145 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების“ შესაბამისად.

3. სეპარირებულად შეგროვებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების კომპონენტები უნდა დამუშავდეს შემდეგი წესით:

ა) კინესკოპები, უნდა მოიხსნას ფლუორესცენტური საფარი;

ბ) ისეთი მოწყობილობები, რომლებიც შეიცავენ ოზონის დამშლელ აირებს ან ისეთ აირებს, რომლებსაც აქვთ 15-ზე მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალი, როგორიცაა, მაგალითად, ქაფებსა და სამაცივრო კონტურებში არსებული აირები: აირები სათანადოდ უნდა იქნეს ამოღებული და დამუშავებული;

გ) გაზ-განმმუხტავი ნათურები: ამოღებულ უნდა იქნეს ვერცხლისწყალი.

4. გარემოსდაცვითი მოსაზრებებისა და ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირებისთვის მომზადების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, ამ დანართის პირველი და მე-2 პუნქტები უნდა შესრულდეს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს კომპონენტების ან მთლიანად მოწყობილობების ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირებისათვის გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხოდ მომზადების პროცესს.

 

დანართი IIΙ

 

მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის წარსადგენი განაცხადის შინაარსი

 

განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1. განაცხადის წარმდგენი

ა) მგვ ორგანიზაციის სახელი, იურიდიული მისამართი, ეკონომიკური საქმიანობის კოდი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ბ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლის/წევრი მწარმოებლების მონაცემები (სახელი/სახელწოდება, იურიდული მისამართი, ეკონომიკური საქმიანობის კოდი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გ) ინფორმაციას ინდივიდუალური და კოლექტიური სქემის მგვ ორგანიზაციაში მწარმოებელთა ბაზრის წილის შესახებ (მთლიანი ბაზრის არანაკლებ 10%-ისა);

დ) ხელმისაწვდომობის შემთხვევაში გასული სამი წლის განმავლობაში მწარმოებლის (წევრი მწარმოებლების) მიერ ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების სახეობა და წლიური რაოდენობა ტექნიკური რეგლამენტის I დანართში მოცემული კატეგორიების მიხედვით.

2. არსებული მდგომარების აღწერა:

ა) საქართველოს ბაზარზე წევრი მწარმოებლების მიერ მიმდინარე წელს  განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების წლიური რაოდენობისა და მომავალი ტენდენციების შეფასება;

ბ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკის შეფასება, სამიზნე მასალების აღდგენისა და რეციკლირების პროცენტული მაჩვენებლის მითითებით;

გ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის არსებული ინფრასტრუქტურის, მათ შორის შეგროვების, დახარისხების ცენტრების, ნარჩენების აღდგენის ან რეციკლირების ობიექტების, და სხვ. ანალიზი;

დ) საქართველოში არსებული ბაზრის შეფასება რეციკლირებული მასალების ათვისების თვალსაზრისით.

3.  მგვ-ის შესაბამისობის სქემის აღწერა

ა) სქემის განხორციელების მეთოდოლოგიისა და ნარჩენების მართვის ღონისძიებების აღწერა;

ბ) მოსალოდნელი შედეგები;

გ) სქემის განხორციელებისთვის და გაფართოებისათვის საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის აღწერა;

დ) ინფორმაცია ახალი სამუშაო ადგილების შესახებ.

4. გეოგრაფიული დაფარვის არეალი:

მითითებული უნდა იყოს მგვ-ის შესაბამისობის სქემის გეოგრაფიული დაფარვის არეალი, სამიზნე მოსახლეობა და მისი სიმჭიდროვე, და სხვ. 

 5. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის მეთოდების აღწერა:

მგვ-ის შესაბამისობის სქემის მეთოდოლოგია დეტალურად უნდა იქნეს აღწერილი, ხოლო მართვის მეთოდის/მეთოდების (ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების სეპარირებული  შეგროვება, ტრანსპორტირება, დროებითი შენახვა, დამუშავება და რეციკლირება-აღდგენა) აღწერა  დასაბუთებული ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური კრიტერიუმების საფუძველზე. ასევე, მოკლედ უნდა იყოს აღწერილი ტექნიკური ასპექტები და საქმიანობის თავისებურებები.

 6.  მგვ-ის შესაბამისობის სქემის ტექნიკური და ეკონომიკური შეფასება მოიცავს:

ა) სქემის (ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის ღონისძიებები) ტექნიკურ-ეკონომიკურ მიზანშეწონილობას;

ბ) მოსალოდნელ შედეგებს;

გ) განხორციელების მეთოდოლოგიას;

დ) სქემის განხორციელებისთვის და გაფართოებისათვის საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის აღწერას;

ე) სქემის მუშაობისთვის შესაბამისი პერსონალის შესახებ ინფორმაციას;

ვ) ინფორმაციას ახალი სამუშაო ადგილების შესახებ;

ზ) გარემოსდაცვით სარგებელს, რომელიც განპირობებულია მართვის ღონისძიებებით, მეთოდებითა და ისეთი პრობლემების გადაჭრით, როგორიცაა დამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენის განთავსება;

თ) ფინანსურ მონაცემებს.

7. ბიუჯეტი:

ა) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენებიდან და რეციკლირებული ნარჩენებიდან  მიღებული შემოსავალი - მასალების შესაბამისად;

ბ) ხარჯები და მათი განაწილება;

გ) შესაძლო ზიანის ანაზღაურება;

8. მგვ-ის ორგანიზაციის წინასწარი ხელშეკრულებები მხარეებთან:

მგვ ორგანიზაციების ხელშეკრულებები  პირებთან, რომლებიც მონაწილეობენ ნარჩენების მართვაში, (დისტრიბუტორები, შემგროვებლები, დამუშავების, აღდგენისა და რეციკლირების  უფლებამოსილი ობიექტები და ა.შ.)

9. საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები:

კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა ჩატარებასაც მგვ-ის ორგანიზაცია გეგმავს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების მიზნით.

 

 

დანართი IV

 

ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების სეპარირებული შეგროვების  მინიმალური მიზნობრივი მაჩვენებლები კატეგორიების და წლების მიხედვით

 

კატეგორიები

2022

2023

2024

2025

2026

2027

2028

2029

2030

2031

1.თბოგამცვლელი ტექნიკა

20%

25%

30%

45%

50%

53%

55%

57%

58%

60%

2.ეკრანები, მონიტორები და 100 სმ2-ზე მეტი ფართობის მქონე ეკრანების

შემცველი ტექნიკა

5%

6%

7%

8%

9%

10%

12%

15%

18%

20%

3. ნათურები

20%

25%

30%

35%

40%

45%

50%

60%

70%

80%

4.მსხვილი ტექნიკა (გარე ზომა 50 სმ-ზე მეტი)

25%

30%

40%

55%

65%

70%

75%

80%

82%

85%

5. მცირე ზომის ტექნიკა (გარე ზომა 50 სმ-ზე ნაკლები)

5%

6%

7%

8%

9%

10%

12%

15%

18%

20%

6. მცირე ზომის საინფორმაციო  და სატელეკომუნიკაციო  მოწყობილობები 

(გარე ზომა 50 სმ-ზე ნაკლები)

5%

6%

7%

8%

9%

10%

12%

15%

18%

19%

 

 

 

დანართი V

შეგროვებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების ხელახალი გამოყენებისათვის მომზადების, აღდგენისა და რეციკლირების მინიმალური მიზნობრივი მაჩვენებლები კატეგორიების და წლების მიხედვით

 

კატეგორიები

 

2022

2023

2024

2025

2026

2027

2028

2029

2030

2031

1.თბოგამცვლელი ტექნიკა

აღდგენა

51%

56%

61%

66%

72%

76%

80%

83%

87%

85%

 

ხელახალი გამოყენება და

რეციკლირება

50%

55%

60%

65%

70%

72%

74%

76%

78%

80%

2.ეკრანები, მონიტორები და 100 სმ2-ზე მეტი ფართობის

მქონე ეკრანების შემცველი ტექნიკა

აღდგენა

12%

20%

25%

30%

35%

45%

55%

65%

75%

80%

ხელახალი გამოყენება და

რეციკლირება

10%

15%

20%

25%

30%

40%

50%

60%

65%

70%

3. ნათურები

აღდგენა

80%

80%

80%

80%

80%

80%

80%

80%

80%

80%

ხელახალი გამოყენება და

რეციკლირება

80%

80%

80%

80%

80%

80%

80%

80%

80%

80%

4. მსხვილი ტექნიკა (გარე ზომა 50 სმ-ზე მეტი)

აღდგენა

58%

62%

67%

72%

75%

78%

80%

82%

84%

85%

ხელახალი გამოყენება და

რეციკლირება

55%

60%

65%

70%

72%

74%

76%

78%

79%

80%

5. მცირე ზომის ტექნიკა (გარე ზომა 50 სმ-ზე ნაკლები)

აღდგენა

15%

20%

25%

30%

35%

40%

45%

55%

65%

75%

ხელახალი გამოყენება და რეციკლირება

10%

15%

20%

25%

30%

35%

40%

45%

50%

55%

6. მცირე ზომის საინფორმაციო  და სატელეკომუნიკაციო 

მოწყობილობები  (გარე ზომა 50 სმ-ზე ნაკლები)

აღდგენა

15%

20%

25%

30%

35%

40%

45%

55%

65%

75%

ხელახალი გამოყენება და

რეციკლირება

10%

15%

20%

25%

30%

35%

40%

45%

50%

55%

 

 

 

დანართი VI

სეპარირებული შეგროვების აღმნიშვნელი სიმბოლო ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებზე

 

სეპარირებული შეგროვების აღმნიშვნელი სიმბოლო ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებზე – გადახაზული ბორბლებიანი კონტეინერი.