„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების თაობაზე

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 463
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 080080040.10.003.022180
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
463
23/07/2020
ვებგვერდი, 24/07/2020
080080040.10.003.022180
„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/07/2020 - 15/10/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №463

2020 წლის 23 ივლისი

 ქ. თბილისი

 

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესი.

 

მუხლი 2
ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას იმოქმედონ, მათ შორის, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესის შესაბამისად.

 

მუხლი 3
1.  დადგენილება,  გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



 

 

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესი

 


მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესის (შემდგომში − წესი) მიზანია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის ხელშეწყობა.

2. ეს წესი განსაზღვრავს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების პრევენციისა და გამოვლენის პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლებამოსილებებსა და კოორდინირებულად მუშაობის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საბიუჯეტო ორგანიზაცია – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია;

ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას;

გ) სკოლა − „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა;

დ) სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე;

ე) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) – „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაწესებულება (თავშესაფარი);

ვ) სქესობრივი დანაშაული − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით, 1431 და 1432 მუხლებით (თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას), 1441 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 253-ე მუხლით, 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული  ჩადენილია  არასრულწლოვნის  მიმართ),   255-ე მუხლის  მე-2−მე-4 ნაწილებით, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული;

ზ) უფლებაჩამორთმეული პირი − პირი, რომელსაც სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთვა ერთი ან რამდენიმე უფლება;

თ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა − საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ი) რეესტრი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი ელექტრონული ბაზა, რომელშიც შეტანილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები.

მუხლი 3. სქესობრივ დანაშაულებზე ნასამართლევ პირთა ცალკეულ დაწესებულებებში დასაქმების/საქმიანობის აკრძალვა

1. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ პირს ეკრძალება შემდეგ დაწესებულებებში დასაქმება/საქმიანობა:

ა) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა;

გ) არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევი დაწესებულება, მათ შორის, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება;

დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი);

ე) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი;

ვ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალიზებული დაწესებულება;

ზ) „პროფესიული განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული პროფესიული ან სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება;

თ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში იკრძალება სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლევი პირის დასაქმება, მიუხედავად იმისა, პირს მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში, არასრულწლოვნის უფლებებზე ზეგავლენის მომხდენი გადაწყვეტილების მიღებისას, დაწესებულება ვალდებულია კონკრეტულ პირს მოსთხოვოს ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარდგენა. არასრულწლოვნის უფლებებზე ზეგავლენის მომხდენი გადაწყვეტილების მიღება გულისხმობს აღნიშნულ დაწესებულებებში ან/და ამ დაწესებულებების ბაზაზე არასრულწლოვნისთვის სახელოვნებო, სასპორტო, სასწავლო/საწვრთნელი ან სხვა ნებისმიერი სახის მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის მიცემას იმ პირისათვის, რომელიც აღნიშნული დაწესებულების პერსონალი არ არის. დაუშვებელია ამგვარი უფლების მინიჭება სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლევი ან უფლებაჩამორთმეული პირისთვის.

4. სოციალური მუშაკი, აგრეთვე, არ შეიძლება იყოს სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დასაქმება, მისთვის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემა ან შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება შესაბამისი დაწესებულების მიერ, გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17314 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება პირის დასაქმების იმ შემთხვევაზე, როდესაც პირს ამ მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი.

მუხლი 4. უფლების ჩამორთმევა

1. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პირს შეიძლება ჩამოერთვას ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი უფლება:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;

გ) არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ აღნიშნულმა პირმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანის მიმართ, ან თუ მან ჩაიდინა იმავე კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით (თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას), 1441 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 253-ე მუხლით, 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვანის მიმართ), 255-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 2551 და 2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული;

დ) სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება;

ე) საექიმო საქმიანობის უფლება;

ვ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

ზ) პასიური საარჩევნო უფლება;

თ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

ი) სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება;

კ) სხვა საქმიანობის უფლება, რომლის ჩამორთმევასაც, დამნაშავის პიროვნებისა და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს.

2. პირს, რომელსაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის უფლება, შესაბამისი დაწესებულების მიერ მისთვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება/დასაქმება ან საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემა, წარმოადგენს  ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობას და გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

მუხლი 5. აღსრულება და მონიტორინგი

1. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის/უფლებაჩამორთმეული პირის დასაქმების აკრძალვის აღსრულებას ახორციელებს დამსაქმებელი, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებები ვალდებული არიან, პირს დაწესებულებაში დასაქმებამდე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, მოსთხოვონ სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია, მათ შორის, მოხსნილი ან/და გაქარწყლებული ნასამართლობის შესახებ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებები, აგრეთვე დამსაქმებლები სოციალურ მუშაკად პირის დასაქმებამდე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, ვალდებულნი არიან, პირს მოსთხოვონ სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

4. სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან, პირს ექიმად დასაქმებამდე მოსთხოვონ უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

5. სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ან/და უფლებაჩამორთმეული პირისთვის დასაქმების აკრძალვის აღსრულების პერიოდულ მონიტორინგს კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგი უწყებები:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

ე) მუნიციპალიტეტი.

6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უწყებების კომპეტენციას არ მიეკუთვნება ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების, აგრეთვე სოციალური მუშაკების საქმიანობის კონტროლი, ნასამართლევი ან/და უფლებაჩამორთმეული პირის დასაქმების აკრძალვის აღსრულების პერიოდულ მონიტორინგს ახორციელებს დაწესებულების ზემდგომი/კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო.

7. თუ დაწესებულებას/დამსაქმებელს არ ჰყავს ზემდგომი/ კონტროლის განმახორციელებელი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო, მის მიერ ნასამართლევი ან/და უფლებაჩამორთმეული პირის დასაქმების აკრძალვის აღსრულების პერიოდულ მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

8. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში უფლებაჩამორთმეული პირის დასაქმების აკრძალვის აღსრულების მონიტორინგს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუ სასამართლოს განაჩენით სხვა რამ არ არის დადგენილი.

9. მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია, ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული აღმასრულებელი დაწესებულებიდან წელიწადში არაუმეტეს სამჯერ გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამის დაწესებულებაში დასაქმებული პირების ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის შესახებ ან/და შექმნას ამ დაწესებულებაში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობის მექანიზმები. გამოთხოვილი ინფორმაცია მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოში ინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

10. დამსაქმებელი/მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია საჭიროებისამებრ სქესობრივი დანაშაულების პრევენციის მიზნით კონსულტაციისთვის/დახმარებისთვის მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, კომპეტენციის ფარგლებში, აღმოუჩინოს მას დახმარება/გაუწიოს კონსულტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

11. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განმახორციელებელი უწყება (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები) გამოავლენს სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის შესაბამის დაწესებულებაში დასაქმების ფაქტს, იგი უზრუნველყოფს აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად რეაგირებასა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას. გატარებული ზომების შესახებ (მათ შორის, ინფორმაცია სამართალდარღვევაზე რეაგირების, სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

12. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განმახორციელებელი უწყება გამოავლენს სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის უფლებაჩამორთმეული პირის შესაბამის დაწესებულებაში დასაქმების ფაქტს, იგი უზრუნველყოფს  დარღვევაზე რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, აღნიშნული ფაქტის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას შესაძლო დანაშაულის ფაქტზე რეაგირების მიზნით.

მუხლი 6. ცალკეული უფლების ჩამორთმევის აღმასრულებელი სუბიექტები

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღსრულებას.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღსრულებას.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, კომპეტენციის შესაბამისად, უზრუნველყოფენ „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღსრულებას.

4. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები უფლებამოსილი არიან, გაამკაცრონ შესაბამის დაწესებულებებში პირთა შესვლისა და გასვლის რეჟიმი, სქესობრივი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით, განახორციელონ ვიდეომეთვალყურეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების აღსრულების მიზნით, პერიოდულად, თუმცა არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, კოორდინირებულად, ახორციელებენ უფლებაჩამორთმეული პირის საცხოვრებელ ადგილზე ვიზიტს.

მუხლი 7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადი კომპეტენციები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების საერთო კოორდინირებას.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სქესობრივ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრის შექმნასა და წარმოებას;

ბ) მსჯავრდებულთა/უფლებაჩამორთმეულ პირთა შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაციას და, საჭიროებისამებრ, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონულ ფორმატში;

გ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში პერიოდულ დაბარებას;

დ) მსჯავრდებულისთვის/უფლებაჩამორთმეული პირისთვის წერილობით განმარტებას „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებისა და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ;

ე) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას;

ვ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღსრულებას;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

3. თუ სქესობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის ადგილსამყოფელი უცნობია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, პირის საცხოვრებელი ადგილის/ადგილსამყოფლის ან/და სამუშაო ადგილის დადგენის მიზნით, საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ ან მოსთხოვოს მათ, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიების გატარება სქესობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

4. სქესობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საცხოვრებელი ადგილის/ ადგილსამყოფელის დაუდგენლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, განახორციელოს პრევენციული საპოლიციო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით.

მუხლი 8. ინფორმაციის გაცვლა დაწესებულებებს შორის

1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან  გათავისუფლების,  გაქცევის, პატიმრობის კოდექსის  27-ე მუხლით დადგენილი წესით პენიტენციური დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, იმავე კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში − კომისია) მიერ პირისათვის ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენის ან უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა, მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, კომისიას მიაწოდოს უფლებაჩამორთმეულ პირთან დაკავშირებით რეესტრში დაცული ინფორმაცია, თუ აღნიშნული საჭიროა ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენის ან უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

4. თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ სქესობრივი დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებს, სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პერსონალურ მონაცემებს აცნობებს იმ კონკრეტულ დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზედაც მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ სქესობრივი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობს. დაწესებულებას/უწყებას შესაძლოა, ეცნობოს: პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი), ფოტოსურათი, საკონტაქტო მონაცემები, აგრეთვე  წარსულში ჩადენილი დანაშაულებისა და მისგან მომდინარე საფრთხის/დანაშაულის შესაძლო ჩადენის რისკების არსებობის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისი უწყების/დაწესებულების სათანადოდ უფლებამოსილ პირს ინფორმაციის გაცნობამდე წერილობითი ფორმით აფრთხილებს ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და მისი არაუფლებამოსილი პირისათვის გადაცემის აკრძალვის შესახებ. ეს დაწესებულება/უწყება ვალდებულია, მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის საფრთხის შემცველი ქმედების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროსთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება. სამინისტრო ამ შეტყობინებაზე რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მონიტორინგის განმახორციელებელ უწყებებს შორის ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია, განხორციელდეს ელექტრონული ფორმატით.

6. თუ რეესტრში შეყვანილი პირის მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, რეესტრში დაცული მონაცემები გადასცეს საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს, ასევე შესაბამის საგამოძიებო უწყებას.

მუხლი 9. პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიები

1. სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულთა/უფლებაჩამორთმეულ პირთა მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად, კანონიერად, არ უნდა იქნეს გამოყენებული იმგვარად, რომ შეუთავსებელი იყოს ამ წესით გათვალისწინებულ მიზნებთან.

2. სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის დაწესებულებას და მოითხოვოს მის შესახებ დაცული ინფორმაცია, რაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მიეწოდოს, გარდა ოპერატიული და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

3. ყველა უწყებას ეკისრება კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მსჯავრდებულების/ უფლებაჩამორთმეული პირების შესახებ ინფორმაციის ფლობისას.

მუხლი 10. ანგარიშგება

ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უწყებები, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 მაისისა, წარუდგენენ ინფორმაციას „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ, განზოგადებული სტატისტიკის სახით.

მუხლი 11. სხვა დებულებები

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით, ამ წესით გათვალისწინებული სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცენ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.