დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.022555
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
08/01/2021
ვებგვერდი, 11/01/2021
190020010.10.003.022555
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/01/2021 - 07/09/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება   №2 

2021 წლის 8 იანვარი

   ქ. თბილისი

 

დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“ (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



 

 

 

დანართი №1

 

დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების  2021 წლის სახელმწიფო პროგრამა


მუხლი 1. პროგრამის მიზანი

დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება.

 

მუხლი 2. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები

პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია:

ა) შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება (დანართი №1.1);

ბ) შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე (დანართი №1.2);

გ) საშუამავლო მომსახურების მიწოდება განვითარება  (დანართი №1.3);

 დ) მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გზით) (დანართი №1.4 );

 ე) დასაქმების ფორუმების მოწყობა (დანართი №1.5);

 ვ) ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში  ერთხელ  (დანართი №1.6);

ზ)   სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება  (დანართი №1.7);

თ) სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა  (დანართი №1.8 ).

 

მუხლი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო და მექანიზმები

1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  770 000  (შვიდას სამოცდაათი  ათასი) ლარით.

2. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯები) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ (პროგრამული კოდი - 27 05) „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება“ (პროგრამული კოდი: 27 05 01) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნება.

3. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით.

4. „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის  №665  დადგენილების (შემდგომში - №665 დადგენილება) ფარგლებში დამდგარი შემთხვევები, რომლებიც დასრულდება 2021 წლის „დასაქმების  ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამოქმედების შემდეგ, უნდა დაფინანსდეს №665 დადგენილების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

5. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, დასრულდეს „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2020 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად.

 

მუხლი 4. პროგრამის სამიზნე ჯგუფი   

1. სამუშაოს მაძიებლები.

2. დამსაქმებლები.

3. სოციალური პარტნიორები.

4. მასმედიის წარმომადგენლები.

 

მუხლი 5. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს  პროგრამების ფარგლებში არსებული მონაცემთა ბაზები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს პირის პერსონალური მონაცემები, სოციალური და  ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.  

3. სააგენტომ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისა და მონიტორინგის საჭიროებებიდან გამომდინარე, პროგრამაში ჩართული ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის შეთანხმებულ ფორმატში ითანამშრომლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურთან.  

4. სააგენტომ ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების აყვანა.

5. დასაქმების კონსულტანტი - პირი, რომელიც სამუშაოს მაძიებელს ეხმარება და უყალიბებს სამოქმედო გეგმის მიხედვით ქცევის წესებს  შრომის ბაზარზე სწრაფი ინტეგრაციისათვის.

6. დასაქმების აგენტი - დამსაქმებელთან თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი პირი.

7. დასაქმებული - პროგრამის ფარგლებში დამსაქმებლის მიერ სიტყვიერი და წერილობითი მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად შრომის ბაზარზე დასაქმებული პირი.

8. სააგენტო ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიშს აწვდის სამინისტროს კვარტალურად.

 

მუხლი 6. ზედამხედველობა

სამინისტროს დაევალოს ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელების  მიზნით ზედამხედველობა.

 

დანართი №1.1

 

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება

 

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზების (შემდგომში - მონაცემთა ბაზების) განვითარება, შრომის ბაზრის სუბიექტების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის მხარდამჭერი სისტემით, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის   დამუშავების  მექანიზმის დახვეწა–განვითარება.

 

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში - სისტემის)  განახლებისთვის შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება.

2. სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება, მონაცემთა ბაზების ფორმირება და ანგარიშის  დამუშავება. ადმინისტრირების სისტემაში სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების ფუნქციის  გამართვა.

 

მუხლი 3. შესრულების ინდიკატორი

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განახლებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაცია მომზადებულია და დაწყებულია ტექნიკური სამუშაოები.

 

დანართი №1.2

 

შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე

 

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობა, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ჯგუფური კონსულტირება - ჯგუფური კონსულტირება არის კონსულტირების პროცესის სახეობა, რომელიც კონცენტრირებულია სამუშაოს მაძიებლის დასაქმებასთან დაკავშირებული ბარიერების აღმოფხვრაზე ჯგუფური დინამიკის გამოყენებით. ჯგუფური კონსულტირების ტექნიკა და მეთოდი გამოიყენება გამოცდილების, პიროვნული განვითარების შესაძლებლობების გასაზიარებლად და დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების ზრდისთვის.

2. ინდივიდუალური კონსულტირება - პროცესი, რომელიც ხორციელდება დასაქმების კონსულტანტისა და სამუშაოს მაძიებლის პირისპირ შეხვედრის ფორმატში და მიზნად ისახავს დასაქმების შესაძლებლობების გაზრდასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით პიროვნულ განვითარებას.

 

მუხლი 3. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად სამუშაოს მაძიებელთა ჯგუფური კონსულტირების ორგანიზება სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში – კვარტალში ერთხელ და ინდივიდუალური კონსულტირება – უწყვეტ რეჟიმში.

2. დაინტერესებულ მხარეებთან (სამთავრობო და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, დამსაქმებლები/ დამსაქმებელთა გაერთიანებები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები) თანამშრომლობით, ახალგაზრდების (პროფესიული/უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების) და მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების ორგანიზება.

 

მუხლი 4. სამიზნე ჯგუფები

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს  სააგენტოში  რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი.

 

მუხლი 5. შესრულების ინდიკატორი

სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ხორციელდება ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირება. კონსულტირებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.

 

დანართი №1.3

 

საშუამავლო მომსახურების მიწოდება-განვითარება

 

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია თავისუფალი  სამუშაო ადგილების მოძიებისა და  სამუშაოს მაძიებლების დასაქმების მიზნით, დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის ოპერატიული და  ეფექტიანი  დაკავშირება და/ან ასეთი  დაკავშირების  ხელშეწყობა.

 

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთა ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო მომსახურებების შესახებ.

2. საშუამავლო მომსახურების გაწევის ეფექტიანად უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობის განვითარება ცალკეულ დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმების კერძო სააგენტოებთან, მუნიციპალურ დონეზე.

3. არსებულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიდან და დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მასობრივი გასაუბრების ორგანიზება.

 

მუხლი 3. სამიზნე ჯგუფები

1. სააგენტოში  რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები.

2. დამსაქმებლები.

3. დასაქმების კერძო სააგენტოები.

 

მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი

სააგენტოში რეგისტრირებულ დამსაქმებელთა რაოდენობა, დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანსიების რაოდენობა. დამსაქმებლისთვის შეთავაზებულ სამუშაოს მაძიებელთა და ამ მომსახურების ფარგლებში  დასაქმებულთა რაოდენობა.

 

 

დანართი №1. 4

მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გზით)

 

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი პირების დასაქმების  ხელშეწყობის  სერვისების  დანერგვა.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ ღონისძიების მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შემდგომში - შშმ პირი) – არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;

ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (შემდგომში - სსსმ პირი) –  პირი, რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც დადასტურებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის ან/და ექსპერტთა გუნდის დასკვნით;

გ) ბენეფიციარი – სააგენტოში რეგისტრირებული 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდები (შემდგომში - ახალგაზრდები), მოწყვლადი ჯგუფებიდან,  (დევნილები, სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული პირები),  შშმ პირები და ის სსსმ პირები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის ან/და ექსპერტთა გუნდის დასკვნას და გამოხატავენ ამ ღონისძიების ფარგლებში დასაქმების სურვილს, ასაკის შეუზღუდავად;

დ) დამსაქმებელი – კერძო სამართლის სუბიექტები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას ხელი შეუწყონ მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ახალგაზრდების, შშმ და  სსსმ პირების დასაქმებას, ასევე მონაწილოება მიიღონ სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტში;

ე)  შრომის ანაზღაურების სუბსიდირება (შემდგომში - სუბსიდირება) ახალგაზრდები, შშმ და სსსმ სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება (50%-იანი დაფინანსებით, არაუმეტეს 560 ლარისა), სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;

ვ) ვაუჩერი - სახელმწიფოს მიერ ბენეფიციარისათვის გადაცემული, დამსაქმებელთან წარსადგენი მიმოქცევადი მატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების ნაწილობრივ დასაფინანსებლად. ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;

ზ) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი (ქოუჩი) –  პირი, რომელიც არის შუალედური  რგოლი და ახორციელებს, ერთი მხრივ, სამუშაოს მაძიებელ შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საშუამავლო მომსახურების  გაწევას,  ანაზღაურებადი სამუშაოს მოძიებისა და მისი შენარჩუნების მიზნით, მეორე მხრივ, პოტენციური  დამსაქმებლებისათვის აღნიშნული  სამუშაოს  მაძიებლების  შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მათი ცოდნის, უნარებისა და ინტერესების  შესაბამისად. კონსულტანტი ასევე მუშაობს დანარჩენი ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით.

 

მუხლი 3. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მიერ დასაქმების  ხელშეწყობის  მიზნით მიწოდებული  მომსახურება, რაც მოიცავს  სამუშაოს მაძიებელი ბენეფიციარების, მათ შორის,  შშმ და სსსმ პირთათვის კონსულტირებას, უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების, მხარდაჭერის საჭიროების უზრუნველყოფის  და მოტივაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვების საფუძველზე  შესაბამისი სამუშაოს მოძიება/შეთავაზებას.  

2. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მიერ დასაქმების ხელშეწყობის  მიზნით  დამსაქმებელთან  აქტიური თანამშრომლობა, რაც გულისხმობს დამსაქმებლებისათვის  შეზღუდული  შესაძლებლობის  ან  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.      

 

მუხლი 4. სამიზნე ჯგუფები

ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს  სააგენტოში რეგისტრირებული შშმ და სსსმ პირები, ასევე სამუშაოს მაძიებელი მოწყვლადი ჯგუფებიდან.

 

მუხლი 5. შესრულების ინდიკატორები

1. შშმ და სსსმ პირთა რაოდენობა, აგრეთვე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა მოწყვლადი ჯგუფებიდან, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე.

2. პროგრამის  ფარგლებში ჩართულ დამსაქმებელთა რაოდენობა.

 

დანართი №1.4 .1

სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი

 

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამუშაოს მაძიებელი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება.

 

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

1. ამ კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლების, სამუშაო ადგილ(ებ)ის მქონე სუბიექტების შერჩევა რეგიონების მიხედვით, რომლებიც გამოხატავენ მზაობას ბენეფიციართა დასაქმების თაობაზე და უზრუნველყოფენ მათ შესახებ შესაბამის მონაცემთა შეგროვებას.

2. სააგენტომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული ვაკანსიის პირობებში შესასრულებელი სამუშაოს ანალიზი, ბენეფიციართა უნარ–ჩვევების ვაკანსიის საკვალიფიკაცო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

3. საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების  თაობაზე, სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე, იღებს დამსაქმებელი.

4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებული ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების სუბსიდირება ვაუჩერის საშუალებით, ამ დანართის  მე-3 მუხლით დადგენილი პირობებით.

5. სუბსიდირების დასრულების შემდგომ დამსაქმებელი გაუგრძელებს შრომით ხელშეკრულებას ბენეფიციარს არანაკლებ 6 თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 3. ღონისძიებების განხორციელებისა და დაფინანსების პირობები

1. ერთ ბენეფიციარზე ვაუჩერის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს   560 (ხუთას სამოცი)  ლარს ერთ თვეში.

2. ბენეფიციარი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ, რის შემდეგაც სააგენტო ამ კომპონენტის ფარგლებში წარმოდგენილ ვაკანსიებზე შესასრულებელი სამუშაოების ანალიზისა და ბენეფიციარის კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში შესთავაზებს მას შესაფერის სამუშაო ადგილს.

3. სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით,  მაგრამ არაუმეტეს   560  (ხუთას სამოცი) ლარისა.

4. პროგრამის  ხანგრძლივობა განისაზღვრება  არაუმეტეს 4 (ოთხი) თვის ვადით.

5. სუბსიდირება განხორციელდება ვაუჩერით, რომლის ფორმა, მიმოქცევისა და ანგარიშსწორების პირობები მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სააგენტოსაგან გაცემულ ვაუჩერს ბენეფიციარი წარადგენს დამსაქმებელთან, რომელიც, თავის მხრივ,  ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ვაუჩერს აგზავნის სააგენტოში სუბსიდირების დაფინანსებისთვის, არაუგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. ამასთან, ამ ვადების დარღვევით წარდგენილი ვაუჩერი არ ანაზღაურდება.

7. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი.

 

მუხლი 4. სამიზნე ჯგუფი

კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სააგენტოში  რეგისტრირებული ახალგაზრდები,  შშმ და სსსმ პირები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, ჩაერთონ შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტის ღონისძიებაში.

 

მუხლი 5. კონტროლი

ამავე კომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარისა და დამსაქმებლების ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს სააგენტოში პროგრამის მონიტორინგის მიზნით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი.

 

მუხლი 6. შესრულების ინდიკატორი

 ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და  დასაქმდნენ შრომის ბაზარზე. 

   

 

დანართი №1.5

 

დასაქმების ფორუმების მოწყობა

 

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით დამსაქმებლებს, პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის  ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ინფორმაციის გაცვლის მხარდაჭერა.

 

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. ფორუმის ჩატარების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარება.

2. ფორუმის ჩატარების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა.

3. ფორუმის ჩატარებისთვის სივრცის (ფართის) მოძიება და საჭირო ინვენტარით აღჭურვა.

4. ფორუმის მონაწილე სუბიექტების განსაზღვრა და პარტნიორ ორგანიზაციებთან  თანამშრომლობის განვითარება.

5. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებლების   აღრიცხვა.

 

მუხლი 3. სამიზნე ჯგუფი

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დამსაქმებლები და  სამუშაოს მაძიებლები.

 

მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი

ჩატარებულია წელიწადში მინიმუმ  ორი  ფორუმი. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა რაოდენობა, ფორუმის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა.

 

დანართი №1.6

 

ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში  ერთხელ

 

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

1. სააგენტოში შემოსული ვაკანსიების მონიტორინგი, სულ მცირე, რაოდენობის, რეგიონების, სახელფასო განაკვეთისა და ეკონომიკის სფეროების მიხედვით.

2. კონკრეტული მოთხოვნადი ან/და დეფიციტური პროფესიების ჭრილში საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და შესაბამისი მიწოდების იდენტიფიცირება სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით.

 

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. სააგენტოში შემოსული ვაკანსიების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური მონიტორინგი.

2. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების წარმოება, დამუშავება და ანალიზი.

3. მოთხოვნადი ან/და დეფიციტური პროფესიებისა და შესაბამისი მიწოდების იდენტიფიცირებისთვის ეფექტიანი კომუნიკაცია შესაბამის სახელწიფო უწყებებთან, დამსაქმებლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

4. სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, საჭიროების მიხედვით.

5. კვლევის მეთოდოლოგიის  დახვეწა/განვითარება.

 

მუხლი 3. შესრულების ინდიკატორი

ვაკანსიების მონიტორინგისა და თვისებრივი კვლევის ანგარიში.

დანართი №1.7

 

 სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება 

 

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია  მედიის,  საზოგადოების დაინტერესებული მხარეებისთვის (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები), ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სერვისების  შესახებ.

 

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. მედიისთვის საინფორმაციო სემინარების  ორგანიზება და ჩატარება მინიმუმ წელიწადში ერთხელ.

2. დაინტერესებული მხარეებისთვის (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები და სხვ.)  საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელება ქვეყნის მასშტაბით.

 3. სააგენტოს საქმიანობის შემაჯამებელი, წლიური კონფერენციების ჩატარება.

4. დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება ქართულ და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ენებზე, დაბეჭდვა და გავრცელება.

5. სოციალური კლიპების  მომზადება და გავრცელება.

 

მუხლი 3. სამიზნე ჯგუფი

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დამსაქმებლები, სამუშაოს მაძიებლები, სოციალური პარტნიორები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები.

 

        მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი

1. ღონისძიებებში მონაწილე პირების რაოდენობა.

2. დაბეჭდილი და გავრცელებული საინფორმაციო მასალები.

 

დანართი №1.8

 

სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა

 

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაინტერესებული მხარეების  მაქსიმალური ჩართულობა და სოციალური დიალოგის განვითარება.

 

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. დაინტერესებული მხარეების ჩართულობით სოციალურ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრების გამართვა; კონფერენციების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა.

2. დაინტერესებული მხარეებისა და სოციალური პარტნიორებისთვის შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე მათგან შესაბამისი უკუკავშირის მიღება.

 

მუხლი 3. სამიზნე ჯგუფი

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალური პარტნიორები, პარტნიორი სახელმწიფო უწყებები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები.

    

მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი

სამუშაო შეხვედრებისა და კონფერენციების რაოდენობა.