აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 138-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 18/08/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010330000.30.056.016092
138-უ.ს.რ.ს.
18/08/2020
ვებგვერდი, 18/08/2020
010330000.30.056.016092
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ

ეს კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-17 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებსა და  საპატიო წოდებებს იმ პირთა დასაჯილდოებლად, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში.

მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების დადგენისა და მინიჭების საფუძვლებისა და წესის, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების სახეობებისა და შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემლების  ოდენობების განსაზღვრა.

მუხლი 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების სახეობები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოების სახეობებია:

ა)  ტბელ აბუსერისძის ორდენი – I ხარისხის, II ხარისხის, III ხარისხის;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედალი.

2. საპატიო წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს საზოგადოებრივი ცხოვრების  სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.


მუხლი 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით დაჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების პირობები
1. ტბელ აბუსერისძის ორდენით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში – მმართველობის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს, განათლების, კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგის განვითარებაში − შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სპორტული მიღწევისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის. ტბელ აბუსერისძის  ორდენი სამი ხარისხისაა:

ა) ტბელ აბუსერისძის  III ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი გამორჩეული საქმიანობისათვის;

ბ) ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი  კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის ან სხვა დარგში გამოჩენილი მოღვაწეობისათვის, საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის;

გ) ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედლით ჯილდოვდება პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში ღირსეული სამსახურისათვის.

3. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს განათლების, კულტურის, მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ხელოვნების, სპორტის ან საზოგადოებივი ცხოვრების სხვა სფეროში მოღვაწე პირს   შესაბამისი სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

4. ამ მუხლით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით კალენდარული წლის განმავლობაში შეიძლება დაჯილდოვდეს  არაუმეტეს 3-3 პირი.

5. საპატიო წოდება კალენდარული წლის განმავლობაში შეიძლება მიენიჭოს  არაუმეტეს 6 პირს.


მუხლი 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის  ნიმუშების დამტკიცების წესი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის ნიმუშებს ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებით დაჯილდოებისა და  საპატიო წოდებების მინიჭების წესი
1. პირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი ჯილდოვდება და პირს საპატიო წოდება ენიჭება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი პირობებისა და წესის შესაბამისად.

2. ამ კანონით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი ჯილდოვდება და საპატიო წოდება ენიჭება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება ამ კანონით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი  დაჯილდოვდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი და საპატიო წოდება მიენიჭოს, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

3. პირს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი აჯილდოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. პირს საპატიო წოდებას ანიჭებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის, მუნიციპალიტეტის მერის ან/და სხვა თანამდებობის პირის წარდგინების საფუძველზე.

4. პირს, რომელიც ჯილდოვდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდო, ხოლო პირს, რომელსაც ენიჭება საპატიო წოდება გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და სამკერდე ნიშანი.

5. დაჯილდოებულ პირს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს და შესაბამის მოწმობას, ასევე საპატიო წოდებამინიჭებულ პირს საპატიო წოდებას და სამკერდე ნიშანს საზეიმოდ გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან მისივე გადაწყვეტილების (რეზოლუციის) საფუძველზე, ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი.

6. დაჯილდოებული პირი ახალი დამსახურებისათვის შეიძლება კვლავ დაჯილდოვდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი, ასევე საპატიო წოდებამინიჭებულ პირს ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ მიენიჭოს საპატიო წოდება, თუ კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. პირის გარდაცვალების შემდეგ მისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოებისა და მისთვის საპატიო წოდების მინიჭების შემთხვევაში ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა ამ პირის მემკვიდრეს (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოთი დაჯილდოებისა და საპატიო წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტასთან დაკავშირებული საპროცედურო და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  დადგენილებით.

9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსა და შესაბამისი მოწმობის, აგრეთვე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო წოდების მოწმობისა და სამკერდე ნიშნის აღწერილობებს განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.


მუხლი 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსა და საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის დუბლიკატების გაცემის წესი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსა და საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის დუბლიკატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის  ბრძანებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  მფლობელ პირს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება.

მუხლი 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობები
1. პირს ამ კანონით გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსთან და  საპატიო წოდებასთან ერთად ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი შემდეგი ოდენობით:

ა) ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენისათვის – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

ბ) ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენისათვის – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენისათვის – 3 000 (სამი ათასი) ლარი;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედლისათვის – 2 000 (ორი ათასი) ლარი;

ე) საპატიო წოდებისათვის – 1000 (ერთი ათასი) ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოსა და საპატიო წოდებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლები გაიცემა შესაბამისი წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით ამ მიზნით განსაზღვრული ასიგნებებიდან.


მუხლი 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს  ჩამორთმევა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს  დაჯილდოებული პირის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოზე წარმდგენი თანამდებობის პირის შუამდგომლობით.

მუხლი 9. კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები
2020 წლის 31 აგვისტომდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა და ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.


მუხლი 10. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლისა, ამოქმედდეს 2020 წლის 31 აგვისტოდან.

2. ამ კანონის მე-9 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე

 

ბათუმი,

18 აგვისტო 2020 წ.

N138-უ.ს.რ.ს.