საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016645
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/212
09/06/2020
ვებგვერდი, 10/06/2020
040030000.22.024.016645
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/06/2020 - 24/11/2021)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/212

2020 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 მარტის №148 დადგენილების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს თანდართული დებულება.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების  სააგენტოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან საქართველოს მიერ დადებული ხელშეკრულებებით, სამოქმედო სახელმძღვანელოებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

4. სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0179, ნ. რამიშვილის ქ. №33.

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები

1. სააგენტოს მიზნებია:

ა) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განხორციელებასთან  დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში.

2. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის ინვესტორის (კერძო პარტნიორის) შერჩევის მიზნით შესაბამისი შერჩევის პროცესის გამოცხადება და წარმართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) შერჩეულ ინვესტორთან (კერძო პარტნიორთან) გაფორმებული საინვესტიციო/საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, მათ შორის:

ბ.ა) ინვესტორის (კერძო პარტნიორის) მიერ საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი საკითხების განხილვა და შეთანხმება, საინვესტიციო ხელშეკრულებით დადგენილი წესით;

ბ.ბ) საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი ქმედებებისა და რეაგირების კოორდინაცია, საქართველოს კანონმდებლობისა და კომპეტენციის შესაბამისად;

ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამსესხებლებთან (კრედიტორიებთან), ასევე ტერმინალის ოპერატორთან  მოლაპარაკებებში მონაწილეობა;

ბ.დ) ინვესტორის (კერძო პარტნიორის) მიერ ვალდებულებების დარღვევის, ვადაგადაცილების ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობითა და საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედებების უზრუნველყოფა, მათ შორის, შესაბამისი შეტყობინებ(ებ)ის გაგზავნა, პირგასამტეხლოს დაკისრება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და შესაბამისი უზრუნველყოფის საშუალებების აღსრულების მოთხოვნა, კომპეტენციის ფარგლებში;

ბ.ე) ინვესტორის მიერ წარმოდგენილი შუალედური და სხვა ანგარიშების, ასევე ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციისა და დოკუმენტების (მათ შორის, კვლევების, აუდიტის/საექსპერტო დასკვნების) შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

გ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განსახორციელებლად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სააგენტო მისი საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოსგან, ასევე ინვესტორისგან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) საჭიროების შემთხვევაში თავისი საქმიანობის მიზნებისთვის განახორციელოს ნავსადგურის ან/და ნავსადგურისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება;

გ) მოითხოვოს ინვესტორისგან საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების დადასტურების მიზნით შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარმოდგენა, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საინვესტიციო (საჯარო და კერძო თანამშრომლობის) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. სააგენტოს დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას;

გ) საშტატო ნუსხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, სააგენტოს მოსამსახურეებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს;

დ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ე) ზედამხედველობს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

ვ)  უფლებამოსილია, მინისტრთან შეთანხმებით, სააგენტოში დასაქმებულ პირებზე გასცეს დანამატი, საქართველოს შრომის კოდექსის  მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოსა ან/და სამინისტროს საქმიანობასთან, ასევე თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციების შესრულებისათვის თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

ზ) მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ორმხრივი ან მრავალმხრივი ურთიერთობისას;

თ) სააგენტოს სახელით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს აწერს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს, საბიუჯეტო და ბუღალტრულ დოკუმენტაციას, სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს;

ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

კ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას კომისიები და სხვა სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება და საქმიანობის წესი;

ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ლოგოს და ბეჭედს;

მ) გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტებს – მინდობილობას;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს დირექტორის წინაშე. სააგენტოს დირექტორის მოადგილეებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი, სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. სააგენტოს დირექტორის დროებით არყოფნის, მათ შორის მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოვალეობებს. სააგენტოს დირექტორის სხვა შემთხვევაში არყოფნისას, მის უფლებამოსილებებს ასრულებს სააგენტოს დირექტორის ერთერთი მოადგილე, მინისტრის ბრძანების საფუძველზე.  

5. დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში.

მუხლი 4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 5. სააგენტოს დაფინანსება და ქონება

1. სააგენტოს ქონება შედგება მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;

დ) შემოწირულობები.

მუხლი 6. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება

სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

მუხლი 7. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სააგენტოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

მუხლი 8. დებულებაში ცვლილებების შეტანა

სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.