დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით ახალი აქციების გამოშვების წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 239/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016539 |
|
რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით ახალი აქციების გამოშვების წესის დამტკიცების თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 379 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით ახალი აქციების გამოშვების წესი თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით ახალი აქციების გამოშვების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის (შემდგომში – ბანკი) რეკაპიტალიზაციის მიზნით ახალი აქციების გამოშვების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 379 მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებისას ახალი აქციების გამოშვების პირობებსა და პროცედურას. 2. რეზოლუციის რეჟიმში ახალი აქციების გამოშვება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად და მასზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ბანკის წესდებით განსაზღვრული აქციონერთა საერთო კრების მოწვევის, აქციონერთა მიერ გადაწყვეტილების მიღების, უპირატესი შესყიდვისა და სხვა შესაბამისი უფლებები.
მუხლი 2. ახალი აქციების გამოშვება 1. რეზოლუციის რეჟიმში ახალი აქციების გამოშვების საფუძველია რეზოლუციის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახალი აქციების გამოშვების გზით ბანკის რეკაპიტალიზაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ, რომელსაც აღასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ახალი აქციების გამოშვება ხორციელდება ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერის ან აქციებში კონვერტაციის შემდგომ. 2. ახალი აქციების გამოშვების გზით რეკაპიტალიზაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებით, რეზოლუციის კომიტეტი ამავდროულად განსაზღვრავს გამოსაშვებ აქციათა ტიპსა და ოდენობას, არსებული აქციონერებისათვის გამოშვებული აქციების შეთავაზების შესაძლებლობას, აქციათა ნომინალურ ღირებულებას, შესასყიდ ფასს, გამოშვების თარიღსა და რეზოლუციის რეჟიმის გათვალისწინებით აქციებიდან გამომდინარე უფლებებით სარგებლობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. გამოსაშვები აქციების ოდენობისა და შესასყიდი ფასის განსაზღვრა უნდა დაეფუძნოს ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასებას და უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შესასყიდი ფასის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გაზრდა. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად დამატებით ისარგებლოს ექსპერტის დახმარებით. 3. ახალი აქციების გამოშვების შესახებ რეზოლუციის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბანკის წესდებაში და ბანკის აქციათა რეესტრში შესაბამისი ცვლილების საფუძველია.
მუხლი 3. ახლად გამოშვებული აქციების რეალიზაცია არსებული აქციონერებისთვის შეთავაზებისა და პირდაპირი შეთავაზების გზით 1. თუ ბანკის არსებული აქციონერები აკმაყოფილებენ აქციონერებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მათ არ დაურღვევიათ ეროვნული ბანკის მოთხოვნები და მითითებები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ბანკის მიერ გამოშვებული ახალი აქციები შესთავაზოს ბანკის აქციონერებს. თუ ეროვნული ბანკი ბანკის აქციონერებს არ შესთავაზებს ამ ბანკის მიერ გამოშვებულ ახალ აქციებს, მათ არ ექნებათ აღნიშნული აქციების უპირატესი შესყიდვის ან სხვაგვარად შესყიდვის უფლება. 2. თუ ეროვნული ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი აქციების არსებული აქციონერებისათვის შეთავაზების შესახებ, აღნიშნულის თაობაზე ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 1%-ის მფლობელ აქციონერებს ეგზავნებათ შეტყობინება, რომელშიც მიეთითება შეთავაზებული აქციების რაოდენობა და კლასი, შესყიდვის ფასი და ანგარიშსწორების პირობები. შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეს. აღნიშნული ვადა აითვლება აქციონერისათვის შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან. შეტყობინება იგზავნება დაზღვეული წერილით ან ტექნიკური საშუალებით (ადრესატის აქტუალურ ტელეფონზე ან/და ელექტრონული ფოსტაზე). ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად ითვლება. დანარჩენ აქციონერებს შეტყობინება ეგზავნებათ დაზღვეული წერილით ან ტექნიკური საშუალებით ან ინფორმაციის ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე ან „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებით, რა შემთხვევაშიც 10 დღიანი ვადა აითვლება ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტიდან. 3. ახალი აქციების გამოშვების შედეგად ბანკის არსებული აქციონერების წილობრივი მონაწილეობის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება გაითვალისწინება აქციონერების მიერ რეზოლუციის შედეგად მისაღები ზარალის გაანგარიშებისას. 4. გარდა საჯარო შეთავაზების გზით ახალი აქციების რეალიზაციისა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რეზოლუციის რეჟიმში ბანკის მიერ გამოშვებული ახალი აქციები გაასხვისოს ერთი ან რამდენიმე პირისათვის პირდაპირი შეთავაზებით თუ სხვაგვარად შეიძლება შეფერხდეს რეზოლუციის რეჟიმის ეფექტიანობა და საფრთხე შეექმნას რეზოლუციის მიზნების მიღწევას.
მუხლი 4. კაპიტალში შენატანების განხორციელება 1. აქციების შემძენთა მიერ კაპიტალში შესაბამისი შენატანები უნდა განხორციელდეს შესაძლებლობისთანავე, არაუგვიანეს აქციების შეძენიდან 10 სამუშაო დღისა. აღნიშნული შენატანები სრულად უნდა განაღდდეს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ ვალდებულების შესრულების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით. 2. კაპიტალში შენატანების განხორციელების შესახებ, რეზოლუციის კომიტეტის ინფორმირების მიზნით, ანგარიშს ამზადებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი.
მუხლი 5. ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენა ახალი აქციების შეძენის შედეგად თუ ახალი აქციების გამოშვებისა და მათი რეალიზაციის გზით რეკაპიტალიზაციის შედეგად, ბანკის კაპიტალში შემძენის (მათ შორის, ბენეფიციარი მესაკუთრის) პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს ან/და შეიძენს ბანკზე მნიშვნელოვან გავლენას, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, აღნიშნული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ განაცხადის განიხილვა ხორციელდება „რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №130/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ისე, რომ არ შეფერხდეს რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობა. |
დოკუმენტის კომენტარები