სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45/2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 19/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016517
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
45/2020
19/10/2020
ვებგვერდი, 20/10/2020
010190020.15.008.016517
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (26/10/2020 - 13/11/2020)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №45/2020

2020 წლის 19 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

 

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 199-ე მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებისა და სსიპ   ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის №06/4359 წერილის (ცესკოში რეგისტრაციის №4346) საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზანშეწონილობა
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგ/საკრებულოების შუალედურ/მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობენ ამ დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე ცესკოს მიერ შექმნილი საარჩევნო უბნების გადასატანი საარჩევნო ყუთების მეშვეობით.

მუხლი 2. საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნა
1. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, ცესკო თითოეული მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საზღვრებში განკარგულებით ქმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – არანაკლებ ათ საარჩევნო უბანს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების განხორციელების მიზნით, ცესკო განკარგულებით ქმნის სპეციალურ ჯგუფებს და ამტკიცებს მათ შემადგენლობას. სპეციალური ჯგუფების (შემდგომში  სპეცჯგუფი) წევრების შერჩევის პირობებსა და ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო.

3. სპეცჯგუფი შედგება არაუმეტეს 12 წევრისაგან (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომლებსაც ნიშნავენ/ირჩევენ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში – საარჩევნო კოდექსი) და ამ დადგენილებით განსაზღვრული სუბიექტები.

4. საარჩევნო უბანში ერთზე მეტი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის არსებობის შემთხვევაში, ცესკო, საჭიროებისამებრ, დამატებით განკარგულებით ნიშნავს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ, სპეცჯგუფის არანაკლებ 2-2 წევრს. აღნიშნული პირების შერჩევის პირობებსა და ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო. ამ პუნქტით განსაზღვრული გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები (არანაკლებ 2-2 წევრი) ითვლებიან ამ მუხლის საფუძველზე ცესკოს მიერ შექმნილი სპეცჯგუფის წევრებად.

5. (ამოღებულია - 26.10.2020, №49/2020);

6. სპეცჯგუფის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება.

7. სპეცჯგუფის წევრად არჩევის/დანიშვნის შემდგომ, არასაპატიო მიზეზით წევრობაზე/წევრის ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სპეცჯგუფის წევრს არ მიეცემა ცესკოს განკარგულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.

8. სპეცჯგუფის პირველ სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე. სპეცჯგუფის პირველი სხდომა იმართება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. პირველ სხდომაზე სპეცჯგუფი ირჩევს სპეცჯგუფის ხელმძღვანელ პირებს (თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს) არსებული შემადგენლობის უმრავლესობით საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სპეცჯგუფის პირველ სხდომაზე აგრეთვე ტარდება ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №49/2020 - ვებგვერდი, 27.10.2020 წ.


მუხლი 3. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ პირთა შესახებ მონაცემების ცესკოსთვის გადაცემა
1. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით, ცესკოს უნდა გადასცენ იმ პირთა სია, რომლებიც:

ა) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების გამო, კენჭისყრის დღისთვის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებსა  და საკარანტინე სივრცეებში იქნებიან მოთავსებული;

ბ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის გამო, კენჭისყრის დღისთვის საკარანტინე სივრცეებში იქნებიან მოთავსებული;

გ) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების საფუძველზე, კენჭისყრის დღისთვის იქნებიან თვითიზოლაციაში (ფიზიკური პირის მიერ უზრუნველყოფილი სივრცე);

დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის №01-286/ო ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფი სტანდარტის (პროტოკოლის) საფუძველზე, კენჭისყრის დღისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მკურნალობას გაივლიან ბინაზე;

ე) სამსახურებრივი პირობების გამო (სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებისა და საკარანტინე სივრცის ადმინისტრაციის თანამშრომელი, მედპერსონალი, ტექნიკური პერსონალი, დამხმარე პერსონალი, დაცვის პერსონალი) კენჭისყრის დღეს ვერ დატოვებენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და საკარანტინე სივრცეს.

2. ცესკოს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებებიდან, ამავე მუხლით გათვალისწინებულ პირთა სია, საჭიროებისამებრ, გამოითხოვოს და  მიიღოს მოთხოვნიდან 1 დღის ვადაში.


მუხლი 4. დამკვირვებელთა და საარჩევნო სუბიექტების/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა რეგისტრაცია/აკრედიტაცია
1. ცესკოს მდივანს 2020 წლის 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე, ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა და საარჩევნო სუბიექტებმა/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებმა უნდა წარუდგინონ ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული საარჩევნო უბნების სპეცჯგუფებში დამკვირვებლის/წარმომადგენლის დანიშვნის/აკრედიტაციის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №138, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: observation@cec.gov.ge. ელექტრონული ფოსტის მისამართზე განცხადება და შესაბამისი თანდართული საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს დოკუმენტების სკანირებული ვერსიების სახით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დამკვირვებლის/წარმომადგენლის სახელი, გვარი, საარჩევნო უბნის ნომერი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ასეთი არსებობის შემთხვევაში), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი და რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში). განცხადებას თან უნდა ერთოდეს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები.

3. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო უბნებში:

ა) საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის თითო წარმომადგენელი, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში;

ბ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის არაუმეტეს 2-2 წარმომადგენელი, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში;

გ) ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის თითო ადგილობრივი დამკვირვებელი, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში;

დ) საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს დანიშნოს იმ რაოდენობის თითო დამკვირვებელი თარჯიმანთან ერთად, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანში.

4. დამკვირვებელი/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება.

5. ცესკოს მდივანი ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული პირების რეგისტრაციას/აკრედიტაციას ახორციელებს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადაში.

6. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სპეცჯგუფებში საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნული წარმომადგენლების საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ დაფინანსების თანხას ცესკო შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხავს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 3 დღისა. საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია ეს თანხა გადაანაწილოს სპეცჯგუფებში შესაბამის წარმომადგენლებზე ისე, რომ თითოეულ სპეცჯგუფში დაფინანსდეს 1 წარმომადგენლის საქმიანობა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №49/2020 - ვებგვერდი, 27.10.2020 წ.


მუხლი 5. ამომრჩეველთა სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების შედგენა და დამტკიცება
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებს ადგენს ცესკო.

2. ცესკოს ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს:

ა) ამომრჩეველი, რომელიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების გამო კენჭისყრის დღისთვის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში იქნება მოთავსებული;

ბ) ამომრჩეველი, რომელიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების გამო კენჭისყრის დღისთვის საკარანტინე სივრცეში იქნება მოთავსებული;

გ) ამომრჩეველი, რომელიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების საფუძველზე, კენჭისყრის დღისთვის საკარანტინე სივრცეში იქნება მოთავსებული;

დ) ამომრჩეველი, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების საფუძველზე, თვითიზოლაციაში (ამომრჩევლის მიერ უზრუნველყოფილ სივრცე) ყოფნის გამო,  კენჭისყრის დღისთვის არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;

ე) ამომრჩეველი, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის №01-286/ო ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფი სტანდარტის (პროტოკოლის) საფუძველზე, ბინაზე მკურნალობის გამო, კენჭისყრის დღისთვის არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;

ვ) სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებისა და საკარანტინე სივრცის თანამშრომელი (ადმინისტრაციის თანამშრომელი, მედპერსონალი, დამხმარე პერსონალი, ტექნიკური პერსონალი, დაცვის პერსონალი), რომლის სამსახურის პირობები მოითხოვს არჩევნების დღეს მის ყოფნას ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებაში;

ზ) ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო უბნებში (სპეცჯგუფებში):

ზ.ა) საარჩევნო სუბიექტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი;

ზ.ბ) ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დანიშნული ადგილობრივი დამკვირვებელი;

ზ.გ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებების აკრედიტებული წარმომადგენელი.

3. ცესკო ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად გადმოცემული და ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულ პირთა მონაცემების საფუძველზე არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (28 ოქტომბერი) ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას.

4. ამომრჩეველთა სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩევლების გვარისა და სახელის გასწვრივ ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება ჩანაწერი „გადაყვანილია სპეციალურ სიაში“.

5. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე და მასში შეიყვანება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ამომრჩეველი.

6. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიყვანება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და საკარანტინე სივრცეში მყოფი ყველა ამომრჩეველი, რომლებიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების გამო ანდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის დღისათვის, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში  იქნებიან მოთავსებული.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიყვანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში მიმართავს ცესკოს.

8. თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს (+995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0”), 2020 წლის 24 ოქტომბრიდან 2020 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო 2020 წლის 27 ოქტომბერს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. ამ პუნქტით განსაზღვრული განცხადებების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს, გადასატანი საარჩევნო ყუთის  სიების შედგენის მიზნით.

9. ამ მუხლით განსაზღვრულ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენაზე არ ვრცელდება საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება.

10. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა, და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.

11. ცესკო საჭიროებისამებრ ადგენს ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული საარჩევნო უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის ერთ ან რამდენიმე სიას. ერთზე მეტი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენის შემთხვევაში, ცესკო განკარგულებით ადგენს  თუ რომელი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიყვანებიან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ამომრჩევლები.

12. ცესკო სპეციალურ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებს (საჯარო ინფორმაციისათვის და საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიებს) შესაბამის სპეცჯგუფს გადასცემს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №49/2020 - ვებგვერდი, 27.10.2020 წ.


მუხლი 6. კენჭისყრის ჩატარება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე.

2. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 8 საათიდან და სრულდება 20 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 21 საათისა.

3. სპეცჯგუფის თავმჯდომარე ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით ლუქავს გადასატან საარჩევნო ყუთებს, რომლებზეც აღნიშნულია ყუთის შესაბამისი ინდივიდუალური ნომერი. შესაბამისი მონაცემები სპეცჯგუფის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

4. საკონტროლო ფურცელს ხელს აწერს სპეცჯგუფის ყველა დამსწრე წევრი. სპეცჯგუფის თავმჯდომარე და მდივანი საკონტროლო ფურცლების ეგზემპლარებს ავსებენ გადასატანი საარჩევნო ყუთების რაოდენობის გათვალისწინებით, პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე. სპეცჯგუფის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის თითო-თითო ეგზემპლარს აგდებს ყველა გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო ერთ ეგზემპლარს ინახავს გადასატან საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით. საკონტროლო ფურცლის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.

5. სპეცჯგუფის თავმჯდომარე სპეცჯგუფის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ სპეცჯგუფის არაუმეტეს 2-2 წევრს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრების ფუნქციას წილისყრის ჩატარების გარეშე ასრულებს ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული ცესკოს მიერ დანიშნული სპეცჯგუფის არაუმეტეს 2-2 წევრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამ პუნქტით განსაზღვრული წილისყრა ტარდება სპეცჯგუფის პირველ სხდომაზე. წილისყრაში არ მონაწილეობს სპეცჯგუფის თავმჯდომარე და მდივანი. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრის ფუნქცია არ უნდა დაეკისროთ  ერთი და იმავე პარტიის მიერ დანიშნულ სპეცჯგუფის წევრებს.

6. კენჭისყრის დღეს სპეცჯგუფის წევრებისთვის საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებლის, ამომრჩეველთა რეგისტრატორისა და საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველის ფუნქციების მინიჭება არ ხდება.

7. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირების მიმართ, აგრეთვე კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე პირთა მიმართ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მარკირება არ გამოიყენება.

8. კენჭისყრის დღის 8 საათიდან სპეცჯგუფის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ სპეცჯგუფის წევრებს გადასცემს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას, სპეციალურ კონვერტებს და გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის ერთ-ერთი წევრის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს. საარჩევნო ბიულეტენების დამოწმების პროცედურა ხორციელდება კენჭისყრის დღეს.

9. ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩეველი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობს, თუ იგი შეყვანილია ამ დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე შესაბამისი დაწესებულების მიერ ცესკოსათვის გადმოცემულ სიაში.

10. ამ დადგენილების მე-5 მუხლის საფუძველზე შედგენილ გადასატან საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობს და მას ეძლევა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით.

11. სპეცჯგუფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესში დახმარება შესაძლოა გაუწიოს აღნიშნული დაწესებულებების პერსონალმა.

12. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შესაძლებელია იმყოფებოდეს მედპერსონალი, რომელიც დახმარებას გაუწევს სპეცჯგუფის წევრებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვაში.

13. ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული თითოეული ორგანიზაციის მიერ დანიშნული წარმომადგენლები (საარჩევნო უბანზე ერთი ორგანიზაციის მიერ ერთ წარმომადგენელზე მეტის დანიშვნის შემთხვევაში) ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ ამ ორგანიზაციიდან 1 წარმომადგენელს, რომელიც დააკვირდება საარჩევნო უბნის გახსნას.

14. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე მყოფი:

ა) ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 1 დამკვირვებელს, რომელიც უფლებამოსილი იქნება დააკვირდეს ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და საკარანტინე სივრცეში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 1 დამკვირვებელს, რომელიც უფლებამოსილი იქნება დააკვირდეს ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და საკარანტინე სივრცეში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 1 წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილი იქნება დააკვირდეს ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და საკარანტინე სივრცეში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 1 წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილი იქნება დააკვირდეს ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და საკარანტინე სივრცეში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

15. თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული დამკვირვებლები/წარმომადგენლები  ვერ შეთანხმდებიან, მათგან თითო დამკვირვებელს/წარმომადგენელს წილისყრით გამოავლენს სპეცჯგუფის თავმჯდომარე.

16. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება სპეციალურად ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული სპეცჯგუფისთვის განკუთვნილ, ცესკოს განკარგულებით დამტკიცებულ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.


მუხლი 7. ხმის დათვლა და სპეცჯგუფის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა
1. ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურები იწყება კენჭისყრის დღის არაუადრეს 20 საათისა, მას შემდეგ, რაც ყველა გადასატანი საარჩევნო ყუთი დაბრუნდება საარჩევნო უბანზე.

2. მთვლელები გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ  თითოეულ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ სპეცჯგუფის თავმჯდომარის მიერ შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, აღნიშნულ გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული  ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და დაუყოვნებლივ გადაეცემა საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მოქმედ საოლქო საარჩევნო კომისიას. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები ერთმანეთში ურევენ გადასატანი საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილ სპეციალურ კონვერტებს და იწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას. ერთი საარჩევნო უბნის ყველა გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგები ფორმდება ერთი შემაჯამებელი ოქმით.

3. კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე, სპეცჯგუფის მიერ შედგება შესაბამისი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი/ოქმები. სპეცჯგუფი ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის/ოქმების შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ელექტრონული საშუალებებით გაუგზავნოს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მოქმედ შესაბამის  საოლქო საარჩევნო კომისიას.

4. ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული თითოეული ორგანიზაციის მიერ დანიშნული წარმომადგენლები (საარჩევნო უბანზე ერთი ორგანიზაციის მიერ ერთ წარმომადგენელზე მეტის არსებობის შემთხვევაში) ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ ამ ორგანიზაციიდან 1 წარმომადგენელს, რომელიც დააკვირდება ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურას ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო უბანში.


მუხლი 8. სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები სპეცჯგუფებისთვის
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო უბნებში სპეცჯგუფების მიერ დაცული უნდა იქნეს შემდეგი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები:

ა) საარჩევნო უბნის შესასვლელთან და სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი;

ბ) კენჭისყრის ოთახში ყოფნის უფლების მქონე პირი, საარჩევნო უბანში არ დაიშვება  ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე (სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვა);

გ) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კენჭისყრის დღეს  უზრუნველყოფილი უნდა იყოს და  ატარებდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს (სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვა);

დ) სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უნდა განთავსდეს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის, კარის სახელურები, სამუშაო მაგიდები, საარჩევნო ყუთები და ა.შ.) სათანადო წესით, წმენდა/დეზინფექცია;

ე) სპეცჯგუფის განთავსების ოთახში უნდა განთავსდეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერი, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა უნდა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით;

ვ) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებმა პერიოდულად უნდა შეცვალონ პირბადე და კენჭისყრის დღეს პერიოდულად დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით;

ზ) მთვლელები მაგიდებთან უნდა განთავსდნენ ისე, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა მაგიდისგან (მთვლელებისგან) 2 მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის და დახარისხების პროცესზე დაკვირვება;

თ) პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე უნდა ხდებოდეს სპეცჯგუფის განთავსების ოთახების განიავება/ბუნებრივი ვენტილაცია;

ი) სპეცჯგუფის განთავსების შენობის შესასვლელთან, შემსვლელ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, უნდა განხორციელდეს შენობაში შემსვლელ პირთა თერმოსკრინინგი. ცხელების – 37°С ან 37°С-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში). განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება სპეცჯგუფის განთავსების შენობაში;

კ) კენჭისყრის დღეს სპეცჯგუფის განთავსების ადგილზე ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირმა უნდა დატოვოს შენობა. თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს მითითებას კენჭისყრის შენობის დატოვების შესახებ, სპეცჯგუფი საარჩევნო კოდექსი დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ამ პირის შენობიდან გაძევების საკითხზე;

ლ) ცხელების დაფიქსირების შემთხვევების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში;

მ) სპეცჯგუფის განთავსების შენობაში თერმოსკრინინგს უზრუნველყოფს შესაბამისი სპეცჯგუფის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილი პირი.

2. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას სპეცჯგუფების მიერ  დაცული უნდა იქნეს შემდეგი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები:

ა) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები და მეთვალყურეები აღჭურვილი უნდა იყვნენ და უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ხელთათმანები, ხელის სადეზინფექციო ხსნარი და სხვა.);

ბ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები და მეთვალყურეები არ უნდა შევიდნენ ამომრჩევლის ბინაში/სახლში/ოთახში/ნომერში;

გ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრებისა და დამკვირვებლების ამომრჩევლის ბინასთან/სახლთან/ოთახთან/ნომერთან მისვლისთანავე, გადასატანი საარჩევნო ყუთის ზედაპირი, ბინის/სახლის/ოთახის/ნომრის კარის სახელური და სხვა შეხებადი ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

დ) ამომრჩეველზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და საარჩევნო ბიულეტენის  გადაცემა უნდა მოხდეს კონტაქტის გარეშე (მაგალითად, კარის სახელურზე ან ნებისმიერ ზედაპირზე, ბინაში/სახლში/ოთახში/ნომერში შესვლის გარეშე) და დაცული უნდა იქნეს უსაფრთხო დისტანცია 1,5-2 მეტრის დაშორებით;

ე) საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მისაღებად, ამომრჩეველმა სპეცჯგუფის წევრს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი  უნდა წარუდგინოს კონტაქტის გარეშე, იმგვარი  ფორმით (ჩვენება, გადაფურცვლა და სხვა), რომ სპეცჯგუფის წევრის მიერ შესაძლებელი იყოს მონაცემების წაკითხვა და ფოტოს მიხედვით იდენტიფიცირება;

ვ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრებმა ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენი უნდა გასცენ მხოლოდ პირბადის გამოყენებისა და ხელების  ანტისეპტიკური საშუალებებით დამუშავების შემდეგ;

ზ) ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ სპეცჯგუფის წევრის მიერ ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას.  ამომრჩეველთა სპეცჯგუფის წევრი ვალდებულია ამომრჩეველზე არ გასცეს საარჩევნო ბიულეტენი პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. პირბადის მოხსნისას ამომრჩეველსა და სპეცჯგუფის წევრს შორის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია არანაკლებ 1,5 მეტრი. რისი განმარტებაც უნდა მოხდეს წინასწარ ან ადგილზე. ხმის მიცემისას ამომრჩეველს უნდა მიეწოდოს პირბადე (არქონის შემთხვევაში);

თ) ამომრჩეველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით. სპეცჯგუფის წევრმა საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველს უნდა მიუთითოს, რომ საარჩევნო ბიულეტენის მიღება ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით დააფიქსიროს მისთვის განკუთვნილი კალმისტრით და ამავე კალმისტარით ისარგებლოს საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას;

ი) კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ბიულეტენის მოთავსება უნდა მოხდეს ბინის (სახლის) შესასვლელთან განთავსებულ გადასატან საარჩევნო ყუთში. საარჩევნო ბიულეტენის მიღების დამადასტურებელი ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სია უნდა მოთავსდეს სათანადოდ მისთვის განკუთვნილ ყუთში/ჩანთაში. გადასატან საარჩევნო ყუთი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

კ) გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს ხელების დაბანა და სადეზინფენქციო ხსნაით დამუშავება;

ლ) გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სატრანსპორტო საშუალების დეზინფენქცია.

3. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19)  გავრცელების პრევენციისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვისა მიზნით, ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები კენჭისყრის დღეს არ დაიშვებიან სხვა საარჩევნო უბნებში, ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული საარჩევნო უბნების გარდა. თუ დამკვირვებელი/საარჩევნო სუბიექტის/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს დატოვებს საარჩევნო უბნის განთავსების შენობას ანდა გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს, იგი განმეორებით აღნიშნულ შენობაში/გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესზე არ დაიშვება. აღნიშნული პირები აგრეთვე არ დაიშვებიან სხვა კენჭისყრის შენობაში/გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესში. ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირებს არ შეიძლება შეენაცვლონ მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის/ორგანიზაციის სხვა  წარმომადგენლები/დამკვირვებლები.


მუხლი 9. ამ დადგენილებით განსაზღვრული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების შესრულების ვალდებულება
1. პირი ვალდებულია დაიცვას ამ დადგენილებით განსაზღვრული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ექვემდებარება გაფრთხილებას. თუ გაფრთხილების მიუხედავად, პირი აგრძელებს ამ დადგენილებით განსაზღვრული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დარღვევას, სპეცჯგუფის თავმჯდომარე ვალდებულია მიუთითოს მას, რომ დატოვოს სპეცჯგუფის განთავსების შენობა/გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის პროცესი, თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს მითითებას შენობის/გადასატანის საარჩევნო ყუთით ხმის პროცესის დატოვების შესახებ, სპეცჯგუფი/სპეცჯგუფის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას მისი გაძევების საკითხზე.

2. ამ დადგენილებით განსაზღვრული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დამრღვევი პირის შესახებ ინფორმაცია აღინიშნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.


მუხლი 10. ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ვალდებულებები
1. ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან უზრუნველყონ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების, საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ინფორმირება ამ დადგენილებით განსაზღვრული  სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის წესის, დამკვირვებელთა/წარმომადგენელთა რეგისტრაციის/აკრედიტაციის წესის, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და კენჭისყრისა და ხმის დათვლის წესების შესახებ (მაგ.: ფლაერები, რეკლამა, კლიპი, სატელეფონო კონტაქტი, სმს გზავნილი და სხვა).

2. ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებული არიან ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ დაწესებულებებს, საჭიროებისამებრ წერილობით აცნობონ საკარანტინე სივრცეებში საარჩევნო უბნების შექმნისა და  სპეცჯგუფების შემადგენლობის შესახებ.

3. საოლქო საარჩევნო კომისიებისა და სპეცჯგუფების თავმჯდომარეები ვალდებული არიან განახორციელონ შესაბამის სპეცჯგუფებში ამ დადგენილების შესრულების კონტროლი.

4. ცესკოს საფინანსო დეპარტამენტი ვალდებულია ამ დადგენილების აღსრულების მიზნით დააფინანსოს საჭირო ღონისძიებები და შეისყიდოს შესაბამისი ინვენტარი.

5. ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ამომრჩეველთა სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთების სიების შედგენა.

6. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სპეცჯგუფის წევრთათვის ტრენინგის ჩატარებას.


მუხლი 101. გარდამავალი დებულება
უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ამ დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე შექმნილ საარჩევნო უბნებში  არ დაუნიშნავთ სპეცჯგუფის წევრები, უფლება აქვთ 2020 წლის 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე მხოლოდ ამ საარჩევნო უბნებში დანიშნონ სპეცჯგუფის წევრები.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №49/2020 - ვებგვერდი, 27.10.2020 წ.


მუხლი 11. დასკვნითი დებულებები
1. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი