ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017055
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
126
26/08/2020
ვებგვერდი, 27/08/2020
140130000.22.034.017055
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/08/2020 - 22/10/2020)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №126

2020 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 310 პუნქტის, 101 მუხლის მე-15 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების თანდართული წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური



ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესი (შემდგომ – წესი) არეგულირებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესს, ელექტრონული საშუალების ტექნიკურ მახასიათებლებსა და მისი ექსპლუატაციის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ელექტრონული საშუალება – ელექტრონული სამაჯურის (გადამცემი) და მოძალადის/მსხვერპლის მიმღები აპარატის ერთობლიობა;

ბ) ელექტრონული სამაჯური – გადამცემი, რომელიც დამაგრებულია მოძალადის სხეულზე;

გ) მოძალადის მიმღები აპარატი – მიმღები აპარატი მოძალადისთვის, რომელიც ახდენს მოძალადისა და მსხვერპლის ადგილმდებარეობის მონიტორინგს და მოძალადეს განგაშის სიგნალის მეშვეობით ატყობინებს მსხვერპლთან მიახლოებას გეოგრაფიული ზონების შესაბამისად;

დ) მსხვერპლის მიმღები აპარატი – მიმღები აპარატი მსხვერპლისთვის, რომელიც ახდენს მსხვერპლისა და მოძალადის ადგილმდებარეობის მონიტორინგს და მსხვერპლს განგაშის სიგნალის მეშვეობით ატყობინებს მოძალადის მოახლოებას გეოგრაფიული ზონების შესაბამისად;

ე) მონიტორინგის ცენტრი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში არსებული ცენტრი, საიდანაც იმართება ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა;

ვ) ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა – აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც ხორციელდება ელექტრონული ზედამხედველობა მონიტორინგის ცენტრის მიერ;

ზ) მოძალადე – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ელექტრონულ ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირი;

თ) სამინისტრო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ი) უფლებამოსილი მოსამსახურე – მონიტორინგის ცენტრის მოსამსახურე;

კ) სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო – სამინისტროს ის ორგანო, რომელმაც გამოსცა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი ან რომელიც ახორციელებს მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად დაწესებული შემაკავებელი ორდერისა და ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას;

ლ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

მუხლი 3. ელექტრონული ზედამხედველობა

1. ელექტრონული ზედამხედველობა არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 32 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების უზრუნველსაყოფად დაწესებული ღონისძიება, რომლითაც ხორციელდება მოძალადის მსხვერპლთან მიახლოების კონტროლი.

2. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების დაწესება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე და ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებას პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე.

3. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით.

4. პოლიციელი ელექტრონული ზედამხედველობის დაწყებისას მოძალადესა და მსხვერპლს განუმარტავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მათ უფლება-მოვალეობებს, ელექტრონული საშუალების ექსპლუატაციის ინსტრუქციას და პასუხისმგებლობას აღნიშნული წესების დარღვევისათვის.

5. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმს თან ახლავს ელექტრონული საშუალების ექსპლუატაციის ინსტრუქცია.

6. მოძალადისათვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას უზრუნველყოფს სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი.

7. ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად მოძალადისთვის შესაბამისი ელექტრონული სამაჯურის სხეულზე დასამაგრებლად სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია მოძალადე მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის განხორციელება ადგილზე შეუძლებელია. მოძალადეს გადაადგილების უფლების შეზღუდვისას გასაგები ფორმით განემარტება შემდეგი უფლებები:

ა) პოლიციაში მიყვანის საფუძველი;

ბ) ადვოკატის ყოლის უფლება;

გ) სურვილის შემთხვევაში, მისი პოლიციაში მიყვანის ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.

8. მოძალადის პოლიციაში მიყვანისას დგება მიყვანის შესახებ ოქმი (დანართი 1), რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები მოძალადის შესახებ; პოლიციაში მიყვანის დრო და საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენელი თანამდებობის პირი და მოძალადე. თუ მოძალადე უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში მიეთითება. მიყვანის შესახებ ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მოძალადეს, ხოლო მეორე – რჩება ოქმის გამომცემ ორგანოში.

9. მოძალადე პოლიციაში უნდა დაყოვნდეს ელექტრონული საშუალების დამაგრებისთვის საჭირო გონივრული ვადით. პოლიციაში მიყვანის პროცედურის (გადაადგილების უფლების შეზღუდვის დაწყების მომენტიდან) საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 საათს.

10. მოძალადის ადგილზე არყოფნისას, მოძალადისათვის ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის შემთხვევაში, პოლიცია უფლებამოსილია პირი დაიბაროს სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად. პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილია განახორციელოს მოძალადის ძებნა ქვეყნის მასშტაბით.

11. პოლიცია უფლებამოსილია ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ღონისძიებები.

12. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში.

მუხლი 4. ელექტრონული საშუალების გაცემა

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ელექტრონულ საშუალებას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსს.

2. უფლებამოსილ პოლიციელს ელექტრონულ საშუალებას გადასცემს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი.

3. ელექტრონული საშუალების გაცემის/დაბრუნების თითოეული შემთხვევის აღრიცხვა სავალდებულოა.

მუხლი 5. ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები

1. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ:

ა) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შემდეგი თანამდებობის პირები:

ა.ა) ოცეულის მეთაური;

ა.ბ) ათეულის მეთაური;

ა.გ) პატრულ-ინსპექტორი;

ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შემდეგი თანამდებობის პირები:

ბ.ა) უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი;

ბ.ბ) უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;

ბ.გ) მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი;

ბ.დ) მართლწესრიგის ოფიცერი;

ბ.ე) დეტექტივ-გამომძიებელი;

ბ.ვ) დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი;

ბ.ზ) უფროსი დეტექტივი;

ბ.თ) დეტექტივი;

ბ.ი) უფროსი გამომძიებელი;

ბ.კ) გამომძიებელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები უზრუნველყოფენ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის აღრიცხვას სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტის სისტემაში დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მათი გამოცემიდან 12 საათისა.

3. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემისთანავე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები მონიტორინგის ცენტრს დაუყოვნებლივ ტელეფონით ატყობინებენ აღნიშნული ოქმის გამოცემის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული საშუალების გააქტიურების მიზნით. ამასთან, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის ასლი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის („eflow“) საშუალებით მონიტორინგის ცენტრსა და სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეგზავნებათ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 12 საათისა.

 

თავი II. ელექტრონული საშუალების ტექნიკური მახასიათებლები

მუხლი 6. ელექტრონული სამაჯური

1. ელექტრონული სამაჯური, როგორც წესი, მაგრდება მოძალადის ქვედა კიდურზე (წვივზე), გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ელექტრონული სამაჯურის დამაგრება მოძალადის ქვედა კიდურზე. ასეთ შემთხვევაში ელექტრონული სამაჯური მაგრდება მოძალადის მაჯაზე.

2. ელექტრონული სამაჯური მაგრდება იმგვარად, რომ მისი მოხსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია.

3. ელექტრონული სამაჯურის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მოწყობილობით.

4. ელექტრონული სამაჯური არის წყალგამძლე, ფუნქციონირებს წყალში 5 მეტრის სიღრმემდე.

5. ელექტრონული სამაჯური უძლებს დაბალ (-25 გრადუსი ცელსიუსით) და მაღალ ტემპერატურას (+50 გრადუსი ცელსიუსით).

მუხლი 7. მოძალადის მიმღები აპარატი

1. მოძალადის მიმღები აპარატი ახორციელებს მოძალადის მიერ მსხვერპლთან/მსხვერპლის სამსახურთან, სახლთან და სხვა აკრძალულ ტერიტორიასთან მიახლოების მონიტორინგს.

2. მოძალადის მიმღები აპარატი აღჭურვილია ელემენტით, რომლის მუშაობის ხანგრძლივობაც არის 24 საათი. ელემენტის დამუხტვის მიზნით მოძალადის მიმღები აპარატი პერიოდულად საჭიროებს დენის წყაროსთან მიერთებას.

3. მოძალადის მიმღებ აპარატს აქვს ორი სხვადასხვა მობილური ოპერატორის SIM ბარათი. ამათგან, ერთი SIM ბარათი აქტიურია, ხოლო მეორე ასრულებს სათადარიგო ბარათის ფუნქციას. SIM ბარათებით უზრუნველყოფის ხარჯს იღებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

4. მოძალადის მიმღები აპარატი იძლევა მოძალადესთან კომუნიკაციის საშუალებას. ამასთან, მიმღები აპარატის საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ ორ წინასწარ განსაზღვრულ ნომერზე დაკავშირება. ესენია: გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი „112“ და მონიტორინგის ცენტრის შესაბამისი ნომერი – 2-41-81-12.

5. ელექტრონული საშუალება მოძალადეს ატყობინებს საგანგაშო ზონაში შესვლას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაკარგულია კავშირი ელექტრონული ზედამხედველობის სისტემასთან. შეტყობინება აისახება მოძალადის ელექტრონული საშუალების ეკრანზე მითითებული ტექსტით. ელექტრონული საშუალება მოძალადესთან კომუნიკაციას ახდენს ასევე განგაშის სიგნალისა და ვიბრაციის გამოყენებით.

მუხლი 8. მსხვერპლის მიმღები აპარატი

1. მსხვერპლის მიმღები აპარატი ითვლის მსხვერპლსა და მოძალადეს შორის არსებულ დისტანციას და მსხვერპლს განგაშის სიგნალის მეშვეობით ატყობინებს მოძალადის მოახლოებას 2 გეოგრაფიული ზონის პარამეტრების შესაბამისად.

2. მსხვერპლის მიმღებ აპარატს აქვს დახმარების (SOS) ღილაკის გააქტიურების ფუნქცია. დახმარების (SOS) ღილაკის გააქტიურების შემთხვევაში, განგაშის სიგნალი იგზავნება ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში.

3. მსხვერპლის მიმღები აპარატი ფუნქციონირებს წესის მე-7 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტების შესაბამისად.

მუხლი 9. გეოგრაფიული ზონები

1. ელექტრონული ზედამხედველობა მოიცავს ორ გეოგრაფიულ ზონას:

ა) საგანგაშო ზონა: დაცვის შიდა ზონა (მსხვერპლის ადგილსამყოფლიდან, მისი საცხოვრებელი სახლიდან, სამსახურიდან და სხვა ადგილებიდან 100 მეტრის რადიუსში არსებული გეოგრაფიული ზონა);

ბ) ბუფერული ზონა: დაცვის გარე ზონა (საგანგაშო ზონის ირგვლივ არსებული 500-მეტრიანი გეოგრაფიული ზონა).

2. არსებობს სტატიკური და დინამიკური საგანგაშო/ბუფერული ზონა. სტატიკური საგანგაშო/ბუფერული ზონა გულისხმობს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მითითებულ წინასწარ მითითებულ ადგილებთან (სახლი, სამსახური და სხვა ადგილი) არსებულ გეოგრაფიულ ზონებს. დინამიკური საგანგაშო/ბუფერული ზონა გულისხმობს მსხვერპლის გადაადგილებისას მისი ადგილმდებარეობის შესაბამისად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ზონებს.

3. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად, მონიტორინგის ცენტრი უზრუნველყოფს სტატიკური საგანგაშო და ბუფერული ზონის პროგრამულ განსაზღვრას ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში.

მუხლი 10. ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა

1. მონიტორინგის ცენტრში ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა განთავსებულია სათანადოდ დაცულ ოთახში.

2. მონიტორინგის ცენტრიდან ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება მონიტორინგის ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში.

3. ელექტრონული ზედამხედველობის სისტემას აქვს მოძალადისა და მსხვერპლის მიმღებ აპარატზე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის და კომუნიკაციის ფუნქცია.

მუხლი 11. ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში შეტყობინების გაგზავნა

1. ელექტრონულ სამაჯურზე ან/და მოძალადის/მსხვერპლის მიმღებ აპარატზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება შეტყობინების სახით დაუყოვნებლივ აისახება ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში.

2. ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში, შეტყობინების სახით, აისახება ელექტრონულ საშუალებაზე შემდეგი სახის ზემოქმედებები:

ა) ელექტრონული სამაჯურის ან/და მოძალადის/მსხვერპლის მიმღები აპარატის დაზიანება;

ბ) ელექტრონული სამაჯურის გახსნა;

გ) კომუნიკაციის ხარვეზი (როდესაც ელექტრონული ზედამხედველობის სისტემასა და ელექტრონულ საშუალებას შორის არ მყარდება კავშირი);

დ) GPS დაფარვის ზონიდან გასვლა;

ე) მოძალადის მიერ მსხვერპლთან/გარკვეულ ტერიტორიებთან მიახლოების აკრძალვის დარღვევა გეოგრაფიული ზონების მიხედვით;

ვ) ელექტრონული საშუალების მიერ ფიჭური სიგნალის მიღების დონე;

ზ) მიმღები აპარატის დამუხტვის დონე;

თ) სხვა გარემოებები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“- „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინების ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში ასახვისას, უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია გადაამოწმოს შეტყობინების გამომწვევი მიზეზი, აღნიშნულის შემდეგ კი იმოქმედოს წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 12. კოორდინაცია

1. მონიტორინგის ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურე და სამინისტროს ის ორგანო, რომელმაც გამოსცა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი ან რომელიც ახორციელებს მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად დაწესებული შემაკავებელი ორდერისა და ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას, ასევე, სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების დროს უზრუნველყოფენ ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებებს.

2. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამომცემი სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, აღნიშნული ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად, ოქმის სამინისტროს სხვა უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაგზავნის შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობოს მონიტორინგის ცენტრის უფლებამოსილ მოსამსახურეს.

3. მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად, მონიტორინგის ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურე, საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს კოორდინაციას მსხვერპლთან და მოძალადესთან.

4. სამინისტროს ის ორგანო, რომელიც ახორციელებს მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად დაწესებული შემაკავებელი ორდერისა და ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას, ვალდებულია, მონიტორინგის ცენტრს მიაწოდოს მოძალადისათვის/მსხვერპლისათვის გასაგები ენის თაობაზე ინფორმაცია, თუ ისინი არ ფლობენ სახელმწიფო ენას.

 

თავი III. მოძალადის/მსხვერპლის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

მუხლი 13. ელექტრონული ზედამხედველობისას მოძალადის/მსხვერპლის ვალდებულებები

1. მოძალადე/მსხვერპლი ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას ვალდებულია:

ა) დაიცვას მისთვის გადაცემული ელექტრონული სამაჯური/მიმღები აპარატი დაზიანებისაგან/განადგურებისგან;

ბ) ელექტრონული სამაჯურის, მიმღები აპარატის დაზიანების/განადგურების ან გაუმართაობის შემთხვევაში აცნობოს მონიტორინგის ცენტრს.

2. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის გადაცემული ელექტრონული საშუალების დაზიანება/განადგურება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

3. მოძალადე/მსხვერპლი ვალდებულია:

ა) არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია ელექტრონულ სამაჯურთან/მიმღებ აპარატთან ერთად;

ბ) შეატყობინოს სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის (შემდგომ – საზღვარი) გადაკვეთის შესახებ (საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის დროის შესახებ) ინფორმაცია საზღვრის კვეთამდე არანაკლებ 48 საათით ადრე;

გ) ელექტრონული საშუალება/მიმღები აპარატი საქართველოდან გასვლამდე არაუმეტეს 12 საათით ადრე გადასცეს უფლებამოსილ ტერიტორიულ ორგანოს;

დ) საქართველოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 12 საათისა გამოცხადდეს უფლებამოსილ ტერიტორიულ ორგანოში ელექტრონული ზედამხედველობის გაგრძელების მიზნით ელექტრონული საშუალების/მიმღები აპარატის დასამაგრებლად/გადასაცემად;

ე) ელექტრონული ზედამხედველობის დასრულების შემდეგ მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, რათა მოხდეს ელექტრონული სამაჯურის მოხსნა და მოძალადის/მსხვერპლის მიმღები აპარატის ჩაბარება;

ვ) შეასრულოს მონიტორინგის ცენტრის მითითებები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“- „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მონიტორინგის ცენტრს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას აღრიცხავს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამის ანალიტიკურ პროგრამაში.

5. სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო მოძალადის მიერ საზღვრის კვეთის დროს უკავშირდება მონიტორინგის ცენტრს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გადამოწმების მიზნით.

6. საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოძალადეს/მსხვერპლს ეზღუდება საქართველოს ტერიტორიის დატოვება.

7. სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო მოძალადის/მსხვერპლის საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აცნობებს მონიტორინგის ცენტრსა და სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს.

8. მონიტორინგის ცენტრი სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსგან მიღებულ ინფორმაციას ატყობინებს სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.

9. მოძალადე ვალდებულია საცხოვრებელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვებისას, შეატყობინოს მონიტორინგის ცენტრს.

მუხლი 14. ელექტრონული საშუალების ექსპლუატაციის წესი

1. ელექტრონული ზედამხედველობისას მოძალადე/მსხვერპლი ვალდებულია დაიცვას ელექტრონული საშუალების ექსპლუატაციის შემდეგი წესი:

ა) უზრუნველყოს მიმღები აპარატის დამუხტულ მდგომარეობაში შენარჩუნება;

ბ) მუდმივად თან იქონიოს მიმღები აპარატი (არაუმეტეს 20 მეტრის რადიუსში);

გ) განზრახ არ დაახშოს GPS სიხშირე;

დ) იმყოფებოდეს GPS დაფარვის ზონაში.

2. მონიტორინგის ცენტრის უფლებამოსილი მოსამსახურე უკავშირდება მოძალადეს/მსხვერპლს მიმღები აპარატის დამუხტვის საჭიროების შესახებ გაფრთხილების მისაცემად, თუ მიმღები აპარატის დამუხტვის დონე 30 პროცენტზე ნაკლებია.

მუხლი 15. მოძალადის მიერ ექსპლუატაციის წესის დარღვევა

1. ექსპლუატაციის წესის დარღვევასთან დაკავშირებით ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში შეტყობინების ასახვის შემდეგ, უფლებამოსილი მოსამსახურე უკავშირდება მოძალადეს და აფრთხილებს დარღვევის აღმოფხვრის შესახებ.

2. მოძალადესთან/მსხვერპლთან კომუნიკაცია უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ ხდება როგორც მიმღები აპარატის, ისე კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებების მეშვეობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. თუ ექსპლუატაციის წესების დარღვევის შედეგად შეუძლებელია მოძალადესთან დაკავშირება, აღნიშნულის თაობაზე უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს. მოძალადის ადგილსამყოფლის დადგენამდე/მასთან დაკავშირებამდე სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი უკავშირდება მსხვერპლს და მსხვერპლთან შეთანხმებით ხდება მსხვერპლის დასაცავად საჭირო ღონისძიებების გატარება.

4. უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ მიცემული გაფრთხილება აღირიცხება, აგრეთვე ინახება მოძალადესთან/მსხვერპლთან კომუნიკაციის შინაარსი.

5. თუ მოძალადის მიერ ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად შეუძლებელია ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება, აღნიშნული ჩაითვლება ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდებად, რაც იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

მუხლი 16. გეოგრაფიული ზონების დარღვევა

1. მოძალადის მიმღები აპარატი მოძალადეს ატყობინებს სტატიკურ ბუფერულ ზონაში შეღწევას/შემთხვევით მოხვედრას.

2. სტატიკურ ბუფერულ ზონაში შეღწევისთანავე მოძალადე უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ იღებს გაფრთხილებას ტერიტორიის დატოვებისა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. მოძალადე ვალდებულია, დატოვოს შესაბამისი ტერიტორია.

3. სტატიკური ბუფერული ზონის დატოვების შესახებ მიღებული გაფრთხილების მოძალადის მიერ შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ამასთან, გაფრთხილების შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაციას უფლებამოსილი მოსამსახურე უგზავნის სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს.

4. მოძალადის მიერ საგანგაშო ზონაში განზრახ შეღწევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მოძალადის საგანგაშო ზონაში შეღწევის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება უფლებამოსილ ორგანოს.

5. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სივრცეში მოძალადე დინამიკურ ბუფერულ/საგანგაშო ზონაში შემთხვევით მოხვდება, უფლებამოსილი მოსამსახურე უკავშირდება მოძალადეს და აძლევს მითითებას ბუფერული/საგანგაშო ზონის დატოვების შესახებ მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევითი შეხვედრის თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მსხვერპლისა და მოძალადის ბუფერულ/საგანგაშო ზონაში შემთხვევითი მიახლოება ხდება დროის მცირე ინტერვალში და, ამასთან, აღნიშნულის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით.

 

თავი IV. ელექტრონული ზედამხედველობის შეჩერება და შეწყვეტა

მუხლი 17. ელექტრონული ზედამხედველობის შეჩერება

1. ელექტრონული ზედამხედველობა ჩერდება:

ა) მოძალადის ან მსხვერპლის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას, საზღვარგარეთ ყოფნის ვადით;

ბ) მსხვერპლის ან მოძალადის დაკავებისას, დაკავების ვადით;

გ) მოძალადის ან მსხვერპლისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადით;

დ) აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებისას, პატიმრობის ვადით.

2. ელექტრონული ზედამხედველობის შეჩერების დროს ხდება ელექტრონული სამაჯურის მოხსნა, რის თაობაზეც დგება ოქმი (დანართი 2). ოქმში აღინიშნება ელექტრონული სამაჯურის მოხსნის დრო და ვადა, რომლის დასრულებისთანავე სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი უზრუნველყოფს მოძალადისათვის ელექტრონული სამაჯურის თავიდან დამაგრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. შეჩერებული ელექტრონული ზედამხედველობის გაგრძელების თაობაზე ასევე დგება ოქმი (დანართი 3).

4. ელექტრონული ზედამხედველობის ვადის შეჩერება არ იწვევს შემაკავებელი ორდერის ვადის შეჩერებას.

მუხლი 18. ელექტრონული ზედამხედველობის შეწყვეტა

1. ელექტრონული ზედამხედველობა წყდება:

ა) ელექტრონული ზედამხედველობის ვადის გასვლით;

ბ) მოძალადის ან მსხვერპლის გარდაცვალებით;

გ) შემაკავებელი ორდერის გაუქმებით;

დ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 25-ე და 26-ე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიების გაუქმებით.

2. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დასამტკიცებლად მისი სასამართლოსთვის 24 საათის ვადაში წარუდგენლობის ან სასამართლოს მიერ ამ ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწყებული ელექტრონული ზედამხედველობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

3. ელექტრონული ზედამხედველობის დასრულების შემდგომ სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონული სამაჯურის მოხსნა. აღნიშნული მიზნით უფლებამოსილია დაიბაროს ან გადაიყვანოს მოძალადე პოლიციის განყოფილებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ელექტრონული ზედამხედველობის დასრულებისას ასევე ხდება მოძალადის/მსხვერპლის მიმღები აპარატის დაბრუნება. ელექტრონული საშუალების მოხსნის/დაბრუნების თაობაზე დგება შესაბამისი ოქმი (დანართი 4).

 

თავი V. მონაცემთა დამუშავება

მუხლი 19. მონაცემების შენახვა

1. ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა უზრუნველყოფს ელექტრონული ზედამხედველობის შედეგად მოპოვებული მონაცემების დამუშავებას და შენახვას.

2. ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში ინახება აგრეთვე მონიტორინგის ცენტრსა და მოძალადეს/მსხვერპლს შორის კომუნიკაციის შინაარსი.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ინახება ელექტრონული ზედამხედველობის დასრულებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადით.

4. სამინისტრო უფლებამოსილია დაამუშაოს მოძალადის/მსხვერპლის საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია.

5. სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასამართლოსა და სხვა შესაბამის უწყებას შორის ხდება ინფორმაციის მიმოცვლა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით.